Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1040(კ-24) 26 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ვ-ა

მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 27 ივნისს მ. ვ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... №4-ში არსებულ 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მ. ვ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი №655) ბათილად ცნობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 ოქმის (გადაწყვეტილება) ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ვ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. №4, 351.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 30 ნოემბრის №2866 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ვ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. №4, 351.00კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის 30 დღის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... ქ. №4-ში მდებარე 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. ვ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 ოქმით მ. ვ-ას მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. N4, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიღებული, კომისიის 2022 წლის 30 ნოემბრის N2866 განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მ. ვ-ა ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, არის სახელმწიფო საკუთრებაში, იგი სარგებლობაში იყო გადაცემული კომუნალური ფონდისთვის და შესაბამისად, არ ექცევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კომისიამ არ იმსჯელა და არ გაითვალისწინა რეალურად ნამდვილად ფლობდა/სარგებლობდა თუ არა კომუნალური ფონდი იმ მიწის ნაკვეთით, რომელიც მ. ვ-ა ჰქონდა (აქვს) დაკავებული. მოსარჩელის განმარტებით, კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას არც უარყო და მეტიც, დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთს ფლობდა მ. ვ-ა, თუმცა აღარ უმსჯელია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც კომუნალური ფონდისთვის იურიდიულად იყო სარგებლობაში გადაცემული, შესაძლოა რეალურად არც ყოფილიყო ფონდის რეალურ მფლობელობაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელი და მოსარგებლე 1980 წლიდან არის მ. ვ-ა, რასაც ადასტურებენ მოწმეები. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი კომისიას არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო კომუნალური ფონდის კანონიერ სარგებლობაში არ და ვერ გამორიცხავს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მ. ვ-ას არამართლზომიერ მფლობელობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ აღიარების კომისიის მიერ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებს როგორც კონკრეტული პერიოდისათვის მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას, თვითნებურად დაკავებას, ასევე, გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივნისის №6/27261 წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... ქ. №4-ში მდებარე უძრავი ნივთი, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით აღრიცხული იყო კომუნალური ფონდის სახელზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, კომისიის წევრის შეკითხვაზე, თუ რომელ წლამდე სარგებლობდა ფონდი აღნიშნული ნაკვეთით, მ. ვ-ას წარმომადგენელმა უპასუხა, რომ როგორც იცის 2007 წლამდე იყო მოსარგებლე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ვ-ას მიერ წარდგენილი განცხადება და მტკიცებულებები არ ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ვ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, მ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... №4-ში არსებულ 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღარების თაობაზე მ. ვ-ას (პ/ნ: ...) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 ოქმი (გადაწყვეტილება), რომლითაც მ. ვ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. №4, 351.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 30 ნოემბრის №2866 განკარგულება, რომლითაც მ. ვ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. №4, 351.00კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... ქ. №4-ში მდებარე 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. ვ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე, მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. მოცემულ შემთხვევაში მ. ვ-ას 2018 წელს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან უძრავი ნივთის ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა, ხოლო 2022 წელს კი უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება გადაცემული ჰქონდა კომუნალურ ფონდს და შესაბამისად, გამოირიცხებოდა აღნიშნულ ქონებაზე მისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიმდინარე საქმის ფარგლებში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შესაძლოა ნამდვილად ფლობდა მ. ვ-ა 2007 წლამდე პერიოდში, თუმცა საყურადღებოა რომ მისთვის უარის თქმის საფუძველი გახდა ამ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა კომუნალური ფონდისათვის, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, როგორც უძრავი ქონების სახელმწიფოს მიერ განკარგვა. სააპელაციო პალატამ პირველ რიგში აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონების განკარგვა მესამე პირზე მართლაც წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, გვაქვს თუ არა საქმე კანონით დადგენილ შეზღუდვასთან.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ვ-ა საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქუჩა №4, საერთო ფართობი - 351.00 კვ.მ.). მისი განცხადებით, უძრავი ქონება მისმა ოჯახმა დაიკავა 1980-იანი წლებიდან. იგი არასოდეს ყოფილა განკარგული და მასზე უფლებრივ პრეტენზიას არავინ აცხადებს. საქმეში დაცულია ასევე ვ. ე-ის, ლ. ს-ას და ა. გ-ის, 2017 წლის 23 თებერვლის სანოტარო წესით დადასტურებული ჩვენება, რომ მ. ვ-ა, 1980 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს ... დასახლებაში, ... ქუჩა №4-ში და ამ მისამართზე 1985 წლამდე აშენებული აქვს საცხოვრებელი, მიწასთან მყარად დაკავშირებული სახლი და ეწევა საოჯახო მეურნეობას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 27 მარტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული, ხოლო ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... ქ. №4-ში არსებული უძრავი ქონება, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით აღრიცხული იყო კომუნალური ფონდის სახელზე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვერ იქნება განხილული სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების განკარგვად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომუნალური ფონდი საკუთარი დანიშნულებითა და არსით, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საბინაო ფონდს, შესაბამისად, კომუნალური ფონდის სახელზე აღრიცხვა სახელმწიფო სახელზე აღრიცხვის ანალოგიურია. თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებად უძრავი ნივთის რეგისტრაცია, არ გამორიცხავს მოთხოვნის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებში მოქცევის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-504-501(კ-17)) და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ვ-ა სრულად აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქმის მასალების თანახმად, ის გარემოება რომ მან 2007 წლამდე პერიოდში დაიკავა უძრავი ქონება სადავო არ იყო, ხოლო კომუნალურ ფონდზე აღნიშნული ქონების აღრიცხვა, სააპელაციო პალატის განმარტებით, არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო აქტებში ასახულ დასაბუთებაზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ. ვ-ა 2007 წლამდე პერიოდში (კანონის ამოქმედებამდე) ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სს ,,...ის“ 2023 წლის 19 ივნისის წერილზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ... ქ. N4-ში რეგისტრირებულია ერთი აბონენტი - ს-ი და თანდართული ბრუნვის ისტორიაშიც 1980 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მითითებულია აღნიშნული აბონენტი. ამასთან, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებულ ჩვენებებთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად, სხვა მტკიცებულებებით გამყარების გარეშე, არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ დოკუმენტებს. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ კომუნალური ფონდის სახელზე აღრიცხვა სახელმწიფო სახელზე აღრიცხვის ანალოგიურია. კასატორის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოიცავს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში სახელმწიფოს სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთს, რომელიც კანონიერი სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა კომუნალურ ფონდს. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში, ვინაიდან მითითებული ნორმის გათვალისწინებით, აღიარების მიზნებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ უნდა იყოს განკარგული. მოცემულ შემთხვევაში კი, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვის ფაქტს ადასტურებს საქმეში არსებული ცნობა-დახასიათება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 2 მარტს მ. ვ-ამ ... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მათ შორის წარუდგინა 2017 წლის 23 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განაცხადი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, 2005 წლის ორთოფოტო, სიტუაციური გეგმა, ფოტოსურათები და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება, … ქ. №4. 2017 წლის 23 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განაცხადის თანახმად, ვ. ე-ი, ლ. ს-ა და ა. გ-ი ადასტურებენ, რომ მ. ვ-ა 1980 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს ... დასახლებაში, … ქუჩა №4-ში და ამ მისამართზე 1985 წლამდე აშენებული აქვს საცხოვრებელი, მიწასთან მყარად დაკავშირებული სახლი და ეწევა საოჯახო მეურნეობას.

დადგენილია, რომ მ. ვ-ას 2017 წლის 2 მარტის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 10 მარტს სააგენტოს მიერ მომზადდა ცნობა-დახასიათება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. N4. ცნობა-დახასიათებაში მითითებულია საკუთრების აღწერა: ნაკვეთის ფართობი - 365 კვ.მ., ლიტერი ,,ა“ (საცხოვრებელი), ლიტერი ,,ბ“ (დამხმარე) და ლიტერი ,,ვც“ (დამხმარე). ლიტერი: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა - კომუნალური ფონდი, საფუძველი: 26 კომისრის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 25.07.1979წ. N261 გადაწყვეტილება; ნაკვეთი: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა - სახელმწიფო საკუთრება, კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი უ.დ.დ.-ს გარეშე: 365, N006119 სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1940 წელს. ამასთან, ამავე წარმოების ფარგლებში მომზადებული 2017 წლის 27 მარტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ... განაცხადზე წარმოდგენილი ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, ინფორმაციის მომზადების მომენტისთვის საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 6 აპრილის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის განკარგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივნისის N6/27261 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებულ უძრავ ნივთზე პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში ვერ მოიძებნა. ამასთან, დამატებით განემარტა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქუჩა №4, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით აღრიცხული იყო კომუნალური ფონდის სახელზე.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 23 აპრილის სხდომაზე განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 ივნისის წერილობითი მიმართვა და N655 ოქმით უარი უთხრა მ. ვ-ას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქუჩა N4) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიუთითა, რომ არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და გამოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის განკარგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის პასუხად, სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გადაეგზავნა ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 14 ნოემბრის წერილი. წერილში მითითებულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობაში დაცული დოკუმენტაცია 2013 წლის თებერვლის ჩათვლით ჩაბარებულია ცენტრალურ არქივში, ხოლო 2013 წლის მარტიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების ფარგლებში მისამართზე: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქუჩა N4, საკუთრების უფლების მოწმობა არ გაცემულა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 5 ივლისის და 23 ივლისის წერილების თანახმად, არქივში დაცულ შპს ისანი-სამგორის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების N93 სერვისცენტრის დოკუმენტებში, ... ქუჩა N4 (... დასახლება) მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები და ბინის მიღების ორდერები არ ინახება. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის წერილის თანახმად, ისნის რაიონის მიწის გადამხდელთა 2000, 2003 და 2006 წწ. სიებში, ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. N4 არ ფიქსირდება და არც სხვა სახის დოკუმენტაცია ინახება მ. ვ-ას მიწის ნაკვეთის (351 კვ.მ.) აღრიცხვის შესახებ.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №... წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა მ. ვ-ას მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. №4.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის №25 საკითხი), მ. ვ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქუჩა №4) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ოქმში მითითებულია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოიცავს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში სახელმწიფოს სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთს, რომელიც კანონიერი სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა კომუნალურ ფონდს. კომისიის წევრის შეკითხვაზე, ხომ არ ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ წლამდე სარგებლობდა ფონდი აღნიშნული ნაკვეთით, მ. ვ-ას წარმომადგენელმა უპასუხა, რომ როგორც იცის 2007 წლამდე იყო მოსარგებლე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 ოქმის საფუძველზე, კომისიის მიერ 2022 წლის 30 ნოემბერს მიღებული №2866 განკარგულებით, მ. ვ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქუჩა №4, საერთო ფართობი - 351.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოიცავს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში სახელმწიფოს სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთს, რომელიც კანონიერი სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა კომუნალურ ფონდს. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში.

საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,თ...ის“ ცნობა, რომლის თანახმად, კომპანიის მონაცემთა ბაზაში მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა N4, 2007 წლიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლად ფიქსირდება ს. (აბონენტის N...). აღნიშნულ აბონენტთან დაკავშირებით, კომპანიას 2007 წლამდე პერიოდზე ისტორია არ გააჩნია, ასევე არ იძებნება სხვა პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,...ის“ 2023 წლის 19 ივნისის წერილი, რომლის თანახმად, კომპანიის მონაცემთა ბაზაში მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. N4, რეგისტრირებულია 1 აბონენტი - N... ს-ი. სს ,,...ის“ ხელთ არსებული საარქივო მასალების თანახმად, აღნიშნულ სააბონენტო ბარათზე 1996წ. მდგომარეობით (1996წ.-მდე ინფორმაცია სს ,,...ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო), აბონენტად რეგისტრირებული იყო ს-. მითითებულ წერილზე თანდართული, აღნიშნული აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2005 წლის 3 ოქტომბრიდან 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით აბონენტს უფიქსირდება ხარჯი სულ 3 კვტ.სთ., კერძოდ, 02.11.2007წ. – 2 კვტ.სთ და 02.06.2010წ. – 1 კვტ.სთ, დანარჩენ პერიოდზე ფიქსირდება ნულოვანი ბრუნვა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 აპრილის №655 და 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 ოქმების, ასევე, კომისიის 2022 წლის 30 ნოემბრის №2866 განკარგულების კანონიერებას. ამასთან, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის 30 დღის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... ქ. №4-ში მდებარე 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. ვ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუსგ Nბს-504-501(კ-17), 28.10.2019წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №68 ოქმისა და 2022 წლის 30 ნოემბრის №2866 განკარგულების თანახმად, მ. ვ-ასთვის მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი კანონიერი სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა კომუნალურ ფონდს, რის გამოც იგი არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. N4, კანონიერ მოსარგებლეს 26 კომისრის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 25.07.1979წ. N261 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს კომუნალური ფონდი. ამდენად, უდავო გარემოებაა, რომ სახელმწიფოს მიერ 1979 წელს განხორციელდა უძრავი ნივთის, მათ შორის საცხოვრებელი ფართის განკარგვა და იგი გადაეცა კომუნალურ ფონდს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტი თვითნებურად დაკავებულ მიწად განსაზღვრავს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. თავის მხრივ, მითითებული ნორმის მიზნებისთვის, განკარგვა გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთზე არა სახელმწიფოს, არამედ სხვა პირს უნდა ჰქონდეს უფლება. აღნიშნული კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებაა, მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება არ გამორიცხავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა არ წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-504-501(კ-17)), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ საქმეში მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთი წარმოადგენდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები, უძრავი ნივთის არა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, არამედ კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ იქნება გაიგივებული ერთმანეთთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო უძრავი ნივთის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის პერიოდში (1979წ.) მოქმედი საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად, მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მისი კერძო პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში, კომუნალურ ფონდში ბინის ჩარიცხვა სახელმწიფოს მიერ უძრავი ნივთის განკარგვის ფორმას წარმოადგენდა. უძრავი ნივთის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვით, სახელმწიფო გამოხატავდა ნებას მასზე არა მისი, არამედ სხვა პირის უფლების წარმოშობის თაობაზე, ვინაიდან, თავის მხრივ, კომუნალურ ფონდში ბინის ჩარიცხვა ნიშნავდა იმას, რომ ფონდს უფლება ჰქონდა მისი გადაწყვეტილებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) გადაეცა, გაენაწილებინა იგი სხვა პირებისთვის. შესაბამისად, კომუნალურ ფონდს მიკუთვნებული უძრავი ნივთი ექვემდებარება პრივატიზებას და არა საკუთრების უფლების აღიარებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი.” აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ ნორმაში მართალია მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც. ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, მართალია საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება სადავო უძრავ ნივთზე ბინის ორდერის, საკუთრების უფლების მოწმობის ან უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტის გაცემის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე კანონიერი მოსარგებლე ვერ შეძლებს პრივატიზების განხორციელებას.

საკასაციო პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ასევე გასაჩივრებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 აპრილის №655 ოქმი, თუმცა ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პრივატიზებას და არა საკუთრების უფლების აღიარებას, მ. ვ-ას მიერ უძრავი ნივთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის კვლევა/დადგენა სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის აღარ არის რელევანტური. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (სს ,,...ის“ 2023 წლის 19 ივნისის წერილი, შპს ,,თ...ის“ ცნობა) თანახმად, სადავო მისამართზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტად ორი სხვადასხვა პირია რეგისტრირებული და მათ შორის არცერთი არ არის მოსარჩელე. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მოხმარება 2005-2023 წლებში ამ მისამართზე ფაქტობრივად არ ფიქსირდება. ქ. თბილისი, ... დასახლება, ... ქ. №4, არც მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მისივე განმარტებით, იგი მითითებულ უძრავ ნივთს 1980 წლიდან ფლობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება მ. ვ-ას მიერ სადავო უძრავი ნივთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე პირის წერილობითი განმარტება არ ცვლის საქმის გარემოებას (სუსგ №ბს-1338(კ-18), 23.03.2020წ.). ამდენად, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ადასტურებენ თვითნებურ ფლობას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის თვითნებური დაკავება დადასტურდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი