Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-208(2კ-25) 30 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს.ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 25 დეკემბრის №002831 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 მაისის №546 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს.ბ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 25 დეკემბრის №002831 დადგენილება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ს.ბ-ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ს.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 მაისის №546 ბრძანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

4.1 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ობიექტია და სამართალდამრღვევს არ უცდია დამდგარი შედეგის გამოსწორება. შესაბამისად, არ არსებობდა მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების ბათილად ცნობისა და სამართალდამრღვევისთვის შენიშვნის გამოცხადების საფუძველი. სასამართლომ მოახდინა კანონის არასწორი განმარტების გზით ისეთი კანონის გამოყენება, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების სამართლის ნორმების დარღვევით გამოტანას ადასტურებს.

4.2 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის №002831 მითითებისა და 2017 წლის 25 ოქტომბრის №002831 შემოწმების აქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა დადგენილება №002831 ს.ბ-ის 4 000 (ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების თაობაზე, ქ. თბილისში ...ის ქუჩა №... ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის. აღნიშნული დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 მაისის №546 ბრძანებით ძალაში იქნა დატოვებული.

საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 10 აპრილის ამონაწერის თანახმად დგინდებოდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ს.ბ-ე. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხსენებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს ზედამხედველობის სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა ს.ბ-ის წარმომადგენელი - მ.გ-ე, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება, განმარტა, რომ ს.ბ-ის მიერ განხორციელდა მხოლოდ სარემონტო (დიზაინერული) სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს ჩატარების საფუძვლად კანონი იმპერატიულად მიიჩნევს სათანადო ნებართვას, რომლით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულია ზედამხედველობის სამსახურზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფოტოსურათების ერთობლივი შეფასების შედეგად, დადგინდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულია უნებართვო სარემონტო-სარეკონტრუქციო სამუშაოები. საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციით აგრეთვე დგინდება, რომ მოსარჩელემ, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრემ, არ წარადგინა სარემონტო-სარეკონტრუქციო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით კი, სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არსებობდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადავო დადგენილების გამოცემისა და ს.ბ-ის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.

მოქმედი კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით ან მის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს. განსახილველ შემთხვევაში, ს.ბ-ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებელ პირს. ზედამხედველობის სამსახურში გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმაც დაადასტურა ს.ბ-ის მიერ უნებართვო სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების ფაქტი.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენებისათვის სავალდებულოა საქმე ეხებოდეს მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ არ იძლევა „მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის“ დეფინიციას. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მნიშვნელობის ხარისხის განსაზღვრა უნდა უკავშირდებოდეს ქმედების ობიექტურ მხარეს, თუ რაში გამოიხატა ობიექტურად დამრღვევის მოქმედება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერმინის განმარტებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთიან ჭრილში უნდა იქნეს განხილული, თითოეული სამართალდარღვევის დროს, შეფასებული უნდა იყოს თავად სამართალდარღვევის ხასიათი და ის აღმატებული სიკეთე, რომლის დაცვასაც ემსახურება დანაწესი. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამორკვეულ იქნეს, შესაძლოა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მიჩნეულ იქნეს მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევად. კანონმდებელი კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს არათუ მცირემნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, მეტიც მასზე შეუზღუდავი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობის აღკვეთის მიზნით ამკაცრებს პასუხისმგებლობის ზომებს. მიზანშეუწონელი და დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო გადაწყვეტილებით შესაძლოა სტიმული მიეცეს სახიფათო პრეცედენტის შექმნას სასამართლო პრაქტიკაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის პირველი ოქტომბრის №3/181 ბრძანების თანახმად, დანართი №1-ში მითითებულ ობიექტებს (მათ შორის, თბილისში ..., ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ობიექტს (ძეგლთა ნუსხაში იდენტიფიცირებულია ..., ...ის ქუჩა №...)), დანართი №2-ში მითითებული სააღრიცხვო ბარათების შესაბამისად მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (ს.ფ 203-205); ბ) 2016 წლის 14 დეკემბრის საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე შპს „...ის“ დირექტორ - რ.ა-ისა და მეიჯარეებს - რ.ბ-ესა და მ.ბ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1.1. მეიჯარეებმა გადასცეს, ხოლო მოიჯარემ მიიღო იჯარით 140,18 კვადრატული მეტრი ფართი მისამართზე თბილისი, ...ის ქუჩა №...ის №... და ასევე თბილისი, ...ის ქუჩა №...ის №... მიწის (უძრავი ქონებების) საკადასტრო კოდები: ... და ... 1.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით მეიჯარეებმა გადასცეს, ხოლო მოიჯარემ მიიღო დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში, ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით, მეიჯარეების კუთვნილი საიჯარო ქონება. 1.3. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონების მისამართებია: თბილისი, ...ის ქუჩა №...ის №..., ..., საიჯარო ფართობი: 56,44 კვადრატული მეტრი და თბილისი, ...ის ქუჩა №...ის №... სარდაფი, ..., საიჯარო ფართი 83,74 კვადრატული მეტრი. 1.4. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონება გადაეცემა მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (ს.ფ 23-28); გ) 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ს.ბ-ე მესაკუთრეა უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა №...ის ქუჩა №..., სარდაფი, 83,74 კვადრატული მეტრი. უფლების დამდგენი დოკუმენტები - 2017 წლის 23 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, საკადასტრო კოდი .... 2017 წლის 7 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ს.ბ-ე მესაკუთრეა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა №... ის ქუჩა №..., სართული ..., ბინა №..., 56,44 კვადრატული მეტრი. უფლების დამდგენი დოკუმენტები - 2017 წლის 13 იანვრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება № ...; 2017 წლის 23 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, საკადასტრო კოდი ... (ს.ფ 19-20, 21-22); დ) 2017 წლის 12 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, ს.ბ-ის მიმართ შედგა №002831 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...ის ქუჩა №... სარდაფი №...-ში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულია სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები (საკადასტრო კოდი ... ). ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განემარტა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები (ს.ფ 96-97); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 25 ოქტომბრის №002831 შემოწმების აქტის თანახმად, ს.ბ-ის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 12 სექტემბრის №002831 მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა (ს.ფ 98-99); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ს.ბ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ს.ბ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ თავდაპირველად ფართი შეძენილი იქნა ს.ბ-ის მამის მიერ და შემდგომში ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ს.ბ-ეს, ასევე აღნიშნა, რომ ფართში განხორციელდა დიზაინერული რემონტი, რაც უზრუნველყოფს ობიექტის ფუნქციონირებას. სხვა სამშენებლო სამუშაოები არსებობდა მათი ოჯახის მიერ ფართის შეძენისას (ს.ფ 109-110); ზ) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 25 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 12 სექტემბერს, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №... ის ქუჩა №... სარდაფი ... -ში მდებარე ს.ბ-ის საკუთრებაში ფართის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 12 სექტემბრის №002831 მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ გამოსწორებულა (ს.ფ 100); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 25 დეკემბრის №002831 დადგენილებით, ს.ბ-ე დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... ის ქუჩა №... ...ის ქუჩა №... -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, (საკადასტრო კოდი ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარემონტო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის (ს.ფ 91-93); ი) 2018 წლის 30 იანვარს ს.ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 25 დეკემბრის №002831 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ 90); კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 მაისის №546 ბრძანებით, ს.ბ-ის 2018 წლის 30 იანვრის №19/01180301740-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის №002831 დადგენილება (ს.ფ 83-88).

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ს.ბ-ეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, კასატორები სადავოდ ხდიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას და მიიჩნევენ, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, არ იყო მცირე მნიშვნელობის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო აფასებს ს.ბ-ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) კვლევითი სამუშაოები – სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული სამუშაოები, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა.

დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს განხორციელებისას აუცილებელია ნებართვის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე განხორციელებული ზემოქმედება ჩაითვლება უნებართვოდ წარმოებულ, თვითნებურ სამუშაოდ, რისთვისაც განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისი პასუხისმგებლობა.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირების უფლება. სამინისტრომ კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების კონტროლისა და ზედამხედველობის ვალდებულება გააჩნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. შესაბამისად, მითითებული სამსახური წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ზოგადი წესი განსაზღვრულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-5 პუნქტის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ზემოაღნიშნული კოდექსის 44-ე მუხლით (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. აღნიშნული მუხლის მე-2 თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 25 დეკემბრის №002831 დადგენილებით, ს.ბ-ე დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №... ...ის ქუჩა №... -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, (საკადასტრო კოდი ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარემონტო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-320(2კ-21) საქმეზე განმარტა შემდეგი (2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება): საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინება; 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-926-922(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ამასთან, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა არ იძლევა მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის დეფინიციას, ადასტურებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მისი განმარტების საჭიროებას. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი. ამასთან, სახდელის შეფარდების პროცესში დაცული უნდა იქნეს თანაზომიერები პრინციპი, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.

საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც განპირობებულია მისი არქიტექტურული მხატვრული სახისა და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ცხადია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით ნებართვის მიღება სავალდებულოა, თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის მნიშვნელობა შეფასებულ უნდა იქნას ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-მუხლის თანახმად, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას. განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია კასატორების შედავება მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის მცირემნიშვნელოვნად მიჩნევის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს ს.ბ-ის მიმართ შედგენილ №002831 მითითებაში აღნიშნული არ არის რა სახის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები არის ჩატარებული, ხოლო თავად ს.ბ-ის განმარტებით, მან განახორციელა დიზაინერული სახის რემონტი. ამავდროულად, მოპასუხეთა მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს.ბ-ის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა რაიმე სახის ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შესაძლებელია ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულიყო მცირე მნიშვნელობის დარღვევად და გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი. ამდენად, ს.ბ-ეს მართებულად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა და გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია