საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-423 (კს-25) 14 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ანტიკორუფციული ბიურო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ფ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „ბიურო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 09.12.2019 წლის №307/განკ განკარგულება მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და მისი დაჯარიმების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. მოპასუხემ 25.08.2023 წელს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მის უფლებამონაცვლედ სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ანტიკორუფციული ბიურო. პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით მოპასუხე აღარ წარმოადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს, აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები გადაეცა სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგანთან მიმართებით, სსიპ ანტიკორუფციული ბიურო წარმოადგენს მოპასუხის უფლებამონაცვლეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსსკ-ის დებულებანი.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 10. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
11. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ; №ბს-1217 (კს-22), 29.04.2024წ.). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ., პ.64; №ბს-927 (კს-19), 16.01.2020წ.).
12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც საქმეზე, სადაც სარჩელის საგანია მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და მისი დაჯარიმების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, დადგინდა მოპასუხის უფლებამონაცვლეობა.
13. სადავო განკარგულების გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქციით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) 181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებდა ბიურო. შესაბამისად, სწორედ ის იქნა დასახელებული სარჩელში მოპასუხედ.
14. კანონში 30.11.2022 წელს შეტანილი ცვლილებებით მისი სათაური ჩამოყალიბდა როგორც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2012 მუხლით კი განისაზღვრა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სტატუსი.
15. შესაბამისად, 01.09.2023 წლიდან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა კიდეც მოცემულ დავაში მოპასუხის უფებამონაცვლედ.
16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში არსებობს მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის საფუძველი, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
თამარ ოქროპირიძე