საქმე №167აპ-14. ქ. თბილისი
გ-ი ნ., 167აპ-14 16 ივნისი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ლ-ის
ადვოკატ – რ. მ-ის
ბრალდებულ _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ის შუამდგომლობა ბრალდებულ ნ. გ-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ნ. გ-ს ბრალად წარედგინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით ნ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 50 საათის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2013 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 19.00 საათზე, თბილისში, გოცირიძის ქუჩაზე, ნ. გ-ი გამოვლენილ იქნა ავტომანქანის მართვისას, რითიც არ ასრულებდა მის მიმართ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს.
2014 წლის 10 აპრილს პროკურორსა და ბრალდებულ ნ. გ-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარემ მოითხოვა ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად 2 წლით პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე – დამატებითი სასჯელის სახით მისთვის 1000 ლარი ჯარიმის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან არასამართლიანად მიიჩნია სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა და გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის არგუმენტაცია, რომ ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ასეთ პირობებში შესაძლებელი იყო სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმავე პირობებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინებით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად; პროკურორსა და ბრალდებულ ნ. გ-ს შორის 2014 წლის 10 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე მხარეებს ეთქვათ უარი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ. ლ-ემ. მან ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება და 2014 წლის 10 აპრილის მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინება; უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მ. ლ-ესა და ბრალდებულ ნ. გ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მოტივებს შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ბრალდებულ ნ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, მისი პიროვნებისა და წარსული ცხოვრების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მან ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის წერილობითი თანხმობა, პალატა აღნიშნულს არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენება, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. შუამდგომლობის ავტორმა - პროკურორმა მ. ლ-ემ სხდომაზე დაადასტურა, რომ მას ეს საპროცესო შეთანხმება შეთანხმებული აქვს მთავარი პროკურორის მოადგილესთან. იმის გათვალისწინებით, რომ კანონისმიერ (საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი) მოთხოვნას არ წარმოადგენს აღნიშნულ ვითარებაში წერილობითი თანხმობის არსებობა, პალატას საკმარისად მიაჩნია პროკურორ მ. ლ-ის ზეპირი განცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება წარმოდგენილ შუამდგომლობას, სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ნ. გ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებულ ნ. გ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. ბრალდებული ნ. გ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს, რომ ბრალდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - მან ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.
ამდენად, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ. ლ-ის შუამდგომლობა ბრალდებულ ნ. გ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინება.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მ. ლ-ესა და ბრალდებულ ნ. გ-ს შორის.
ნ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე