საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1298(2კ-24) 20 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 10 თებერვალს შპს „...“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1886 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 30 დეკემბრის №1886 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №000974 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ..., ...ის და ...ას ქუჩებს შორის, ...ის „...“ და „...“ შორის (ს/კ: №...) და მის მიმდებარედ უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით, შპს „...“-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №4-1/დ638-16 №000974 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე არ დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მოსარჩელის როგორც თავდაპირველი, ისე სამმაგი ოდენობით დაჯარიმებამდე მცდელობა ჰქონდათ დაედგინათ უშუალოდ სამართალდარღვევის განმახორციელებელი პირის ვინაობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შპს ,,...“-მ 2016 წელს 16 ივნისს მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების განცხადებით, რაზეც 2016 წლის 05 ივლისს მიიღო უარყოფითი პასუხი. აღნიშნული უარი შპს ,,...“-მ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შპს ,,...“-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მხარე ასევე ითხოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურისგან ახალი აქტის გამოცემას, რომლითაც მოხდებოდა ქ. თბილისში, ..., ...ისა და ...ას ქუჩებს შორის, ...ის ,,...“ და ,,...“ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ..., ...ისა და ...ას ქუჩებს შორის ...ის ,,...“ და ,,...“ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 მაისის ბრძანებით დგინდებოდა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გაეცა დადებითი პოზიცია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდნენ შპს ,,...“-ს მცდელობაზე შენობა-ნაგებობა, რომელიც განლაგებული იყო, როგორც კერძო საკუთრებაში ისე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოექცია იურიდიული პირის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რასთან მიმართებაში მიმდინარეობდა დავა და არ იყო დასრულებული.
სააპელაციო პალატის შეფასებით, დადგენილი გარემოებები ქმნიდა სადავო მუნიციპალური ინსპექციის სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობისა და ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 მაისის დადგენილება არ წარმოადგენს დავის საგანს. იგი კანონიერ ძალაშია. განსახილველ საქმეში უნდა შეფასებულიყო ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის 18 მაისის დადგენილების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო მოხდა მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხარის სურვილი და მოლოდინი შენობის ლეგალიზებასთან დაკავშირებით ვერ გახდება გამოცემული აქტების ბათილად ცნობის წინაპირობა. მხარის განზრახვას, ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით, გავლენა არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ამ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ სახეზე იყო მოსარჩელისთვის ჯარიმის სამმაგი ოდენობით დაკისრების საფუძველი.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. იმ პირობებში, როდესაც 2016 წლის 18 მაისის №000974 დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული, სწორედ ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისა და სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობისათვის დაეკისრა დამრღვევს ჯარიმის სამმაგი ოდენობა 30 000 ლარი. პალატამ მიუთითა, რომ თითქოს ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევი ცდილობდა №000974 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრას, კერძოდ, ჯერ მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას და შემდგომ შენობა-ნაგებობის ლეგალიზებას, არადა თავდაპირველი დადგენილების გამოცემიდან ჯარიმის სამმაგი ოდენობის დაკისრებამდე გავიდა 4 წელი (2016 წლის 18 მაისის №000974 - 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილება).
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია საქმის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილშიც, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1886 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №000974 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ..., ...ის და ...ას ქუჩებს შორის, ...ის „...“ და „...“ შორის (ს/კ: №...) და მის მიმდებარედ უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით, შპს „...“-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ოქტომბრის №000251 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №4-1/დ638-16 №000974 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე არ დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მოსარჩელის როგორც თავდაპირველი, ისე სამმაგი ოდენობით დაჯარიმებამდე მცდელობა ჰქონდათ დაედგინათ უშუალოდ სამართალდარღვევის განმახორციელებელი პირის ვინაობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შპს ,,...“-მ 2016 წელს 16 ივნისს მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების განცხადებით, რაზეც ქ. 2016 წლის 05 ივლისს მიიღო უარყოფითი პასუხი. აღნიშნული უარი შპს ,,...“-მ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შპს ,,...“-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მხარე ასევე ითხოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურისგან ახალი აქტის გამოცემას, რომლითაც მოხდებოდა ქ. თბილისში, ..., ...ისა და ...ას ქუჩებს შორის, ...ის ,,...“ და ,,...“ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ..., ...ისა და ...ას ქუჩებს შორის ...ის ,,...“ და ,,...“ შორის არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 მაისის ბრძანებით დგინდებოდა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გაეცა დადებითი პოზიცია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ. ამდენად, საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით დაჯარიმების საფუძველია უკვე დაკისრებული ჯარიმის საფუძვლების აღმოუფხვრელობა.
საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, იმის თაობაზე, რომ საქმეზე უდავოდ არის დადასტურებული მოსარჩელის ნება სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც მიმართული აქვს, როგორც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასევე, სასამართლოსთვის. მოსარჩელე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მიუთითებდა, რომ ნაგებობა აშენებულია მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, შპს ,,...“-მ კი ასეთ მდგომარეობაში შეიძინა 90-იან წლებში. საზღვრების კორექტირების პირობებში შპს ,,...“ ისარგებლებდა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავდა შესაბამის ორგანოს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 28 მაისის ბრძანებით დგინდება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გაეცა დადებითი პოზიცია ქ. თბილისში, ..., ...ისა და ...ას ქუჩებს შორის ...ის ,,...“ და ,,...“ შორის მდებარე ... ს/კ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ადმინისტრაციული წარმოება ხსენებულ საჩივართან დაკავშირებით, როგორც მხარე განმარტავდა, არ იყო დასრულებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული უკანონო, უნებართვო, სამშენებლო სამუშაოები მოაქციოს კანონიერ ფარგლებში. აღნიშნულის ერთ-ერთი მექანიზმია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1411 მუხლი ადგენს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მისი შემდგომი ლეგალიზება. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესსა და პირობებს, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადას და მისი ლეგალიზების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილებით დამტკიცებულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ... სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება/განჩინებები №ბს-1109 (2კ-21); №ბს-785-771(კ-14)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მართალია, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, განსაზღვროს გამოსაყენებელი სახდელის კანონიერება, პროპორციულობა საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ შეაფასეს მოსარჩელის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის გამოსწორების, კანონიერ ფარგლებში მოქცევის დადასტურებული ნება და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რასაც, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა გავლენა მოეხდინა საქმეზე მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე