საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1293(2კ-24) 19 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 07 ივნისს ა.ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 დეკემბრის №001071 მითითების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 იანვრის №001071 შემოწმების აქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №001071 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №641 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №001071 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №641 ბრძანება, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 დეკემბრის №01/3677 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ას ქ. №...-ში (უძრავი ძეგლი), თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის მეორე სართულზე, ა.ქ-ას საკუთრებაში არსებული სამუშაოების არქიტექტურული პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანების თანახმად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 12 დეკემბრიდან 2012 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 03 თებერვლის Nბ06/13319663-16 ბრძანების თანახმად, სამსახურის სპეციალისტების მიერ უძრავი ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემოწმებისას დადგინდა, რომ „1-3“ ფასადზე: „1-3“ მონაკვეთში ხის კარ-ფანჯრები არ იყო შეღებილი თეთრი ფერის საღებავით. ნაწილ ფანჯრებზე და ფრამუგაზე დამატებით მოწყობილი იყო გისოსები. ,,1-1“ ღერძიდან მარჯვნივ დამატებით მოწყობილი იყო სავენტილაციო ღიობი და გაზრდილი იყო კარის სიმაღლე. დამატებული იყო წყალშემკრები მილები, კაპიტალურ ღობეზე ნაცვლად შელესვისა შესრულებულია ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეფრქვევის სამუშაოები და მასზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის ღობე. კედელზე დამატებულია სანათები. „1-1“ ჭილზე: ,,1-1“ ღერძის მიმდებარედ დამატებით მოწყობილი იყო თაბაშირმუყაოს ჭერი და შემცირებული იყო სართულის სიმაღლე. კარებებს შორის გაუქმებული იყო ფრამუგა და ამოშენებული იყო ღიობი. „1-2“ მონაკვეთში შეცვლილი იყო კარის ნახატი, ხოლო მეორე კარი ნაცვლად ხისა, იყო ლითონის, ასევე, შეცვლილი იყო ნახატი და შემცირებული იყო სიგანეში. - „000“- ნიშნულზე დამატებით მოწყობილი იყო ნიშები, ტიხრები და კარებები, ნაწილი კედლების მდებარეობა და გაბარიტი, ასევე ამოშენებული ღიობები არ ემთხვეოდა საპროექტოს. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა პროექტში ნაჩვენებ ნახაზებს. შესაბამისად, ხსენებული ბრძანებით მოქალაქე ა.ქ-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის რაიონი (სექტორი-...), ...ას ქ.№...-ში მდებარე უძრავი ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (შენობის მეორე სართულზე, მოქ. ა.ქ-ას საკუთრებაში არსებული ფართობის ფარგლებში, სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები) მიღებაზე.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 17 დეკემბერს ა.ქ-ას მიმართ შედგა №001071 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) მოქალაქე ა.ქ-ას კუთვნილ ფართში დარღვეულია არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 თებერვლის N01/3677 ბრძანებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. 2021 წლის 13 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილი იქნა N001071 შემოწმების აქტი, სადაც დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2020 წლის 17 დეკემბრის N001071 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს უმცროსი სპეციალისტის 2021 წლის 18 მარტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.ქ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 დეკემბრის N001071 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №001071 დადგენილებით ა.ქ-ა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე პროექტის დარღვევით სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა 2 000 ლარით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და არც მანამდე მოქმედი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არ არეგულირებდა სამართალდარღვევის გამოვლენის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადების სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები უნდა გაეთვალისწინებინა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არაგონივრული იყო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 7 წლის შემდეგ პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. პალატის მითითებით, მხარეების მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წელს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შემოწმებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონი, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დადგინდა, რომ სამუშაოები არ შეესაბამებოდა პროექტში ნაჩვენებ ნახაზებს. ამასთან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 03 თებერვლის ბრძანებით მოქალაქე ა.ქ-ას უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონი, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (შენობის მეორე სართულზე) მიღებაზე. ხსენებული ბრძანება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სადავო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების ვადები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის #001071 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლად სასამართლოებმა მიუთითეს სახდელის დადების ხანდაზმულობის ფაქტი. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დენადი სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სახდელის დადების ვადა უნდა აითვალოს დარღვევის გამოვლენის დღიდან. უდავოა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს (იგი იწყება ქმედებით და გამოვლენამდე უწყვეტად ხორციელდება). (სუს. #ბს-883(2კ-19) 03.12. 2020 წ.) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2020 წლის 17 დეკემბერს №001071 მითითების გაცემით დაიწყო - შესაძლო სამართალდარღვევაც ამ დროიდან გამოვლინდა, რომელიც ჩადენილ იქნა ა.ქ-ას ქმედებით და უწყვეტად მიმდინარეობდა მის გამოვლენამდე(მითითების გაცემამდე) შესაბამისად მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა(საქალაქო, სააპელაციო) არასწორად მიიჩნიეს 2014 წლის 3 თებერვლის ბრძანება, რომლითაც ა.ქ-ას უარი ეთქვა განხორციელებული სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღებაზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დროდ, საიდანაც მოახდინეს სახდელის დაკისრების ვადის გამოთვლა, რადგან 2014 წლის ბრძანებით მოხდა არა სამართალდარღვევის გამოვლენა, არამედ პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე, თუ რომელი კანონით გათვალისწინებული ვადების მიხედვით უნდა მოხდეს სამშენებლო სამართალდარღვევაზე სახდელის დაკისრება, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით თუ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული ვადების დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ასევე საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, კერძოდ, ამ შემთხვევაში ა.ქ-ას მიერ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილად ითვლება 2014 წელს თუ 2020 წელს ანუ მისი გამოვლენის დროიდან და ამ საკითხის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასაც.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოს ჩატარების საფუძვლად კანონი იმპერატიულად მიიჩნევს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას, რომლითაც გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გააჩნია მუნიციპალურ ინსპექციას. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევის შემთხვევაში ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციის, კერძოდ, სადავო ობიექტზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათებისა და არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 01 დეკემბრის N01/3677 ბრძანებაზე თანდართული დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) დარღვეულ იქნა არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 01 დეკემბრის N01/3677 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში, ა.ქ-ას პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 01 დეკემბრის N01/3677 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელს. ვინაიდან, სწორედ საჩივრის ავტორი წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს და ზემოხსენებული ბრძანებით გაცემული ნებართვის მფლობელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისში, მერაბ ...ას ქუჩა №...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე არის ა.ქ-ა. ხსენებულ უძრავ ქონებას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 დეკემბრის №01/3677 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე ა.ქ-ას საკუთრებაში არსებული სამუშაოების არქიტექტურული პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანების თანახმად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 12 დეკემბრიდან 2012 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 03 თებერვლის Nბ06/13319663-16 ბრძანების თანახმად, სამსახურის სპეციალისტების მიერ უძრავი ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემოწმებისას დადგინდა, რომ „1-3“ ფასადზე: „1-3“ მონაკვეთში ხის კარ-ფანჯრები არ იყო შეღებილი თეთრი ფერის საღებავით. ნაწილ ფანჯრებზე და ფრამუგაზე დამატებით მოწყობილი იყო გისოსები. ,,1-1“ ღერძიდან მარჯვნივ დამატებით მოწყობილი იყო სავენტილაციო ღიობი და გაზრდილი იყო კარის სიმაღლე. დამატებული იყო წყალშემკრები მილები, კაპიტალურ ღობეზე ნაცვლად შელესვისა შესრულებულია ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეფრქვევის სამუშაოები და მასზე დამატებით მოწყობილი იყო ლითონის ღობე. კედელზე დამატებულია სანათები. „1-1“ ჭილზე: ,,1-1“ ღერძის მიმდებარედ დამატებით მოწყობილი იყო თაბაშირმუყაოს ჭერი და შემცირებული იყო სართულის სიმაღლე. კარებებს შორის გაუქმებული იყო ფრამუგა და ამოშენებული იყო ღიობი. „1-2“ მონაკვეთში შეცვლილი იყო კარის ნახატი, ხოლო მეორე კარი ნაცვლად ხისა, იყო ლითონის, ასევე, შეცვლილი იყო ნახატი და შემცირებული იყო სიგანეში. - „000“- ნიშნულზე დამატებით მოწყობილი იყო ნიშები, ტიხრები და კარებები, ნაწილი კედლების მდებარეობა და გაბარიტი, ასევე ამოშენებული ღიობები არ ემთხვეოდა საპროექტოს. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა პროექტში ნაჩვენებ ნახაზებს. შესაბამისად, ხსენებული ბრძანებით მოქალაქე ა.ქ-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის რაიონი (სექტორი-...), ...ას ქ.№...-ში მდებარე უძრავი ძეგლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღებაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 17 დეკემბერს ა.ქ-ას მიმართ შედგა №001071 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) მოქალაქე ა.ქ-ას კუთვნილ ფართში დარღვეულია არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 თებერვლის N01/3677 ბრძანებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. 2021 წლის 13 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილი იქნა N001071 შემოწმების აქტი, სადაც დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2020 წლის 17 დეკემბრის N001071 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს უმცროსი სპეციალისტის 2021 წლის 18 მარტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.ქ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 დეკემბრის N001071 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მარტის №001071 დადგენილებით ა.ქ-ა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე პროექტის დარღვევით სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა 2 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ა.ქ-ას მიერ სადავო სამუშაოების შესრულებისა და სამართალდარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ისე დღეს მოქმედი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა 2014 წელს, როდესაც სამშენებლო ზედამხედველობის ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ქ-ას მიერ შესრულებული საკონსტრუქციო სამუშაოები არ შეესაბამებოდა მასზე გაცემულ სანებართვო პირობებს და, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოები არ იქნა მიღებული, თუმცა 2020 წლამდე ადმინისტრაციულ ორგანოს სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაუწყია. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს სამართალდარვევის გამოვლენის მომენტიდან რა ვადაში უნდა დაიწყოს სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. საკასაციო პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით არის დენადი სამართალდარღვევა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გამოვლენიდან 2 თვის ვადაში უნდა დაეწყო საქმის წარმოება. განსახილველ შემთხვევაში კი 2014 წელს ორგანოსათვის ცნობილი იყო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ხოლო საქმის წარმოება დაიწყო 2020 წელს, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე