საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-238 (კს-25) 03 ივლისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ.ჰ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025წ. განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჰ-იმ 12.08.2024წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.07.2024წ. №1000957247 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ.ჰ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. გადაწყვეტილებით მ.ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ჰ-იმ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025წ. განჩინებით მ.ჰ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ (მოსარჩელე) მ.ჰ-ის გაეგზავნა და ჩაბარდა 21.01.2025წ., რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე მ.ჰ-ის ხელმოწერით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. გადაწყვეტილებაზე მ.ჰ-იმ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 05.02.2025წ., რაც დადასტურებულია სააპელაციო საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით. სააპელაციო საჩივარზე მ.ჰ-ის ხელმოწერის თარიღად მითითებულია 05.02.2025წ.. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.ჰ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 04.02.2025წ., რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით მ.ჰ-იმ კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ არის უცხოელი, ირანის მოქალაქე, მისთვის კარგად არ იყო გასაგები ის ვადები რომელშიც უნდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება და არავინ ყავდა, ვინც ამას განუმარტავდა. მ.ჰ-ი მიუთითებს, რომ ერთი დღით გადააცილა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას, არის სტუდენტი და მისი სტუდენტობა გრძელდება მიმდინარე წლის სექტემბრამდე. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.02.2025წ. განჩინების გაუქმებას წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. გადაწყვეტილება მ.ჰ-ის გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისთვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმის მასალებში დაცული მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა მ.ჰ-ის 21.01.2025წ., რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით (ს.ფ. 121). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე აღნიშნულია სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. მ.ჰ-ისთვის სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 04.02.2025წ. 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი, თუმცა სააპელაციო საჩივრის შედგენილია 05.02.2025წ. (ს.ფ. 131) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის შტამპზე მითითებული თარიღის თანახმად, საჩივარი სასამართლოში ასევე 05.02.2025წ. იქნა შეტანილი (ს.ფ. 122), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 73.8 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. გადაწყვეტილების გზავნილი ჩაბარდა მ.ჰ-ის 21.01.2025წ., რაც დადასტურებულია მითითებული პირის ხელმოწერით და აღნიშნული გარემოება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სსკ 249.5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით განმარტებულია მისი გასაჩივრების ვადა და წესი, შესაბამისად, იგულისხმება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი ინფორმირებული იყო მის საპროცესო უფლება-მოვალეობებზე და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. სხდომას ესწრებოდა როგორც მოსარჩელე მ.ჰ-ი, ასევე თარჯიმანი ს.რ-პ. სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსარჩელეს კანონმდებლობის შესაბამისად განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი (იხ. 22.11.2024წ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება მასზედ, რომ ვინაიდან არის უცხოელი, ირანის მოქალაქე, მისთვის კარგად არ იყო გასაგები ის ვადები, რომელშიც უნდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება და არავინ ყავდა, ვინც ამას განუმარტავდა.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფცია გულისხმობს, რომ პირი იცნობს მოქმედ კანონმდებლობას. კანონის არცოდნა არ არის კანონის გამოუყენებლობის საფუძველი (სკ-ის 3.2 მუხ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფუნქცია არ გააჩნია, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსკ 59.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა.
მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება). ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 26-27).
სასამართლოსთვის მიმართვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების ხელოვნური გაფართოვების შესაძლებლობის დაშვება, განსაკუთრებით შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ეჭვქვეშ დააყენებს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მ.ჰ-ის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადის გაგრძელების (აღდგენის) შეუძლებლობის პირობებში სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით მართებულია, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჰ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი