საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-174(კ-25) 8 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ი.ო-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები (ასკ 16.2) – მ.ტ-ე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ ...“, ე.დ-ე, ე.ზ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 22 ივნისს ი.ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მ.ჩ-ის სახელზე ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობის სხვენის (ს.კ....) 49.20 კვ.მ მოცულობით საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 49.20 კვ.მ ფართის კონფიგურაციის კორექტირების დავალება, აგრეთვე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ფართთან (ს.კ....) არსებული ზედდების გასწორება და საერთო სარგებლობის ფართის დაფიქსირება მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობაში სხვენის ფართის რეგისტრაციის, ასევე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებისა და მისი იპოთეკით დატვირთვის გარიგებების რეგისტრაციის აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით ი.ო-ის სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი.
2020 წლის 10 ივლისს ი.ო-ემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მ.ჩ-ის სახელზე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე #... შენობის სხვენის (ს.კ....) 49.20 კვ.მ მოცულობით საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით ი.ო-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
შემდგომში სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შედეგად, საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა:
(1) ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობის სხვენის (ს.კ....) 49.20 კვ.მ მოცულობით მ.ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(2) ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობის სხვენის (ს.კ....; ფართობი - 49.20 კვ.მ) მემკვიდრეობის საფუძველზე მ.ტ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(3) ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე შენობის სხვენის ნაწილის - 35.84 კვ.მ ფართის (ს.კ....) ე.დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(4) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(5) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(6) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(7) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(8) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(9) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
(10) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 31 აგვისტოს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში თ.ნ-ისაგან (ყოფილი მესაკუთრე - მ.ჟ-ი) შეიძინა #... შენობაში მდებარე სხვენის სართულზე 22.12 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელიც მდებარეობდა მისი ბინის თავზე.
2018 წლის 27 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მ.ჩ-ის წარმომადგენელმა - მისმა შვილმა, მ.ტ-ემ და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობის 49.20 კვ.მ სხვენზე მ.ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის #... გადაწყვეტილებით აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ.ჩ-ის საკუთრებაში აღირიცხა მოთხოვნილი ფართი.
მოსარჩელე თვლის, რომ საჯარო რეესტრმა საკუთრების უფლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაარეგისტრირა, კერძოდ, არ დაადგინა ის ფაქტი, რომ მ.ჩ-ის ფართი ზედდებაში მოდიოდა მის სახელზე რეგისტრირებულ ფართთან.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 ივლისის #... გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართი, მემკვიდრეობის საფუძველზე, დარეგისტრირდა მ.ჩ-ის შვილზე - მ.ტ-ეზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრმა მის მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის მიუხედავად (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი - თანხმობა სხვენის ადგილმდებარეობაზე და ნახაზი), არ დაადგინა მისი კუთვნილი სხვენის ადგილმდებარეობა, მაშინ, როდესაც #... შენობის სხვა მობინადრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის გარეშე დაუდგინა აღნიშნული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.ტ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე.დ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე.ზ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით ი.ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც მ.ჩ-ის, ასევე, ე.დ-ის სახელზე სხვენის შესაბამის ნაწილთა აღრიცხვის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი - ამხანაგობის კრების ოქმი შესაბამის ნახაზთან ერთად. ამავე ოქმით დადასტურებულია როგორც მ.ჩ-ის მიერ სხვენის ნაწილის ფლობა, ისე ამხანაგობის სხვა წევრების მიერ პრეტენზიის არქონა. ამასთან, კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული კვორუმის დაცვით, კრების ოქმის კანონიერება კი სადავოდ არ იყო ქცეული.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა, მათ შორის, სადავო რეგისტრაციის დროს არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მ.ჩ-ისა თუ ე.დ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვენის ფართისა და ი.ო-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სხვენის ფართის თუნდაც ნაწილობრივ თანხვედრის ფაქტს დაადასტურებდა, მით უფრო, რომ ორივე რეგისტრაცია განხორციელდა ფართის იდენტიფიცირების გარეშე.
ზემოაღნიშნული აქტების კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თავდაპირველი რეგისტრაციების დროს სარეგისტრაციო ფართების იდენტიფიცირება არ მომხდარა (მათ შორის, იდენტიფიცირების გარეშე იყო დარეგისტრირებული მოსარჩელისა და მისი წინამორბედის საკუთრების უფლება სხვენზე). საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალაში აღნიშნული შენობის სხვენის სართულის სართულებრივი გეგმა დაცული არ იყო. სარეგისტრაციო წარმოებისას საორიენტაციოდ მონიშნულ იქნა სხვენის ქვემოთ არსებული საცხოვრებელი სართულის სართულებრივი გეგმის შესაბამისი ნაწილები. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მ.ტ-ის წინამორბედი მესაკუთრის - მ.ჩ-ისა და ე.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას განესაზღვრა, აჭარბებდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვენის ნაწილების ფართების ჯამური მაჩვენებელი აღნიშნულ შენობაში არსებული სხვენის საერთო ფართს, ან მოიცავდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართი სხვა, უკვე რეგისტრირებულ ან საერთო სარგებლობის ფართს (ნაწილს).
აქედან გამომდინარე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებები ვერ იქნებოდა მიჩნეული გასაჩივრებული აქტების უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ პირველადი რეგისტრაციებისას და ი.ო-ის 2020 წლის 31 ივლისის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას არ არსებობდა იდენტური ან არსებითად მსგავსი გარემოებები. კერძოდ, თავდაპირველი რეგისტრაციების დროს (მ.ჩ-ის, ე.დ-ის, მ.ჟ-ის სახელზე სხვენის ფართების რეგისტრაციისას) სარეგისტრაციო ფართების იდენტიფიცირება არ მომხდარა, შესაბამისად, არც ფართების ზედდება გამოვლინდა. ი.ო-ის მიერ წარდგენილი #... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი სხვენის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების, ფართის იდენტიფიცირების რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი კი გახდა ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი იყო ი.ო-ისა და მ.ტ-ის საკუთრებაში არსებული ფართების შესაძლო გადაფარვის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაინტერესებულ პირს, მის საკუთრებაში არსებული სხვენის იდენტიფიცირებისათვის, სწორად მოეთხოვა მომიჯნავე ფართის მესაკუთრის მიერ თანხმობის წარდგენა.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მითითებას, რომ მისი ფართის რეგისტრაცია წინ უსწრებდა მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაციას და შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესებს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამივე რეგისტრაცია განხორციელდა ფართის იდენტიფიცირების გარეშე და ერთი და იმავე იურიდიული ძალის მქონე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე. შესაბამისად, ფართის იდენტიფიცირების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების მიზნებისთვის, როდესაც იქმნება სხვათა უფლებების შელახვის საფრთხე, მოსარჩელეს უპირატესობა ვერ მიენიჭებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ფაქტობრივი გარემოებების არასრული გამოკვლევით და მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაძლებლად მიიჩნევს და პრაქტიკულად ეთანხმება სარეგისტრაციო მონაცემების სხვენში რეალურად არსებულ მდგომარეობასთან შეუსაბამობას. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, კასატორის მოსაზრებით, ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ ე.დ-ის სახელზე სხვენის რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის გარეშე, რაც დგინდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მასალების ურთიერთშეჯერებით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ამ ფაქტზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი არც წერილობით და არც სასამართლო სხდომაზე უპასუხა მას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით დაირღვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
კასატორის მითითებით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ე.დ-ის მიერ წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ე.დ-ის მიერ კი წარდგენილ იქნა პირველი სართულის სართულებრივ გეგმაზე თავისი ხელით მონიშნული ნახაზი, რომელსაც დააწერა - „ამის თავზე“, რის შემდეგაც განახლდა წარმოება და მოხდა სხვენის რეგისტრაცია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სხვენის ადგილმდებარეობა განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მიერ და არ არის აუცილებელი, იგი იყოს დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ფართის თავზე. ასევე, შეუძლებელია პირველი სართულის სართულებრივი გეგმის საშუალებით განისაზღვროს, მოიცვა თუ არა გაუორიენტირებელმა ადგილმდებარეობის ფართმა სხვენში არსებული საერთო მოხმარების სივრცეები.
კასატორი, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ იგი სადავოდ ხდის თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას. კასატორის მითითებით, მას სურს მხოლოდ ის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „... ...-ის“ 2013 წლის 4 იანვრის #6 კრების ოქმში (რომლის საფუძველზეც, ს.კ.... სხვენი დარეგისტრირდა) მითითებული ინფორმაცია 22.12 კვ.მ სხვენის ადგილმდებარეობის შესახებ აისახოს სართულებრივ გეგმაზეც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი #... გადაწყვეტილებით ითხოვს ზუსტად იმავე შინაარსის ახალი კრების ოქმის წარდგენას, აგრეთვე, პირადად მ.ტ-ის თანხმობას ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რაც არ შეესაბამება კანონს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა ძალაში ტოვებს აღნიშნულ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად აღნიშნავს, სასამართლო პროცესის შედეგად არ გამოვლენილა არც ერთი ფაქტი, რომელიც ი.ო-ისა და მ.ტ-ის კუთვნილი ფართების გადაფარვაზე მიუთითებდა. კასატორს უკანონოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რეგისტრაციათა რიგითობის გაუთვალისწინებლობაც. კასატორი მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებას და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდგომი ჩანაწერის კანონიერებას.
კასატორი თვლის, რომ საჯარო რეესტრის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არის მ.ტ-ისათვის კანონით გაუთვალისწინებელი უპირატესობის მინიჭება და აღნიშნულით მას ეძლევა მანიპულაციის საშუალება აპელანტთან არსებულ სხვა სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ო-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #487 ბრძანებით) მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ, საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ საგანზე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3-ით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობის სხვენის ნაწილის - 49.20 კვ.მ ფართის (ს.კ. ...) მ.ჩ-ის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ.ჩ-მა წარადგინა უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი - ამხანაგობის კრების ოქმი, შესაბამის ნახაზთან ერთად. ამავე ოქმით დადასტურებულია როგორც მ.ჩ-ის მიერ სხვენის ნაწილის ფლობა, ისე ამხანაგობის სხვა წევრების მიერ პრეტენზიის არქონა. ამასთან, კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული კვორუმის დაცვით, კრების ოქმის კანონიერება კი სადავოდ არ არის ქცეული. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერება (მათ შორის, პროცედურული წესების სავარაუდო დარღვევიდან გამომდინარე) მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. განსახილველი დავის ფარგლებში კი, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა და შეეფასებინა ამხანაგობის წევრთა მიერ კრების მოწვევის წესების დაცვისა და მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, კასატორი სადავოდ ხდის მ.ჩ-ის სახელზე სხვენის რეგისტრაციას, თუმცა საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა, მათ შორის, სადავო რეგისტრაციის დროს არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მ.ჩ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვენის ფართისა და ი.ო-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სხვენის ფართის თუნდაც ნაწილობრივ თანხვედრის ფაქტს დაადასტურებდა, მით უფრო, რომ ორივე რეგისტრაცია განხორციელდა ფართის იდენტიფიცირების გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ძალაში მყოფი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა, რეგისტრაციაზე უარის თქმის სხვა წინაპირობების არარსებობის გამო, საჯარო რეესტრს ავალდებულებდა განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციას. ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ვინაიდან მ.ჩ-ის სახელზე უფლების რეგისტრაცია კანონშესაბამისი იყო, სამკვიდრო მოწმობის ძალაში ყოფნის პირობებში, სადავო სხვენის მ.ჩ-ის მემკვიდრის - მ.ტ-ის სახელზე აღრიცხვაც შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
რაც შეეხება ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე შენობის სხვენის ნაწილის - 35.94 კვ.მ ფართის (ს.კ....) ე.დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მ.ჩ-ის სახელზე რეგისტრაციის მსგავსად, ე.დ-ის მიერ წარდგენილ იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის ნამდვილობაც სათანადო წესით მოსარჩელეს სხვა სამართალწარმოების ფარგლებში სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული კრების ოქმით დადასტურდა როგორც ე.დ-ის საკუთრების უფლება, ისე სადავო ფართზე ამხანაგობის სხვა წევრების მიერ პრეტენზიის არქონა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, საქმის გარემოებების სრულყოფილად დადგენის მიზნით, დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, კერძოდ, აზომვით ნახაზზე მითითებული 35.94 კვ.მ ფართი მოიცავდა თუ არა საერთო სარგებლობაში არსებული ფართის ნაწილსაც. ასევე, ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა შესაბამისი სართულის გეგმაზე სარეგისტრაციო ფართის მდებარეობა. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება კი მხოლოდ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ იქნა მიღებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ე.დ-ის სახელზე სადავო რეგისტრაცია განხორციელდა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება კი საქმეზე დადგენილი არ არის, მათ შორის, სადავო რეგისტრაციის მომენტისთვის არ დადგენილა საკუთრების უფლების ობიექტთა ზედდებაც.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ თავდაპირველი რეგისტრაციების დროს სარეგისტრაციო ფართების იდენტიფიცირება არ მომხდარა (მათ შორის, იდენტიფიცირების გარეშე იყო დარეგისტრირებული მოსარჩელისა და მისი წინამორბედის საკუთრების უფლება სხვენზე). საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალაში აღნიშნული შენობის სხვენის სართულის სართულებრივი გეგმა დაცული არ იყო. სარეგისტრაციო წარმოებისას საორიენტაციოდ მონიშნულ იქნა სხვენის ქვემოთ არსებული საცხოვრებელი სართულის სართულებრივი გეგმის შესაბამისი ნაწილები. ამდენად, საჯარო რეესტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, როგორც მ.ტ-ის წინამორბედი მესაკუთრის - მ.ჩ-ის, ასევე, ე.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას განესაზღვრა, აჭარბებდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვენის ნაწილების ფართების ჯამური მაჩვენებელი აღნიშნულ შენობაში არსებული სხვენის საერთო ფართს, ან მოიცავდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართი სხვა, უკვე რეგისტრირებულ ან საერთო სარგებლობის ფართს (ნაწილს).
შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული აქტების უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 სექტემბრის #... გადაწყვეტილებას, რომლითაც ი.ო-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც, მას განახლებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოეთხოვა ფართის იდენტიფიცირების მიზნით ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობისა და მ.ტ-ის თანხმობის წარდგენა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან ი.ო-ის კუთვნილი სხვენის პირველადი რეგისტრაციისას არ მომხდარა სარეგისტრაციო ფართის იდენტიფიცირება, მოსარჩელის მიერ 2020 წელს ფართის იდენტიფიცირების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტების მოთხოვნა. მხოლოდ დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე იყო შესაძლებელი, გამორიცხულიყო რეგისტრაციის შედეგად სხვა პირთა საკუთრების უფლებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფა. ამასთან, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ.ტ-ის კუთვნილ ფართთან ზედდებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავად ი.ო-ემ მიაწოდა ინფორმაცია, კერძოდ, მან მარეგისტრირებელ ორგანოს განუმარტა, რომ 2018 წლის 27 ივნისს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული სხვენის საზღვრებში მის საკუთრებაში არსებული ნივთი (სხვენის ნაწილი) და საერთო საკუთრებაში არსებული სხვენის შესასვლელი და კორიდორი ხვდებოდა.
საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პირველადი რეგისტრაციებისას და ი.ო-ის 2020 წლის 31 ივლისის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას არ არსებობდა იდენტური ან არსებითად მსგავსი გარემოებები. კერძოდ, თავდაპირველი რეგისტრაციების დროს (მ.ჩ-ის, ე.დ-ის, მ.ჟ-ს სახელზე სხვენის ფართების რეგისტრაციისას) სარეგისტრაციო ფართების იდენტიფიცირება არ მომხდარა, შესაბამისად, არც ფართების ზედდება გამოვლინდა. ი.ო-ის მიერ წარდგენილი #... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი სხვენის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების, ფართის იდენტიფიცირების რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი კი გახდა ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი იყო ი.ო-ისა და მ.ტ-ის საკუთრებაში არსებული ფართების შესაძლო გადაფარვის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ დაინტერესებულ პირს, მის საკუთრებაში არსებული სხვენის იდენტიფიცირებისათვის სწორად მოეთხოვა მომიჯნავე ფართის მესაკუთრის თანხმობის წარდგენა.
აქვე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ი.ო-ე მესამე პირთა სახელზე სხვენის სხვადასხვა ნაწილის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებს რეგისტრირებულ ფართებს შორის გადაფარვის არსებობის საფუძვლით. იგი თვლის, რომ მისი კუთვნილი ფართის ნაწილი და საერთო სარგებლობის ფართი მ.ტ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციით არის მოცული. მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ რეგისტრირებული ფართების ჯამური ოდენობა აღემატება სხვენის რეალურ ფართობს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ი.ო-ის კუთვნილი უძრავი ნივთი, დანიშნულების შეცვლის შემდგომ, სხვენში არსებული სხვა მესაკუთრეთა კუთვნილი ფართებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს საცხოვრებელი ფართს, რომლითაც კასატორი შეუფერხებლად სარგებლობს. ასევე, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით დადასტურებული არ არის კონკრეტულად ი.ო-ის კუთვნილი 22.12 კვ.მ სხვენის (ს.კ....) მ.ტ-ისა თუ ე.დ-ის (ამჟამინდელი მესაკუთრე - ე.ზ-ი) რეგისტრირებულ ფართთან ზედდება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით კასატორმა ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მესამე პირთა სახელზე განხორციელებულმა რომელიმე რეგისტრაციამ მოიცვა უშუალოდ სხვენში არსებული საერთო სარგებლობის ფართი. საქმეში, ასევე, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ი.ო-ის მხრიდან მის სახელზე რეგისტრირებული 22.12 კვ.მ სხვენით ფაქტობრივად სარგებლობის ხელშეშლას დაადასტურებდა.
უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #...-ში მდებარე #... შენობის 22.12 კვ.მ სხვენი (ს.კ ...), ამჟამად უკვე საცხოვრებელი დანიშნულებით, ი.ო-ის სახელზე არის აღრიცხული და უძრავ ნივთზე მის საკუთრების უფლებას საფრთხე არ ემუქრება, კერძოდ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა არ მიუთითებს მისი საკუთრების უფლების ხელყოფის რისკების არსებობაზე. შესაბამისად, ი.ო-ის კუთვნილი ფართის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ხელშეშლის დაუდასტურებლობის პირობებში, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას, სამართლებრივი თვალსაზრისით, საფრთხე არ ემუქრება, გაურკვეველია, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია კასატორს სხვენის დანარჩენი ნაწილის მესამე პირთა სახელზე აღრიცხვის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მიმართ. ამ კუთხით, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ მესამე პირთა მიერ მათ სახელზე რეგისტრირებული სხვენის ფართობის რაიმე სხვა ფართის ხარჯზე გაზრდა ზიანს არ აყენებს უშუალოდ ი.ო-ის საკუთრების უფლებას, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი გარემოებებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ ფართობის ამგვარი მატება გამოწვეულია მესამე პირთა მხრიდან უშუალოდ ი.ო-ის ან/და შენობის სხვენში არსებული საერთო დანიშნულების ფართის ხარჯზე. ამასთან, მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის მიმართ კასატორის იურიდიული ინტერესის ბუნდოვანებაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, შენობის სხვენში არსებული საცხოვრებელი დანიშნულების 22.12 კვ.მ ფართის ფლობასა და ამ უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელი არ ეშლება, მის საკუთრების უფლებას კი, სამართლებრივი გაგებით, საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მისი ფართის რეგისტრაცია წინ უსწრებდა მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაციას და შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესებს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სამივე რეგისტრაცია განხორციელდა ფართის იდენტიფიცირების გარეშე და ერთი და იმავე იურიდიული ძალის მქონე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე. შესაბამისად, ფართის იდენტიფიცირების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების მიზნებისთვის, სხვათა უფლებების შელახვის საფრთხის არსებობის გათვალისწინებით, ი.ო-ის სახელზე იდენტიფიცირების გარეშე უფრო ადრე განხორციელებულ რეგისტრაციას რაიმე უპირატესობა ვერ მიენიჭებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი.ო-ეს (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე 05.11.2024წ. #8278 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი.ო-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. ი.ო-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.11.2024წ. #8278 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა