Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-651 (კ-24) 01 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ჩ-ამ 04.03.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. №03-50/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ი.ჩ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2022წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ს.შ-ა და ვ.ვ.ბ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2023წ. გადაწყვეტილებით ი.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. №03-50/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.ჩ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "ო" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი.ჩ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების, არასრულწლოვნების - ს.შ-ას და ვ.ვ.ბ-ას დედა, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ზუგდიდში, ...ის ქ. №9-ში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. N79 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ი.ჩ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ყოფილი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების საფუძვლით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" დანართი №7 განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" დანართი №7-ის „დ“ პუნქტი ადგენს, რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით უდავოდ დადგენილია მოსარჩელის ოჯახის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი, კერძოდ, მხარეთა განმარტებით ოჯახი ცხოვრობს ი.ჩ-ას დის დ.ლ-ჩ-ას საკუთრებაში არსებულ სახლში, ზუგდიდში, ...ის ქ. №9-ში, რომელიც გასხვისებამდე წარმოადგენდა ი.ჩ-ას ყოფილი მეუღლის - ზ.ვ.ბ-ას საკუთრებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელის ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც იგი ფიქტიურად იყო განქორწინებული, ამასთან, აღნიშნული ქონება გასხვისებული ჰქონდათ მოსარჩელის დაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ 01.10.2019წ. განქორწინების მოწმობაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ი.ჩ-ა და ზ.ვ.ბ-ა არიან განქორწინებულები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ არსებობს სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი.ჩ-ას მიერ ზ.ვ.ბ-ასთან ერთად საერთო მეურნეობის განხორციელების ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი.ჩ-ა არის ... პაციენტი. მონიტორინგის განხორციელების დროს ი.ჩ-ამ განმარტა, რომ ... დაავადების გამო მოუწიათ სახლის გაყიდვა, რომელიც იყიდა განმცხადებლის ბერძენმა სიძემ, თუმცა უძრავი ქონება გაფორმდა ქართველ მეუღლეზე, ი.ჩ-ას დაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია ფინანსური საჭიროების გამო უძრავი ქონების გაყიდვა. პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, მით უფრო იმგვარი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე ფიქტიურად არის განქორწინებული, მაშინ როდესაც საქმეში დაცულია აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი კრიტერიუმების შესაბამისად განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოჯახში ორი არასრულწლოვანი წევრია, მათ შორის, ერთი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ამასთან, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20)). სააპელაციო პალატამ "ბავშვის უფლებათა კონვენციის" მე-2 და მე-8 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ბავშვების საუკეთესო ინტერესები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა არ არის გადამწყვეტი და ყურადღება ექცევა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 25.06.2021წ. მონიტორინგი განხორციელდა ზუგდიდში, ...ის ქ. N9-ში, სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა მოსარჩელე ი.ჩ-ა. მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, რადგან ოჯახი ცხოვრობდა მოსარჩელის მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში, ხოლო მყიდველი არის მოსარჩელის და დ.ჩ-ა, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საბერძნეთი, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელისა და მისი მეუღლის განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან განქორწინება რეგისტრირებულია 01.10.2019წ. და იმავე დღეს მოსარჩელეს შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის მეუღლეს - ზ.ვ.ბ-ას განაცხადი ჰქონდა შევსებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რომელზეც კომისიამ იმსჯელა 2018 წელს და უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ის ცხოვრობდა ოჯახთან ერთად თავის გასხვისებულ სახლში, მისამართზე - ზუგდიდი, სოფელი ..., ...ის ქ. N9. კასატორმა აღნიშნა, რომ ამავე მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახი დღეის მდგომარეობითაც. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეისწავლა მოსარჩელე ი.ჩ-ას ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ყოფილი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. კასატორის მოსაზრებით სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი მომზადების და გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ი.ჩ-ა არის მისი არასრულწლოვანი შვილების, იძულებით გადაადგილებული პირების - ვ.ვ.ბ-ას (დაბ. ... ... ...წ.) და ს.შ-ას (დაბ. ... ... ...წ.) დედა, კანონიერი წარმომადგენელი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად ი.ჩ-ას ოჯახი შეფასდა 9 ქულით, მათ შორის: კრიტერიუმით საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები)) - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმით (2 არასრულწლოვანი) – 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმით (30 001-57 000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.5 ქულა; ს.შ-ას სტატუსის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მკვეთრად გამოხატული) გამო - 3 ქულა, ხოლო ი.ჩ-ას სტატუსის (შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირები, ზომიერად გამოხატული) გამო - 1 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. №79 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ი.ჩ-ას. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ყოფილი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. N03-50/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. გადაწყვეტილების (№79 სხდომის ოქმი) საფუძველზე ი.ჩ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს ყოფილი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში, აღნიშნული არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ი.ჩ-ას საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. ი.ჩ-ა შვილებთან ერთად ცხოვრობდა მისი დის დ.ლ-ჩ-ას საკუთრებაში არსებულ სახლში ზუგდიდში, სოფელ ...ში, ...ის ქ. №9-ში, რომელიც გასხვისებამდე წარმოადგენდა ი.ჩ-ას ყოფილი მეუღლის - ზ.ვ.ბ-ას საკუთრებას. ზ.ვ.ბ-ამ 27.02.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მითითებული ბინა დ.ლ-ჩ-აზე. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ი.ჩ-ას ... დაავადების გამო მოუწიათ სახლის გაყიდვა, რომელიც იყიდა განმცხადებლის ბერძენმა სიძემ, თუმცა უძრავი ქონება გაფორმდა ქართველ მეუღლეზე, ი.ჩ-ას დაზე. საქმეში დაცულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, რომლითაც დასტურდება, რომ ი.ჩ-ა არის ... პაციენტი. ამასთან, ი.ჩ-ას აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ი.ჩ-ას ბერძენი სიძე აპირებს საქართველოში დაბრუნებას და ძველი სახლის ნაცვლად ახალი სახლის აშენებას. ახალი მშენებლობის დამადასტურებელი სურათები ი.ჩ-ამ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო შესაგებელში მიუთითა, რომ დაწყებული მშენებლობის გამო იგი აღარ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, რის შემდგომაც სასამართლო გზავნილები ი.ჩ-ას სხვა მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა. ამდენად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში - არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი კასატორის მითითება იმაზე, რომ მოსარჩელის მეუღლესთან განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, რამეთუ განქორწინება რეგისტრირებულია 01.10.2019წ. და მოსარჩელეს იმავე დღეს აქვს შევსებული განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.07.2019წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ი.ჩ-ას სარჩელი და განქორწინების საფუძველზე შეწყდა ქორწინება ი.ჩ-ასა და ზ.ვ.ბ-ას შორის. აღსანიშნავია, რომ სარჩელი აღძრულია 10.04.2019წ., რომელშიც აღნიშნულია რომ მეუღლეები სარჩელის შეტანის დროისათვის ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ამდენად, ი.ჩ-ა განაცხადის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე განქორწინდა მეუღლესთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი.ჩ-ას ზ.ვ.ბ-ასთან ერთად საერთო მეურნეობის განხორციელების ფაქტს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ი.ჩ-ას დევნილის სტატუსის მქონე შვილები, ს.შ-ა და ვ.ვ.ბ-ა არიან არასრულწლოვნები, რომელთაგან ს.შ-ას დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ი.ჩ-ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი.ჩ-ას ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე