Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-572(კ-25) 08 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხ.)) - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - კ.გ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ.გ-მა 2023 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 29 სექტემბრის №2225/01 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ...ში, სოფელ ...ში მდებარე 3750 კვ.მ უძრავ ქონებაზე კ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით კ.გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით კ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 29 სექტემბრის №2225/01 გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე 3750 კვ.მ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე კ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებისა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ სსიპ ეროვნული სააგენტოს მიერ დაირღვა გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14 (თოთხმეტ) დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც კ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, მართალია, სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, თუმცა მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი, სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). „გასაჩივრების უფლება უზრუნველყოფს პირის განცდის ჩამოყალიბებას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ. კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები, დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის პირის სანდოობის აღქმას სასამართლო გადაწყვეტილების შედეგისადმი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებრივი კომპონენტია, თუმცა „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. ასე მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების ვადები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლები). თუ განსაზღვრულ ვადებში მხარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და პირი კარგავს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით გასაჩივრების პირობებში მისი, როგორც აპელანტის უფლებები გაქარწყლდა და ამ სტატუსით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ ისარგებლებდა. ამდენად პროცესუალური თვალსაზრისით ითვლება, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ არ გასაჩივრებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად არის დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსასრულებლად მიექცევა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დაუშვებელია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს 07.05.2025წ. №09481 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა