Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1193(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ.გ-იმა 2022 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2022 წლის 26 ივლისის №1709 განკარგულების ბათილად ცნობა და შ.გ-ისათვის ქ. თბილისში, ..., ... მ/რ.., მე-... კვ.., კორპუსი №...-ის მიმდებარედ (საერთო ფართობი 29.00 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, შ.გ-იმა 2017 წლის 07 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ.., მე-... კვ.., კორპუსი №...-ის მიმდებარედ 29 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ...ზე. საჯარო რეესტრმა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია 2017 წლის 20 დეკემბერს გადაუგზავნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2022 წლის 26 ივლისს №1709 განკარგულებით მოსარჩელეს უარი უთხრა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა №... გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. უარის საფუძვლად მიეთითა, რომ უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებულ განაშენიანებასთან.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ...ი მდებარეობდა სხვა ...ებთან ერთად ეზოს შიდა მხარეს და არ ამახინჯებდა ქალაქის იერსახეს. ამასთანავე, კრების ოქმით მეზობლები მოსარჩელეს უდასტურებენ ...ის მის საკუთრებაში არსებობას. მოსარჩელის განმარტებით ...ი მან თვითნებურად ააშენა, თუმცა სხვა მეზობლების პროექტი მოწონებული იქნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევში რაიონის გამგეობის მიერ. მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ...ს მოსარჩელე 30 წლიდან ფლობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1709 განკარგულება, მასვე დაევალა ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ.., მე-... კვ... კორპუსი №...-ის მიმდებარედ 29 კვ.მ ფართის მიწაზე აღმართულ უძრავ ქონებაზე (...ზე) შ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 27.06.2022წ. წერილზე, რომლის თანახმად, სააგენტომ ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით განიხილა ..., მე-... მ/რ.., მე-... კვ.., კორპუსი №... -ის მიმდებარედ 29 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დაადგინა, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, მასზე ვრცელდებოდა (სზ-6) საცხოვრებელი ზონა. პალატამ ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.07.2022წ. №1709 განკარგულებაზე, რომლითაც შ.გ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებულ განაშენიანებასთან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ ბმა „...ის“ 29.11.2017წ. კრების ოქმზე, რომლის თანახმად ამხანაგობის წევრები ადასტურებდნენ, რომ შ.გ-იმა ...ზე, მე-... მ/რ.., მე-... კორპ.., №...-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი დაიკავა 2007 წლის პირველ იანვრამდე, იყენებდა მას როგორც ...ის და შ.გ-ის მიერ ...ის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნდათ რაიმე სახის პრეტენზია. პალატამ აღნიშნა, რომ იმავე შინაარს შეიცავდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრები უფლების აღიარების კომისიაში ნ.გ-ის, ნ.ა-ის, ლ.პ-ის განცხადება. პალატამ საქმეში დაცული ორთოფოტოების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ სადავო ტერიტორიაზე ... არსებობდა 2007 წლის 01 იანვრამდე, შესაბამისად, შ.გ-ის მხრიდან სადავო ტერიტორიის უნებართვოდ დაკავების ფაქტი სადავო გარემოებად არ მიიჩნია.

საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებებთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან შეუსაბამობა, ვინაიდან მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო საცხოვრებელ ზონა ...-ში. საცხოვრებელი ზონა ..., ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ 24.05.2016წ. №14-39 დადგენილების თანახმად, იყო მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავდა საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს. ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-5 პუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ზონა ...ში (სზ-6) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებს შორის იყო ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ...; პალატის მოსაზრებით, მოცემულ ტერიტორიაზე არ გამოკვეთილა რაიმე იმგვარი ფუნქციური ზონის ან საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის არსებობა, რაც გამორიცხავდა შ.გ-ის მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 06.05.1992წ. №595 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება და ნება დაერთო მოქალაქეებს: გ-ეს, ჯ-ესა და გ-ეს მისამართზე ..., მე-... მ/რ.., მე-... კვ.., კორპუსი ...-ისა და მე-... კორპუსების მიმდებარედ აეშენებინათ სამი ..., პროექტი მოწონებულ იქნა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსთან. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული მოსარჩელის სახელი და გვარი, თუმცა მხედველობაში იყო მისაღები ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ... განთავსებული იყო სხვა მოქალაქეების ...ებთან ერთად, კორპუსის წითელ ხაზებს გარეთ და ვიზუალურად არაფრით განსხვავდებოდა სხვა ...სგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კომისიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან, იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გაზიარებული მტკიცებულება, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სამმართველოს ნაძალადევის რაიონის გამგეობის 06.05.1992წ. №595 გადაწყვეტილება ეხება თავად ...ების განთავსების კანონიერების საკითხს და კავშირი არ აქვს აღიარებასთან, ვინაიდან აღნიშნულის უშუალო მიზანს; განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომელიც ეხება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და არა მიწის ნაკვეთზე განთავსებული ...ის განთავსების კანონიერებას; შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის სამმართველოს ნაძალადევის რაიონის გამგეობის 06.05.1992წ. №595 გადაწყვეტილებისა და აღიარების კომისიის 26.07.2022წ. №1709 განკარგულების მიზანი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულია.

კომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პალატამ შეფასების მიღმა დატოვა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სადავო ტერიტორიას კვეთს ...-ის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაცია (წყალანირების ქსელი), ობიექტი იქცევა საზოგადოების ინფრასტრუქტურის განვითარების არეალში, რაც ზემოხსენებული კანონის შესაბამისად წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის აკრძალვას, რაც პირდაპირ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას. პალატამ განმარტა, რომ ხსენებული არგუმენტი არ ყოფილა შ.გ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც კომისია მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-1071(კ-18)), რომლის თანახმად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი სხვა გარემოებები, მიუხედავად იმისა, სადავო აქტში გათვალისწინებული იყო თუ არა ეს გარემოება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა შეეფასებინა აღიარების კომისიის მიერ აპელაციის ეტაპზე სხდომაზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სრულად შეიცვლებოდა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა.

კასატორის წარმომადგენელი არ ეთანხმება მტკიცების ტვირთის სრულად მასზე დაკისრებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის დაკისრებისა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამის მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაბამისად, კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ.., მე-... კვ.., კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებულ 29.00 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე შ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1709 განკარგულების კანონიერება და მოსარჩელის მიმართ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა დაინტერესებული პირის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად, კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. დასახელებული მუხლის 31 პუნქტი კი, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების სხვა დოკუმენტაციით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს კომისიის მიერ დაინტერესებული პირისთვის დამატებით ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის დავალების შესაძლებლობას, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად ასახელებს ორთოფოტოს (აეროგადაღება).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს შ.გ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-.... მ/რ.., მე-... კვ.., კორპუსი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 29.00 კვ.მ. 2017 წლის 20 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, შ.გ-ის განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 2022 წლის 31 იანვრის №5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2022 წლის 26 ივლისის №1709 განკარგულებით შ.გ-ის უარი უთხრა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებულ განაშენიანებასთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ შენობის 2007 წლის 01 იანვრამდე აშენების ფაქტი სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ ფოტოსურათებზე, აზომვით ნახაზებსა და ორთოფოტოებზე, ბმა „...ის“ 29.11.2017წ. კრების ოქმისა და თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის №595 გადაწყვეტილებაზე, რომლებითაც დადგენილია, რომ შ.გ-ის ... მდებარეობს სხვა ...ებთან ერთად შუა ნაწილში ეზოს შიდა მხარეს. მისი ... ვიზუალურად არ განსხვავდება სხვა ...ებისგან. ...ები მოქცეულია კორპუსის წითელ ხაზებს გარეთ. მოსარჩელის ...ის პროექტის გარდა, სხვა მეზობლების (3 პირი) ...ების პროექტი მოწონებულია 06.05.1992წ. №595 გადაწყვეტილებით არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ. შესაბამისად დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტები სადავო აქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი შ.გ-ის მიერ აშენებული ...ის მომიჯნავედ მდგარი ანალოგიური ტიპის ...ებისათვის შეუსაბამო ობიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, რასაც ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ (მუხლი 73).

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ტერიტორიას კვეთს ...-ს საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაცია, რითაც ობიექტი ექცევა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განთავსების არეალში და გამოირიცხება მასზე საკუთრების უფლების აღიარება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნულ პრეტენზიაზეც გასცა დასაბუთებული პასუხი კასატორს, კერძოდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ორთო-ფოტოს მიხედვით არ დგინდებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციის კვეთა სადავო მიწის ნაკვეთზე, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა