საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-215 (კ-24) 01 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.ტ-ამ 16.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა რ.ტ-ასათვის 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მუშაობის პერიოდის სამხედრო ნამსახურობაში ჩათვლის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. გადაწყვეტილებით რ.ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ.ტ-ასათვის 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მუშაობის პერიოდის სამხედრო ნამსახურობაში ჩათვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეციალური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება - პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს ...ის სამხედრო პოლიციის განყოფილების 24.06.1993წ. №506 ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ 1993 წლის 12 მარტიდან რ.ტ-ა მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის განყოფილებაში. სამხედრო პოლიციის ...ის ..., პოლკოვნიკი - ვ.ჯ-ა, სამხედრო პოლიციის ...ის ..., კაპიტანი - გ.დ-ე, სამხედრო პოლიციის ...ის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, მაიორი - ბ.კ-ა საბრძოლო მოკვლევაში ადასტურებენ, რომ ...ში მიმდინარე მოქმედებების დროს, რ.ტ-ა ჩარიცხული იყო ყოფილი სამხედრო პოლიციის ბატალიონის რიგებში, ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე და 1992 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე იმყოფებოდა ბატალიონის კმაყოფაზე. ის მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელე სადავო პერიოდში დანიშნული იყო და მსახურობდა როგორც სამხედრო და არა სამოქალაქო პირი. ამდენად, მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდის სამხედრო ნამსახურობაში ჩათვლაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის დაცული არცერთი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში დასაქმებული იყო როგორც სამხედრო პირი. საბრძოლო მოკვლევაში არ არის მითითებული, რომ რ.ტ-ა სადავო პერიოდში მსახურობდა როგორც სამხედრო პირი. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს ...ის სამხედრო პოლიციის განყოფილების 23.06.1993წ. N506 ცნობას, რომელიც არ არის წარმოდგენილი დედნის სახით. კასატორმა აღნიშნა, რომ არც ამ ცნობით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში დანიშნული იყო და მსახურობდა როგორც სამხედრო და არა სამოქალაქო პირი. კასატორმა მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს (სამხედრო მოსამსახურეებს) და არა სამოქალაქო პირებს. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომელშიც გარკვეული ცდომილებებია, კერძოდ, მოწმეები ნ.ქ-ა და დ.მ-ი ადასტურებენ, რომ სადავო პერიოდში, 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მოსარჩელე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და იყო დაზვერვის თანამშრომელი, მაშინ როდესაც თავად ნ.ქ-ა თანამდებობაზე დანიშნულ იქნა 1993 წლის 22 აპრილიდან, ხოლო დ.მ-ი - 1993 წლის 12 მაისიდან. კასატორის მოსაზრებით დასახელებულ მოწმეებს, რომლებიც თავად შეიარაღებულ ძალებში სადავო პერიოდზე გვიან დაინიშნენ, არ შეეძლოთ იმის დადასტურება, რომ მოსარჩელე რ.ტ-ა მათ დანიშვნამდე, კერძოდ 1993 წლის 12 მარტიდან მუშაობდა შეიარაღებულ ძალებში როგორც სამხედრო პირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ.ტ-ამ 22.05.2018წ. განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, მოითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შრომის სტაჟის დადგენა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მიზნით. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 19.06.2018წ. MOD 9 18 00605429 წერილით რ.ტ-ას ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში მოსარჩლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რის გამოც მოკლებული არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს ...ის სამხედრო პოლიციის განყოფილების 24.06.1993წ. №506 ცნობაზე, რომლის თანახმად 1993 წლის 12 მარტიდან რ.ტ-ა მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის განყოფილებაში. აღნიშნული გარემოება დასტურდება აგრეთვე საქმეში დაცული საბრძოლო მოკვლევით, რომლის თანახმად სამხედრო პოლიციის ...ის ..., პოლკოვნიკი - ვ.ჯ-ა, სამხედრო პოლიციის ...ის ..., კაპიტანი - გ.დ-ე, სამხედრო პოლიციის ...ის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, მაიორი - ბ.კ-ა ადასტურებენ, რომ ...ში მიმდინარე მოქმედებების დროს რ.ტ-ა ჩარიცხული იყო ყოფილი სამხედრო პოლიციის ბატალიონის რიგებში, ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე და 1992 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე იმყოფებოდა ბატალიონის კმაყოფაზე. ის მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 24.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - ნ.ქ-ამ და დ.მ-მა დაადასტურეს მოსარჩელის სადავო პერიოდში, კერძოდ 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, როგორც თავდაცვის სამინისტროს რიგებში სამსახური, ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოწმეებად მითითებული პირები სადავო პერიოდზე გვიან, კერძოდ 1993 წლის 22 აპრილიდან და 12 მაისიდან დაინიშნენ, ვერ დაადასტურებდნენ რ.ტ-ას სადავო პერიოდში სამხედრო მოსამსახურედ მუშაობის ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწმეებად მითითებული პირები ნ.ქ-ა და დ.მ-ი სადავო პერიოდამდეც მუშაობდნენ ...ის სამხედრო პოლიციის სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო კასატორის მიერ მითითებულ თარიღებში ნ.ქ-ა უშუალოდ ...ის ...ად, დ.მ-ი კი ... სამსახურს უფროსად დაინიშნა, რაც არ ადასტურებს სადავო პერიოდში, კერძოდ 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მოსარჩელის ...ის სამხედრო პოლიციის სამმართველოში მუშაობის ფაქტის დადასტურების შეუძლებლობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ის მიერ გაცემულ რ.ტ-ას დახასიათებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეიარაღებულ ძალებში ყოფნის დროს რ.ტ-ამ თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა და საქმის მცოდნე პირმა. რ.ტ-ა დახასიათებულია ასევე ყურადღებიან და პრინციპულ თანამშრომლად. საქმის მასალებით დასტურდება, აგრეთვე რომ რ.ტ-ას მინიჭებული ჰქონდა უფროსი ლეიტენანტის წოდება, ხოლო საქმეში დაცულ რ.ტ-აზე გაცემულ ერთ-ერთ სამსახურეობრივ დახასიათებაში რ.ტ-ა მოხსენიებულია კაპიტნის წოდების მქონე პირად. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რ.ტ-ა სადავო პერიოდში, კერძოდ 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით იყო დანიშნული და მსახურობდა როგორც სამხედრო და არა სამოქალაქო პირი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა და მოწმეთა განმარტებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო რ.ტ-ას 1993 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის შესახებ ინფორმაცია, არ არის რ.ტ-ას შრომითი სტაჟის დადგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე