Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-617 (კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი

ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.გ-მა 27.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 7 23 00000270 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ნ.გ-ის ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.11.2023წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ე.ზ-ი, ლ. ზ-ი, დ. ზ-ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.11.2023წ. გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 7 23 00000270 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შესაფების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ.გ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი. ნ.გ-ის მიერ 26.10.2022წ. შვილებთან ერთად შევსებულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, ასევე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. განაცხადის თანახმად ნ.გ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - ქვემო ქართლი, გარდაბანი, ...ის ქუჩა №..., ბინა №.... დადგენილია, რომ მითითებულ მისამართზე მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგი ორჯერ განხორციელდა. პირველ შემთხვევაში მისამართზე იმყოფებოდა მხოლოდ მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ ბინის მესაკუთრე იყო მ.გ-ე. მეორე ვიზიტისას მონიტორინგის თანამშრომლებს კარი არავინ გაუღო. 45 ნომერში მცხოვრებმა ოჯახმა განაცხადა, რომ ბინაში ცხოვრობდა ი.გ-ის ოჯახი და ნ.გ-ის არ იცნობნენ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 7 23 00000270 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №...), ნ.გ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ განმეორებითი მონიტორინგის დროს მისამართზე კარი არავინ გააღო და ერთ-ერთი მეზობელი ოჯახის განმარტებით ნ.გ-ის არ იცნობენ, არ ნიშნავს, რომ განმცხადებელმა საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია წარადგინა. პირიქით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებითი გამოკვლევის საგანი უნდა გამხდარიყო სადავო აქტში მითითებული გარემოება, ვინაიდან მოსარჩელე პირველ შემთხვევაში ადგილზე იყო, ამასთან, მეზობელი ოჯახის მითითება საცხოვრებელ სახლში მცხოვრები პირის ვინაობაზე, თანხვედრაში იყო პირველი მონიტორინგის დროს ნ.გ-ის მიერ მითითებული მესაკუთრის გვართან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილთა ანკეტებში მოსარჩელესა და მესამე პირებს უფიქსირდებოდათ მისამართები: იმერეთი, ..., ...ის ქუჩა №2 და ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფელი ..., მაგრამ აღნიშნული მოცემულ დავაზე, ამ ეტაპზე, სადავო აქტის მიღების მოტივების გათვალისწინებით, გავლენას ვერ მოახდენდა. მოსარჩელემ მიუთითა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და წარადგინა 2014 წლის განქორწინების მოწმობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ყოფილი მეუღლის საკუთრებიდან გამომდინარე რაიმე სახის ეჭვის არსებობა დასაბუთებული და დადასტურებული არ იყო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ ემყარებოდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით მიეღო სათანადო და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიას განსახილველად გადაეცა მოსარჩელის განაცხადი, რომლის მიხედვით იგი ცხოვრობს გარდაბანში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში. მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე 30.11.2022წ. განხორციელდა მონიტორინგი. მხარემ განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს ქირით 3 შვილთან ერთად, თუმცა არცერთი მისამართზე არ იმყოფებოდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყოფილ მეუღლესთან განქორწინებულია, რომელიც ცხოვრობს ერთ-ერთ სოფელში. 10.12.2022წ. განაცხადში მითითებულ მისამართზე კვლავ განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე არავინ იმყოფებოდა. მონიტორინგის თანამშრომლები გაესაუბრნენ №... ბინაში მცხოვრებ მაღალდაძეების ოჯახს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბინა №...-ში ცხოვრობს ი.გ-ის ოჯახი და ნ.გ-ის არ იცნობენ. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიამ, რომელმაც იმსჯელა და 23.12.2022წ. №... ოქმით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უთხრა უარი, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

კასატორი თვლის, რომ სააგენტოს ბრძანება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია. კასატორი ასევე აღინიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანება), გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად. კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი ან შეუძლიათ ისარგებლონ ნათესავის საცხოვრებლით. კასატორი მიუთითებს, რომ პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და არ გამოუკვლევია სადავო საკითხი. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები. კასატორმა აღნიშნა, რომ "საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 1.3 მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. კასატორმა მიუთითა, რომ სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით ეტაპობრივად აკმაყოფილებს დევნილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფო განსახლების საჭიროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით ნ.გ-ი და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ნ.გ-იმა 26.10.2022წ. შვილებთან, ლ.ზ-სთან (დაბ.: ... ... ...წ.), დ.ზ-სთან (დაბ.: ... ... ...წ.) და ე.ზ-სთან (დაბ.: ... ... ...წ.) ერთად შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. ფაქტობრივ მისამართად ნ.გ-იმა მიუთითა: ქვემო ქართლი, გარდაბანი, ...ის ქ. №..., ბინა №.... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ.გ-ის ოჯახი შეფასდა 8 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები (1 წევრი) - 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (სამი არასრულწლოვანი) - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) - 3.0 ქულა). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. №... სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნ.გ-ის. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია განმცხადებლის მიერ სააგენტოსათვის საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 7 23 00000270 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილების (№... სხდომის ოქმი) საფუძველზე ნ.გ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ შედგენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდება, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არსებითად მცდარია ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილმა დოკუმენტაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგი განხორციელდა ორჯერ განაცხადში მითითებულ მისამართზე. 30.11.2022წ. მონიტორინგის დროს ნ.გ-იმა განმარტა, რომ იგი მითითებულ მისამართზე (გარდაბანი, ...ის ქ. №..., ბინა №...) ცხოვრობს ქირით მარტის თვიდან. ბინის მესაკუთრეა მ.გ-ე. მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელის შვილები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ლ.ზ-ნი და დ.ზ-ი იყვნენ სკოლაში, ხოლო ე.ზ-ი - ბაღში. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ იგი მეუღლესთან განქორწინებულია. მორიგი მონიტორინგი განხორციელდა 10.12.2022წ., რა დროსაც კარი არავინ გააღო. მონიტორინგის თანამშრომლები გაესაუბრნენ №... ბინაში მცხოვრებ მ-ეების ოჯახს, რომლებმაც განაცხადეს, რომ №... ბინაში ცხოვრობს ი.გ-ის ოჯახი და ნ.გ-ის არ იცნობენ. ამდენად, იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე მეორე ვიზიტისას ადგილზე არ იმყოფებოდა და მეზობლების განმარტებით ბინაში ცხოვრობდა არა ნ.გ-ი, არამედ ი.გ-ის ოჯახი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებით ნ.გ-იმა სააგენტოს არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, რაც ამ ეტაპზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მონიტორინგის ფორმაზე, სადაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ გარდაბანში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ.გ-ე, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ აკავშირებდა. მოსარჩელის განმარტებით იგი ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა ქირით. საქმეში დაცულია თავად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 06.12.2022წ. გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ი.გ-ე და მ.გ-ე დევნილებად არიან რეგისტრირებულები მისამართზე: გარდაბანი, ...ის ქ. №.., კორპ. №.., ბინა №... საქმეში დაცულია აგრეთვე ბანკის ანგარიშის ამონაწერები, რომლის მიხედვით ნ.გ-იმა 10.07.2023წ. და 01.08.2023წ. ი.გ-ეს გადაურიცხა 150 ლარი, თუმცა გადარიცხვის მიზნობრიობა არ დგინდება. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია ამავე კორპუსში მცხოვრები ნ.ზ-ის და კ.მ-ის ნოტარიულად დამოწმებული 21.07.2023წ. აქტი, რომლითაც ისინი ადასტურებენ ნ.გ-ის სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტს. საქმეში დაცულია ასევე 24.03.2023წ. მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად ნ.გ-ის ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას და ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: გარდაბანი, ...ის ქ. კორპ. №..., ბინა №... ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ განმეორებითი მონიტორინგის დროს კარი არავინ გააღო და მეზობელი ოჯახის განმარტებით ნ.გ-ის არ იცნობდნენ, არ ადასტურებს ნ.გ-ის მიერ საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის წარდგენას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მონიტორინგის დროს დევნილის მისამართზე არ ყოფნა, არ ართმევს დევნილ ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არ გამორიცხავს გრძელვადიანი განსახლების საჭიროებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ერთ-ერთი მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მისამართზე არყოფნა იმთვითვე არ ადასტურებს იმას, რომ იგი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დროს ნ.გ-ის მიერ ბინის მესაკუთრედ მითითებული პიროვნების სახელი და გვარი ემთხვევა თავად ადმინისტრაციული ორგანოში დაცულ, სადავო ბინაში რეგისტრირებული დევნილი პირების შესახებ მონაცემებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოკვლეულა ზემოაღნიშნული გარემოებები, არ შეფასებულა საქმეში დაცული მტკიცებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ.გ-ი დასაქმებულია ააიპ ...ში ...ის პოზიციაზე. შესაბამისად, მეორე ვიზიტის დროს ნ.გ-ის ადგილზე არყოფნა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მისი სამუშაო ადგილზე ყოფნით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად დამატებითი მონიტორინგი არ განხორციელებულა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე განაცხადს აკეთებს სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმ გარემოების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას, რომ სახეზეა არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, ზემოაღნიშნული მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რაც ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი