Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-660(2კ-23) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ი. ბ-ი (უფლებამონაცვლე - ლ. ბ-ი)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი/მ ი. ბ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანება და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანება; ბ) კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებულად იქნეს აღიარებული 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ნასყიდობის საგანზე, საკადასტრო კოდით ..., აღდგეს ი. ბ-ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანება, ი. ბ-ისათვის, 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხებისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, პირგასამტეხლოს სახით 538 895,84 ლარის დაკისრების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანება, ი. ბ-ისათვის, მის მიერ გადახდილი თანხებისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, პირგასამტეხლოს სახით 538 895,84 ლარის დაკისრების ნაწილში. ი. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ი/მ ი. ბ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანება, ინდ. მეწარმე „ი. ბ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. აღდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის ათვლა დაიწყო წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები ძირითადად მხარეთა შორის სადავო არ არის, მითუმეტეს, რომ საქმეზე ფაქტების დიდი ნაწილი დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. კერძოდ, წარმოდგენილ საქმეზე უდავოდ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივლისის №48 განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. 17.07.13 წლის №01-10/3353 მიმართვის საფუძველზე, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, საკადასტრო კოდით: ...; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად (საბაზრო ღირებულება ... ლარი) საკუთრებაში გადაეცა, ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანების საფუძველზე და მისი პირობების გათვალისწინებით, 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუქტით მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა: ა) ნასყიდობის თანხის გადახდა დადგენილ ვადაში (შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე) და გამყიდვლისათვის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდება; ბ) 2013 წლის 01 ნოემბრამდე არანაკლებ 3 ტ/სთ წარმადობის ... დამხარისხებელი საწარმოს ამოქმედება; გ) 2013 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოში არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავის, ელექტროსასწორისა და პნევმატური ურიკის საკუთრებაში ფლობა; დ) საწარმოში სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 2 თვე) საქართველოს არანაკლებ 10 მოქალაქის დასაქმება; ე) აღნიშნულ პროექტში არანაკლებ ... (...) ლარის ინვესტიციის განხორციელება; ვ) საკუთრებაში გადაცემულ ობიექტებზე საწარმოს ამოქმედებიდან პროფილისა და დასაქმებულთა შენარჩუნება არანაკლებ, 20 წლის ვადით; თ) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების მომენტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიის დასკვნის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს; ი) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ყველა სახის ქმედების განხორციელება დაშესაბამისი ზომების მიღება, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლით, გამყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა: ა) მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა გააუქმოს ქონებასთან დაკავშირებით მესამე მხარეთა ნებისმიერი პრეტენზია/მოთხოვნა (მათ შორის, საიჯარო უფლებები, უზრუნველყოფა და ა.შ.), იმგვარად, რომ ქონება თავისუფალი იყოს ნებისმიერი და ყოველგვარი ვალდებულებისგან მყიდველზე საკუთრების გადაცემის მომენტისათვის; ბ) მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გამყიდველს წარუდგენს შესაბამის აუდიტორულ დასკვნას, გაუგზავნოს მყიდველს ოფიციალური შეტყობინება და დაადასტუროს, რომ მყიდველმა სრულად, სათანადოდ და დროულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომების ზინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ „გამყიდველი“ უგზავნიდა მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდიდა: ა) ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად მიცემული დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, „მყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გაგრძელების ან/და „მყიდველის“ მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „გამყიდველს“ უფლება ჰქონდა ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევაში მყიდველს არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები და გადახდილი ქონების საზღაური; დ) 30.08.2013 წლის საგადახდო დავალების მიხედვით, ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ 01 ლარი, გადაიხადა ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე, შემდეგ სახაზინო კოდზე 30 073 3389. შესაბამისად, 2013 წლის 12 სექტემბრის №01-10/4123 წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ი. ბ-ს უდასტურებს, რომ მის მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს შესრულდა საპრივატიზებო თანხის 01 (ერთი) ლარის გადახდის ვალდებულება; ე) 2013 წლის 06 სექტემბრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი ...), ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით ... კვ.მ საკადასტრო კოდით ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის 30.08.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე (№..., ნოტარიუსი: ვ. ნ-ე), აღირიცხა ინდ. მეწარმე „ი. ბ-ის“ (პ/ნ ...) საკუთრებად; ვ) 16.09.2013 წლის №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, გასწორდა ტექნიკური ხარვეზი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში და დარეგისტრირდა ქონებაზე ვალდებულება 30.08.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად: გამყიდველი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მყიდველი - ინდ. მეწარმე „ი. ბ-ი“ (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 17.09.2013); ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანებით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მყიდველმა (ი. ბ-ი) ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი არ შეასრულა ნასყიდობის საგანზე და მისი შეუსრულებლობის დამაბრკოლებელ გარემოებებზე არ აცნობა გამყიდველ მხარეს; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანება ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 13 მაისის №123 ბრძანებით, ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი) ნასყიდობის საგანზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 05.02.14 წლიდან საჯარო რეესტრში გაუქმდა მყიდველი მხარის - ი. ბ-ის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი. კერძოდ, საჯარო რეესტრიდან 05.02.2014 წელს მომზადებული ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი 30.01.2014, ნომერი ...) დგინდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2013 წლის №48 განკარგულების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.02.2014 წლის №ს-23 ბრძანების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 17.07.2013 წლის №01-10/3353 მიმართვის საფუძველზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები) №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება კვლავ აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.01.2014წ. №ს-23 ბრძანება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 13.05.14 წლის №123 ბრძანება ი. ბ-მა გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში (საქმე №3-167/2014). ამასთან, 2015 წლის 18 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამოქალაქო სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანების საფუძველზე, ი. ბ-ისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება (საქმე №3-363/16). აღნიშნული საქმის წარმოება დასრულებული არ არის (შეჩერებულია); კ) ი. ბ-ის სარჩელზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.01.2014წ. №ს-23 ბრძანებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 13.05.14 წლის №123 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 09.03.17 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, მოპასუხე მხარე კი დავალდებულდა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 30.08.13 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. დასახელებულ გადაწყვეტილებაში პალატამ მიუთითა, რომ ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ 2013 წლის 11 ოქტომბერს მიმართა წერილობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აცნობა გამოუვალი მდგომარების (ადგილობრივი მოსახლეობის კონფლიქტი) შესახებ, რის გამოც მოახდინა სხვაგან საწარმოს დამონტაჟება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსადმი 2013 წლის 04 ოქტომბერს მიმართული მოსარჩელის განცხადებით დგინდებოდა, რომ იგი შეეცადა კანონიერი და სამართლებრივი ფორმის გამოყენებით განხორციელებულიყო საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, რა მიზნითაც წარადგინა კიდევაც საჭირო და სათანადო დოკუმენტაცია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამმართველოდან იმავე წლის 10 ოქტომბერს მიიღო წერილობითი უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 11 ოქტომბრის №01-10/4574 და 2013 წლის 25 ოქტომბრის №01-10/4769 წერილებით ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ ეცნობა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულების და შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო ინფორმაციის წარდგენის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, ამ მიმართებით ყურადსაღები იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შემფუთავი საწარმოების მონიტორინგის ჯგუფის 21.11.2013წ. მოხსენებით ბარათიც, სადაც ნათქვამი იყო, რომ გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა, რის გამოც ინვესტორმა ვერ განახორციელა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ყოველივე აღნიშნული კი, პალატის შეფასებით, ადასტურებდა, რომ ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ არ ჰქონდა შესაძლებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას შეესრულებინა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. პალატამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ობიექტური მდგომარეობა და ისე მიეღო გადაწყვეტილება. მეტიც, ხელშეკრულების 3.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამყიდველს გააჩნდა ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია. გარდა ამისა, პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს შპს ,,...ის“ მიერ 2014 წლის 15 იანვარს გაცემულ აუდიტის დასკვნაზე და აღნიშნული დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე ,,ი. ბ-ის“ მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ პუნქტებით აღებული ვალდებულება შესრულდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში, მოქალაქე ო. ლ-ისგან იჯარით აღებულ ფართზე 285,70 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 307 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით არ დაეთანხმა მოპასუხის მსჯელობას, რომ მას ჰქონდა საფუძველი, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდებოდა ი. ბ-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად უნდა გამოეკვლია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ბ-მა ფაქტობრივად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა სხვა ადგილას, რის შესახებაც ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას შეუსრულებობის თაობაზე, ის თავის განცხადებაში მიუთითებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აპელირებდა ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია ამ საკითხთან დაკავშირებით; ლ) „ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ შპს „...ის“ 2014 წლის №03/1-02 დასკვნის თანახმად, შეფასების შემაჯამებელი ანგარიშის მომზადების პროცესში მიღებული ინფრომაციით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, მოქალაქე ო. ლ-ისგან (პ/ნ ...) იჯარით აღებულ ფართზე 285,7 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 307 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) (პალატა აქვე შენიშვნის სახით დაამატებს, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ახალი საკადასტრო კოდია ..., მესაკუთრე ბ. ბ-ი, 08.01.2015 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განხადების რეგ. №..., უფლების დამდგენი დოკუმეტენტი: 30.12.2014წ. ჩუქების ხელშეკრულება. ბ. ბ-ის საკუთრების რეგისტრაციამდე (08.01.2015-მდე) ქონების მესაკუთრე იყო ო. ლ-ე (პ/ნ ...), თანახმად 06.03.2012წ. ამონაწერისა, განცხადების რეგ. №...) ფაქტობრივად მოწყობილია ... ნაყოფის მიმღები და დამახარისხებელი საწარმო, მოპოვებული ინფორმაციით შენობას ჩაუტარდა კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები და 01.11.2013 წლისათვის მზად იყო ... ნაყოფის მისაღებად, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) ... დამახარისხებელი საამქროსთვის შეძენილია 360 კვ.მ ანგარი, რომლის დამონტაჟების სამუშაოები, მიწის ნაკვეთის ირგვლივ დავის წარმოშობის გამო, შეჩერებულია. აუდიტორი აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „ი. ბ-ის“ მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 30.08.2013 გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, 01.11.2013 წლისთვის, განხორციელდა შემდეგი: მოწყობილია ... ნაყოფის მიმღები და დამახარისხებელი საწარმო, რომელიც აღჭურვილია 31.08.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ვალდებულებებში მოცემული მანქანა-მექანიზმებით, მათ შორის: - 10 ტ/სთ წარმადობის ... დამახარისხებელი დანადგარი, ღირებულებით 62 300 ლარით (შემადგენლობა - დამახარისხებელი დანადგარი, როხლერი და ელ. გენერატორი), შესყიდვის თარიღი 07.10.2013წ. - ავტომტვირთავი 2 ცალი, ტვირთამწეობა - 4 ტონა, მექანიკური სასწორი 1,45 ტონა ამწეობით, ელექტროსასწორი - 2 ცალი, სულ ღირებულებით 22 381 ლარი; - ასაწყობი კონსტრუქცია (ორსკის ტიპის) ანგარი, ფართობით 360 კვ.მ. 1. სულ ... მიმღები საწარმოს მოსაწყობად იჯარით აღებული ფართის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა 73125 ლარი. 2. აღჭურვილობაზე 30.08.2013 წლიდან 01.11.2013 წლამდე განხორციელებულია 229 805 ლარის ინვესტიცია; 3. ... გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობის (... მიღების) დროს დასაქმებული იყო 13 საქართველოს მოქალაქე. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით დაასკვნა აუდიტორმა, რომ ინდ. მეწარმე ,,ი. ბ-ის“ მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ პუნქტებით აღებული ვალდებულება შესრულებულია; მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, 2018 წლის 10 მაისს, ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ წარადგინა საინვესტიციო წინადადება: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში ტრადიციული ...ის და აბორიგენული, გადაშენების პირას მდგარი ...ის სახეობების აღწარმოების, ტრადიციული აგროეკოლოგიური ...ის ტექნოლოგიების აღორძინების და აგროტურიზმის ხელშეწყობის შესახებ. წინადადებაში საუბარი არაა, რომ ი. ბ-მა ინტერესი დაკარგა ... დამახარისხებელი საწარმოს ამოქმედების მიმართ. საინვესტიციო წინადადებაში საუბარია რეგიონში ...ისა და ...ის განვითარების დადებით მხარეებზე და ერთადერთი გარემოება, რაც 30.08.2013 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ამ წინადადების კავშირზე მიუთითებდა არის ის, რომ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სამუშაოებს შორის, ი. ბ-ი უთითებს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ... კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებაში მიღებაზე პირობადადებული ხელშეკრულებით (...ის გადამამუშავებელი საამქროს, ტრადიციული ...ის, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად და ამორტიზებული და დეგრადირებული ...ის ტერიტორიაზე ...ის გასაშენებლად); ნ) 2018 წლის 18 მაისის №... წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ი. ბ-ს აცნობა, რომ მისი 2018 წლის 10 მაისის განცხადება არ შეიცავდა მოთხოვნილი ქონების იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს (საკადასტრო კოდი, მისამართი და მდებარეობის განმსაზღვრელი UTM კოორდინატი), რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღნიშნული მონაცემების წარდგენამდე განეხილა ქონების პრივატიზების ან/და სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხი. ამასთან, განმცხადებელს ეთხოვა დამატებით ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი პროექტის დეტალურ მახასიათებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, პროექტის პროფილი და მისი შენარჩუნების ვადა, მშენებლობის ვადები (დაწყება/შუა პერიოდი/ექსპლოატაციაში შეყვანა/ამოქმედება), განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა და განხორციელების პერიოდი (თანხის ათვისების გეგმა-გრაფიკი). აღნიშნული მახასიათებლებისა და ქონების იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემების წარდგენის შემდეგ კი, სამინიტრო განიხილავდა პროექტის მიზნობრიობას და უძრავი ქონების განკარგვის საკითხს; ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილით, ი. ბ-ს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით. ადრესატს გასათვალისწინებლად მიეთითა, რომ საკითხი განიხილებოდა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საინვესტიციო წინადადების (არანაკლებ ტ/სთ წარმადობის ... დამახარისხებელი საწარმოს ამოქმედების და ა.შ.) ფარგლებში. ასევე ეთხოვა, წარედგინა ცნობები, ხელშეკრულების საგანზე, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ადგილობრივი მოსახლეობიდან გამოითქვა თუ არა უკმაყოფილება ქონებით მისი მხრიდან სარგებლობაზე და შეძლებისდაგვარად მიეთითებინა კონკრეტულად დაინტერესებული პირების რეკვიზიტები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი). შესაბამისი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარმოსადგენად, მყიდველს განესაზღვრა 15 კალენდარული დღე, წერილის ჩაბარებიდან. ამავე წერილით (№...) ი. ბ-ს მიეთითა, რომ თუ იგი თანახმა იყო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მის მიერვე შემოთავაზებული ვადების ფარგლებში (რასაც სამინისტრო განიხილავდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში) გაგრძელებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „საინვესტიცვიო საქმიანობის ხელშეწყობად რიგი ღონისძებების განხორციელების შესახებ“ 2018 წლის 28 სექტემბრის №111 განკარგულების საფუძველზე (განკარგულების მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტრო, პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ინვესტორის განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, შესაბამისი განცხადების წარმოდგენის დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს 2%, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია მხოლოდ ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებით ვადის განსაზღვრა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეცვლა, ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის) 5%, მაგრამ არანაკლებს 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა. განკარგულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ინვესტორის მიერ მოთხოვნილია ერთდროულად ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლა/გადახედვა და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა დათვლილი უნდა იქნას დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობიდან, ხოლო თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობიდან წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა ნაკლებია ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის) შესაბამისად წარმოსადგენ საბანკო გარანტიის ოდენობაზე, მაშინ საბანკო გარანტიის ოდენობა დათვლილი უნდა იქნას უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2019 წლის 01 იანვრამდე წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლებ 10 000 ლარის (№111 განკარგულების მე-8 პუნქტის გათვალისწინებით) ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ორი თვით მეტი იქნებოდა საინვესტიციო ვალდებულების ვადაზე. ი. ბ-ს ასევე ეცნობა, რომ №111 განკარგულების მე-10 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების მოქმედების პერიოდში (2019 წლის 01 იანვრამდე) აღნიშნული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველად და სამინისტრო დაიწყებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურებს; პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილი ადრესატს შპს „... ფოსტის“ მეშვეობით ჩაბარდა 2019 წლის 21 იანვარს; ჟ) 2019 წლის 06 თებერვალს, ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, №... წერილის პასუხად, წარუდგინა ზუსტად ანალოგიური შინაარსის საინვესტიციო წინადადება, რაც 2018 წლის 10 მაისს და აცნობა, რომ მხარეთა შორის არსებული 2013 წლის ხელშეკრულების აღდგენა პირვანდელი სახით და ეკონომიკური საქმიანობის იმ სახით და იმ სფეროში, რომელიც იყო ხელშეკრულებაში მითითებული, არ მიაჩნდა მიზანშეწონილად, რადგან სოფელ ...ში კერძო მფლობელობაში მყოფი ... ბაღები უმეტესად ამორტიზებული, დაკნინებული და მოუვლელია. შესაბამისად, მოწეული ... ხარისხსიც დაბალია. ასევე დიდად ზარალდება მოსავალი ფაროსანას და სხვა მავნებლების მიერ, რაც რეალურად დიდ პრობლემას უქმნის ...ის დარგს ამ სოფელში. ი. ბ-ი აღნიშნავდა, რომ მის მიერ შეთავაზებულია ალტერნატიული ვარიანტი იმავე ნაკვეთზე სხვა, უფრო პერესპექტიული და რენტაბელური საქმიანობის, კერძოდ, ...ის ტრადიციის ...ის, ...ის, სადეგუსტაციო და სარეალიზაციო ობიექტების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, ...ის გაშენების ხელშეწყობისა და ...ისთვის სანედლეულო ბაზის შექმნის შესახებ. ამ მიზნით კი, ინვესტირებული იქნება ის თანხა, რაც პირვანდელი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ანუ არანაკლებ ... ლარისა, ასევე დასაქმებული იქნება არანაკლებ 5 საქართველოს მოქალაქე მუდმივად და 10 სეზონურად, საინვესტიციო პერიოდს შეადგენს 5-8 წელი; რ) 2019 წლის 04 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა №01-01-3/127 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ“, რომლითაც კვლავ ცალმხრივად მოიშალა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება. კერძოდ, ბრძანების მიხედვით: 1. გაუქმდა (მოიშალა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტორსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს შორის (პ/ნ ...) შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება და დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ არ უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები; 2. დადგინდა, რომ ეთხოვოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო ცვლილებები შეიტანოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში: ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...); 3. ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ ეცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ერიცხება პირგასამტეხლო - 538895,84 ლარი ოდენობით. №01-01-3/127 ბრძანებაში აღწერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ფაქტები, მოყოლებული ხელშეკრულების გაფორმებიდან, ვიდრე 2019 წლის 06 თებერვალს, საინვესტიციო წინადადების წარდგენის ფაქტის ჩათვლით და დამატებით აღნიშნულია, რომ 2019 წლის 21 მარტს სამინისტროში შევიდა ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მარტის №05/2213 წერილი, რომლის მიხედვითაც გამოირკვა, რომ სოფელში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც ისტორიულად არიან მიწის ნაკვეთის მფლობელები, თავის დროზე არ მისცეს ინდ. მეწარმე ,,ი. ბ-ს" სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საშუალება. ისინი დღეის მდგომარეობითაც სარგებლობენ მითითებულ მიწას და პრეტენზიას აცხადებენ მასზე. ასევე, 2019 წლის 22 მარტს სამინისტროში შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მცხოვრებ, გ. ბ-ის განცხადება (რეგ. №...), რომლითაც განმცხადებელი მოითხოვს ი. ბ-ს შეუჩერდეს მიწის ნაკვეთის სარგებლობა, რათა არ მოხდეს ორ გვარს შორის დაპირისპირება და აცხადებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს თავად სარგებლობს, რასაც ადასტურებენ სოფელ ...ში მცხოვრები მეზობლები და მეტიც, გააჩნია შესაბამისი საარქივო დოკუმენტები. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ,,ი. ბ-ის’’ მიერ დღემდე არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე უდავო იყო, რომ მყიდველს საკუთრების უფლების დასაცავად და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად არ ჰქონდა განხორციელებული არცერთი სამართლებრივი ღონისძიება. ამასთან, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდა მესამე პირი. უფრო მეტიც, სამინისტორს შეფასებით, ინდ. მეწარმე ,,ი. ბ-ის’’ განცხადებებით ირკვეოდა, რომ მას ხელშეკრულების პირობების შესრულება არ სურდა და სამინისტროს სთავაზობდა ახალ საინვესტიციო წინადადებას, რომლის განხილვაც მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №146 ბრძანებით შექმნილი ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ... შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ტარის წარმოების მოწყობისათვის წარდგენილი განცხადებების შემსწავლელი და შემრჩევი კომისიის’’ მიერ ... წლის ... ...ს გამოცხადებული კონკურის პირობების (... შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ტარის წარმოების საწარმოს მოწყობა) შესაბამისად. ამდენად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ახალი საინვესტიციო წინადადების განხილვა ხელშეკრულების ფარგლებში (ხელშეკრულების აღდგენის კუთხით) შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და მყიდველისთვის გადახდილი თანხების და გაწეული დანახარჯების აუნაზღაურებლობის შესახებ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ საჯარო რეესტრს წარდგენოდა თხოვნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ, ხოლო მყიდველს უნდა შეტყობინებოდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო, საერთო ჯამში 538895,84 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი საინვესტიციო წინადადების განხილვა კი, შესაძლებელი იქნებოდა სამინისტროს 2018 წლის 18 მაისის №... წერილის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის შემდგომ; ს) ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ 2019 წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ“ 2019 წლის 04 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 24.07.19 წლის №292 ბრძანებით, საჩივრის დაკმაყოფილებაზე ი. ბ-ს უარი ეთქვა; ტ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ამონაწერებით დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, 2023 წლის 24 იანვრამდე, იგივე საკადასტრო მონაცემებითა და იმავე უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, რაც 05.02.2014 წლის ამონაწერშია მითითებული (განცხადების რეგისტრაციის ნომერი ...) კვლავ ირიცხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. 24.01.2023 წელს კი, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებული ამონაწერების მიხედვით, დაყოფის შედეგად №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება დაიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სამ საკადასტრო ერთეულად, შემდეგი საკადასტრო კოდებით: 1) №..., დაზუსტებული ფართობი: 63 კვ.მ. 2) №..., დაზუსტებული ფართბი: 1034 კვ.მ. და 3) №..., დაზუსტებული ფართობი: 1903 კვ.მ;

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით, მათ შორის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ ი. ბ-მა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული პირობიანი (... დამახარისხებელი საწარმოს მოწყობა) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 06 სექტემბრიდან საკუთრებაში აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით ... კვ.მ, საკადასტრო კოდით .... მიუხედავად საკუთრების კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციისა, ი. ბ-ი მესამე პირთა ხელშეშლის გამო, ვერ შეუდგა საკუთრების ობიექტზე ფაქტობრივ ბატონობას, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი. ბ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენდა და რისი უზრუნველყოფაც, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ვალდებულებას წარმოადგენდა. ი. ბ-მა ხელშეშლის აღსაკვეთად, 2013 წლის 04 ოქტომბერს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს, რომლისგანაც 2013 წლის 10 ოქტომბერს მიიღო უარი. მანვე, 2013 წლის 11 ოქტომბერს მიმართა წერილობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აცნობა გამოუვალი მდგომარების (ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი) გამო საწარმოს სხვაგან დამონტაჟების თაობაზე, რაზეც თანხმობა არ მიუღია, თუმცა არც წინააღმდეგობა გაწეულა. ი. ბ-მა სოფელ ...ში, მოქალაქე ო. ლ-ისგან იჯარით აღებულ ფართზე - 307 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთე, მასზე დამაგრებული 285,70 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), მოაწყო 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ... დამახარისხებელი საწარმო და 2013 წლის 01 ნოემბრისთვის შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც დროის იმ მონაკვეთისთვის იყო შესაძლებელი (პირველ რიგში განმხორციელებული იყო შესაბამისი ოდენობის ინვესტიცია და სხვა). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანებით ცალმხრივად მოშალა მხარეთა შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და განსაზღვრა შესაბამისი პირგასამტეხლოს ოდენობა. 2014 წლის 05 თებერვლიდან, ნასყიდობის საგანზე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., კვლავ აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება, რომელიც რეგისტრირებულია დღემდე (ქონება ამჟამად დაყოფილია ორ საკადასტრო ერთეულად). 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 09.03.17 წლის გადაწყვეტილებით და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა გამოკვლევა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, 2018 წლის 10 მაისს, ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ წარადგინა იმავე მიწის ნაკვეთზე ახალი საინვესტიციო წინადადება, თუმცა უარი არ უთქვამს არსებულის განხორციელების შესაძებლობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილით, ი. ბ-ს ეცნობა კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, თუმცა რაც აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, ამავე წერილით ი. ბ-ს მიეცა წინადადება 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, 2019 წლის 01 იანვრამდე წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლებ 10 000 ლარის (№111 განკარგულების მე-8 პუნქტის გათვალისწინებით) ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ორი თვით მეტი იქნებოდა საინვესტიციო ვალდებულების ვადაზე. ი. ბ-ს იქვე ეცნობა, რომ №111 განკარგულების მე-10 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების მოქმედების პერიოდში (2019 წლის 01 იანვრამდე) აღნიშნული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველად და სამინისტრო დაიწყებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურებს. 2019 წლის 06 თებერვალს, ინდ. მეწარმე „ი. ბ-მა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, №... წერილის პასუხად, წარუდგინა ზუსტად ანალოგიური შინაარსის საინვესტიციო წინადადება, რაც 2018 წლის 10 მაისს და აცნობა, რომ მხარეთა შორის არსებული 2013 წლის ხელშეკრულების აღდგენა პირვანდელი სახით და ეკონომიკური საქმიანობის იმ სფეროში, რომელიც იყო ხელშეკრულებაში მითითებული, არ მიაჩნდა მიზანშეწონილად, სოფელ ...ში კერძო მფლობელობაში მყოფი ... ბაღები სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით. 2019 წლის 04 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა №01-01-3/127 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლას კვლავ საფუძვლად დაუდო ი. ბ-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და მეტიც, წარდგენილი საინვესტიციო წინადადებების მხედველობაში მიიღებით ჩათვალა, რომ ი. ბ-ს აღარც ინტერესი გააჩნდა არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის იმავე ფორმითა და შინაარსით გაგრძელების შესახებ, ახალი საინვესტიციო წინადადება კი, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხილვას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დასაბუთებულია აპელანტების პოზიცია პირგასამტეხლოს ნაწილში სადავო აქტის ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ მეორისთვის გაგზავნილ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ შეტყობინებად მიჩნევის თაობაზე. ამ ნაწილში სადავო აქტი არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს ადრესატისადმი, იგი არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. მეტიც, თავად აქტშივეა მითითებული, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში ბრძანება ითვლება ინდ. მეწარმე „ი. ბ-ზე“ შეტყობინებად. აქტის ამ ნაწილს პირდაპირი მოქმედების ძალა არ გააჩნია და ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის კანონიერების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუშობს მისი გადასახდევინებლად მიქცევის უფლებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა აღნიშნული გარემოებები, თუმცა გაუგებარია სასამართლოს შემდგომი დასკვნა ბრძანების ამ ნაწილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისა და ბათილად ცნობის თაობაზე. სადავო აქტის ამ ინფორმაციული შინაარსის შეტყობინების კანონიერება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში ვერ შეფასდება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დავა მხარეებს შორის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობა გახდა ინდ. მეწარმე „ი. ბ-ისთვის“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანება. თავის მხრივ, მითითებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი პირობები, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ამდენად, სადავო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 04 აპრილის №01-01-3/127 ბრძანება, რომლითაც ინდ. მეწარმე „ი. ბ-თან“ ცალმხრივად შეწყდა 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, მოცემულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებულ სპეციალურ საჯაროსამართლებრივ ნორმებთან ერთად, ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, რომლებიც ერთ-ერთი მხარის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე უარის თქმას და პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას შეეხება. სახელშეკრულებო მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა, რისთვისაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ამასთანავე, ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია მოცემული, ხელშეკრულება კი, მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლზე და 405-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ამასთანავე, „..სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს..“ (სუსგ №ას-249-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-779-746-2014, 30 აპრილი, 2015 წელი). „..ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო..“. „..ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს..“(სუს 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-1069-2021 განჩინება).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და ,,კ’’ ქვეპუნქტეზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯაროსამართლებრივ ფორმას წარმოადგენს, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო თავის ფუნქციებს ახორციელებს. შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაწყვეტად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებული წარმოების პროცესში ხელშეკრულების მეორე მხარის მონაწილეობით დაცულ იქნეს მისი ინტერესებიც, რაც შეამცირებს შესაბამისი პირის აზრის გაცნობის გარეშე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის რისკს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ინდ. მეწარმე „ი. ბ-თან“ ხელშეკრულების დადებისას ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და ხელშეკრულება დაიდო საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზრვრელი ძირითადი ელემენტია. სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა ანუ პრივატიზაცია სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო წესის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში კანონმდებლობა ადმინისტარციული ორგანოსგან მოითხოვს ორგანოსათვის კანონმდებლობით მოწესრიგებულ უფლებამოსილებათა კომპლექსის რეალიზაციას (საჯარო მოქმედების (მაგ. გამოქვეყნება) განხორციელება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საკუთრების მოწმობა) გამოცემაა და სხვ.). სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დოკუმენტი - ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ამდენად მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოშლის მიზნით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში (მუხლი 405), გამოეყენებინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა, შესაბამისი წარმოების ჩატარებით და ხელშეკრულების მონაწილე მხარის სათანადო ჩართულობით. გასაჩივრებული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, შესაბამისად, მისი კანონიერება პირველ რიგში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც თავის მხრივ, კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას ემსახურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ყოველივე აღნიშნულისა და განსახილველ დავაზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 04 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების გამოცემისას, არ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები: სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისთვის სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ, გამყიდველი მხარის მიერ საკუთარი ვალდებუბების შეუსრულებლობის პირობებში, რაც მყიდველისთვის თავისუფალი უძრავი ქონების გადაცემას გულისხმობდა და მით უფრო, როცა 2014 წლის 05 თებერვლიდან ნასყიდობის საგანზე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... აღარ ირიცხება ი. ბ-ის საკუთრების უფლება, გააჩნდა თუ არა ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შესრულების ობიექტური (სამართლებრივი) შესაძლებლობა. შესაბამისად, სახეზე ხომ არ იყო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როცა კანონი ხელშეკრულების მოშლას დაუშვებლად მიიჩნევს, თუ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი.

დადგენილია, რომ გამყიდველმა არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება და მიუხედავად შეტყობინებისა არ უზრუნველყო მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის ფაქტობრივი გადაცემა და ამასთან ქონება ირიცხება კვლავ გამყიდველის საკუთრებად, რაც მეტყველებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ინვესტიციების განხორციელების შეუძლებლობაზე და ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობა „ბრალად“ ვერ შეერაცხება მოსარჩელეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სადავო აქტის გამოცემისას არ უმსჯელია, არსებობდა თუ არა 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უტყუარი გარემოება - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ი. ბ-ის მხრიდან ბრალეული შეუსრულებლობა. მითუმეტეს, როცა აღნიშნული გარემოება დამატებით კვლევასაც არ საჭიროებდა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ი. ბ-ის ბრალით არ მომხდარა და 2018 წელს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშიც დადასტურდა იგივე. ამრიგად, საკითხი საჭიროებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების ადმინისტრაციული ორგანოსგან მხოლოდ სწორ სამართლებრივ შეფასებას, რაც არ განხორციელდა.

2018 წლის 10 ოქტომბერს, ადმინისტრაციული წარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაიწყო კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომელმაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებითაც ი. ბ-ს განემარტა, რომ წარმოება დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით. ადრესატს გასათვალისწინებლად მიეთითა, რომ საკითხი განიხილებოდა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საინვესტიციო წინადადების (არანაკლებ ტ/სთ წარმადობის ... დამახარისხებელი საწარმოს ამოქმედების და ა.შ.) ფარგლებში. თუმცა საგულისხმოა ასევე, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილით, ი. ბ-ს მიეთითა, რომ თუ იგი თანახმა იყო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მის მიერვე შემოთავაზებული ვადების ფარგლებში (რასაც სამინისტრო განიხილავდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში) გაგრძელებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „საინვესტიცვიო საქმიანობის ხელშეწყობად რიგი ღონისძებების განხორციელების შესახებ“ 2018 წლის 28

სექტემბრის №111 განკარგულების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2019 წლის 01 იანვრამდე წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლებ 10 000 ლარის (№111 განკარგულების მე-8 პუნქტის გათვალისწინებით) ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ორი თვით მეტი იქნებოდა საინვესტიციო ვალდებულების ვადაზე. მეტიც, ი. ბ-ს ეცნობა, რომ №111 განკარგულების მე-10 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების მოქმედების პერიოდში (2019 წლის 01 იანვრამდე) აღნიშნული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველად და სამინისტრო დაიწყებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურებს. ამდენად, ისე რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის საკითხი არ გადაუწყვეტია, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით ვალდებულებები დაუდგინა მხარეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად.

2019 წლის 06 თებერვალს, აღნიშნული წერილის პასუხად, ი. ბ-მა წარადგინა ახალი საინვესტიციო წინადადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ფორმით გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნდა, წმინდა ბიზნეს-ეკონომიკური თვალსაზრისით. 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილის და შემდგომ ამ წერილით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიღებული სადავო აქტების (2019 წლის 04 აპრილის №01-01-3/127 და 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანებები) შინაარსი, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასათანადოდ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და არ შეაფასა პირველ რიგში ის გარემოებები, რომლებზეც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიეთითა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, როგორც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ისე საჩივარზე ჩატარებული წარმოებისას, არათუ სრულყოფილად არ გამოიკვლიეს რამდენად არსებობდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის წინაპირობები, მეტიც, აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონტრაჰენტ მხარეს განუსაზღვრა დამატებითი ვალდებულებები ხელშეკრულების ვადის გასაგრძელებლად და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აღნიშნავს სადავო აქტში, რომ წარდგენილი ახალი საინვესტიციო წინადადება მიმდინარე წარმოების ფარგლებში ვერ განიხილებოდა, განიხილა ამ საინვესტიციო წინადადების შინაარსი იმ მიმართებით, რომ მას მისცა ი. ბ-ის ნების გამომხატველი განცხადების შინაარსი, რომლითაც როგორც ადმინისტრაციული ორგანო აცხადებს, ი. ბ-ი აშკარად მიუთითებდა არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ ინტერესის არარსებობის თაობაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და სუბიექტის მხრიდან ნების გამოვლენის საკითხზე მსჯელობისას მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას საქმეზე №ას-1144-1090-2014 (25.02.2015), სადაც აღნიშნულია, რომ „ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს”.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია ხელშეკრულების მოშლის კანონიერი წინაპირობების არსებობის/არარსებობის საკითხები და ინტერესის არქონის გამო სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის შეუძლებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეთითებინა, თუ სათანადო წესით და არაორაზროვნად დაადგენდა კონტრაჰენტი მხარის ამგვარ ნებას, მითუმეტეს, რომ არცერთ ახალ საინვესტიციო წინადადებაში ი. ბ-ი არ აცხადებდა უარს 2013 წლის 30 აგვისტოს სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტის მიზანშეუწონლობაზე მითითება კი, ხელშეკრულების შესრულებაზე უარად ვერ განიხილება. ამრიგად, ადმინისტრაციულ ორგანოს არათუ არ გამოურკვევია ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ობიექტური წინაპირობების არსებობა, არამედ ისე დაუდო ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის მიმართ მეორე მხარის ინტერესის არარსებობა, რომ არც კი შეუფასებია ი. ბ-ის ნების ნამდვილობა, მით უფრო, რომ ი. ბ-ის მიერ წარდგენილი საინვესტიციო წინადადებები სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენდა. გარიგების მონაწილის ნების გამოკვლევა და შეფასება კი, შესაძლებელი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც არ განხორციელებულა. ყოველივე აღნიშნული კი, არამარტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 04 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია, რადგან ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა აღმოეფხვრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაშვებული შეცდომები, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, იმის მაგივრად, რომ გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები, გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებითი შეფასა მიეცა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებისთვის, ემსჯელა საჩივრის ავტორის არგუმენტებზე და გაეკეთებინა დასაბუთებული შეფასება, დავის განმხილველი ორგანო მხოლოდ ფორმალურად მიუდგა საკითხს და უაპელაციოდ გაიზიარა სადავო აქტის მიმღების ორგანოს არგუმენტები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ი. ბ-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გულისმობს გამყიდველის მხრიდან მყიდველისთვის ქონების ფაქტობრივ გადაცემას და რასაც უნდა მოჰყვეს მყიდველის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ნასყიდობის საგანზე არ დაწყებულა გამყიდველი მხარის ბრალით, რის გამოც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. ასევე სამართლებრივ დასაბუთებულობას მოკლებულია მსჯელობა დამატებითი ვადის განსაზღვრის უშედეგობის თაობაზე, მხარის ინტერესის არარსებობის გამო.

შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, უნდა აღდგეს მხარეთა შორის 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გულისხმობს თანამდევი შედეგების აღდგენას, პირველ რიგში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების მყიდველის სახელზე აღრიცხვის შესახებ, რომელსაც, როგორც უდავოდ დადგენილია, გადახდილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. სწორედ ამის შემდეგ, უშუალოდ გარიგების მხარეთა შორის, ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხებია: უზრუნველყოფს თუ არა გამყიდველი ხელშეკრულების იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს მყიდველისთვის თავისუფალი უძრავი ნივთის გადაცემას და თუ ვერ, რა შედეგების წარმომშობია აღნიშნული გარემოება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის; თანახმანი არიან თუ არა მხარეები 2013 წლის 30 წლის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდეს იმავე ფორმით და იმავე პირობებით, ორივე მათგანის ინტერესების და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით; მხარეთა ინტერესებისა და მისაღწევი შედეგების მხედველობაში მიღებით, საჭიროებს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები რაიმე სახის ცვლილებას; იღებს თუ არა გამყიდველი და რა მოცულობით, შესრულებას იმ ფორმით, რაც მყიდველმა შეასრულა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა უშუალოდ ნასყიდობის საგანზე განეხორციელებინა საინვესტიციო ვალდებულებები და მიიღწია თუ არა ის საჯარო სამართლებრივი მიზანი, რასაც დასახელებული პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმებით ისახავდა მიზნად ადმინისტრაციული ორგანო.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ და სადავო აქტების ბათილად ცნობით, აღდგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ (პ/ნ ...) შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გულისხმობს ხელშეკრულების გაფორმების თანამდები შედეგების აღდგენასაც მყიდველი მხარისთვის და აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

4.1 კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანებით გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანება მყიდველმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სადავო გახადა. საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდივიდუალურ მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 თებერვალს.

2018 წლის 10 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა ი/მ ი. ბ-ის საინვესტიციო წინადადება (რეგ. №...), რომლის მიხედვითაც, ი/მ ი. ბ-ი, 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდივიდუალურ მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების (... დამხარისხებელი საწარმოს მოწყობა და ა.შ.) ნაცვლად სამინისტროს სთავაზობს სხვა საინვესტიციო წინადადებას, კერძოდ, ...ის გადამამუშავებელი საწარმოს - ტრადიციული ...ის, ...ის ...ისა და ხილის ...ის, ...ი და დასაძველებელი საწარმოს მოწყობას და ა.შ.

სამინისტროს 2018 წლის 18 მაისის №... წერილით მოსარჩელეს ეთხოვა წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი პროექტის დეტალურ მახასიათებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: პროექტის პროფილი და მისი შენარჩუნების ვადა; მშენებლობის ვადები (დაწყება/შუა პერიოდი/ექსპლუატაციაში შეყვანა/ამოქმედება); განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა და პროექტის განხორციელების პერიოდი (თანხის ათვისების გეგმა-გრაფიკი); დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების პერიოდი. შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროში წარმოუდგენლობის გამო, სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილით ეცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მყიდველს შესაბამისი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარმოსადგენად განესაზღვრა 15 კალენდარული დღე წერილის ჩაბარებიდან. წერილი ადრესატს შპს „... ფოსტის“ მეშვეობით ჩაბარდა 2019 წლის 21 იანვარს.

2019 წლის 6 თებერვალს, სამინისტროში შევიდა ი/მ ი. ბ-ის განცხადება (საინვესტიციო წინადადება რეგ. №...), რომლის შინაარსიც იგივეა, რაც 2018 წლის 10 მაისს წარდგენილი საინვესტიციო წინადადება. ასევე, ი. ბ-ი აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების აღდგენა პირვანდელი სახით და ეკონომიკური საქმიანობის იმ სახით და იმ სფეროთი, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან სოფელში კერძო მფლობელობაში არსებული ... ბაღები უმეტესად ამორტიზებულია, დაკნინებულია, მოუვლელია. მოწეული ... ხარისხი შესაბამისად დაბალია. ასევე დიდად ზარალდება მოსავალი ფაროსანას და სხვა მავნებლების შედეგად, რაც რეალურად პრობლემას უქმნის ...ის დარგს, რის გამოც სამინისტროს სთავაზობს ალტერნატიულ საინვესტიციო წინადადებას. ი. ბ-ი სამინისტროს ისეთ წინადადებებს სთავაზობდა, რაც მიუღებელი იყო, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა სათანადო უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელშეკრულების ძირითადი პირობები შეეცვალა.

სადავო ბრძანების თანახმად, სამინისტრომ არ გაიზიარა მყიდველის მიერ წარდგენილი მოსაზრებები და აუდიტის დასკვნას არ მიანიჭა მტკიცებულების ძალა ნაკისრი ვალდებულებების მიმართ, რადგან შესაძლებელია იგივე ვალდებულებები მართლაც აქვს შესრულებული სხვა უძრავი ქონების იჯარით აღებით, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის გარეშეც. ამდენად, მყიდველი ვალდებული იყო მასზე სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე განეხორციელებინა საინვესტიციო პირობები/ვალდებულებები, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებით აიღო. მისი განუხორციელებლობის დამაბრკოლებელი გარემოებების შემთხვევაში უნდა მიეღო ყველა ზომა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის გადაცემულ ობიექტზე ან/და უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე (ხელშეკრულების 3.2. პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი). გარდა აღნიშნულისა, მყიდველს სამინისტროსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ უცნობებია ნივთის ნაკლის თაობაზე და არ მოუთხოვია ხელშეკრულების 3.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ნაკლის აღმოფხვრა. მყიდველი მეწარმე სუბიექტია და იგი კანონის შესაბამისად ვალდებული იყო, შეემოწმებინა ნასყიდობის საგანი და თუ ნაკლიანი იქნებოდა ნივთი, შესაბამისი დასაბუთებული განცხადებით მიემართა გამყიდველისათვის ნაკლის აღმოსაფხვრელად. უდავოა, რომ ასეთი მომართვა მყიდველის მხრიდან არ განხორციელებულა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გამოკვლეულ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმეში არსებული დოკუმენტაციით უტყუარად დგინდება, რომ ი. ბ-ს 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესრულება აღარ სურდა და ამის გამო სამინისტროს სთავაზობდა ახალ საინვესტიციო წინადადებას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის პროცესში, ი. ბ-ი ზეპირი განმარტების საფუძველზე მიუთითებდა, რომ თანახმა იყო შეესრულებინა ხელშეკრულების პირობები ახალი ვადებით. მორიგების მიზნით სხდომა გადაიდო. მიუხედავად სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებისა, ი. ბ-ის მიერ სამინისტროში 2021 წლის 30 აგვისტოს №... განცხადებით წარდგენილი იქნა კვლავ ახალი საინვესტიციო წინადადება და არა ხელშეკრულების პირობების ახალი ვადები, კერძოდ: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპელანტი სთავაზობდა ...ის მიღება-გადამუშავებას, ...ის დაყენებასა და ჩამოსხმას, შეფუთვას და ბრენდირებას საოჯახო ...ებისთვის. შესაბამისად, სადავო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანებაში ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად იგივე გარემოებაზე მითითება არ ყოფილა. სამინისტრო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, იკვლევდა გარემოებებს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ი. ბ-ს წარდგენილი ჰქონდა ახალი, სხვა შინაარსის საინვესტიციო წინადადება, რომელიც აშკარად მიუთითებდა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნებოდა.

კასატორის განმარტებით, „ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ შპს „...ის“ 2014 წლის №03/1-02 დასკვნა ვერ ჩაითვლება 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნული დასკვნის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია სხვა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...; ახალი ს/კ: ...), რომლის მესაკუთრე იყო ი. ბ-ის ოჯახის წევრი (ძმა) - ბ. ბ-ი. აღნიშნული დასკვნა ფაქტობრივად მოსარჩელის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განხორციელებულ სამუშაოებს ასახავს. ამასთან, სხვაგან საწარმოს დამონტაჟება წინასწარ არ ეცნობა გამყიდველს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

4.2 კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ ი/მ ი. ბ-მა 2019 წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, ი/მ ი. ბ-ს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). ბრძანების შესრულების მიზნით, 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად მყიდველმა აიღო ვალდებულება: ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ნასყიდობის თანხის 1 (ერთი) ლარის გადახდა; ბ) 2013 წლის 1 ნოემბრამდე აამოქმედოს არანაკლებ 3 ტ/სთ წარმადობის ... დამხარისხებელი საწარმო; გ) 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით უზრუნველყოს საწარმოში არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავის, ელექტროსასწორისა და პნევმატური ურიკის საკუთრებაში ფლობა; დ) საწარმოში სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 2 თვე) დაასაქმოს არანაკლებ 10 საქართველოს მოქალაქე; ე) აღნიშნულ პროექტში განახორციელოს არანაკლებ ... ლარის ინვესტიცია; ვ) არანაკლებ 20 წლის ვადით საწარმოს ამოქმედებიდან შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია „გამყიდველს’’; თ) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს; ი) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ ი. ბ-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სხვა ადგილას და არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, რასაც მოსარჩელე აღიარებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებას შესაბამისი შეფასება არ მისცა. მოსარჩელე მითითებულ გარემოებას ხსნის იმით, რომ არსებობდა ხელშემშლელი ფაქტორები, ამასთან, მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს ვალდებულების შესრულება აუცილებლად საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე.

მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანებით, ი/მ ი. ბ-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და ამ ქონებაზე განისაზღვრა საპრივატიზებო პირობები, ხოლო ბრძანების შესრულების მიზნით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. პირდაპირი მიყიდვის მიზანი იყო გაყიდულ ქონებაზე ... დამხარისხებელი საწარმოს მოწყობა და სხვა საპრივატიზებო პირობების შესრულება. მითითებული ბრძანება და ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სხვა ადგილას ვალდებულების შესრულებას.

ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის №3/8-605-16 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ი/მ ი. ბ-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების აღდგენა პირვანდელი სახით არ მიაჩნია მიზანშეწონილად და შესთავაზა ახალი საინვესტიციო წინადადება. მითითებული განცხადებით დგინდება, რომ ი. ბ-ს იმავე პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება აღარ სურს. მას აქვს ახალი საინვესტიციო წინადადება, რომელიც მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა განხილული, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოება მიმდინარეობდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, გაუმართლებელი იყო დამატებითი ვადის გამოყენება, იმ მოტივით, რომ იგივე ხელშეკრულების პირობების შესრულება ი/მ ი. ბ-ს აღარ სურდა. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, დგინდება, რომ არსებობდა ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, სადაც საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრძანებების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის (შეწყვეტის) ნაწილში, რამდენადაც აქტების ეს ნაწილი სათანადო გამოკვლევის შედეგად არის მიღებული, ვინაიდან საქმეზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეულ იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ახალი გარემოება ან ფაქტი, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ.

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოს, რომ ეს ნაწილი წარმოადგენს ადრესატისათვის არასავალდებულოდ შესასრულებელი შედეგის მომტან აქტს, ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნებით მეორე მხარისათვის მოთხოვნის წარდგენის ფაქტს. ი/მ ი. ბ-ის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამინისტრო მიმართავს სასამართლოს, ვინაიდან საკუთარი იძულებითი აღსრულების მექანიზმი არ გააჩნია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალში გასაჩივრებული, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახისა და შინაარსის მქონე აქტები გათვალისწინებული არ არის. ამასთან, სადავო აქტი არც იმ აქტების კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლებიც გამოცემისთანავე, ავტომატურად აღსრულებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ აქტში პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილით დაფიქსირებულია მხოლოდ აქტის მიმღები ორგანოს, როგორც ხელშემკვრელი მხარის ნება.

ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სამინისტროს ბრალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას არ იკვეთება. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ჩატარებული წარმოებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ ვალდებულებები ვერ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში და ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოითხოვს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას, ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების დროს მხარეს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნდა ხელშეკრულების აღდგენა პირვანდელი სახით, სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და მხარეს მიაკუთვნა ისეთი მოთხოვნა, რომელიც მას სასამართლოში არ წარუდგენია და არც სარჩელის ტრანსფორმირება არ მომხდარა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით ი/მ ი. ბ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ლ. ბ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივლისის №48 განკარგულების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 17 ივლისის №01-10/3353 მიმართვის საფუძველზე, ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., საჯარო რეესტრში აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ 118-119); ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 23 აგვისტოს №184 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა, ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ (ტ.1, ს.ფ 40-41); გ) 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტით მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა: ა) ნასყიდობის თანხის გადახდა დადგენილ ვადაში (შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე) და გამყიდველისათვის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდება; ბ) 2013 წლის 1 ნოემბრამდე არანაკლებ 3 ტ/სთ წარმადობის ... დამხარისხებელი საწარმოს ამოქმედება; გ) 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოში არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავის, ელექტროსასწორისა და პნევმატური ურიკის საკუთრებაში ფლობა; დ) საწარმოში სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 2 თვე) საქართველოს არანაკლებ 10 მოქალაქის დასაქმება; ე) აღნიშნულ პროექტში არანაკლებ ... (...) ლარის ინვესტიციის განხორციელება; ვ) საკუთრებაში გადაცემულ ობიექტზე საწარმოს ამოქმედებიდან პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება არანაკლებ, 20 წლის ვადით; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნისთანავე გამყიდველისთვის ინფორმაციის წარდგენა; თ) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების მომენტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიის დასკვნის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს; ი) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ყველა სახის ქმედების განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, ,,გამყიდველი’’ ვალდებულია: ა) მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა გააუქმოს ქონებასთან დაკავშირებით მესამე მხარეთა ნებისმიერი პრეტენზია/მოთხოვნა (მათ შორის, საიჯარო უფლებები, უზრუნველყოფა და ა.შ.), იმგვარად, რომ ქონება თავისუფალი იყოს ნებისმიერი და ყოველგვარი ვალდებულებისგან მყიდველზე საკუთრების გადაცემის მომენტისათვის; ბ) მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გამყიდველს წარუდგენს შესაბამის აუდიტორულ დასკვნას, გაუგზავნოს მყიდველს ოფიციალური შეტყობინება და დაადასტუროს, რომ მყიდველმა სრულად, სათანადოდ და დროულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ „გამყიდველი“ უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდის: ა) ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად მიცემული დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, „მყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გაგრძელების ან/და „მყიდველის“ მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „გამყიდველს“ უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევაში მყიდველს არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები და გადახდილი ქონების საზღაური (ტ.1, ს.ფ 42-48); დ) 30.08.2013 წლის საგადახდო დავალების მიხედვით, ინდ. მეწარმე ი. ბ-მა 1 ლარი, გადაიხადა ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე, შემდეგ სახაზინო კოდზე 300733389. შესაბამისად, 2013 წლის 12 სექტემბრის №01-10/4123 წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ი. ბ-ს უდასტურებს, რომ მის მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს შესრულდა საპრივატიზებო თანხის 1 (ერთი) ლარის გადახდის ვალდებულება (ტ.1, ს.ფ 136, 137); ე) ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით ... კვ.მ, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), სანოტარო წესით დამოწმებული 30.08.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (№..., ნოტარიუსი ვ. ნ-ე), 2013 წლის 6 სექტემბერს აღირიცხა ინდ. მეწარმე ი. ბ-ის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ 49-50); ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანებით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ,,მყიდველმა’’ (ი. ბ-ი) ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა ნასყიდობის საგანზე და მისი შეუსრულებლობის დამაბრკოლებელ გარემოებებზე არ აცნობა ,,გამყიდველ’’ მხარეს (ტ.1, ს.ფ 151-157); ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანება ინდ. მეწარმე ი. ბ-მა ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 13 მაისის №123 ბრძანებით, ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 53, 159-168); თ) 2014 წლის 5 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტებია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2013 წლის №48 განკარგულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.02.2014 წლის №ს-23 ბრძანება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 17.07.2013 წლის №01-10/3353 მიმართვა (ტ.1, ს.ფ 122-123); ი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ი.მ. ,,ი. ბ-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი.მ. „ი. ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 13 მაისის №123 ბრძანება ი.მ. „ი. ბ-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი.მ. ,,ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ; დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი.მ. ,,ი. ბ-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ინდ. მეწარმე ი. ბ-მა 2013 წლის 11 ოქტომბერს მიმართა წერილობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აცნობა გამოუვალი მდგომარების (ადგილობრივი მოსახლეობის კონფლიქტი) შესახებ, რის გამოც მოახდინა სხვაგან საწარმოს დამონტაჟება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსადმი 2013 წლის 4 ოქტომბერს მიმართული მოსარჩელის განცხადებით დგინდებოდა, რომ იგი შეეცადა კანონიერი და სამართლებრივი ფორმის გამოყენებით განხორციელებულიყო საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, რა მიზნითაც წარადგინა კიდეც საჭირო და სათანადო დოკუმენტაცია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამმართველოდან იმავე წლის 10 ოქტომბერს მიიღო წერილობითი უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 11 ოქტომბრის №01-10/4574 და 2013 წლის 25 ოქტომბრის №01-10/4769 წერილებით ინდ. მეწარმე ი. ბ-ს ეცნობა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულების და შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო ინფორმაციის წარდგენის თაობაზე. საყურადღებოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შემფუთავი საწარმოების მონიტორინგის ჯგუფის 21.11.2013წ. მოხსენებით ბარათი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა, რის გამოც ინვესტორმა ვერ განახორციელა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ყოველივე აღნიშნული კი, ადასტურებდა, რომ ინდ. მეწარმე ი. ბ-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას შეესრულებინა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ობიექტური მდგომარეობა და ისე მიეღო გადაწყვეტილება. მეტიც, ხელშეკრულების 3.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამყიდველს გააჩნდა ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია. გარდა ამისა, საყურადღებოა შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 15 იანვარს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად, ინდ. მეწარმე ი. ბ-ის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ პუნქტებით აღებული ვალდებულება შესრულდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში, მოქალაქე ო. ლ-ისგან იჯარით აღებულ ფართზე, 285,70 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 307 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...). სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა ფაქტობრივად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულა, თუმცა სხვა ადგილას, რის შესახებაც ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას შეუსრულებობის თაობაზე თავის განცხადებაში მიუთითებდა და აპელირებდა ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობა დამოუკიდებელი მიზეზის გამო მოხდა თუ აპელანტის ბრალეულობით, არსებობდა თუ არა ხელშემშლელი ობიექტური გარემოებები და ეცადა თუ არა მოსარჩელე მხარე ამ გარემოებების აღმოფხვრას. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ობიექტურად უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ სადავო საკითხის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი ყველა დოკუმენტი და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით განსაზღვროს მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები (ტ.1, ს.ფ 159-168, 16-25, 26-27); კ) „ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ შპს „...ის“ 2014 წლის 15 იანვრის №03/1-02 დასკვნის თანახმად, შეფასების შემაჯამებელი ანგარიშის მომზადების პროცესში მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, მოქალაქე ო. ლ-ისგან იჯარით აღებულ ფართზე - 285,7 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 307 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) ფაქტობრივად მოწყობილია ... ნაყოფის მიმღები და დამახარისხებელი საწარმო, მოპოვებული ინფორმაციით შენობას ჩაუტარდა კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები და 01.11.2013 წლისათვის მზად იყო ... ნაყოფის მისაღებად, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) ... დამახარისხებელი საამქროსთვის შეძენილია 360 კვ.მ ანგარი, რომლის დამონტაჟების სამუშაოები, მიწის ნაკვეთის ირგვლივ დავის წარმოშობის გამო, შეჩერებულია. დასკვნის თანახმად, ინდ. მეწარმე ი. ბ-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 30.08.2013 გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, 01.11.2013 წლისთვის, განხორციელდა შემდეგი: მოწყობილია ... ნაყოფის მიმღები და დამახარისხებელი საწარმო, რომელიც აღჭურვილია 31.08.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ვალდებულებებში მოცემული მანქანა-მექანიზმებით, მათ შორის: - 10 ტ/სთ წარმადობის ... დამახარისხებელი დანადგარი, ღირებულებით 62 300 ლარი (შემადგენლობა - დამახარისხებელი დანადგარი, როხლერი და ელ. გენერატორი), შესყიდვის თარიღი: 07.10.2013წ. - ავტომტვირთავი 2 ცალი, ტვირთამწეობა - 4 ტონა, მექანიკური სასწორი 1,5 ტონა ამწეობით, ელექტროსასწორი - 2 ცალი, სულ ღირებულებით 22 381 ლარი; - ასაწყობი კონსტრუქცია (ორსკის ტიპის) ანგარი, ფართობით 360 კვ.მ. სულ ... მიმღები საწარმოს მოსაწყობად იჯარით აღებული ფართის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა 73125 ლარი. აღჭურვილობაზე 30.08.2013 წლიდან 01.11.2013 წლამდე განხორციელებულია 229 805 ლარის ინვესტიცია. ... გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობის (... მიღების) დროს დასაქმებული იყო 13 საქართველოს მოქალაქე. ამრიგად, ინდ. მეწარმე ი. ბ-ის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ პუნქტებით აღებული ვალდებულება შესრულებულია (ტ.1, ს.ფ 54-57); ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, 2018 წლის 10 მაისს, ინდ. მეწარმე ი. ბ-მა წარადგინა საინვესტიციო წინადადება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში (სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ტრადიციული ...ის და აბორიგენული, გადაშენების პირას მდგარი ...ის სახეობების აღწარმოების, ტრადიციული აგროეკოლოგიური ...ის ტექნოლოგიების აღორძინების და აგროტურიზმის ხელშეწყობის შესახებ (ტ.1, ს.ფ 169-171); მ) 2018 წლის 18 მაისს №... წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ი. ბ-ს აცნობა, რომ მისი 2018 წლის 10 მაისის განცხადება არ შეიცავდა მოთხოვნილი ქონების იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს (საკადასტრო კოდი, მისამართი და მდებარეობის განმსაზღვრელი UTM კოორდინატი), რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღნიშნული მონაცემების წარდგენამდე განეხილა ქონების პრივატიზების ან/და სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხი. ამასთან, განმცხადებელს ეთხოვა დამატებით ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი პროექტის დეტალურ მახასიათებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, პროექტის პროფილი და მისი შენარჩუნების ვადა, მშენებლობის ვადები (დაწყება/შუა პერიოდი/ექსპლოატაციაში შეყვანა/ამოქმედება), განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა და განხორციელების პერიოდი (თანხის ათვისების გეგმა-გრაფიკი). აღნიშნული მახასიათებლებისა და ქონების იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემების წარდგენის შემდეგ კი, სამინისტრო განიხილავდა პროექტის მიზნობრიობას და უძრავი ქონების განკარგვის საკითხს (ტ.1, ს.ფ 172); ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილით, ი. ბ-ს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით. საკითხი განიხილებოდა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საინვესტიციო წინადადების (არანაკლებ 3 ტ/სთ წარმადობის ... დამახარისხებელი საწარმოს ამოქმედების და ა.შ.) ფარგლებში. ამავე წერილით ი. ბ-ს ეთხოვა, წარედგინა ცნობები, ხელშეკრულების საგანზე, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ადგილობრივი მოსახლეობიდან გამოითქვა თუ არა უკმაყოფილება ქონებით მისი მხრიდან სარგებლობაზე და შეძლებისდაგვარად მიეთითებინა კონკრეტულად დაინტერესებული პირების რეკვიზიტები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი). ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარსადგენად, მყიდველს განესაზღვრა 15 კალენდარული დღე, წერილის ჩაბარებიდან. ასევე, ი. ბ-ს მიეთითა, რომ თუ იგი თანახმა იყო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მის მიერვე შემოთავაზებული ვადების ფარგლებში (რასაც სამინისტრო განიხილავდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში) გაგრძელებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ 2018 წლის 28 სექტემბრის №111 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2019 წლის 1 იანვრამდე წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლებ 10 000 ლარის (№111 განკარგულების მე-8 პუნქტის გათვალისწინებით) ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ორი თვით მეტი იქნებოდა საინვესტიციო ვალდებულების ვადაზე. №111 განკარგულების მე-10 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების მოქმედების პერიოდში (2019 წლის 1 იანვრამდე) აღნიშნული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველად და სამინისტრო დაიწყებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №... წერილი ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 21 იანვარს (ტ.1, ს.ფ 174-176, 177); ო) 2019 წლის 6 თებერვალს, ინდ. მეწარმე ი. ბ-მა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, №... წერილის პასუხად, წარუდგინა ანალოგიური შინაარსის საინვესტიციო წინადადება, რაც 2018 წლის 10 მაისს და აცნობა, რომ მხარეთა შორის არსებული 2013 წლის ხელშეკრულების აღდგენა პირვანდელი სახით და ეკონომიკური საქმიანობის იმ სახით და იმ სფეროში, რომელიც იყო ხელშეკრულებაში მითითებული, არ მიაჩნდა მიზანშეწონილად, რადგან სოფელ ...ში კერძო მფლობელობაში მყოფი ... ბაღები უმეტესად ამორტიზებული, დაკნინებული და მოუვლელია. შესაბამისად, მოწეული ... ხარისხიც დაბალია. ასევე დიდად ზარალდება მოსავალი ფაროსანას და სხვა მავნებლების მიერ, რაც რეალურად დიდ პრობლემას უქმნის ...ის დარგს ამ სოფელში. ი. ბ-ი აღნიშნავდა, რომ მის მიერ შეთავაზებულია ალტერნატიული ვარიანტი იმავე ნაკვეთზე სხვა, უფრო პერესპექტიული და რენტაბელური საქმიანობის, კერძოდ, ...ის ტრადიციის ...ის, ...ის, სადეგუსტაციო და სარეალიზაციო ობიექტების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, ...ის გაშენების ხელშეწყობისა და ...ისთვის სანედლეულო ბაზის შექმნის შესახებ. ამ მიზნით კი, ინვესტირებული იქნება ის თანხა, რაც პირვანდელი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ანუ არანაკლებ ... ლარისა, ასევე დასაქმებული იქნება არანაკლებ 5 საქართველოს მოქალაქე მუდმივად და 10 სეზონურად, საინვესტიციო პერიოდს შეადგენს 5-8 წელი (ტ.1, ს.ფ 178-200); პ) 2019 წლის 4 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა №01-01-3/127 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ“, რომლითაც ცალმხრივად მოიშალა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ბრძანების მიხედვით: 1. გაუქმდა (მოიშალა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტორსა და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება და დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე ი. ბ-ს არ უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები; 2. დადგინდა, რომ ეთხოვოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო ცვლილებები შეიტანოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში: ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...); 3. ინდ. მეწარმე ი. ბ-ს ეცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ერიცხება პირგასამტეხლო - 538895,84 ლარი ოდენობით. ბრძანებაში ასევე მიეთითა, რომ ბრძანება, ხელშკრულების მოშლის ნაწილში შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (მის. ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №9), დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ბრძანება უნდა ჩათვლილიყო ინდ. მეწარმე „ი. ბ-ზე“ შეტყობინებად. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 21 მარტს სამინისტროში შევიდა ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მარტის №05/2213 წერილი, რომლის მიხედვითაც გამოირკვა, რომ სოფელში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც ისტორიულად არიან მიწის ნაკვეთის მფლობელები, თავის დროზე არ მისცეს ინდ. მეწარმე ი. ბ-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საშუალება. ისინი დღეის მდგომარეობითაც სარგებლობენ მითითებული მიწით და პრეტენზიას აცხადებენ მასზე. ასევე, 2019 წლის 22 მარტს სამინისტროში შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მცხოვრები გ. ბ-ის განცხადება (რეგ. №...), რომლითაც განმცხადებელი ითხოვს ი. ბ-ს შეუჩერდეს მიწის ნაკვეთის სარგებლობა, რათა არ მოხდეს ორ გვარს შორის დაპირისპირება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით თავად სარგებლობს, რასაც ადასტურებენ სოფელ ...ში მცხოვრები მეზობლები და მეტიც, გააჩნია შესაბამისი საარქივო დოკუმენტები. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ი. ბ-ის მიერ არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე უდავო იყო, რომ მყიდველს საკუთრების უფლების დასაცავად და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად არ ჰქონდა განხორციელებული არცერთი სამართლებრივი ღონისძიება. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდა მესამე პირი. უფრო მეტიც, სამინისტორს შეფასებით, ინდ. მეწარმე ი. ბ-ის განცხადებებით ირკვეოდა, რომ მას ხელშეკრულების პირობების შესრულება არ სურდა და სამინისტროს სთავაზობდა ახალ საინვესტიციო წინადადებას, რომლის განხილვაც მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №146 ბრძანებით შექმნილი ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ... შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ტარის წარმოების მოწყობისათვის წარდგენილი განცხადებების შემსწავლელი და შემრჩევი კომისიის’’ მიერ ... წლის ... ... გამოცხადებული კონკურის პირობების (... შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ტარის წარმოების საწარმოს მოწყობა) შესაბამისად. ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და მყიდველისთვის გადახდილი თანხების და გაწეული დანახარჯების აუნაზღაურებლობის შესახებ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ საჯარო რეესტრს წარდგენოდა მოთხოვნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ, ხოლო მყიდველს უნდა შეტყობინებოდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო, საერთო ჯამში 538895,84 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი საინვესტიციო წინადადების განხილვა კი, შესაძლებელი იქნებოდა სამინისტროს 2018 წლის 18 მაისის №... წერილის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის შემდგომ (ტ.1, ს.ფ 59-65, 203, 204); ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ინდ. მეწარმე ი. ბ-ის 2019 წლის 21 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ“ 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების ბათილად ცნობას (ტ.1, ს.ფ 66-69, 74-81);

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი. ასევე დადგენილია, რომ განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანება გამოცემულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ი. ბ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, რომელიც ემსახურება საჯარო მიზანს და ეფუძნება საჯარო კანონმდებლობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოშლის მიზნით, გამოეყენებინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით) ჩატარებით და ხელშეკრულების მონაწილე მხარის სათანადო ჩართულობით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 იანვრის №ს-23 ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი/მ ი. ბ-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდებოდა ნაკისრი ვალდებულების ი/მ ი. ბ-ის მხრიდან ბრალეული შეუსრულებლობა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შემფუთავი საწარმოების მონიტორინგის ჯგუფის 21.11.2013წ. მოხსენებით ბარათზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა, რის გამოც ინვესტორმა ვერ განახორციელა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ობიექტური მდგომარეობა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ 2013 წლის 11 ოქტომბერს მიმართა წერილობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აცნობა გამოუვალი მდგომარების (ადგილობრივი მოსახლეობის კონფლიქტი) შესახებ, რის გამოც მოახდინა საწარმოს სხვაგან დამონტაჟება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში 2013 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით დგინდებოდა, რომ იგი შეეცადა კანონიერი და სამართლებრივი ფორმის გამოყენებით განხორციელებულიყო საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, რა მიზნითაც წარადგინა კიდეც საჭირო და სათანადო დოკუმენტაცია, მაგრამ სამმართველოდან იმავე წლის 10 ოქტომბერს მიიღო წერილობითი უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ აუდიტის დასკვნაზე მითითებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უფლების ბოროტად გამოყენებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ხელშეკრულობის შეუსრულებლობა დამოუკიდებელი მიზეზის გამო მოხდა თუ აპელანტის ბრალეულობით, არსებობდა თუ არა ხელშემშლელი ობიექტური გარემოებები და ეცადა თუ არა მოსარჩელე მხარე ამ გარემოებების აღმოფხვრას.

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „..სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს..“ (სუსგ №ას-249-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-779-746-2014, 30 აპრილი, 2015 წელი). „..ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო..“. „..ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს..“(სუს 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-1069-2021 განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების გამოცემისას, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები საქმის გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის წინაპირობები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის უძრავი ქონების ფაქტობრივი გადაცემა იმგვარ მდგომარეობაში, რაც ინდ. მეწარმე ი. ბ-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში სრულად და ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას მისცემდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით მოპასუხე, როგორც გამყიდველი, ვალდებული იყო მიემართა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომისთვის, რათა გაეუქმებინა ქონებასთან დაკავშირებით მესამე მხარეთა ნებისმიერი პრეტენზია/მოთხოვნა, იმგვარად, რომ ქონება თავისუფალი ყოფილყო ნებისმიერი და ყოველგვარი ვალდებულებისგან მყიდველისათვის საკუთთრებაში გადაცემის მომენტისათვის. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონმდებლობის საფუძველზე გამყიდველს უნდა განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები ხელშეკრულების გაფორმებასა და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ნასყიდობის საგანზე, განპირობებული იყო მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რასაც ასევე ადასტურებს „ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ შპს „...ის“ 2014 წლის 15 იანვრის №03/1-02 დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ინდ. მეწარმე ი. ბ-ის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ პუნქტებით აღებული ვალდებულება შესრულებულია სხვა ადგილზე, ხოლო ნასყიდობის საგანზე სამუშაოები შეჩერებულია მიწის ნაკვეთის ირგვლივ დავის წარმოშობის გამო. ასეთ პირობებში უსაფუძვლოა მოპასუხის დასკვნა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლების არსებობასთან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით საპირისპირო დასტურდება. ამდენად, არსებობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის №01-01-3/127 ბრძანების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 ივლისის №292 ბრძანების ბათილად ცნობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე „ი. ბ-ს“ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე