Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1035(2კ-24) 13 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ა-იმა 2020 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 და 2019 წლის 14 მაისის №6/28575 წერილების, რ.ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის №1-1/508 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის რ.ა-ის 2019 წლის 23 აპრილის №42308/ფ და 2019 წლის 2 მაისის №45515/ფ განცხადებების არსებითად განხილვის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფო მეურნეობის საწყობისა და ...ის პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც 1992 წლის 2 ნოემბერს №...და №...ოქმების საფუძველზე გაიმარჯვა რ.ა-იმა. მოსარჩელეს გადაეცა აუქციონის აღნიშნული ოქმები №...და №.... აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოსარჩელემ სრულად გადაიხადა საპრივატიზაციო თანხა.

მოსარჩელის მითითებით, განაცხადი და აუქციონის ოქმი ადასტურებდა საკუთრების უფლებას მხარეებს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებამდე. რაც შეეხება ხელშეკრულების დადების ვადას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განაცხადში არ ყოფილა მითითებული რაიმე დათქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებაზე მოსარჩელეს დღემდე აქვს საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება კი უქმდება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს აუქციონის ოქმი ან არ არის გადახდილი საპრივატიზაციო საფასური. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 და 2019 წლის 14 მაისის №6/28575 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის №1-1/508 ბრძანება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 და 2019 წლის 14 მაისის №6/28575 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა რ.ა-ის 2019 წლის 23 აპრილის №42308/ფ და 2019 წლის 2 მაისის №45515/ფ განცხადებების არსებითად განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აუქციონში გამარჯვების შემდეგ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მისაღებად აუცილებელი იყო დათქმულ ვადაში საფასურის გადახდა და მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდგომ დასრულდებოდა შემსყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემის პროცესი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მითითება იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობაში მოხსენიებული „ოქმი“ არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე აუქციონის ოქმებზე. პალატამ აღნიშნა, რომ კანონმა განსაზღვრა როგორც სახელმწიფო ქონების, ასევე უკვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფუძვლები და პირობები, მათ შორის, მხარეთა შორის „ოქმის“ საფუძველზე სამართალურთიერთობის დადასტურების შესაძლებლობით კანონმდებელმა გაამარტივა მყიდველის სამართლებრივი მდგომარეობა და საკმარისად ჩათვალა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერილი ვერსიის არსებობა მის ხელშეკრულებად მისაჩნევად. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაფასებელია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, შესაძლებელია თუ არა ჩაითვალოს კანონით დადგენილ იმ სახის „ოქმად“, რომელიც საკმარისია მის ხელშეკრულებად მისაჩნევად. წერილებში არ არის მითითება ადმინისტრაციულმა ორგანომ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება რ.ა-ის განაცხადების განუხილველობის შესახებ, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ჩაატაროს სათანადო ადმინისტრაციული წარმოება და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება რ.ა-ის განცხადებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. რ.ა-სა და სახელმწიფოს შორის სახელმწიფო პრივატიზების მიზნით არ დადებულა შესაბამისი ხელშეკრულება, რის გამოც სააგენტომ განმცხადებელს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, არქივში დაცულ საპრივატიზებო მასალებში არ მოიძებნება ხსენებული აუქციონის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, კონკრეტულად, საარქივო მონაცემებში დაცული 1999 წლის 29 ნოემბრის გადახდის ქვითარში მოცემული დანიშნულების ველი ბუნდოვანია, არსებული ჩანაწერის მიხედვით გაურკვეველია, ქვითარში აღნიშნული თანხა წარმოადგენს თუ არა აუქციონის სრულ საპრივატიზებო საფასურს. საკუთრების უფლება „გამყიდველიდან“ „მყიდველს“ გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. აუქციონის ოქმი ვერ იქნება გამოყენებული საკუთრების უფლების დადასტურების საფუძვლად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებულ სპეციალურ წესში არსებული ჩანაწერი - „ოქმი“ არ გულისხმობს ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ოქმის სახელწოდებითაა გამოცემული, არამედ ამ ტერმინში იგულისხმება ისეთი დოკუმენტი, რომელიც, მიუხედავად სახელწოდებისა, უთანაბრდება ხელშეკრულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული წერილები არ წარმოადგენენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ იმ აქტებს, რომელთა გასაჩივრება შესაძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 1999 წლის 1 ნოემბრის განცხადებებით რ.ა-იმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფო მეურნეობის საწყობისა და ...ის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში. განაცხადების ფორმის თანახმად, განაცხადი და აუქციონის ოქმი წარმოადგენდა საკუთრების უფლებას მხარეებს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებამდე.

დადგენილია, რომ 1992 წლის 2 ნოემბრის №... და №... ოქმების საფუძველზე გამარჯვებულად გამოცხადდა რ.ა-ი, რომელსაც გადაეცა აუქციონის ოქმები №... და №.... ოქმების მიხედვით, სახელმწიფო მეურნეობის საწყობის შენობაზე აუქციონის საბოლოო ფასი შეადგენდა 124 (ას ოცდაოთხი) აშშ დოლარს, ხოლო ...ზე - 200 (ორასი) აშშ დოლარს. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ 23.10 ლარის, 224 ლარისა და 358 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №1/6-286 ბრძანების საფუძველზე, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ... საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 802.00კვ.მ, შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №..., №....

2017 წლის 17 ოქტომბერს რ.ა-იმა №94141/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 1992 წლის 2 ნოემბერს პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საკუთრების უფლების დადასტურება. პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №6/57977 წერილით რ.ა-ის ეცნობა შემდეგი: „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (24/12/1998 – 20/07/2001 მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადისა. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მყიდველზე საკუთრების უფლება წარმოეშობოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, რომელიც გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. წერილში სააგენტომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ (09/04/1999 - 13/11/2000 მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ „გამყიდველის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში „გამარჯვებული“ ვალდებულია „გამყიდველთან“ გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, დებულების ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება „გამყიდველიდან“ „მყიდველს“ გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესით“ განსაზღვრულია შემთხვევები, თუ როდის არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულება. კერძოდ, „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულება და დაინტერესებული პირისთვის საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება, თუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება. სააგენტოს აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი №94141/ფ განცხადებით დაყენებული მოთხოვნა.

2017 წლის 24 ნოემბერს რ.ა-იმა №106894/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კვლავ მოითხოვა 1992 წლის 2 ნოემბერს პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საკუთრების უფლების დადასტურება, რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №6/66651 წერილით რ.ა-ის ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში დაცული საპრივატიზებო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ 1999 წლის 2 ნოემბერს, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ...ის სახელმწიფო მეურნეობის საწყობის შენობა, რომლის საბოლოო საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 124 აშშ დოლარის ოდენობით (№... აუქციონის ოქმი). აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რ.ა-იმა გადაიხადა 23,10 ლარის ოდენობით „ბეს“ თანხა (ქვითარი №...). ამასთან, სააგენტოს საარქივო მონაცემებში დაცულია 1999 წლის 29 ნოემბრის ამავე სუბიექტის გადახდის დამადასტურებელი №... ქვითარი (224 ლარი), თუმცა აღნიშნული ქვითრის დანიშნულების ველი ბუნდოვანია, შესაბამისად არსებული ჩანაწერის მიხედვით გაურკვეველია, წარმოადგენს თუ არა იგი ზემოხსენებული აუქციონის (საწყობის შენობა) სრულ საპრივატიზებო საფასურს. მოსარჩელეს, ასევე, დამატებით ეცნობა სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №6/57977 წერილში მითითებული გარემოებები და განემარტა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი №106894/ფ განცხადებით დასმული მოთხოვნა.

დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აპრილს რ.ა-იმა მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და 1999 წლის 2 ნოემბერს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე, საქართველოს მთავრობის 153-ე დადგენილების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 სადავო წერილით რ.ა-ის განემარტა, რომ ზემოხსენებულ კორესპონდენციაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიცია ეცნობა მას 2017 წლის 3 ნოემბრის №6/57977 და 20 დეკემბრის №6/66651 წერილებით.

2019 წლის 2 მაისს რ.ა-იმა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განუმარტა, რომ მის მიერ 2019 წლის 23 აპრილს წარდგენილ განცხადებაზე პასუხი გაეცა 25 აპრილის №6/25185 წერილით, თუმცა მასში მითითებული გარემოებები იყო არასრული. ამიტომ, მოითხოვა განცხადების ხელახლა განხილვა და სრულყოფილი, დასაბუთებული პასუხის გაცემა მის მიერ განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, უარის შემთხვევაში კი, მიზეზის სამართლებრივი დასაბუთება მისი შემდგომი რეაგირების მიზნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის №6/28575 სადავო წერილით რ.ა-ის კვლავ ეცნობა, რომ ზემოხსენებულ კორესპონდენციაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიცია ეცნობა 2017 წლის 3 ნოემბრის №6/57977 და 20 დეკემბრის №6/66651 წერილებით.

ასევე დადგენილია, რომ რ.ა-იმა 2020 წლის 16 იანვრის №572/09 და 21 იანვრის №768/21 ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 და 2019 წლის 14 მაისის №6/28575 წერილების ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საკუთრების უფლების დადასტურების დავალება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის №1-1/508 სადავო ბრძანებით რ.ა-ის 2020 წლის 16 იანვრის №572/09 და 21 იანვრის №768/21 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 და 2019 წლის 14 მაისის №6/28575 წერილები ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს არ წარმოადგენდა, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების დადასტურების დავალების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან რ.ა-ისა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით არ დადებულა შესაბამისი ხელშეკრულება.

საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხსენებული კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას იქნა გამოყენებული; ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მოცემული დანიშნულების ველის/ჩანაწერის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზიაზე მიუთითებს, რომ „ბე“-ს თანხის და საბოლოო საფასურის გადახდა განხორციელდა ერთი და იმავე პირის მიერ ერთსა და იმავე ანგარიშზე, ხოლო გადახდილი თანხის საპრივატიზაციო საფასურთან შესაბამისობა ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამოუკვლევია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავის მხრივ, მოიცავს დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც, რა დროსაც - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014წ.).

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო აქტები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ხელყოფენ მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის რ.ა-ის 2019 წლის 23 აპრილის №42308/ფ და 2019 წლის 2 მაისის №45515/ფ განცხადებების არსებითად განხილვის დავალების თაობაზე.

რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული წერილები არ წარმოადგენენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, რომელიც ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას, კერძოდ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი (სუსგ №ბს-521(კ-23), 18.09.2023წ.). მოხმობილი განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორების პოზიცია და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №6/25185 და 2019 წლის 14 მაისის №6/28575 წერილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე