Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-654(კ-25) 26 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ზ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 17 სექტემბერს მ. ზ. რ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 22 აგვისტოს №1000903183 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. ზ. რ-ესათვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ. რ-ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ. რ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით მ. ზ. რ-ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ. რ-ემ. მ. ზ. რ-ეს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადმოგზავნილ იქნა 2025 წლის 16 ივნისს. 2025 წლის 23 ივნისს მ. ზ. რ-ეს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ზ. რ-ეს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მ. ზ. რ-ეს აღარ სურდა დავის გაგრძელება. განცხადებას ხელს აწერს მ. ზ. რ-ეს წარმომადგენელი ო. გ-ი, რომლის უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული ძალაში მყოფი, 2023 წლის 9 სექტემბერს გაცემული N231255539 რწმუნებულებით (ს.ფ. 31), რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული ო. გ-ის უფლებამოსილება გასაჩივრებაზე უარის თქმის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ზ. რ-ეს წარმომადგენლის ო. გ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მ. ზ. რ-ეს საკასაციო საჩივარზე. მ. ზ. რ-ეს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ზ. რ-ეს წარმომადგენლის ო. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. მ. ზ. რ-ეს საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე