Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1254(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.შ-ა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 4 ივლისს გ.შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 5 23 00001006 ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე სააგენტოსათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ.შ-ა, ლ.შ-ა და ნ.მ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 5 23 00001006 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.შ-ას და მისი ოჯახის წევრების (განაცხადით გათვალისწინებული პირების) ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 5 23 00001006 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (№30 ოქმი), გ.შ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

გ.შ-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდებოდა, რომ გადამოწმების შედეგად მიენიჭა 9 ქულა. აქედან: 1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი; 1,50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი; 3.00 ქულა - ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; 2.00 - ჯილდოები, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და აღნიშნული გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მამის მიერ გასხვისებულ საცხოვრებელ სახლში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრებს გააჩნდათ საცხოვრებელი ბინები. ამასთან, მოსარჩელე ცხოვრობდა მამის მიერ გასხვისებულ ბინაში, რომელიც არ იყო ნგრევადი, ავარიული. კასატორის შეფასებით, ოჯახის მფლობელობაში ბინის არსებობა საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა, რასაც სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. როგორც მინისტრის 2021 წლის N01-30/ნ ბრძანება, ასევე სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა იმპერატიულად ადგენს და მიუთითეს იმის თაობაზე, რომ თუ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, ასეთი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული საფუძვლით დევნილი ოჯახისთვის უარის თქმის კანონიერ საფუძველს ქმნის და ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოს ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ მან იკვლიოს შეძენილი ქონების გასხვისების საფუძვლები, მიზეზები თუ საჭიროებები.

მოცემულ საქმეზე არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება. ასევე არ იკვეთება კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გ.შ-ას, ვ.შ-ასა და ლ.შ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილთა მოწმობები.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-13 მუხლზე (მუხლი 13. ოჯახის ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებები), რომლის თანახმად, 1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. 4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 6 ოქტომბერს გ.შ-ას მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან - ნ.მ-ასთან და შვილებთან: ვ.შ-ასთან და ლ.შ-ასთან ერთად შევსებულია №... განაცხადი.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2022 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, გ.შ-ას განაცხადი შეფასდა 9 ქულით. აქედან: 1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი; 1,50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი; 3.00 ქულა - ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; 2.00 - ჯილდოები, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე.

განმცხადებლის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულია ორი შვილი, ორი და, ორი დის შვილი, ძმა (სტატუსშეწყვეტილი) და მთვარისა შონია (სტატუსშეწყვეტილი). განაცხადს აკეთებდა ორ შვილთან ერთად. ნ.მ-ა განაცხადიდან ამოღებულია გ.შ-ას განცხადების საფუძველზე. გ.შ-ას შევსებული ჰქონდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, გ.შ-ა ცოლთან და ორ შვილთან ერთად 2013 წლამდე ცხოვრობდა რუსეთში, ხოლო 2013 წლიდან ცხოვრობდა დის ოჯახში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად, განიხილა ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, გ.შ-ას მამის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს მამის მიერ გასხვისებულ ბინაში, მათ მიმართ უნდა გამორიცხულიყო საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინტერესის პრიორიტეტულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ფართი, რომელში ცხოვრების გამოც სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეთა ოჯახს განსახლებაზე, არ წარმოადგენს მათ საკუთრებას, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება). საყურადღებოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა ოჯახს მიღებული აქვს კომპენსაცია და არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

საქმეზე დადგენილია, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით დადგენილი პროცედურის მიხედვით, გ.შ-ას განაცხადი შეფასდა 9 ქულით. აქედან: 1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი; 1,50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი; 3.00 ქულა - ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; 2.00 - ჯილდოები, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ დადგენილი კრიტერიუმებისა და შეფასების შედეგად უნდა მომხდარიყო დევნილი ოჯახის განსახლების საკითხის გადაწყვეტა.

საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და აღნიშნული გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მამის მიერ გასხვისებულ საცხოვრებელ სახლში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე