Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1230(კ-24) 30 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - გ.თ-ი, ც.ბ-ე, კ.გ-ი, კა.გ-ი, ნ.ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.თ-მა, ც.ბ-ემ, კ.გ-მა, კა.გ-მა და ნ.ქ-მა 2022 წლის 8 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1036 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე 852.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები მათ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ 70-იანი წლებიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიც მათ მიერ არის აშენებული. მიუხედავად ამისა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განაცხადი სრულიად უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობაზე მითითებით; კერძოდ, აღიარების კომისიამ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 3 ივნისის №1036 განკარგულებაში მიუთითა, რომ მოსარჩელეთა დაინტერესებაში არსებული ქონება ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია ვ.ა-ის სახელზე, თუმცა აღნიშნული მესაკუთრე არის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და შეხება არ აქვს მოსარჩელეების მიწის ნაკვეთთან, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს და ის მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო შესწავლის გარეშე, რაც მოსარჩელეთა მოსაზრებით, მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.თ-ის, ც.ბ-ის, კ.გ-ის, კა.გ-ის და ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1036 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა მოთხოვნასთან მიმართებით.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე (მომზადების თარიღი - 2022 წლის 26 ოქტომბერი), რომლის თანახმად, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი არ არის მოქცეული საჯარო რეესტრში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმების საზღვრებში, კერძოდ ქ. თბილისი, ...ის ქ. №15 და ...ის ქ. №19 მისამართებზე, შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია (სრულად ან ნაწილობრივ) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №15-ში მდებარე, ვ.ა-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმების საზღვრებში. სასამართლოს შეფასებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში, უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №..., არ იძებნება.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 მარტის №67-01190643426 წერილზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე 852 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და აღნიშნა, რომ მართალია, მითითებული საფუძველი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული არ არის, თუმცა საქმის მასალებში ეს გარემოება უდავოდაა წარმოდგენილი, შესაბამისად, სასამართლო გვერდს ვერ აუვლიდა აღიარებაზე უარის თქმის ისეთ საფუძველს, როგორიცაა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით არსებული შეზღუდვა. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია ყურადღების გამახვილება აღნიშნული წერილის შინაარსზე, რაც თავის მხრივ, ადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევასა და სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობების არსებობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არსებითად უნდა განეხილა მოსარჩელეების მოთხოვნა და სათანადოდ უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული დოკუმენტები, ამასთან პალატამ მიუთითა, რომ ის საფუძველი, რომელმაც გამოიწვია პირისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა, გაქარწყლებული იქნა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ხოლო, რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა 2-ის (რზ-2) გავრცელების საკითხს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის Nბს-1308(კ-22) განჩინების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიამ სადავო საკითხის ხელახლა განხილვის დროს არსებული მდგომარეობით უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს ხსენებული საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ მომზადებული ინფორმაციითა (მომზადების თარიღი - 14.04.2022) და საინვენტარიზაციო გეგმით (მომზადების თარიღი - 15.10.2008) დგინდება, რომ დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ვ.ა-ის სახელზე. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ არსებობდა გ.თ-ის, ც.ბ-ის, კ.გ-ის, კა.გ-ის და ნ.ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1036 განკარგულებით უარი ეთქვა გ.თ-ის, ც.ბ-ეს, კ.გ-ის, კა.გ-ის და ნ.ქ-ის მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., საერთო ფართობი - 852.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის მომზადებული გეგმის მიხედვით, რომლითაც დგინდება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ნივთი ნაწილობრივ მოქცეულია ვ.ა-ის სახელზე აღრიცხულ საინვენტარიზაციო გეგმაზე, უძრავი ნივთის საზღვრებში. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი (მომზადების თარიღი - 2022 წლის 26 ოქტომბერი), რომლის თანახმადაც, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი არ არის მოქცეული საჯარო რეესტრის დაცულ საინვენტარიზაციო გეგმების საზღვრებში. კომისია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ კომისიამ რამდენჯერმე გამოითხოვა ინფორმაცია უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან. ამასთან, რამდენჯერმე გადადო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმდინარე სხდომები, რათა დამატებით და დეტალურად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების მოკვლევის საფუძველზე. საყურადღებოა, რომ თავად სააპელაციო პალატა განჩინებაში ადასტურებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1036 განკარგულების გამოცემის დროისთვის, კომისიამ იხელმძღვანელა საქმეში არსებული საჯარო რეესტრის 2022 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად მომზადებული გეგმით, რომლითაც დგინდება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ნივთი ნაწილობრივ მოქცეულია ვ.ა-ის სახელზე აღრიცხულ საინვენტარიზაციო გეგმაზე, რაც მიუთითებს აქტის კანონიერებაზე. შესაბამისად, უდავოა, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის გამოცემული საქმის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, იმ დროს არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის ურთიერთშეჯამების საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ 2022 წლის 26 ოქტომბრის სიტუაციურ ნახაზზე მითითება, იყო უსაფუძვლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად; კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტებად ასახელებს ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტს, ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტს, გადახდის ქვითარს ან/და სხვა დოკუმენტს.

მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 3 ივნისის №1036 განკარგულებით, გ.თ-ს, ც.ბ-ეს, კ.გ-ს, კა.გ-ს და ნ.ქ-ს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული იყო ვ.ა-ის სახელზე. შესაბამისად, კომისიამ დაასკვნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს წარმოდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზი (მომზადების თარიღი - 2022 წლის 26 ოქტომბერი), რომლის თანახმად, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი არ იყო მოქცეული საჯარო რეესტრში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმების საზღვრებში, კერძოდ, ქ. თბილისი, ...ის ქ. №15 და ...ის ქ. №19 მისამართებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, შესაბამისად მართებულია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 მარტის №67-01190643426 წერილის მიხედვით, ქ. თბილისში ...ის ქუჩის №...-ში მდებარე 852 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში, რა გარემოებაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასევე დამატებით შეფასებას საჭიროებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა