საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-487(2კ-25) 06 მაისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ც. თ-ა, რ. თ-ა, გ. თ-ა
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი
მესამე პირი - ნ. თ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განხილვაში იყო გ. თ-ას, რ. თ-ასა და ც. თ-ა სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, მესამე პირები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და ნ. თ-ა, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების გ. თ-ას, ც. თ-ას და რ. თ-ას ნაწილში ბათილად ცნობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. თ-ას შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასევე მოსარჩელეების - გ. თ-ას, ც. თ-ას და რ. თ-ას ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ც. თ-ას და რ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, ც. თ-ას და რ. თ-ას ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. თ-ას შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ც. თ-ას და რ. თ-ას ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ნ. თ-ას მიერ და მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე გ. თ-ამ და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ. თ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ც. თ-ას და რ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, ც. თ-ას და რ. თ-ას ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. თ-ას შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ც. თ-ას და რ. თ-ას ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ნ. თ-ას მიერ და მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს მესამე პირი სადავოდ არ ხდიდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა გ. თ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრების ფარგლებში და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ გ. თ-ამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრეს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე