№ბს-1002(კ-24) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ.ო-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ.ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 17 ოქტომბრის MIA 0 22 02894387 წერილობითი პასუხი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 24 ნოემბრის MIA 8 22 03313649 ბრძანება; გ) დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს 1994 წლის 19 მაისიდან 1995 წლის 16 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ...ად, 1995 წლის 26 დეკემბრიდან 1997 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედროს ნაწილის №... ... ბრიგადის ...ად, 1997 წლის 31 ოქტომბრიდან 1999 წლის 31 მაისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ბრიგადის ...ად ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლება განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურებად, ნამსახურობის ერთი დღე დაანაგარიშდეს დღენახევრად და ჩაითვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. ასევე, 1990-1993 წლებში სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი მოსარჩელეს ჩაეთვლება განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაანგარიშდეს სამ დღედ და ჩაითვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 17 ოქტომბრის MIA 0 22 02894387 წერილობითი პასუხი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 24 ნოემბრის MIA 8 22 03313649 ბრძანება. დაევალა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც კ.ო-ეს 1994 წლის 19 მაისიდან 1995 წლის 16 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ...ად, 1995 წლის 26 დეკემბრიდან 1997 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედროს ნაწილის №... ... ბრიგადის ...ად, 1997 წლის 31 ოქტომბრიდან 1999 წლის 31 მაისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ბრიგადის ...ად ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლება განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურებად, ნამსახურობის ერთი დღე დაანაგარიშდეს დღენახევრად და ჩაითვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. ასევე 1990-1993 წლებში სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი მოსარჩელეს ჩაეთვლება განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაანგარიშდეს სამ დღედ და ჩაითვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს საფუძვლიანად მიეჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო პერიოდის საერთო სტაჟში ჩასათვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1994 წლის 19 მაისის №209პ/შ ბრძანების თანახმად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი კ.ო-ე გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის შსს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ... განყოფილების გამომძიებლის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შსს ...ის ...ის თანამდებობაზე (ს.ფ 76); ბ) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1995 წლის 7 მარტის №137 პ/შ ბრძანების თანახმად, პოლიციის კაპიტანი კ.ო-ე დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შსს უშუალოდ დაქვემდებარებული ...ის პოლიციის ...ის დანაყოფის უფროსად 1995 წლის 29 მარტიდან (ს.ფ 77); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1997 წლის 17 ნოემბრის №661პ/შ ბრძანებით, პოლკოვნიკი კ.ო-ე დაინიშნა საქართველოს შსს ...ის ...ად 1997 წლის 31 ოქტომბრიდან, საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 1997 წლის 2 ოქტომბრიდან 1997 წლის 31 ოქტომბრამდე „პოლიციის პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდების მინიჭებით (ს.ფ 78); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1999 წლის 29 მარტის №135 პ/შ ბრძანებით პოლიციის პოლკოვნიკი კ.ო-ე დაინიშნა შსს შინაგანი ჯარების ...ის ბრიგადის ... ...ად 1999 წლის 9 მარტიდან, საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის განკარგულებაში ყოფნით 1999 წლის 17 თებერვლიდან, 1999 წლის 9 მარტამდე „შინაგანი ჯარების პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდების მინიჭებით (ს.ფ 82-84); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1999 წლის 31 მაისის №240პ/შ ბრძანებით შინაგანი ჯარების პოლკოვნიკი კ.ო-ე გათავისუფლდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ...ის ბრიგადის ...ის თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შსს კადრებისა და პირადი შემადგენლობის მუშაობის დეპარტამენტის განკარგულებაში (ს.ფ 85); ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 15 ივლისის №876 ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივლინებული შინაგანი ჯარების პოლკოვნიკი კ.ო-ე ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში, დაინიშნა ...ის უფროსად და დაუმტკიცდა სამხედრო წოდება „პოლკოვნიკი“, შტატი №... (ს.ფ 92); ზ) შსს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის კ.ო-ის წელთა ნამსახურობის შესახებ 2022 წლის 14 ნოემბრის MIA 5 22 03207293 ანგარიშის თანახმად, კ.ო-ე 1985 წლის 1 აგვისტოდან - 1987 წლის 24 ნოემბრამდე მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში (სამხედრო ბილეთი ...). სსრკ შს სამინისტროს ...ის ფაკულტეტის უფროსის მოადგილის 1988 წლის 19 აგვისტოს №... ბრძანებით, კ.ო-ე, 1988 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ იქნა ზემოაღნიშნული სკოლის პირველი კურსის მსმენელად და მიენიჭა სპეციალური წოდება „მილიციის რიგითი“. შს მინისტრის მოადგილე - ...ის მთავარი სამმართველოს უფროსის 1992 წლის 29 დეკემბრის №53-პ/შ ბრძანებით, შს სამინისტროს უმაღლესი სკოლიდან მოვლინებული, პოლიციის ლეიტენანტი კ.ო-ე დაინიშნა საქართველოს ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ჯგუფის ოცეულის ...ის თანამდებობაზე. სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1995 წლის 18 დეკემბრის №1384-პ/შ ბრძანებით, პოლიციის მაიორი კ.ო-ე, 1995 წლის 14 დეკემბრიდან ჩაირიცხა უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში და მიენიჭა სამხედრო წოდება „მაიორი“. შს მინისტრის 1997 წლის 17 ნოემბრის №661-პ/შ ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან მივლინებული, პოლკოვნიკი კ.ო-ე, 1997 წლის 31 ოქტომბრიდან დაინიშნა შს სამინისტროში და მიენიჭა სპეციალური წოდება „პოლიციის პოლკოვნიკი“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრიდან შემოსული 2022 წლის 5 ოქტომბრის MOD №01151121 წერილიდან ირკვევა, რომ შს სამინისტროდან მივლინებული კ.ო-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 1999 წლის 15 ივლისიდან - 2001 წლის 18 სექტემბრამდე სამხედრო ნამსახურობა შეადგენს 02 წელს, 02 თვეს და 03 დღეს. საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან შემოსული 2022 წლის 21 სექტემბრის წერილის თანახმად, კ.ო-ის საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, 2001 წლის 8 სექტემბრიდან - 2004 წლის 24 თებერვლამდე სამხედრო წოდებით ნამსახურობა შეადგენს 02 წელს, 05 თვეს და 6 დღეს. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2004 წლის 24 თებერვლის №87 ბრძანებით, კ.ო-ე აყვანილ იქნა უშიშროების სამინისტროს კადრების განკარგულებაში, ხოლო 2004 წლის 17 ივნისის №980 - პ/შ ბრძანებით, კ.ო-ე, 2004 წლის 13 ივნისიდან დათხოვნილ იქნა უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში. წელთა ნამსახურობაში ჩაითვალა: 1) სავალდებულო სამხედრო სამსახური: (01.08.1985წ. – 24.11.1987წ.) - 02 წელი, 03 თვე, 23 დღე; 2) შს სამინისტროში წოდებით სამსახური: (01.09.1988წ. - 14.12.1995წ., 31.10.1997წ. – 15.07.1999წ.) - 08 წელი, 11 თვე, 28 დღე; 3) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სამსახური: (14.12.1995წ. - 31.10.1997წ., 24.02.2004წ. - 13.06.2004წ.) - 02 წელი, 02 თვე, 06 დღე; 4) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამსახური: (15.07.1999წ. - 18.09.2001წ.) - 02 წელი, 02 თვე, 03 დღე; 5) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახური: (18.09.2001წ. 24.02.2004წ.) – 02 წელი, 05 თვე, 06 დღე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წელთა ნამსახურობამ შეადგინა: კალენდარული: 18 (თვრამეტი) წელი, 01 (ერთი) თვე, 06 (ექვსი) დღე (ს.ფ 101-102); თ) 2022 წლის 22 აგვისტოს კ.ო-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 17 ოქტომბრის MIA 0 22 02894387 წერილით, კ.ო-ეს ეცნობა, რომ სამხედრო და სპეციალური წოდებით მისი ნამსახურობა არ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირობებს (20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი) (ს.ფ 13); ი) 2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარედგინა კ.ო-ის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 17 ოქტომბრის MIA 0 22 02894387 წერილის ბათილად ცნობას და მისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 24 ნოემბრის MIA 8 22 03313649 ბრძანებით მოქალაქე კ.ო-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 17 ოქტომბერს გაცემული №2894387 უარი ქმედების განხორციელებაზე (ს.ფ 14-16); კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1999 წლის 5 მარტის №121 ბრძანებით, ყოფილ შსს ...ას, ამჟამად შინაგანი ჯარების ...ის ბრიგადას (...) შეუნარჩუნდა ადრე არსებული ბრიგადაში შემავალი თანამდებობები, თანამდებობათა ზღვრული ჭერი და ყველა შეღავათი. ჩაეთვალათ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო სამსახურის ერთი დღე დღენახევრად, 30%-იანი თანამდებობრივი დანამატი განსაკუთრებულ პირობებში სამსახურისთვის, ყოველთვიური ფულადი ჯილდო ოფიცერთა შემადგენლობას (ს.ფ 18).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება.
ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი 21 პუნქტის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნამსახურობა. მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს“ 1994 წლის 11 სექტემბრიდან დაუწესდათ ფულად ანაზღაურებაზე დანამატები და სხვა სოციალური შეღავათები. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნამსახურობის ერთი დღე ჩაითვალა დღენახევრად. კასატორის მიერ სადავოდ არაა გამხდარი დადგენილებაში მოხსენიებული და მოსარჩელის ნამსახურები ქვედანაყოფების დასახელებების და ფუნქციების ერთმანეთთან უპირობო კავშირი. შესაბამისად, მითითებული დადგენილების მე-2 პუნქტი უნდა გავრცელდეს კ.ო-ეზეც, 1994 წლის 19 მაისიდან 1995 წლის 16 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ...ად, 1995 წლის 26 დეკემბრიდან 1997 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედროს ნაწილის №... ... ბრიგადის ...ად, 1997 წლის 31 ოქტომბრიდან 1999 წლის 31 მაისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ბრიგადის ...ად ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვალოს განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურებად, ნამსახურობის ერთი დღე დაანაგარიშდეს დღენახევრად და ჩაითვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.
რაც შეეხება, 1990-1993 წლებში სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდს, საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის კ.ო-ის 1990-1993 წლებში სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი მოსარჩელეს უნდა ჩათვლოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაანგარიშებულიყო სამ დღედ და ჩათვლოდა კალენდარულ წელთა ნამსახურობაში
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია