Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1302(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე. გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 18 იანვარს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტის მე-5 პუნქტი; შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 17 დეკემბერს №02/19126 გადაწყვეტილება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტი და მოპასუხე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტით, შპს „...ში“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41424 წერილის დანართში მოყვანილი, „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის „მოზრდილთა სტაციონარული მომსახურების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, 01.07.15-დან 01.11.17 წლამდე სარევიზიო პერიოდში გატარებული შემთხვევების რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ (უკან დასაბრუნებელი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა) შეადგინა სულ - 97 656,12 ლარი. აღნიშნული რევიზიის აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რევიზიას დაქვემდებარებულ პერიოდში მოქმედ „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაზე, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ხოლო არაგეგმურ რევიზიასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადა მითითებული არ არის, თუმცა ამავე მუხლით დადგენილია, რომ არაგეგმური რევიზია ხორციელდება სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, ამავე ნორმაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №544 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული რედაქცია გეგმური რევიზიის განხორციელების ვადად ადგენდა ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 3 წელს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რევიზიის განხორციელების პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, გეგმური რევიზიისთვის 01.07.2015 წლიდან 22.10.2015 წლამდე დადგენილი იყო 3 წლიანი, ხოლო შემდგომ 5 წლიანი პერიოდი. რაც შეეხება არაგეგმურ რევიზიას, პალატის შეფასებით, მართალია კანონმდებელი არაგეგმური რევიზიის ჩასატარებლად კონკრეტულ ვადაზე არ მიუთითებს, თუმცა შეუძლებელია უფლება არსებობდეს დროში შეუზღუდავად, მით უფრო, როდესაც არაგეგმური რევიზია, როგორც წესი ტარდება კონკრეტული პრეტენზიის წარდგენის საფუძველზე და მეტად მყისიერ რეაგირების ღონისძიებას განეკუთვნება, გეგმურ რევიზიასთან შედარებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რევიზიისათვის განკუთვნილი 3-წლიანი (2015 წლის 22 ოქტომბრამდე) და 5-წლიანი (2015 წლის 22 ოქტომბრიდან) ვადები უნდა ათვლილიყო უფლების შესაძლო დარღვევის შეტყობის პერიოდიდან. რევიზია 2021 წლის 3 ივნისიდან მიმდინარეობდა, რის გამოც, 2015 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდთან მიმართებით სრულად გაშვებული იყო რევიზიის განხორციელებისთვის განსაზღვრული 3 წლიანი ვადა, ხოლო 2015 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში რევიზია მხოლოდ ნაწილობრივ იყო განხორციელებული 5-წლიანი (22.10.2015წ.-ის შემდგომ მოქმედი რედაქციით) ვადის დაცვით. ამდენად, სახეზე იყო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საჯარიმო სანქციების გამოანგარიშება და სამედიცინო დაწესებულებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სცდებოდა სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებული იყო, ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინებით, გადაეანგარიშებინა დაკისრებული სანქციების ოდენობა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს რევიზიის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე და აღნიშნავს, რომ სულ 136 შემთხვევაში გამოვლინდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა. კერძოდ: - არ არის ნაწარმოები, ან ნაწარმოებია ნაწილობრივ და არა ჰოსპიტალიზაციის მთელ პერიოდზე, პაციენტის გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, „ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი“ (ფორმა №IV-300-1/ა), შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევებში არ არის განსაზღვრული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მახასიათებლები, ან/და „ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი“ (ფორმა №IV- 300-1/ა) არ არის ხელმოწერილი ექთნის მიერ. სულ, დოკუმენტაციის წარმოების წესების დარღვევის გამო, 01.07.2015-დან 01.11.2017-მდე სარევიზიო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ ჯარიმის სახით შეადგინა 9126,21 ლარი, რაც დაკისრებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სადავო რევიზიის აქტის მე-2 პუნქტის თანახმად, სულ სამ შემთხვევაში „შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს“. კერძოდ, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ან/და გაწერის თარიღი, ან/და დრო არ შეესაბამება ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე, ან/და „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში“ (ფორმა №IV-100/ა) მითითებულ მონაცემებს. 01.07.2015-დან 01.01.2017-მ დე სარევიზიო პერიოდზე, დაწესებულებას განესაზღვრა დამატებითი ფინანსური ჯარიმა რაც შეადგენს ანაზღაურებული თანხის (1470,15 ლარი) 10%-ს -147,02 ლარს.01.01.2017-დან 01.11.2017-მდე სარევიზიო პერიოდში, აღნიშნულ თვეებში (ივლისი და აგვისტო - ბიუჯეტი - 26000 ლარი) დაწესებულების თვის ბიუჯეტიდან გამომდინარე, დამატებით ფინანსურმა ჯარიმამ, თვის ლიმიტის 2%-მა, შეადგინა 1040 ლარი.

95 შემთხვევაში გამოვლინდა, რომ მკურნალობის პროცესში ჩართული ექიმი (განყოფილების გამგე), არ ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში „...“. აღნიშნული დარღვევების გამო, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 და 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებების 22-ე მუხლის („საჯარიმო სანქციები“) მე-3 პუნქტის (,,ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია“) „ე“ ქვეპუნქტის („თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის“) შესაბამისად, ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე ანაზღაურებული თანხა 66 089,23 ლარი ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას. დაწესებულებას განესაზღვრა დამატებითი ფინანსური ჯარიმა, რაც შეადგენს ანაზღაურებული თანხის (66089,23 ლარი) 10%-ს - 6 608,92 ლარს.

კასატორი ვრცლად მიუთითებს რევიზიის აქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე და აღნიშნავს, რომ რევიზიის აქტებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი განხილული იქნა, რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირის მიერ - დირექტორის მოადგილის მიერ. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ადმინისტრაციული საჩივრის მიღება და განხილვა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308, 2015 წლის 30 დეკემბრის №660 და 2017 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებების „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის თანახმად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით. გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. არაგეგმური რევიზია ხორციელდება სამინისტროს პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში. დადგენილია, რომ შპს „...ში“ რევიზია ჩატარდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის დადგენილებებით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ მხოლოდ გეგმიური რევიზიის დროს, ანუ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩატარებულ რევიზიაზე ვრცელდება 5 წლიანი ვადა. არაგეგმიური რევიზიაზე, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, არ ვრცელდება 5 წლიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41424 წერილით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომპეტენციის შესაბამისად განხილვის მიზნით გადაეგზავნა ინფორმაცია შპს ,,...ში“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის“ ფარგლებში 2015 წლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში ფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების შედეგების თაობაზე.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტით, სარევიზიო პერიოდი განისაზღვრა 01.07.2015-01.11.2017 წ. სამედიცინო დოკუმენტაციის რევიზიის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

1) სულ 136 შემთხვევაში გამოვლინდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა, კერძოდ; არ არის ნაწარმოები, ან ნაწარმოებია ნაწილობრივ და არა ჰოსპიტალიზაციის მთელ პერიოდზე, პაციენტის გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, „ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი“. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მახასიათებლები, ან/და ,,ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი"არ არის ხელმოწერილი ექთნის მიერ. 120 შემთხვევაში, აღნიშნული დარღვევის გამო, 01.07.2015 წ-01.11.2017 წლამდე სარევიზიო პერიოდში, დაწესებულებას განესაზღვრა ჯარიმა შემთხვევების ღირებულების შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევებზე პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10 პროცენტი, რაც შეადგენს 5 907,94 ლარს. 16 შემთხვევაში დაწესებულებას განესაზღვრა ჯარიმა თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2 პროცენტის ოდენობით. აღნიშნული სახის დარღვევა გამოვლინდა 2017 წლის შემდეგ თვეებში: იანვარი, თებერვალი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. შესაბამისად, აღნიშნულ თვეებში დაწესებულების თვის ბიუჯეტიდან გამომდინარე, დამატებით ფინანსურმა ჯარიმამ, თვის ლიმიტის 2%-მა შეადგინა 3 218,27 ლარი.

2) სულ სამ შემთხვევაში „შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს“. კერძოდ, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ან/და გაწერის თარიღი ან/და დრო არ შეესაბამება ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე ან/და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულ მონაცემებს.

3) ორ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ პროგრამის მოსარგებლეს მომსახურება გაეწია უხარისხოდ (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათები №... (ჰოსპიტალიზაციის პერიოდი: 10.07.2015-14.07.2015 წ.) და №... (ჰოსპიტალიზაციის პერიოდი: 23.12.2015-06.01.2016 წ)). დიაგნოზი: ..., ჩატარებული აქვს სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა უზმოზე და ჭამის შემდეგ, სადაც ფიქსირდება გლუკოზის მაღალი მაჩვენებლები, თუმცა პაციენტს არ ჩატარებია არც ზოგადი პროფილის და არც შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია, პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა და გლუკოზის მაღალი დონის კორექციისათვის.

4) ხუთ შემთხვევაში, პაციენტებს ხანმოკლე ვადით დატოვებული აქვთ სტაციონარი. სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა დაწესებულებას განმახორციელებელთან წარდგენილი აქვს დასაფინანსებლად აღნიშნული პაციენტების მიერ სტაციონარში გატარებული დღეების არასწორი რაოდენობა. კერძოდ, თითოეული პაციენტის შემთხვევაში მოთხოვნილია მეტობით თითო საწოლ დღის ღირებულება.

5) სულ 20 შემთხვევაში სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში არ არის ექიმის ჩანაწერი პაციენტის მიერ ხანმოკლე ვადით სტაციონარის დატოვების თაობაზე, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, იმ შესაბამის პერიოდში, როდესაც პაციენტი არ იმყოფებოდა სტაციონარში.

6) 95 შემთხვევაში, გამოვლინდა, რომ მკურნალობის პროცესში ჩართული ექიმი (განყოფილების გამგე - მ.კ-ე, სერტიფიკატი -...), არ ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში „...“.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტით, შპს „...ში“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41424 წერილის დანართში მოყვანილი, „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ,,სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის ,,მოზრდილთა სტაციონარული მომსახურების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, 01.07.15-დან 01.11.17 წ. სარევიზიო პერიოდში გატარებული შემთხვევების რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ (უკან დასაბრუნებელი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა) შეადგინა სულ - 97 656,12 ლარი. აღნიშნული რევიზიის აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის ივლისის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტი იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელის დაკმაყოფილებას, სხვა გარემოებებთან ერთად, არსებითად ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის მიერ რევიზიის პროცედურით შესამოწმებელი პერიოდი იყო ხანდაზმული და აღარ ექვემდებარებოდა რევიზიას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების (სასკ 32.4) შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სადავო აქტების საფუძველზე განხორციელებული სამედიცინო შემთხვევების რევიზიის ნაწილი ხანდაზმულად იქნა მიჩნეული. დარჩენილ ნაწილზე არსებული საჯარიმო სანქციების გამოანგარიშება და სამედიცინო დაწესებულებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა კი სცდებოდა სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს ამოწმებს, სწორედ განხორციელებული რევიზიის ხანდაზმულობის ჭრილში.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ყოველწლიურად მტკიცდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები. განსახილველი შემთხვევისთვის მნიშვნელოვანია 2015 წლის (დადგენილება №308 30.06.2015 წ.), 2016 წლის (დადგენილება №660 30.12.2015 წ.) და 2017 წლის (დადგენილება №638 30.12.2016 წ.) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომლებშიც ერთ-ერთ პროგრამად (დანართად) გათვალისწინებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა.

2015-2017 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამების მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან ან გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს იმ პროგრამის (კომპონენტის/ქვეკომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის/მომსახურების დაფინანსება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით (შემდგომში - ვაუჩერული პროგრამა) და რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ვაუჩერულ პროგრამებში ეს დანართი, ასევე თანდართული პროგრამები, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).

პროგრამების მე-18 მუხლი ეხება რევიზიას. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგენილია, რომ გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ არაგეგმური რევიზია ხორციელდება სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. პროგრამების მე-18 მუხლით მართალია არ არის დადგენილი არაგეგმიური რევიზიის ხანდაზმულობის ვადები, თუმცა საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არაგეგმიური რევიზია თავის მხრივ, რევიზიის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც გეგმიური რევიზიისგან არსებითად განასხვავებს ჩატარების საფუძვლები. შესაბამისად, არაგეგმიური რევიზიისთვის კონკრეტული ხანდაზმულობის ვადის განუსაზღვრელობა არ გულისხმობს რევიზიის ჩატარების შესაძლებლობას უვადოდ, დროში შეუზღუდავად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რევიზიის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ვადა შემთხვევების დასრულებიდან 3-დან 5 წლამდე გაიზარდა „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რევიზიის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №544 დადგენილების საფუძველზე. შესაბამისად, ამ ვადამდე, მოქმედებდა რევიზიისათვის დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყების მომენტად მიიჩნევს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რევიზია მიმდინარეობდა 2021 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 18 ივნისის ჩათვლით. სარევიზიო პერიოდად განსაზღვრული იყო 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდი, რომელიც შემდგომ დაკორექტირდა და რევიზია განხორციელდა 2015 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე. რევიზიის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა - 2021 წლის 27 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის, ანუ დროის იმ მონაკვეთის, რომლის შემოწმების შედეგადაც მაკონტროლებელ ორგანოს წარმოიშობა პროგრამის მიმწოდებლის მიმართ თანხის დაბრუნებისა და საჯარიმო სანქციის დაკისრების უფლებამოსილება შეადგენს - შემთხვევების დასრულებიდან 5 წელს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ რევიზიის აქტით, შემოწმებასა და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის შემთხვევები, რომელთა დასრულებიდანაც არ იყო გასული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება 2015 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდთან მიმართებით, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №544 დადგენილების გამოცემამდე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სრულად გაშვებული იყო რევიზიის განხორციელებისთვის განსაზღვრული 3 წლიანი ვადა, ხოლო 2015 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში რევიზია მხოლოდ ნაწილობრივ იყო განხორციელებული 5-წლიანი ვადის დაცვით.

ამდენად, განსახილველი შემთხვევა შეეხება სამედიცინო შემთხვევების რევიზიას, რომელთა ნაწილი ხანდაზმულია. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ დარჩენილ, არახანდაზმულ ნაწილზე არსებული საჯარიმო სანქციების გამოანგარიშება და სამედიცინო დაწესებულებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სცდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებულია, გადაიანგარიშოს დაკისრებული სანქციების ოდენობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით განსაზღვროს მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ს/რ-1456-237 რევიზიის აქტი, არსებობდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 17 დეკემბრის №02/19126 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული რევიზიის აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.11.2024 წ. №09304 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო 05.11.2024წ. №09304 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე