Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-670 (კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.ა-ამ და ს.ლ-ამ 18.02.2022წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელებმა მოითხოვეს ე.ა-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. №03-25/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ე.ა-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2023წ. გადაწყვეტილებით ე.ა-ას და ს. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. №03-25/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.ა-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე.ა-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, არც საკუთრებაში აქვთ რეგისტრირებული უძრავი ქონება. ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე. პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში ქირით ან ქირის გარეშე, რაც კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოება არ შეძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ დევნილი ოჯახის ამჟამინდელი საჭიროებები იყო გამოკვლეული და შეფასებული. კასატორმა ყურადღება გაამახვილა განმცხადებლის საცხოვრებელ მისამართზე 09.03.2018წ., 27.06.2021წ., და 29.06.2021წ. განხორციელებული მონიტორინგის ოქმებზე, აღნიშნა, რომ მოსარჩელის ოჯახი წლებია ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში და მითითება იმის შესახებ, რომ ცხოვრობს განსაკუთრებით მძიმე პირობებში მართებული არ არის. ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ოჯახი ცხოვრობს მისაღები საცხოვრებელი პირობებით, შესაბამისად, განაცხადის განხილვისას მოაკლდა მინიჭებული 2 ქულა. კასატორი მიუთითებს, რომ მხარემ თავად დაადასტურა 2012 წლიდან მაზლის საკუთრებაში - მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების ფაქტი, თუმცა ცდილობს მისი მდგომარეობა წარმოაჩინოს ისე, ვითომ მეუღლესთან გაშორებულია და ჭირდება თავშესაფარი, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე ცდილობს სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანას.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოცემულ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭა იმ ოჯახებს, რომლებსაც არსად აქვს წასასვლელი და არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლონ თუნდაც ნათესავის, ახლობლის საკუთრებაში არსებული ბინით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე.ა-ა და ს.ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 8 ქულით. ამასთან, ე.ა-ა არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022წ. №03-25/ო ბრძანებით ე.ა-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, აღნიშნულის მიზეზად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება, მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო. იქვე მითთებულია, რომ დააკლდა მძიმე საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმით მინიჭებული 2 ქულა.

საქმეზე დადგენილია, რომ ე.ა-ას და ს.ლ-ას არ გააჩნიათ საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი და როგორც დევნილები არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, მათზე არ არის გაცემული ფულადი კომპენსაცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წალენჯიხის რაიონული განყოფილების 05.06.2014წ. №04-09-03/794 ცნობის თანახმად, ე.ა-ას დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი ასაკის გამო - უვადოდ. ყოველთვიური თანხა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 34030 ქულა.

ასევე დადგენილია, რომ ე.ა-ა და ს.ლ-ა დროებით ცხოვრობენ ე.ა-ას ყოფილი მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში, რომლის მესაკუთრეს 11.01.2019წ. მდგომარეობით წარმოადგენდა ვარადებული ლ-ა, ხოლო საჯარო რეესტრიდან 16.09.2020წ. გაცემული ამონაწერის თანახმად მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეა დ.ლ-ა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.04.2023წ. №..., №... და №... წერილების თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით ე.ა-ას, გ.ლ-ას და ს.ლ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის თაობაზე დევნილი ოჯახის მაზლის საკუთრებაში ცხოვრების გამო. დროებით, ქირის გარეშე მოსარჩელის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ განმცხადებლის ოჯახის შეფასების კრიტერიუმებს მძიმე საცხოვრებელი პირობების არ არსებობის გამო მოაკლდა 2 ქულა. დადგენილია, რომ განმცხადებლები ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, საჭიროებენ განსახლებას და მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ მითითება შეფასების ერთ-ერთ დამატებით კრიტერიუმს წარმოადგენს. მისი არ არსებობა იმთავითვე არ გულისხმობს დევნილი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი გადაწყვიტა დევნილი პირის ამჟამინდელი საჭიროების გაუთვალისწინებლად.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ე.ა-ა არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ ვალდებულია გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი