საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-513 (კს-25) 14 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ.ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კ.ს-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.07.2024 წლის №22684/2/2024 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1348 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2023 წლის №024-91 საგადასახადო მოთხოვნა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. პირველი მოპასუხის აუდიტის დეპარტამენტის 04.12.2023 წლის №30220 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის კამერალური საგადასახადო შემოწმება 01.01.2022 წლიდან 01.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „...“-სთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის შემოწმების მიზნით.
2.2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეს 2022 წელს უფიქსირდება შპს „...“-ზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 720 532 ლარი, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2.3. აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2023 წლის №30874 ბრძანებით მოსარჩელეს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 43 232 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 28 821 ლარი, ჯარიმა 14 411 ლარი.
2.4. ბრძანება გაასაჩივრა მოსარჩელემ. დავების განხილვის საბჭოს 29.01.2024 წლის №1348 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა მეორე მოპასუხესთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.07.2024 წლის №22684/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.5. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. მითითებული ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში კი იგი იბეგრება კანონით გათვალისწინებული წესით, შეღავათების გათვალისწინების გარეშე. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას, რომ პირველ მოპასუხეს შეეძლო მასზე გაევრცელებინა მცირე ბიზნესის სტატუსით დადგენილი შეღავათები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე და 89-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. აღნიშნულისათვის აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ აქვს მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება აღნიშნული სტატუსით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4. მოსარჩელემ 31.03.2025 წელს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 29-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით მეორე მოპასუხესთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.07.2024 წლის №22684/2/2024 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ასევე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ შუამდგომლობა არ ქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე და ასევე მათი გადაუდებელი აღსრულებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესების არსებითი დაზიანების თაობაზე. ამასთან, სადავო აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის საგანს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 10. სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები, ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას, უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას (სუსგ №ბს-542(3კს-21), 28.06.2022წ.). სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას, უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
11. სასკ-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. მითითებული ნორმით სარჩელის სუსპენზიური ეფექტის სახით გათვალისწინებულია უფლების დაცვის ერთ-ერთი პრევენციული საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, მისი ნამდვილობა ავტომატურად, დროებით ჩერდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიებების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებობდა (სუსგ №ბს-406(კს-24), 25.07.2024წ.).
12. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს გამონაკლისებს, როცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების ავტომატური შეჩერება გამოირიცხება მაშინ, როდესაც არსებობს სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
13. ყველა გამონაკლისი შემთხვევის არსებობა კერძო ინტერესთან შედარებით საჯარო ინტერესის უპირატესობით არის განპირობებული და სწორედ მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-658(კს-22), 16.11.2022წ.).
14. სწორედ ასეთ პირობებში წარმოიშობა სასამართლოს ჩართულობისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების უშუალოდ სასამართლოს მიერ შეჩერების საჭიროება, კერძოდ, ზემოხსენებული ნორმით დადგენილი პირობების არსებობის მიუხედავად, სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეაჩეროს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუკი არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას (სუსგ №ბს-406(კს-24), 25.07.2024წ.).
15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი (სუსგ №ბს-935-927(კს-16), 09.03.2017წ.). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი ისაა, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას.
16. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშიც არის მართებულად აღნიშნული, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლოს ვალდებულებაა, შეაფასოს - რამდენად არსებითია ზიანის ვარაუდი, დაცულია თუ არა მოსარჩელე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისგან და არსებობს თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში მისი უფლების აღდგენის შესაძლებლობა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე (საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას) და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტი განეკუთვნება სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს.
18. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილება და სადავო აქტის მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია იმაზე, შუამდგომლობაში მოყვანილი მსჯელობა რამდენად ქმნის დასაბუთებულ ეჭვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობაზე ან მისი გადაუდებელი აღსრულებით მოსარჩელისათვის არსებითი ზიანის მიყენებაზე ან მისი კანონიერი უფლების/ინტერესის დაცვის შეუძლებლობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ ქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე ან მისი გადაუდებელი აღსრულებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესების არსებითი დაზიანების თაობაზე. შუამდგომლობა, ისევე როგორც კერძო საჩივარი (ს.ფ.271-272; 307-308), შეიცავს ზოგად მსჯელობას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც არ არის საკმარისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა დავების განხილვის საბჭოს 16.07.2024 წლის №22684/2/2024 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორს აქვე განუმარტავს, რომ მოცემულ ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. აღნიშნულის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს, რაც უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ეტაპზე არ წყდება.
19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2025 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
თამარ ოქროპირიძე