საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1280(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.პ-ი
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 4 ოქტომბერს ლ.პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 02 სექტემბრის №38-382224539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. რუსთავში, ...ის ქუჩა, კორ. №...-ში მდებარე №... ბინის ლ.პ-ის სახელზე პრივატიზაციის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 02 სექტემბრის №38-382224539 გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ.პ-ის სახელზე ქ. რუსთავში, ...ის ქუჩა, კორპ. №...-ში მდებარე №... საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების ქალაქბინათსამმართველოს მიერ 1965 წლის 23 მარტს მოქალაქე ტ.პ-ზე გაიცა №484 ორდერი, რომლითაც მიმღებს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, მდებარე - თბილისის ქუჩა, სახლი №..., ბ. №... (3 ოთახი, 52.26 კვ.მ). ოჯახის შემადგენლობაში იყვნენ (ფართზე უფლებით): „პ-ი. თ.ზ. - ცოლი“, „პ-ის.ტ. - ვაჟი“ და „პ-ი შ.ტ. - ვაჟი“.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (...ში) მიერ შედგენილი 2021 წლის 16 დეკემბრის აქტის (წერილის №29-382135084) თანახმად, ქ. რუსთავში, თბილისის ქ. კორპ. 8 ბინა ...-ში ცხოვრობდნენ, მოქალაქეები, ლ.პ-ი - 1978 წლიდან დღემდე, დ. პ-ი- 1965 წლიდან 1990 წლამდე, თ. პ-ი- 1972 წლიდან 2000 წლამდე, შ. პ-ი-ი 1965 წლიდან 1983 წლამდე, ს. პ-ი-ი 1965 წლიდან 1998 წლამდე.
2022 წლის 22 ოქტომბერს ლ.პ-ის წარმომადგენელმა №19/3822012432-38 განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა, კორპ. №..., ბინა №..., პრივატიზაცია მოითხოვა.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 02 სექტემბრის №38-382224539 გადაწყვეტილებით ლ.პ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის ძირითადი მოტივაცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ემყარებოდა იმ არგუმენტს, რომ წარდგენილ განცხადებას არ ერთვოდა „პ-ი თ.ზ. - ცოლი“-ს სრული მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია (დაბადების მოწმობის და ქორწინების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლები), არ დადგინდა ორდერში ჩაწერილი პირის - „პ-ი თ.ზ. - ცოლი“-ს საპრივატიზებო ბინაზე კანონიერი სარგებლობის უფლება. თუმცა სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1965 წლის 23 მარტის №484 ორდერში მითითებული პირი („პ-ი თ.ზ. - ცოლი“) იყო თ.პ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება ის გარემოება, რომ ს.პ-ის დაბადების მოწმობაში მითითებული თ. ა პ-ი და ბინის მისაღებად გაცემულ ორდერში მითითებული „პ-ი თ.ზ“ ერთი და იგივე პირია. ბინის გაცემის ორდერში დაფიქსირებულ ერთ-ერთ კანონიერი მოსარგებლეს წარმოადგენდა „პ-ი თ.ზ - ცოლი“. მითითებულ ორდერში კანონიერი მოსარგებლის აღსანიშნავად გამოყენებულია ინიციალები, რომლითაც საფუძვლიანად ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, არის თუ არა ეს პირი აწ უკვე გარდაცვლილი თ.პ-ი. კასატორის მითითებით, სავსებით შესაძლებელია დ. ( ტ. ) პ-ის ცოლი ყოფილიყო სხვა პირი და არა ს.პ-ის დაბადების მოწმობაში მითითებული თ.პ-ი.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პრივატიზებაზე უარის თქმა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ვერ დადგინდა ორდერში ჩაწერილი პირი „პ-ი თ.ზ“ არის თუ არა ნამდვილად ს. და შ.პ-ების დაბადების მოწმობებში მითითებული თ.პ-ი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კანონშესაბამისად ეთქვა უარი საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 02 სექტემბრის №38-382224539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. რუსთავში, ...ის ქუჩა, კორ. №...-ში მდებარე, №... ბინის ლ.პ-ის სახელზე პრივატიზაციის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 02 სექტემბრის №38-382224539 გადაწყვეტილებით ლ.პ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა, კორპ. №..., ბინა №...) პრივატიზებაზე.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პრივატიზებაზე უარის თქმა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ვერ დადგინდა ორდერში ჩაწერილი პირი „პ-ი თ.ზ“ არის თუ არა ნამდვილად ს. და შ.პ-ების დაბადების მოწმობებში მითითებული თ.პ-ი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილების საფუძველზე, პირის ან მისი მემკვიდრისათვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია, რომ დაინტერესებული პირი იყოს საცხოვრებლის კანონიერი მოსარგებლე, ანუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდეს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება და ფაქტობრივად სარგებლობდეს ამ საცხოვრებლით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების ქალაქბინათსამმართველოს მიერ 1965 წლის 23 მარტს მოქალაქე „ტ.პ-ზე“ გაიცა №484 ორდერი, რომლითაც მიმღებს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ...ის ქუჩა, სახლი №..., ბინა №... (3 ოთახი, 52.26 კვ.მ.). ოჯახის შემადგენლობაში არიან (ფართზე უფლებით): „პ-ი თ.ზ. - ცოლი“, „პ-ის.ტ. - ვაჟი“ და „პ-იშ.ტ. - ვაჟი“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ უფლების დამდგენი საბუთი - რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების ქალაქბინათსამმართველოს მიერ მოქალაქე ტ. პ-ი ზ-ას ძის სახელზე 1965 წლის 23 მარტს გაცემული ორდერი №484 ეკუთვნის 03.05.1990 წელს გარდაცვლილ დ.პ-ს; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 03.05.1990 წელს გარდაცვლილი მამის - დ.პ-ის დანატოვარი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა შვილმა - ს.პ-მა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 14.04.2018 წელს გარდაცვლილი ბიძის - შ.პ-ის დანატოვარი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა ძმისშვილმა - ლ.პ-მა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (...ში) მიერ შედგენილი 2021 წლის 16 დეკემბრის აქტის (წერილის №29-382135084) თანახმად, ქ. რუსთავში, ...ის ქ. კორპ. …-ში მდებარე ბინა …-ში ცხოვრობდნენ, მოქალაქეები, ლ.პ-ი - 1978 წლიდან დღემდე, დ.პ-ი- 1965 წლიდან 1990 წლამდე, თ. პ-ი- 1972 წლიდან 2000 წლამდე, შ. პ-ი- 1965 წლიდან 1983 წლამდე, ს. პ-ი- 1965 წლიდან 1998 წლამდე.
2020 წლის 29 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი ...) დასტურდებოდა, რომ ლ.პ-მა (როგორც მამკვიდრებლის - თ.პ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა) მიიღო ბებიის - თ.პ-ის სამკვიდრო. 2020 წლის 29 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი ...) დასტურდებოდა, რომ ლ.პ-მა (როგორც მამკვიდრებლის - ს.პ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა) მიიღო ს.პ-ის სამკვიდრო. 2021 წლის 14 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი ...) დასტურდებოდა, რომ ლ.პ-მა (როგორც მამკვიდრებლის - დ.პ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილიშვილმა) მიიღო დ.პ-ის სამკვიდრო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ლ.პ-ის მამის - ს.პ-ის და ბიძის - შ.პ-ის დაბადების მოწმობები, რომლებშიც დედის გრაფაში მითითებული იყო თ.პ-ი. ს.პ-ის დაბადების რეგისტრაცია მოხდა 2019 წლის 3 ივლისს, დაბადების ფაქტის დადგენის შემდეგ, თუმცა შ.პ-ის დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის თარიღად მითითებულია … … … წელი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ორდერის გაცემის დროს, 1965 წელს თ. ის გვარი იყო პ-ი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ლ.პ-ს მიღებული აქვს, როგორც ბებიის - თ.პ-ის, ასევე ბაბუის - დ.პ-ის სამკვიდრო. გარდა ამისა, მესამე პირებს სადავოდ არ გაუხდიათ ლ.პ-ის მიერ საცხოვრებელი ბინის მფლობელობა, არ მოუთხოვიათ მფლობელობის შეწყვეტა, ნივთის მათ ფაქტობრივ ბატონობაში გადაცემა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ 1965 წლის 23 მარტის №484 ორდერში მითითებული პირი („პ-ი თ.ზ. - ცოლი“) თ.პ-ია. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა ლ.პ-ისთვის ბინის პრივატიზებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე