Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-409(კ-25) 30 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონული სერვისცენტრი

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 18 აპრილს გ.მ-იმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონული სერვისცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, დასაქმებულია სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 30 მარტის №334551 გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რაც განსაზღვრულია აღნიშნული სკოლის წესდებით და ასევე აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ამტკიცებს სკოლის სასწავლო გეგმასა და სკოლის მიერ განსაზღვრული კურსების/პროგრამების კატალოგებში აღნიშნული ინფორმაციაც. მოსარჩელის განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ.მ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს.

მოსარჩელემ გ.მ-ისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 30 მარტის № 334551 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2023 წლის 1 აპრილიდან გ.მ-ისთვის სოციალური პაკეტის აღდგენის დავალდებულება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 30 მარტის № 334551 გადაწყვეტილება გ.მ-ისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2023 წლის 01 აპრილიდან გ.მ-ისათვის სოციალური პაკეტის აღდგენის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონულმა სერვისცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279 დადგენილების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა, რომ სსიპ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებით, ამოცანებით წარმოადგენს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებას და ,,სკოლა" არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად და არ არსებობს მოსარჩელისთვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონულმა სერვისცენტრმა.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის პერიოდში, პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი უშვებს გამონაკლისს („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტი) პოლიტიკურ და რელიგიური ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის და მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას ვერ იპოვებენ. პირს პენსიის მიღება არ ეზღუდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შემთხვევაში.

კასატორის მითითებით, კი „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, ასევე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების დანაწესების ანალიზის შედეგად, მიიჩნია, რომ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არ წარმოადგენს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებას და იქ დასაქმებული პირები ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის უფლებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო გასაცემლის მიღებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.მ-ი არის სოციალური პაკეტის მიმღები პირი. გ.მ-ი დასაქმებულია სსიპ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ...ის მიმართულების ...ის პოზიციაზე 2022 წლის 17 მარტიდან.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ.მ-ს საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი 2023 წლის 01 აპრილიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულ იქნა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. გ.მ-ის სწორედ სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით ეთქვა უარი სახელმწიფო გასაცემლით (სახელმწიფო პენსია და სოციალური პაკეტი) უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ანალოგიურ დათქმას შეიცავს აგრეთვე სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279 დადგენილების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამდენად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ ქმნის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ახორციელებს თუ არა გ.მ-ი საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა შეფასდეს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - სადაც ამჟამად მუშაობს გ.მ-ი – წარმოადგენს თუ არა იმგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მას ზემოაღნიშნული ნორმების გამონაკლისებში მოაქცევს. მოცემული დავის საგანს სწორედ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობის ფორმა და მისი პროფილი იწვევს, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შექმნის საფუძვლებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია სკოლის მიზნები, ამოცანები, საქმიანობის საგანი და უფლებამოსილებები. სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში (მუხლი 1). წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება და სხვა, ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი, რომელთა შორისაა, სასწავლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ეროვნული დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/მხარდაჭერა და ა. შ. დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და ,,ბ" ქვეპუნქტების მიხედვით, თეატრის სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვის მიმართულება ახორციელებს სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში თეატრის სტრატეგიების, კამპანიების და სამხედრო მოქმედებათა საკითხების თაობაზე სასწავლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას; თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არ მიესადაგება საგანმანათლებლო დაწესებულების არც ერთ დეფინიციას და მიუთითებს მის „წესდებაზე“, რომლის მიხედვითაც, სხვა ფუნქციებთან ერთად, სკოლა ახორციელებს თემატურ საკითხებზე ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადებას/გადამზადებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმების ჩამოყალიბებას და მათი მუშაობის კოორდინირებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში არსებულ სსიპ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის 2023 წლის 20 აპრილის მიმართვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სსიპ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის პროფესიულ და ეროვნული დონის საგანმანათლებლო პროგრამებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებით, ამოცანებით წარმოადგენს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებას, შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს იმგვარ გამონაკლისად, რაც არ შეუზღუდავს მასში დასაქმებულ პირს პენსიის მიღების შესაძლებლობას. ამგვარად, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მოსარჩელის საქმიანობა თავისი არსითა და მახასიათებლებით, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, ვერ მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ იმგვარ საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა გამონაკლისი დაუშვა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულებზე განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა აღნიშნული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება ამ დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ გ.მ-სთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე