Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-235(კ-25) 28 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ა-ე, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ა-ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილება დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 8 აგვისტოს №01/189697/გ გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ლ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გაგრის ...ის განყოფილების მიერ 1999 წლის 01 მარტს ლ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერი; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილება დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 08 აგვისტოს №01/189697/გ გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზომო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, 2022 წლის 29 ივლისს №... განცხადებით მიმართა ლ. ა-ემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თავის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის ,,... ... ... წელი’’ თარიღით ,,... ... ... წელი“ - შესწორება. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2022 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით უარი უთხრა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ლ. ა-ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღი - ... ... ... წელი, დარეგისტრირებულია ზუგდიდის სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის (საქმე №...) გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, დასტურდებოდა, რომ დაბადების აქტის ჩანაწერში ლ. ა-ის დაბადების თარიღი მითითებულია სწორად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და შესაბამისად, არ არსებობდა მისი შესწორების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა რეკვიზიტი (მათ შორის, მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი) აქვს და მასში სიყალბეზე ეჭვის შეტანის საფუძველი სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ვერ გაუჩნდებოდა.

სააგენტოს სამოქალაქო აქტების ელექტრონულ ბაზაში იძებნება ლ. ა-ის მიმართ, 1999 წლის 01 მარტს, გალის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერი, შემდეგი მონაცემებით: სახელი - ლ., გვარი - ა-ე, დაბადების თარიღი - ... ... ... წელი, დაბადების ადგილი - ..., მამა - ა-ე გ., დედა - გ-ა შ. . აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია №... საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე. განმცხადებელია - ლ. ა-ე. შესაბამისად, რეგისტრაცია განხორციელებულია თავად მოსარჩელის პირადი განცხადების და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. განცხადებაზე ხელმოწერა იდენტურია სხვა დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის და აღნიშნულზე მიეთითა სასამართლოსაც. მხარის განცხადებები, თითქოს მან არ იცის ვინ დაარეგისტრირა დაბადება, არარელევანტურია, მით უფრო, იმ პირობებში როდესაც ლ. ა-ეს ზემოაღნიშნული მონაცემები „ამნისტიის“ პერიოდში აქვს დატოვებული და თავისივე მითითებით სწორედ ეს იყო სწორი მონაცემი. სასამართლომ არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, გალის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერში განმცხადებელია - ლ. ა-ე. დაბადების აქტის ჩანაწერის მე-17 გრაფაში მითითებულია აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია და დადასტურებულია განმცხადებლის ხელმოწერით. ლ. ა-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის სახელის შესწორების მოთხოვნა ვერ იქნა დასაბუთებული ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2022 წლის 8 აგვისტოს №297/01-34 წერილი, რომელსაც თან ახლავს ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი (19.02.1999 წლის საქმე №...). დოკუმენტის მიხედვით სასამართლომ დადგინა დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: სახელი - ლ., გვარი - ა-ე, დაბადების თარიღი - ... წლის ... ...ი, დაბადების ადგილი - ..., მამა - ა-ე გ., დედა - გ-ა შ. .

კასატორის განმარტებით, საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების განხორციელება. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო. ხოლო, ამავე კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტი უთითებს, რომ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის არ მიუმართავს. განმცხადებელს სურდა აღნიშნულ აქტის ჩანაწერში შესწორების წარმოება, რაც მოიაზრებს შეცდომის აღმოჩენის ფაქტის დადგენას/დადასტურებას და არა თავად ამ აქტის ბათილად ცნობას.

კასატორის განმარტებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებენ, რომ ინდექსი ,,10“-ით სამოქალაქო საქმეები არ იწარმოება და სამოქალაქო საქმეთა ინდექსია ,,2“. აღნიშნულის დასტურად სასამართლო უთითებს ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ №466 ბრძანებულების №57-ე მუხლს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ლ. ა-ის მიმართ გალის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ დაბადების სააქტო ჩანაწერი №... დარეგისტრირდა 1999 წლის 01 მარტს, ხოლო, №466 ბრძანებულება მოქმედებდა 2000 წლის 27 ოქტომბრიდან, როდესაც სააქტო ჩანაწერი უკვე რეგისტრირებული იყო.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ქორწინების მოწმობასა (გაც. ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს მიერ 26.03.1997 წ. აა - ...) და სსრკ სიმბოლიკიან პასპორტზე, სადაც მოსარჩელის მონაცემებად ფიქსირდება ა-ე ლ., ხოლო დაბადების თარიღი ... წელი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველზე უნდა იყოს ყველა შემდგომი დოკუმენტები გაცემული, მათ შორის, სასამართლოს მიერ მითითებული დოკუმენტები. ამასთან, არც ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ იქნა ნახსენები, რომ ლ. ა-ე სარგებლობდა ორი პირადი ნომრით. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ამნისტიის პირობებში, ლ. ა-ემ მიუთითა, რომ სწორედ ეს იყო მისი რეალური მონაცემი, შესაბამისად, მეორე პირადი ნომერი და მონაცემები გაუქმდა და განმცხადებელს დარჩა ერთი პირადი ნომერი, რომელიც აქტის ჩანაწერის შესაბამისად არის გაცემული. აღნიშნული მონაცემებით მხარე წლებია სარგებლობს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. ა-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ამ №... (24.05.2023 წ) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ლ. ა-ის №... დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული დაბადების თარიღის „... ..., ... წელი’’, შეცვლა თარიღით - „... ... ... წელი’’ და მამის სახელის „გ.’’ შესწორება სახელით „შ.’’ (ტ.1. ს.ფ. 56); ბ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილებით ლ. ა-ეს, დაბადების თარიღის შესწორებაზე უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ ლ. ა-ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორებასთან დაკავშირებით 12.08.2022 წელს უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება „ლ. ა-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ”, ხოლო წარმოდგენილ განცხადებაში კი, არ იყო მითითებული ახლადაღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, ლ. ა-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის მამის სახელის „გ.“ „შ.’’ შესწორების შესახებ უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ №... დაბადების აქტის ჩანაწერში ლ. ა-ის მამის სახელი დაფიქსირებულია №... საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს 19.02.1999 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 30-32); გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილება ლ. ა-ის წარმომადგენლის - მ. ნ-ას მიერ 04.07.2023 წელს გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (ტ.1. ს.ფ. 33-34). სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 8 აგვისტოს №01/189697/გ გადაწყვეტილებით, ლ. ა-ის წარმომადგენლის მ. ნ-ას 2023 წლის 04 ივლისის №117774 (დაზუსტებული 12.07.2023 წლის №123306 განცხადებით) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 07.06.2023 წლის №... გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 36-39); დ) 1999 წლის 1 მარტს რეგისტრირებულია №... დაბადების აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმად, გვარის გრაფაში მითითებულია ა-ე, სახელი - ლ., მამის სახელი - „გ.”, დაბადების თარიღი მითითებულია - „...” ..., ... წელი . . . ამავე დოკუმენტით გრაფა - „ცნობები მამის და დედის შესახებ”, მამად მითითებულია - ა-ე გ., ხოლო დედა - გ-ა შ. . ამავე აქტის ჩანაწერში მითითებულია — „რეგისტრირებულია №... საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს 19.02.1999 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე” (ტ.1. ს.ფ. 57-58); ე) საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 19.02.1999 წლის გადაწყვეტილება, საქმე №... (გადაწყვეტილება არის ხელნაწერის ქსეროასლი, რომელიც დამოწმებულია „საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, ზუგდიდის სასამართლოს” ბეჭდით, გაურკვეველი ორი ხელმოწერით, თარიღის გარეშე. ამავე გადაწყვეტილებაზე გაკეთებულია მეორე აღნიშვნა - ასლი დედანთან სწორია, საფუძველი: ფონდი 7, ანაწერი №1, საქმე 181, ფურც. 43, დამოწმებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ბეჭდით 08.08.2022 წელს, ს. ხ-ას მიერ). გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ განიხილა ლ. ა-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ და სასამართლომ დაადგინა - „მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს დადგენილად ი/მ მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ა-ე ლ. დაიბადა ... წლის ... ... ქ. ...ში და ეს იყო რეგისტრირებული ...ის ...ის განყოფილების მიერ” (ტ.1. ს.ფ. 61); ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2022 წლის 8 აგვისტოს 297/01-34 წერილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გაეგზავნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №..., ლ. ა-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ) დამოწმებული ასლი (ტ.1. ს.ფ. 59). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის №297/01-34 წერილით ლ. ა-ეს გაეგზავნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №..., ლ. ა-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ) დამოწმებული ასლი (ტ.1. ს.ფ. 26); ზ) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საერთო სასამართლოების არქივის უფროსის 2022 წლის 28 ივლისის №07-6651 წერილის თანახმად, №10/2152-99 სამოქალაქო საქმე საერთო სასამართლოს დეპარტამენტის არქივში არ ინახება, ხოლო ლ. ა-ეზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საქმეთა 1999 წლის მონაცემებით სამოქალაქო საქმე არ იძებნება (ტ.1. ს.ფ. 151).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ხოლო ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. ამავე კანონის 20-ე მუხლის თანახმად, დაბადება განმარტებულია, როგორც იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.

ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებდა 1999 წლის 1 მარტს, როდესაც განხორციელდა №... დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია, კერძოდ, ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 12/20/2011 №5562 კანონით) მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტები არის მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს. ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი დაბადების ფაქტს უკავშირებს მოქალაქის უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შესაბამისად, მოითხოვს, რომ სამოქალაქო აქტი უნდა ასახავდეს რეალურ მონაცემებს მოქალაქის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1999 წლის 1 მარტს რეგისტრირებულ №... დაბადების აქტის ჩანაწერს საფუძვლად დაედო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ზუგდიდის სასამართლოს 19.02.1999 წლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ა-ე ლ. გ. ... წლის ... ... ქ. ...ში დაიბადა და ეს იყო რეგისტრირებული ...ის ...ის განყოფილების მიერ. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასამართლოების არქივის უფროსის 28.07.2022 წლის №07-6651 წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ №10/2152-99 სამოქალაქო საქმე საერთო სასამართლოს დეპარტამენტის არქივში არ ინახება, ხოლო ლ. ა-ეზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საქმეთა 1999 წლის მონაცემებით, სამოქალაქო საქმე არ იძებნება. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანია დადგინდეს მართებულად იქნა თუ არა სადავო დაბადების აქტის ჩანაწერი ბათილად ცნობილი.

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ იმ პერიოდამდე სანამ არ დადგინდება საწინააღმდეგო.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის, ასევე დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული შესაბამისი მონაცემი; იმ პირის შესახებ, რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – მის დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები, ხოლო მეუღლის გვარის მიღების ან საკუთარ გვართან მეუღლის გვარის შეერთების, ასევე ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შემთხვევაში, გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა ქორწინების/განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი. იმ პირის შესახებ, რომლის ქორწინება/განქორწინება რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა მის ქორწინების/განქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების, ქორწინების და განქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები ნამდვილ მონაცემებად მიიჩნევა მხოლოდ დაბადების, ქორწინების და განქორწინების აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, იმ პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის ნაწილში შეუსაბამობისას, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ან რომელზეც გაიცა ბინადრობის ნებართვა, ნამდვილად მიიჩნევა მასზე გაცემულ მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული სახელი ან/და გვარი; დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, თუ პირი დაბადებულია საქართველოში – დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო თუ პირი დაბადებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების აქტის ჩანაწერის ან დაბადების მოწმობის არარსებობის შემთხვევაში – ნამდვილად მიიჩნევა დაბადების თარიღის ან/და ადგილის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ის მონაცემი, რომლის შესაბამისადაც პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ან გაიცა ბინადრობის ნებართვა. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, მონაცემები სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6–მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესით მიიჩნევა ნამდვილად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტები, რომ ლ. ა-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მის სახელზე 1999 წლის 1 მარტს რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერის გარდა სხვა დაბადების სააქტო ჩანაწერი არ არსებობს. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელის სახელზე სადაო აქტის რეგისტრაციამდე გაცემულ ქორწინების მოწმობასა და სსრკ პასპორტზე, კერძოდ, 1997 წლის 26 მარტს გაცემული №აა-... ქორწინების მოწმობის (ს.ფ. 17-18) თანახმად, ლ. -ა-ის დაბადების თარიღად მითითებულია „... წ. „...” ...”, დაბადების ადგილად - ქ. .... ასევე, ლ. ა-ის სახელზე 1986 წლის 18 აპრილს გაცემულ სსრკ პასპორტის - II-ДT №... მიხედვით (ს.ფ. 20-22), მოსარჩელის დაბადების თარიღად მითითებულია - ... წ., ხოლო მამის სახელად - „შ.”.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის სახელზე 1999 წლის 1 მარტს რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველად მითითებულია ზუგდიდის სასამართლოს 19.02.1999 წლის №... გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საერთო სასამართლოების არქივის უფროსის 2022 წლის 28 ივლისის №07-6651 წერილის თანახმად, №10/2152-99 სამოქალაქო საქმე საერთო სასამართლოს დეპარტამენტის არქივში არ ინახება, ხოლო ლ. ა-ეზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საქმეთა 1999 წლის მონაცემებით სამოქალაქო საქმე არ იძებნება. შესაბამისად, წინა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ ლ. ა-ეს 1999 წელს მისი დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2025წ. №02718 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია