Facebook Twitter

№44აგ-14 9 ივნისი, 2014 წელი

ც-ე დ, 44აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსი პროკურორის რ. ზ-ს შუამდგომლობა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს – დ. ც-ა და ნ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 339–ე მუხ ლის მე–3 ნაწილით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის შესაბამისად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დ. ც-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 100 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ დ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 13 ივნისიდან.

2014 წლის 20 მარტს მსჯავრდებულმა დ. ც-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც მიუთითა შემდეგი: 2014 წლის 12 მარტს სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას განათლების ყოფილმა მინისტრმა დ. შ-ა საჯაროდ განმარტა, რომ დ. ც-ს მხრიდან ე.წ. ქრთამის შეთავაზება განხორციელდა მამამისის „კ. შ-ი“, რის შემდგომაც დ. შ-ს პირადი თხოვნის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის უშუალო მითითებით, განათლების სამინისტროში ჩანერგილი ყოფილან კუდ–ის თანამშრომლები და ე.წ. მოქალაქე ფ. უ-ც კუდ–ის თანამშრომელი იყო, რომელიც დ. ც-ს მიმართ სპეცდავალებას ასრულებდა (აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა ე.წ. „ფლეში“). ამ არგუმენტის საფუძველზე დ. ც-მ მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებით აშკარად დასტურდება, რომ საქმის მასალები გაყალბებულია და მას სამართალდამცავმა ორგანოებმა ორგანოებმა მოუწყვეს დანაშაულის პროვოკაცია (იხ. შუამდგომლობა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა დ. ც-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოებების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის მასალები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ დ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე