Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-351(კ-24) 03 ივლისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 16.05.2023წ. სარჩელით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხის გ.ნ-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 3 000 ლარის დაკისრება.

ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 13.10.2023წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ.ნ-ეს (პ/ნ...) მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 13.10.2023წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2024წ. განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 13.10.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გ.ნ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება წარმოადგენს. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა საჭიროებს წერილობით სახელშეკრულებო შეთანხმებას (სკ-ის 418.1 მუხ.). საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ („დებულება“) I თავის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, II თავის 1-ლი პუნქტის, VI თავის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახეზეა გ.ნ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 12.10.2020წ. №3847/20 კონტრაქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება (,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“), რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული „სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. 3.2. პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მუხლის 3.1. პუნქტში მითითებული შეთანხმებიდან გამომდინარე, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება 4 (ოთხ) წლამდე ვადით, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს შესაბამისი სამსახური გამოსცემს სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან სხვა შესაბამის დოკუმენტს. 4 (ოთხი) წლის ვადა აითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. ხელშეკრულების 3.3. პუნქტით, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) გავლას, მასზე ვრცელდება ამ მუხლის 3.2. პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის ვადის გავლის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან. სააპელაციო პალატამ მოიხმო ზემოაღნიშნული „დებულების“ VI თავის მე-9 პუნქტი, XVIII თავი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 317-ე მუხლი, 325-ე მუხლი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 416-ე, 417-ე მუხლები, აგრეთვე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნა, რომ გ.ნ-ე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის 13.09.2022წ. №MOD 7 22 00004041 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა პირადი პატაკი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) შესაბამისად.

საქმეში წარმოდგენილია გ.ნ-ის 07.09.2022 წლის პატაკი, რომელშიც სამხედრო მოსამსახურე მიუთითებს, რომ აღარ სურს თავდაცვის ძალებში სამსახური და ითხოვს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნას. ამასთან, ის მიუთითებს, რომ ითვალისწინებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს მის თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნას და გამოთქვამს თანხმობას, სამხედრო სამსახური გააგრძელოს მანამ, სანამ არ მიიღებს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებას. სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა ორ წელზე ნაკლები (01 დღე, 11 თვე, 1 წელი). მხარეთა შორის გაფორმებული 12.10.2020წ. ხელშეკრულების მე-9 მუხლი ადგენს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს. კონტრაქტის 9.1.3 მუხლით, კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს - თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატიურად ან ბრალეულად არღვევს მის მიერ კონტრაქტით ნაკისრ ან შესაბამისი საჯარისო წესდებებით დადგენილ ვალდებულებებს. სისტემატიურ დარღვევად ჩაითვლება ორჯერ ან მეტჯერ დარღვევა. 07.09.2021 წლის პატაკით გ.ნ-ე პირადი სურვილით ითხოვდა სამსახურიდან დათხოვნას, რადგან არ სურდა თავდაცვის ძალებში მსახური. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის 7.3 პუნქტით განსაზღვრული იქნა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით განსახილველ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სკ-ის 420-ე მუხლის მოქმედება. ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია, მართებულია პირგასამტეხლოს თანხის შემცირება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფინანსური პასუხისმგებლობის (ჯარიმის/პირგასამტეხლოს) შემცირების მიზანშეწონილობის საკითხის საქართველოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტის შესაძლებლობის დაშვება, ვერ გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას - საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, რამდენადაც ის განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულებით.“ შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ.ნ-ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან - სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის პირგასამტეხლოს/ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძველს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა, რაც იძლევა მისი შემცირების ფაქტობრივ- სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ კონტრაქტით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი ჯარიმის (როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაწესებული პირგასამტეხლოს) ოდენობა მხარეთა შორის შეთანხმების მიუხედავად, არაპროპორციულად შეუსაბამოა და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს სამხედრო მოსამსახურეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა სამხედრო მოსამსახურის პირადი პატაკის გამო და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში 1500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 420-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესი, ვინაიდან სამინისტროს მიერ მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს. ეს არის ერთჯერადი საჯარიმო სანქცია, რომელიც კონრტაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 1.51 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სახედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა. სადავო არ არის მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება ზემოთ მითითებული დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების შეფასებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ.ნ-ის დათხოვნის საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა). საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „დ“ ქვ.პ.-ის საფუძველზე). „თავდაცვის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია კონტრაქტის პირობების დარღვევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის 28.09.2022წ. ცნობის თანახმად, ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო მოსამსახურის გ.ნ-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 11 თვე და 02 დღე. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუმცა ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა ექვემდებარება შემცირებას.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.14 მუხლის (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „ა“ ქვ.პ.-ის საფუძველზე) მიხედვით საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული სამხედრო სამსახური (მათ შორის) არის საკონტრაქტო - კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ.ნ-ეს შორის 12.10.2020წ. დადებული კონტრაქტის ფორმა („საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.2008წ. №683 ბრძანებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით. უსაფუძვლოა კასატორის მითითება საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტის სახის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დებულების მე-18 თავს 11 პუნქტი დაემატა საქართველოს მთავრობის 26.10.2022წ. №505 დადგენილებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის კონტრაქტი დაიდო სამხედრო სამსახურის დებულებაში აღნიშნულ დამატებამდე, 12.10.2020წ., რომელიც შეწყდა 13.09.2022წ. გ.ნ-ის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. შესაბამისად, მხარეთა შორის კონტრაქტის დადებისა და ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შეთანხმების შემდგომ ამოქმედებული ცვლილების განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელება ეწინააღმდეგება დათქმას, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუკი იგი აუარესებს პირის პასუხისმგებლობას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ.ნ-ის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის სახით 3 000 ლარის ოდენობა ნორმატიულად არის განსაზღვრული, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ უნდა იქნეს გაზიარებული.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022წ. №ბს-1166(2კ-19)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში 17.02.2021წ. ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 1 წელი, 11 თვე და 2 დღე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ვალდებულების სახე და დარღვევის ხარისხი, კონტრაქტი შეწყდა გ.ნ-ის 07.09.2022წ. პირადი პატაკის გამო, კონტრაქტის 7.3. მუხლით გათვალისწინებული ორ წლიანი ვადის ამოწურვამდე, 28 დღით ადრე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ჯარიმის 3000 ლარის ოდენობით განსაზღვრა წარმოადგენს მომეტებულად მძიმე ზომას, კაბალურ მდგომარეობაში აყენებს სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც პატივსადები მიზეზის (სწავლის გაგრძელების და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის) გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტი, მის მოტივაციას არ წარმოადგენდა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის თითქმის 95 %-ზე მეტი შესრულებულია. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოების შეფასებას პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) გ.ნ-ის როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე