საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1226(გ-24) 23 ივლისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გ.მ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.მ-ემ 2021 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 30 ნოემბრის №1-1/514 ბრძანებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №...ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №...ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ..., ფართობი 43 099 კვ.მ), რომელიც მოიცავს გ.მ-ის საკუთრებას. აღნიშნული ქონება მოსარჩელემ შეიძინა ღია საჯარო აუქციონზე 2006 წლის 31 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია 2006 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №4 ოქმითა და იპოთეკის №47 ხელშეკრულებით. მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება აგრეთვე, საჯარო რეესტრის ამონაწერებით (08.12.2006; 29.11.2007) და 2007 წლის საკადასტრო გეგმით, სადაც მითითებულია თავდაპირველი ფართობი - 135 053 კვ.მ. იმავე საკადასტრო კოდზე არსებობს სხვა ოქმი №4, სადაც მიწის ფართობი შემცირებულია 74 239 კვ.მ და დაფიქსირებულია გაყალბებული ხელმოწერა, რაც მოწმობს დოკუმენტის სიყალბეს.
მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის საგანი იყო 13.51 ჰა მიწის ნაკვეთი, სამინისტრომ მოსარჩელის ინტერესები არ გაითვალისწინა და 2020 წლის 30 ნოემბრის №1-1/514 ბრძანებით არ დააკმაყოფილა მისი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა 2019 წლის 18 ივლისის №...ბრძანების გაუქმებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ეკუთვნის გ.მ-ეს, ვინაიდან აღნიშნული ქონება კანონიერად იქნა შეძენილი 2006 წელს და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი სრულყოფილი და უტყუარი დოკუმენტაცია.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2024 წლის 2 ივლისს შუამდგომლობით მოითხოვა საქმის გადაცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის, რაზეც მოპასუხეებმა 2024 წლის 11 ივლისს მიუთითეს, რომ საქმე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა რა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძველი, ასევე მოსარჩელის შუამდგომლობა, 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით გ.მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლოს მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ეხებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას, ხოლო მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. სასამართლოს განმარტებით, მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის დანაწესი იძლეოდა სარჩელის შეტანის შესაძლებლობას მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვითაც, თუმცა სასამართლო პრაქტიკა უპირატესობას ანიჭებდა ნივთობრივი განსჯადობის გამოყენებას, რათა ადმინისტრაციული საქმეები არ კონცენტრირებულიყო მხოლოდ დედაქალაქში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის №ბს-664(გ-22) განჩინება).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ.მ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმების შეფასება, როგორიცაა მოპასუხე სუბიექტი, ვის მიმართაც იყო წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა და მისი ადგილმდებარეობა, შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედიოდა იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც გააჩნდა ადგილსამყოფელი ორგანოს და რომლის მიერ გამოცემული აქტების კანონიერებასაც შეეხებოდა საკითხი.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ხსენებული ნორმა შეიცავდა ადგილმდებარეობის მიხედვით დავის განხილვის მხოლოდ შესაძლებლობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გ.მ-ის მიერ გასაჩივრებული იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №...ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 30 ნოემბრის №1-1/514 ბრძანება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების იურიდიულ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა ქ. თბილისი, შესაბამისად, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნოდა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებული იყო ადმინისტრაციული ორგანო, კერძოდ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. აღნიშნული პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან გამომდინარე, დაშვებული იყო სასამართლო პრაქტიკის მიერ მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენებოდა სსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი, რომლის მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით (იხ. მაგ., სუს განჩინება 18.01.18წ., საქმე №ბს-629-625(გ-17); 24.05.18წ. განჩინება, საქმე №ბს-613-610(გ-17)). შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი). „სასამართლოს არჩევის უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სასამართლოების ალტერნატიულ განსჯადობასთან - როცა საქმე სხვადასხვა საფუძვლებით თანაბრად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. ეს უფლება არ მოქმედებს, თუ რომელიმე სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე აქვს ექსკლუზიური სპეციალური განსჯადობა“ (ავტორთა კოლექტივი, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2020).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. Nბს-430 (გ-19)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება უზრუნველყოფს როგორც პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპთა რეალიზაციას, ასევე სასამართლოების თანაბარ დატვირთვას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახილველი დავის თავისებურებები. მათ შორის, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ზოგადი წესი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრების უფლების მოპოვება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობა მოიცავს როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების, ასევე სარეგისტრაციოდ მისი წარდგენისა და მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის პროცედურას, ამ ტიპის დავებთან მიმართებით გამოირიცხება ცალსახა მიდგომის განვითარება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №...ბრძანება, რომლის საფუძველზეც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე (ს/კ...) უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ასევე, გასაჩივრებულია ზემოხსენებული ბრძანების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შედეგად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2020 წლის 30 ნოემბერს მიღებული №1-1/514 ბრძანება. ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით ირკვევა, რომ მოსარჩელეს რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართული აქვს სარჩელით (190310020003547055) მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც გასაჩივრებულია სახელმწიფოს სახელზე არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (№... ბრძანება) საფუძველზე მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მოითხოვა საქმის გადაცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე ორივე სარჩელით მოსარჩელის მიზანს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენს, რა უფლების რეალიზების თვალსაზრისით ერთ შემთხვევაში მოსარჩელემ დავის საგნად აქცია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში - ამ უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია, რამაც ერთსა და იმავე უძრავი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებული დავის ხელოვნურად დაყოფა გამოიწვია. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უფლების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია დავის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, რა დროსაც ასევე უნდა გადაწყდეს სარჩელთა ერთ წარმოებად გაერთიანების საკითხიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას მოცემული დავის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმედ მიჩნევის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.მ-ის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ-ის სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა