Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1175(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ.ბ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - დ.შ-ი ( კ.შ-ის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 21 მაისს თ.ბ-იმა სარჩელით, ხოლო 2021 წლის 17 აგვისტოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 მარტის №193 და 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულებების, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის თ.ბ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის, მდებარე: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., ე.წ ...ში არსებული ...ის ბინის, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის მიხედვით, ახმეტის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ... მეურნეობას მოსარჩელე თ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13177 ლარის გადახდა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე მეურნეობის ქონებას დაედო ყადაღა. იგი შემდგომში გატანილ იქნა აუქციონზე, თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონზე არ გამოცხადდა მყიდველი, თ.ბ-ის, მისი თანხმობით, ნატურით საკუთრებაში გადაეცა ... მეურნეობის შემდეგი ქონება: ცენტრალური საწყობის შენობა, ... საწყობი „...“ ...ის ტერიტორიაზე და ... (მდებარე: ...ში, „ ...ში“), რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი. თ.ბ-იმა ცენტრალური საწყობი, .. .„...“ საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო ...ის დარეგისტრირება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოგვიანებით აღნიშნული ქონების დარეგისტრირების მიზნით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მისი განცხადება განსახილველად გაუგზავნა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც თ.ბ-ის განცხადება არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღიარების კომისიამ ყოველგვარი შემოწმების გარეშე და არარსებული დოკუმენტების საფუძველზე კ.შ-ზე გასცა №191 საკუთრების უფლების მოწმობა 4296 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებული იყო თ.ბ-ის საკუთრებაში არსებული 711 კვ.მ ...

თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება კ.შ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა №3/50-21 საქმის წარმოება, აწ გარდაცვლილი კ.შ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მესამე პირის კ.შ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა დ.შ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით თ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახმეტის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ... მეურნეობას თ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 177 ლარის გადახდა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე მეურნეობის ქონებას დაედო ყადაღა და იგი შემდგომში გატანილი იქნა აუქციონზე. იმის გამო, რომ აუქციონზე არ გამოცხადდა მყიდველი, თ.ბ-ის, მისი თანხმობით, ნატურით საკუთრებაში გადაეცა ... მეურნეობის შემდეგ ქონება: ცენტრალური საწყობი, ... „...“ და ..., რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე მან დაარეგისტრირა ასევე „...“ (718 კვ.მ) მდებარე, ახმეტა, ..., .... სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე ...ის დარეგისტრირების მიზნით თ.ბ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც იგი განსახილველად გაუგზავნა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მითითებულმა კომისიამ, თ.ბ-ის განცხადება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის (...ის) ფლობა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ იმავე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ეღიარა კ.შ-ის, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულებით. ამავე კომისიის მიერ გაცემული №191 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა კ.შ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - ახმეტა, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 4296 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მიუხედავად მხარის მითითებისა, არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობის ფაქტი და მისი უფლების უპირატესობა კ.შ-ისთან (უფლებამონაცვლე დ.შ-ი) შედარებით. პალატის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია რაიმე სარწმუნო მტკიცებულების თაობაზე, რომლითაც დადგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მის მიერ ფლობა-სარგებლობის ფაქტი, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მის უფლებას სადავო მიწაზე. გარდა ამისა, კ.შ-ის (უფლებამონაცვლე დ.შ-ი) საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიამ იმსჯელა 2021 წლის 27 მაისს და მიიღო სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების აღიარების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლითაც კომისიამ დაადგინა მისი მხრიდან მოთხოვნილი უძრავ ქონების ფლობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებში დაარწმუნებდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა აღიარების კომისიის სადავო განკარგულებების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კ.შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №191 საკუთრების უფლების მოწმობას, რომელიც იყო ძალაში და არ გასაჩივრებულა. ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული დასახელებული საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობის საფუძვლად არსებული ადმინისტრაციული წარმოება და მისი შედეგი კომისიის 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულების სახით, შესაბამისად სახეზე არ იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, ისევე როგორც უსაფუძვლო იყო მხარის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრისათვის, მის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით სარგებლობის და გამოყენების ლეგიტიმაცია საკანონმდებლო დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში რეალურად ფლობდნენ და გამოიყენებდნენ მიწის ნაკვეთებს სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გააჩნდათ მიწის ნაკვეთებზე განვითარებული მეურნეობა, ჰქონდათ მასზე აშენებული საცხოვრებელი, ასევე იმ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლის დასახლებაში და განიცდიდნენ მცირემიწიანობას ან არ გააჩნდათ საკარმიდამო ნაკვეთები და ამის გამო ჰქონდათ დაკავებული სახელმწიფო მიწის ნაკვეთები. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორის მითითებით, კ.შ-ი შრომითი ხელშეკრულებით სარგებლობდა მეურნეობის კუთვნილი ქონებით, მაგრამ იგი განპირობებული იყო მხოლოდ მეურნეობის კუთვნილი ...ის მოვლა-პატრონობით და მის გამოსაზამთრებლად. ამასთან, 4296,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მეურნეობის მიერ იყო მავთულ-ბადის ღობით შემოღობილი, მეურნეობის მიერ იყო აშენებული საცხოვრებელი სახლი, ...ის ბინა და .... კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ პირველ ინსტანციაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ნ.ჯ-მა და ბ.ი-ემ განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი, ..., საცხოვრებელი და ...ის ბინა აშენებული იყო მეურნეობის მიერ და მეურნეობის დირექტორის თ.ბ-ის ნებართვის გარეშე გამორიცხული იყო ვინმეს ესარგებლა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კ.შ-ის სოფელ ...ში აქვს ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი და მიწის რეფორმის შემდეგ ერიცხება 1,25 ჰა მიწა. ეს ყოველივე მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოთ აღნიშნული კანონების მოთხოვნებიდან გამომდინარე კ.შ-ის ...ში ე.წ. ...ში არსებული 4296,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე აშენებულ შენობა-ნაგებობებში არ უცხოვრია, არც მცირემიწიანობას განიცდიდა და ფაქტობრივად მეურნეობის კუთვნილ ქონებაზე არაფერი გაუკეთებია. ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ გაითვალისწინა ზემოთ აღნიშნული კანონების მოთხოვნები და ისე მისცა თანხმობა კ.შ-ის ...ში ე.წ. ...ში მდებარე 4296,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელზე, ...ის ბინაზე და ...ზე, რომ საკუთრების ან ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოუთხოვია.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მისი მოთხოვნა, რამდენადაც სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2000 ლარად შეფასებული იქნა მხოლოდ ... და შენობა-ნაგებობა და იგი ვალის ნაწილის სანაცვლოდ გადაეცა მას. რაც შეეხება 4296,0კვ.მ. მიწის ნაკვეთს, იგი დარჩა მეურნეობის ბალანსზე, რადგან სასამართლო აღმასრულებელს, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეეძლო მიწის ნაკვეთის გადაცემა ვალის სანაცვლოდ.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატის განმარტებაზე, რომ თ.ბ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (სადაც აღნიშნული იყო, რომ ... და ...ის ბინა შეფასებული 2000 ლარად და ნატურით გადაეცა მას) ვერ მიიჩნეოდა მოსარჩელის უფლებადამდგენ დოკუმენტად, რადგან იგი წარმოდგენილი იყო ასლის სახით. თუმცა, კასატორი აღნიშნავს, რომ ასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტზე კარგად იკითხება სასამართლო აღმასრულებლის ბეჭედი, ხოლო სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ.ჯ-იმა დაადასტურა, რომ აქტზე მისი ხელმოწერაა. ამასთან, კასატორს პრეტენზია არ ჰქონდა მიწის ნაკვეთზე, არამედ სასამართლოსგან ითხოვდა იმ ფაქტის აღიარებას, რომ სასამართლო აღმასრულებელმა ვალის ნაწილის სანაცვლოდ თ.ბ-ის გადასცა ... და 2000 ლარად შეფასებული ...ის ბინა.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მან კომისიის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე კ.შ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა სასამართლოს, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ იგი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, კასატორის მითითებით, იგი განხორციელდებოდა, რადგან რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მისთვის არ იყო ცნობილი და ინფორმაციის მიღებისთანავე, დადგენილ ვადაში, გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 მარტის №193 და 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულებების, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის თ.ბ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის, მდებარე: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., ე.წ. ...ში არსებული ...ის ბინის, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად, კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად ასახელებს ორთოფოტოს (აეროგადაღება). აღსანიშნავია, რომ დასახელებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახმეტის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ... მეურნეობას მოსარჩელე თ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 177 ლარის გადახდა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე მეურნეობის ქონებას დაედო ყადაღა და გატანილ იქნა აუქციონზე, თუმცა ვინაიდან აუქციონზე არ გამოცხადდა მყიდველი, თ.ბ-ის, მისი თანხმობით, ნატურით საკუთრებაში გადაეცა ... მეურნეობის შემდეგ ქონება: ცენტრალური საწყობი, ... „...“ და ..., რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე მან დაარეგისტრირა ასევე „...“ (718 კვ.მ) მდებარე, ახმეტა, ..., .... ასევე დადგენილია, რომ მეორე ...ის დარეგისტრირების მიზნით თ.ბ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც იგი განსახილველად გაუგზავნა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიამ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის (...ის) ფლობა-სარგებლობის ფაქტი. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 16 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ასევე დადგენილია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულებით, ზემოაღნიშნულ ქონებაზე აღიარებულ იქნა კ.შ-ის საკუთრების უფლება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით (№191 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე) დარეგისტრირდა კ.შ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - ახმეტა, სოფელი ...

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მხარე უთითებდა ორ ძირითად დოკუმენტზე - 1999 წლის 22 იანვრით დათარიღებულ აქტზე, რომლითაც გაფორმდა ვალში ქონების ნატურით გადაცემის ფაქტი და იმავე საკითხზე, 1999 წლის 14 მარტის აქტზე. პირველი აქტი საქმეს ერთოდა დედნის სახით და მის საფუძველზე თ.ბ-ის მიერ დარეგისტრირებულ იქნა მასში მითითებული ქონება, რომლის ჯამური ღირებულებაც 8580 ლარს წარმოადგენდა. მეორე აქტში კი მითითებულ იქნა, რომ ... სანაშენე მეურნეობას დარჩენილი ჰქონდა ვალი (4597 ლარის ოდენობით) თ.ბ-ის მიმართ და აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მას უნდა გადასცემოდა ...ში, ...ში მდებარე ... და ...ის ბინა, რომელთა ღირებულება შეადგენდა 2000 ლარს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი იყო ასლის სახით და არ დგინდებოდა მისი დედანთან შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით ხაზს უსვამს, რომ შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების განმსაზღვრელ წინაპირობას წარმოადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიმართ არ არის დადგენილი, ხოლო ასლის სახით წარმოდგენილი 1999 წლის 14 მარტის აქტი და მასში მითითებული ინფორმაცია ვერ იქნება მიჩნეული კანონის მიზნებისთვის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტს. ამასთან დადგენილია, რომ კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2021 წლის 27 მაისს მიიღო სადავო უძრავ ქონებაზე კ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო წინამდებარე საქმეზე არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 მარტის №193 და 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულებების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სააგენტოსათვის თ.ბ-ის სახელზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილება ეყრდნობა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №191 საკუთრების უფლების მოწმობას, რომლის საფუძველს თავის მხრივ წარმოადგენს წინამდებარე დავის ფარგლებში კანონიერად მიჩნეული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 27 მაისის №294 განკარგულება, სახეზე არ არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ საჯარო რეესტრისათვის მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 19.11.2024წ. №24681616979 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. თ.ბ-ის (პ/ნ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.11.2024წ. №24681616979 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა