Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1218(კ-22) 22 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ჰ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ჰ-მა 26.01.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 27.12.2021წ. №1000771691 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ჰ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უცხოელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი უფლებამოსილია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 23.12.2021წ. წერილი, ხოლო აპელანტისთვის სამართლებრივი შედეგი წარმოშვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით მიიჩნია კონტდაზვერვის დეპარტამენტმა მოსარჩელზე ბინადრობის გაცემა მიზანშეუწონლად, რაც სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა. მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოების შემცველობის გამო წარდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ჰ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეული არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. სააგენტოს მითითება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ გააჩნია უნივერსალური განმარტება. იმისათვის, რომ პირის საქმიანობა მიჩნეული იქნას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად, უნდა დადგინდეს ამ პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების კონკრეტული ფაქტების ერთობლიობის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია მოსარჩელის საქმიანობაში რა იქნა მიჩნეული სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად. კასატორი 2013 წლიდან ცხოვრობს და საქმიანობს საქართველოში. ამ დროის მანძილზე მას არაერთხელ მიენიჭა მოკლევადიანი შრომითი ბინადრობის სტატუსი, ასევე საქართველოში საკუთრებაში გააჩნია უძრავი ნივთი, შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კასატორის მიმართ რაიმე სახის უკანონო ან ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ან მტკიცებულებები არ მოეპოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 23.12.2021წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა.ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 24.02.2025წ. №ბს-1218(კ-22) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ა.ჰ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ჰ-ის მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მითითება იმაზე, რომ საქართველოში ცხოვრობს 2013 წლიდან და ეწევა საქმიანობას, ამასთან საქართველოში საკუთრებაში გააჩნია უძრავი ნივთი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, აღნიშნული გარემოებები იმთავითვე არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას წარსულში მინიჭებული ჰქონდა მოკლევადიანი შრომითი ბინადრობის ნებართვა, არ წარმოშობს ყოველი შემდგომი მოთხოვნისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე ან სხვა სახის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. შრომითი და მოკლევადიანი ნებართვის დროებითი ხასიათის გამო, პირი ხელახლა ახდენს განცხადების წარდგენას, რასაც შესაბამისად მოჰყვება სააგენტოს მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და წარმოების არსებული შედეგების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამასთან საქმის მასალებში დაცული არ არის წარსულში მოსარჩელის სახელზე ბინადრობის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც უკვე აღინიშნა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის კონკრეტულ საფუძველზე. საქმის მასალებით არ დგინდება ა.ჰ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრების ფაქტი. 20.08.2021წ. ქორწინების მოწმობის თანახმად მოსარჩელე რეგისტირირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან ნ.მ-ესთან, თუმცა აღნიშნული გარემოება აგრეთვე იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის ვალდებულებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესთან რეგისტრირებული ქორწინების ფაქტის მიუხედავად არსებობდა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოს მოქალაქესთან დაოჯახებისას, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება, ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.). ამდენად, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა ინდივიდთა უფლებებში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (21.06.1988წ. „Berrehab v. The Netherlands“ (§28)), უცხოელის ოჯახური კავშირების არსებობის შემთხვევაში კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს უკიდურესი სოციალური საჭიროებით და იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი (24.04.1996წ. „Boughanemi v. France“ (§41)). ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“). მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტში დეტალური დასაბუთების მითითების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ სადავო აქტი დაექვემდებარა სათანადო სასამართლო კონტროლს, დამდგარი შედეგის მართლზომიერება შეფასდა მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმით მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაზე, ამასთან სახელმწიფო არ არის ვალდებული გასცეს ბინადრობის ნებართვა ყველა იმ პირზე, რომელიც მის მოქალაქეზე დაქორწინდება. ოჯახის ერთიანობის დაცვის საჭიროება იმთავითვე არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ რომელიმე კონკრეტული სახის ბინადრობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§50)), თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა.ჰ-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა არა მხოლოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების, არამედ აგრეთვე მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე. სააგენტოს 29.11.2021წ. წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ წარმოსადგენია ცნობა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მითითებული ნორმით გათვალისწინებული გარმოების არარსებობის შესახებ (ს.ფ. 102-103). მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს ასეთი სახის ცნობა ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია. უფრო მეტიც, სააგენტოში 24.12.2021წ. წარდგენილ განცხადებაში ა.ჰ-ი მიუთითებს, რომ ირანიდან ნასამართლობის ცნობის წარდგენა ვერ შეძლო სასამართლო დავის მიმდინარეობის გამო და ასეთი სახის ცნობას გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში წარადგენს (ს.ფ. 56). ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ირანიდან ასევე წარმოდგენილი არ ყოფილა სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მიეკუთვნება ქმედებათა იმ კატეგორიას, რომლის ჩადენის შემთხვევაში უცხოელს ეზღუდება საქართველოში ცხოვრების უფლება, შესაბამისად აღნიშნული გარემოების არარსებობის თაობაზე ცნობის წარუდგენლობა ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების მტკიცება, რომ ის არ არის ნასამართლევი ან მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს, ამდენად კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობას.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ელი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა, შესაბამისად დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული ინფორმაცია არ გამოუკვლევიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ა.ჰ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინება;

3. ა.მ-ეს (პირადი ნომერი...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 07.10.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი