საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1093(კ-24) 26 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვიტოს განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - სს „... ბანკი“, მ. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 18 თებერვალს შპს „...ას“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 26 იანვრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 27 იანვრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 იანვრის N... გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 25 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ყველა თანმდევი შედეგის სისტემატურად გაუქმება, ბათილად ცნობა და შესაბამისი ჩანაწერის გასწორება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს ,,...ას‘’ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებმულ იქნენ შპს „ვ...ა", მ. გ-ი და ი. ქ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებმულ იქნა სს „...ბანკი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „...ას“ განცხადება დაკმაყოფილდა. მ. გ-ს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული, უძრავი ქონების მდებარე ქ.ბათუმი, ქუჩა ... N4, ს/კ ... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განჩინება გასაჩივრდა მესამე პირის (16.2) მ. გ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...ას’’ სარჩელი. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის N3-549/2021 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8, მე-9, მე-11, 21-ე, 26-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, 25-ე მუხლზე (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) და განმარტა შემდეგი: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა ,,...ის“ წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ და ვინაიდან ამხანაგობაში არსებული ერთადერთი შენატანი იყო მ. გ-ის უძრავი ქონება (მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. №4, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 1003,00კვ.მ. მასზე არსებული 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობებით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....), იგი საერთო კრების 2016 წლის 02 დეკემბრის №2 ოქმის საფუძველზე დაუბრუნეს მას. შესაბამისად, აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (28.12.2016) გადაწყვეტილებით მითითებულ ქონებაზე რეგისტრაცია გამოცხადდა ძალადაკარგულად. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ამასთან, №... განცხადების განხილვის დროისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ამხანაგობა ,,...ის“ საკუთრების უფლება დაუზუსტებული მონაცემებით (საკადასტრო კოდი ...). 2016 წლის 28 ნოემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (26.01.2017) გადაწყვეტილებით, განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი ...), შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით (26.01.2017წ. №...) უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... განხორციელდა გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3-32/13) რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ამხანაგობა „...ის“ საკუთრების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) მ. გ-სა და შემდგომ, შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ წარუდგენია. მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით სწორად მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (10.09.2019) გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარე (აპელანტი/მოსარჩელე) სადაო რეგისტრაციების გაუქმებას ითხოვს, იმ პირობებში როდესაც ძალაშია უძრავ ნივთზე (ს/კ ...) რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული მ. გ-ის საკუთრების უფლება - ჩუქების ხელშეკრულება და შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლებიც ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არავის უცნია და აღნიშნულის დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ არსებობს. ამასთან, საყურადღებოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებით, რომლის აღსრულებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, ეხება მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგობა „...ის“ საკუთრების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სადაო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დღემდე არ არის აღიარებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გაუქმების შემთხვევაშიც კი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, საკუთრებაში დაირეგისტრიროს სადავო მიწის ნაკვეთი, ვერ დაკმაყოფილდებოდა. გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.
კასატორი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, ასევე, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე და იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას“. ლეგიტიმური მოლოდინის ჭრილში საყურადღებოდ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09) სადაც მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ ლეგიტიმური მოლოდინი.
კასატორის მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ მოტივით, რომ სადავოს არ წარმოადგენს ამხანაგობის და შემდეგ მ. გ-ის, ასევე შპს „ვ...ას“ და ი. ქ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები. აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს კასატორი და მიიჩნევს, რომ სასამართლოები ვერ გაერკვა დავის არსში. მისივე მსჯელობით, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამხანაგობას ან მ. გ-ს ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ქონების ნაწილი, აკონკრეტებს, რომ მათ საკუთრებაშია 1003 კვ.მ ფართი. მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 1400 კვმ-ზე მეტს აქედან 1003 კვ.მ უძრავი ქონება ეკუთვნის ამხანაგობას ამჟამად კი მ. გ-ს, ხოლო 164 კვ.მ შპს „...ას“ მფლობელობაშია. აქვე მიუთითებს, რომ 357 კვ.მ არის თავისუფალ მდგომარეობაში. აკონკრეტებს, რომ ამხანაგობამ შეცვალა კონფიგურაცია, გადმოწია ნაკვეთი ...ს ქუჩის მხარეს ისე, რომ ამხანაგობამ ფარგლებში მოაქცია შპს „...ას“ მფლობელოაში არსებული ნაკვეთი. მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნულის მოტივით სასამართლომ ბათილად სცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად გადაწყვეტილების ბათილობისა, მ. გ-ის მიერ წარდგენილი იქნა ნახაზი საჯარო რეესტრში და ხელმეორედ რეგისტრაციის მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილდა მოთხოვნა და დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი იმავე საკადასტრო ნახაზით რომლის უზუსტობაც დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებით. კასატორი მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დავის საგანს და არა მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობა - არსებობა. მიიჩნევს, რომ მესამე პირს რეგისტრირებული აქვს არა ის ნაკვეთი რომლიც რეალურად ეკუთვნოდა, არამედ ის ნაკვეთი, რომლესაც ფლობდა და ფლობს შპს „...ა“ და რომელზეც აღაირების კომისიამ ერთხელ უკვე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა სწორედ შპს „...ას“ სასარგებლოდ. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. ბათუმში, ...ს ქ.№4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 214,3 კვ.მ. შენობა - ნაგებობაზე 2004 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა: სარეგისტრაციო მოწმობა №...; ქალაქ ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ბარათი; სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის განჩინება საქმე №3გ/ად-135, საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 10 მაისის №3გ/ად-35-კ განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისის N33-25 გადაწყვეტილება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ... (უფლების რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი: 13.10.2004წ).
ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის 2004 წლის 09 ნოემბრის №61 მომართვის შესაბამისად, ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობაზე (უფლების რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი: 11.11.2004წ.). უძრავ ნივთზე (ს/კ ...) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მალხაზ თურმანიძის საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერი 5342, თარიღი: 13.12.2004წ.). უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ა. გ-ის საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი: 13.02.2007წ). უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი 1-4199, თარიღი: 02.05.2007წ.) საფუძველზე დარეგისტრირდა მ. გ-ის საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი: 03.05.2007წ).
დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ამხანაგობა ,,...ის“ საკუთრების უფლება (საფუძველი: ერთობლივი საქმიანობის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ამხანაგობა ,,...ის“ ხელშეკრულება 2007 წლის 17 მაისს გაფორმებული №1-4796 ხელშეკრულება, პარტნიორთა კრების ოქმი).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე 1004 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობა, დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ....
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-32/13წ), შპს ,,...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ამხანაგობა ,,...ის“ საკუთრების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3/ბ-375/13წ.), ამხანაგობა ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ აღნიშნული სასამართლო აქტების საფუძველზე, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობა, ამხანაგობა ,,...ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაუზუსტებელი მონაცემებით.
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,...ის“ წევრთა საერთო კრების 2016 წლის 02 დეკემბრის №2 ოქმის (02.12.2016წ. ნომერი ...) თანახმად, ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ,,...ის“ წევრთა მიერ ერთხმად მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: ,,1) ვინაიდანაც ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ,,...მა“ ვერ განახორციელა მიზნის მიღწევა, ამხანაგობა ,,...ის“ წევრებიდან გავიდნენ შემდეგი პირები: 1) ბატონი თ. თ-ე; 2) ბატონი გ. გ-ი; 3) ბატონი ა. ც-ე; 4) ბატონი გ. გ-ე; 2) მიზნის მიღწევის განუხორციელებლობის გამო განხორციელდეს ერთობლივი საქმიანობა ,,...ის“ დაშლა და საქმიანობის შეწყვეტა; 3) ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ,,...ში“ წევრის შემონატანია მხოლოდ მ. გ-ის უძრავი ქონება მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., ამიტომაც დაუბრუნდეს მ. გ-ს მის მიერ შემოტანილი უძრავი ქონება უკან, მდებარე ქ. ბათუმი, ...ს ქ.№4, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 1003,00კვ.მ. მასზე არსებული 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობებით. მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდია ...; 4) დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე ოქმით განახორციელოს ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ,,...ის“ წევრების გასვლა, ამხანაგობა ,,...ის“ დაშლა და მისი საქმიანობის შეწყვეტა და მ. გ-ზე უძრავი ქონების აღრიცხვა მდებარე ქ. ბათუმი, ...ს ქ. №4, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 1003,00კვ.მ. მასზე არსებული 70,03კვ.მ. შენობა - ნაგებობა. მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდია ...“.
აჭარის რეგიონულ ოფისის 2016 წლის 28 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 70,3კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...), რეგისტრაცია გამოცხადდა ძალადაკარგულად (საფუძველი: ამხანაგობა ,,...ის“ წევრთა საერთო კრების ოქმი №2, №..., დამოწმების თარიღი: 02.12.2016 წ).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში №... სარეგისტრაციო განცხადებაზე ასევე წარდგენილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №361 განკარგულება, რომლის შესაბამისად, შპს ,,...ას“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №13 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე 165,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან შპს ,,...ას“ (ს/ნ ...) მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.
აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილებით, აღდგა გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) აღირიცხა მ. გ-ის საკუთრების უფლება და ინდივიდუალური მეწარმის ,,ლ. ჭ-ის“ მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ს ქ.№4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობა, დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... აღირიცხა შპს ,,ვ...ას“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლება (საფუძველი: ნასყიდობის ხელშეკრულება, 27.01.2017წ). დღეის მდგომარეობით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულია სს ,,... ბანკის“ იპოთეკის უფლება.
დადგენილია, რომ 2019 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო განცხადება №..., ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო 2019 წლის 29 მარტის სააღსრულებო ფურცელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ექსპერტიზის დასკვნა №000387313, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა და საკუთრების უფლების მოწმობა.
აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 8 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, მასვე განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა, რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენის მიზნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 10 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
დადგენილია, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს „...ას“ დირექტორის ნ. ჭ-ას №... ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მ. გ-ისა და შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლების ძალადაკარგულად გამოცხადება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №3-32/13) თანახმად, შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ამხანაგობა „...ის“ საკუთრების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება. ასევე დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 23 აპრილს, ნ. ჭ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა 2014 წლის 4 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაზუსტდა ... საკადასატრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (რეგისტრაციის შესახებ №... (22.05.2014) გადაწყვეტილება).
2016 წლის 2 დეკემბერს, მ. გ-მა №... განცხადებით მიმართა აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,...ის“ წევრთა საერთო კრების №2 ოქმის საფუძველზე, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ამხანაგობის საკუთრების უფლების გაუქმება და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაცია გამოცხადდა ძალადაკარგულად, ხოლო 2017 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა მ. გ-ის საკუთრების უფლება, ასევე, დაზუსტდა საკადასტრო მონაცემები. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი ..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლება (რეგისტრაციის შესახებ №... (27.01.2017) გადაწყვეტილება).
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ დაინტერესებულ პირს სააგენტოში არ წარუდგენია, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) მ. გ-ისა და შემდგომ, შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებით, შპს „...ას“ დირექტორს ნ. ჭ-ას 2019 წლის 10 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
მეტი სიცხადისთვის საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების, 2017 წლის წლის 27 იანვრის №... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების, 2019 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, 2020 წლის 14 იანვრის №... (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოთხოვნის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შესრულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ყველა თანმდევი შედეგის სისტემურად გაუქმების, ბათილად ცნობის და შესაბამისი ჩანაწერის გასწორების დავალების საფუძვლიანობა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტების ბათილობისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად კვლავ შესაძლებელი იქნება საკუთრებაში დაიბრუნოს სადავო 165.3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მისივე მსჯელობით, რეესტრის გადაწყვეტილებების საფუძველზე მესამე პირის საკუთრებაში არსებულ 1304 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში მოექცა, საიდანაც ბმა ,,...ის“ ფართი არის 1003 კვ.მ, ხოლო შპს ,,...ას“ ფართი არის 165.3 კვ.მ.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის N3-32/13 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაზუსტდა ... საკადასატრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (რეგისტრაციის შესახებ 22.05.2014 წლის №... გადაწყვეტილება).
დავის საგნის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კანონმდებლის ჩანაწერის გათვალისწინებით, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. ამავე კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. რაც შეეხება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ჩანაწერს, მითითებულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლზე (რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები) ასევე ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე სადაც მითითებულია, რომ თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების საფასურის გადახდით.
ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს; ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში, ხოლო 30-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ამხანაგობა ,,...ის“ წევრების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ და ვინაიდან, ამხანაგობაში არსებული ერთადერთი შენატანი იყო მ. გ-ის უძრავი ქონება (მდებარე ქ. ბათუმი, ...ს ქ. №4, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 1003,00 კვ.მ. მასზე არსებული 70,03 კვ.მ. შენობა - ნაგებობებით, უძრავი ქონების ს/კ ...), საერთო კრების 2016 წლის 02 დეკემბრის №2 ოქმის საფუძველზე დაუბრუნეს მას. შესაბამისად, აჭარის რეგიონულ ოფისის რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით მითითებულ ქონებაზე რეგისტრაცია გამოცხადდა ძალადაკარგულად. ამასთან, №... განცხადების განხილვის დროისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ამხანაგობა ,,...ის“ საკუთრების უფლება დაუზუსტებული მონაცემებით (ს/კ ...). აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ს/კ ...), შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით №... უძრავ ნივთზე (ს/კ ...) განხორციელდა გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს რომლის ჩანაწერი ითვალისწინებს რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 პუნტის შესაბამისად, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას. როგორც საქმეში არსებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №3-32/13) სარეზოლუციო ნაწილით ირკვევა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ამხანაგობა „...ის“ საკუთრების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილოეს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) მ. გ-სა და შემდგომ, შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ წარუდგენია. კასატორი, სადაო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და შესაბამისად რეგისტრაციების გაუქმებას ითხოვდა, იმ პირობებში როდესაც ძალაშია უძრავ ნივთზე (ს/კ ...) რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული მ. გ-ის საკუთრების უფლება - ჩუქების ხელშეკრულება და შპს „ვ...ას“ საკუთრების უფლება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლებიც ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ არის ცნობილი და არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საყურადღებოდ ის ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის N3-32/13 გადაწყვეტილებით, რომლის აღსრულებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, ეხება მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგობა „...ის“ საკუთრების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილობას და სადაო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დღემდე არ არის აღიარებული. აღნიშნული გარემოება კი, სადავო აქტების გაუქმების შემთხვევაშიც გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას საკუთრებაში დაირეგისტრიროს სადავო უძრავი ქონება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა ქუთაისის სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შპს „...ას“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს გ. ჭ-ას მიერ, 2024 წლის 26 ნოემბერს შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ (საგადახდო დავალება 24785153480) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ჭ-ას მიერ 2024 წლის 26 ნოემბერს შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ (საგადახდო დავალება 24785153480) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი