საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-300(კ-25) 13 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ს-ი
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ს-იმა 2020 წლის 15 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...) ნ.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან, სადავო აქტით გაუქმდა მისი საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ს-ის სარჩელი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 იანვრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევის, შემოწმებისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში ნ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებამდე მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაუდგენია ნ.ს-ის მიერ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 2006 წლის 29 აგვისტოს №... დადგენილების გაუქმების მოთხოვნით ძველი თბილისის რაიონის გამგეობისათვის განცხადებით მიმართვის რეალურობა, არ გამოუთხოვია გამგეობაში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის, არც ნ.ს-ის განცხადების დედანი, რაც დაედო საფუძვლად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის წარდგენილი, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2007 წლის 14 დეკემბრის №10.15.03-189 დადგენილების მიღებას, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაუბამს დაინტერესებული პირი ნ.ს-ი.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო პერიოდში არსებული რეგულაციის შესაბამისად, რეგისტრაციის წარმოება შესაძლებელი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტის ელექტრონული ასლების საფუძველზე და რეგისტრაციის მიზნებისთვის მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირისთვის დამატებით მოეთხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება ან დოკუმენტის დედნის წარდგენა. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2007 წლის 14 დეკემბრის №10.15.03-189 დადგენილების ასლის საფუძველზე განეხორციელებინა მოთხოვნილი რეგისტრაცია. კასატორის განმარტებით, მარეგისტრირებელი ორგანო არ აფასებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონიერებას, ვინაიდან აღნიშნული სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან, გამგეობის 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილება ნ.ს-ის სადავოდ არ გაუხდია და დღემდე ძალაშია, რაც მარეგისტრირებელ ორგანოში დადგენილების წარდგენისას გასაჩივრებული რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობას წარმოშობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 იანვრის №... გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები გაუქმდა, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2007 წლის 14 დეკემბრის №10.15.03-189 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №... დადგენილებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ.ს-ის მოთხოვნა და მიეცა ნებართვა ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მისი ბინის კომუნალური ფონდის 14 კვ.მ შემინული აივნის, 11 კვ.მ დამხმარე ფართის და 10 კვ.მ და 14 კვ.მ ორი სარდაფის პრივატიზაციაზე. ამავე დადგენილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ზემოაღნიშნული ფართების სახელმწიფო ადგილობრივ საკუთრებად რეგისტრაციაში გატარება.
დადგენილია, რომ 2006 წლის 3 ოქტომბერს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა - ვ.ა-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №... დადგენილება, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 7 ივნისის №40 განკარგულება, პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა ტექ. ბიუროდან და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 15 სექტემბრის მიმართვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (შემინული აივანი - 14 კვ.მ, დამხმარე სათავსო - 11 კვ.მ, სარდაფები: 10 კვ.მ და 14 კვ.მ) დარეგისტრირდა თვითმმართველი ერთეულის - ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლება.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2007 წლის 14 დეკემბრის №10.15.03-189 დადგენილებით არარად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №... დადგენილება „მოქალაქე ნ.ს-ის განცხადების განხილვის შესახებ“. ამავე დადგენილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება. ხოლო 2008 წლის 9 იანვარს ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩანაწერის გაუქმების რეგისტრაციის მოთხოვნით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 იანვრის №... სადავო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე გაუქმდა განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემის დროს (11.01.2008წ.) მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებულ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაზე“ (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით), რომელიც განსაზღვრავდა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს და მარეგისტრირებელ ორგანოთა უფლებამოსილებას. დასახელებული ინსტრუქციის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი კი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად განსაზღვრავს ნორმატიულ ან/და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტს, გარიგებას ან სხვა სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, რომელიც ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად გულისხმობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მათში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე. მითითებული კანონის 281 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, აღინიშნოს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ.ს-ი უარყოფს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 2006 წლის 29 აგვისტოს №... დადგენილების გაუქმების მოტივით ძველი თბილისის რაიონის გამგეობისათვის განცხადებით მიმართვის ფაქტს. საყურადღებოა, რომ ნ.ს-ის ზემოაღნიშნული განცხადების დედანი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივებშიც არ იძებნება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიმართვა და შესაბამისი დადგენილების წარდგენა უპირობოდ არ გულისხმობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, დაეკმაყოფილებინა აღნიშნული მოთხოვნა. მართალია, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ განცხადებულ უძრავ ნივთზე უფლებისა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მათ საფუძვლად წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომელს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა რეგისტრირებული მონაცემებისა და თავისთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნორმა მარეგისტრირებელ ორგანოს, ავალდებულებდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად გამოეკვლია, შეესწავლა და შეეფასებინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რათა მიღებული გადაწყვეტილება ყოფილიყო კანონშესაბამისი. განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებამდე, მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაუდგენია ნ.ს-ის მიერ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 2006 წლის 29 აგვისტოს №... დადგენილების გაუქმების მოთხოვნით ძველი თბილისის რაიონის გამგეობისათვის განცხადებით მიმართვის ფაქტობრივი არსებობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუთხოვია, შეუსწავლია და შეუფასებია ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის, არც ნ.ს-ის განცხადების დედანი მოუძიებია, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2007 წლის 14 დეკემბრის №10.15.03-189 დადგენილების მიღებას; ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაუბამს დაინტერესებული პირი - ნ.ს-ი, რომელსაც არ მისცემია შესაძლებლობა, გაეზიარებინა თავისი სამართლებრივი პოზიცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღები აქტის მიმართ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 12.03.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900,, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900,, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე