საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-231(კ-25) 15 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.ნ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხ.) - სსიპ ქონების მართვის სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.ნ-ემ 2024 წლის 06 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 დეკემბრის №... და 2024 წლის 02 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ...ის №... ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ 1200 კვ.მ უძრავ ქონებაზე თ.ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ნ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ.ნ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, თ.ნ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2025 წლის 28 მარტს თ.ნ-ის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც თ.ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით თ.ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 07 (შვიდი) კალენდარული დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2025 წლის 07 აპრილის განჩინება გაეგზავნა თ.ნ-ის წარმომადგენელს - ლ.ჭ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაჰბარდა 2025 წლის 11 აპრილს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების შვიდ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 12 აპრილს და ამოიწურა 22 აპრილს 24 საათზე (სამშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა