Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-290(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. ჩ-ი

მესამე პირები (ასკ 16.2) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; 3. შპს „თ...ი“; 4. მ. გ-ი; 5. ზ. ა-ე; 6. მ. უ-ის უფლებამონაცვლეები - ნ. თ-ე და ი. თ-ე; 7. მ. ჯ-ი; 8. ლ. ჟ-ე; 9. შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 22 მარტს ზ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის მაისში ზ. ჩ-სა და შპს „...ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2009 წელს შპს „...ს“ მისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ბინა ქ. თბილისში, ... ქ. №8-ში მდებარე მშენებარე კორპუსში. ბინის საფასური წინასწარ სრულად იქნა გადახდილი. ხელშეკრულების პირობა არ შესრულდა, კორპუსი სარჩელის წარდგენის მომენტისთვისაც ჩაუბარებელი იყო.

მოსარჩელის მითითებით, მრავალწლიანი ლოდინის შემდგომ, იგი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ ზ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 131 132 აშშ დოლარისა და 3050 ლარის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, მან მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების პროცესი დაიწყო 2018 წლის 31 იანვარს. 2018 წლის 26 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალები და სააუქციონო მომსახურების საფასურის გადახდის დოკუმენტები, ასევე, მოთხოვნა შპს „...ის“ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, აუქციონი, ნაცვლად ერთ თვეში ჩატარებისა, ჩატარდა 3 თვის შემდეგ. ათი ობიექტიდან სიაში ჩასვეს მხოლოდ ხუთი, ხოლო აუქციონზე ოთხი მათგანი გაიტანეს. 2018 წლის 22 ოქტომბერს პირველ აუქციონზე გაიყიდა ორი უძრავი ქონება და 25 ოქტომბერს, ბიუროს ანგარშზე ჩარიცხული იყო 253 000 ლარი. მეორე აუქციონი გაიმართა 30 ოქტომბერს. დარჩენილი ორი ქონებიდან ერთი ქონება გაიყიდა, მეორე ქონება კი მოიხსნა მიმდინარე აუქციონიდან დამთავრებამდე ერთი საათით ადრე. ამის შემდგომ, შეჩერდა აღსრულების პროცესი.

მოსარჩელის მითითებით, აუქციონიდან ამოღებული თანხები სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის ანგარიშზე ჰქონდა და იგი მას კრედიტორებს, არაერთი დაპირების მიუხედავად, არ ურიცხავდა. 2019 წლის მარტში კი სატელეფონო მოკითხვისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიღებული ჰქონდა ბრძანება, რომლითაც აუქციონში ამოღებულ თანხებს უკან უბრუნებდა მის გადამხდელებს, კერძოდ, „მ. გ-ის და მ. უ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ გამოცემული განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი №A18012740 სააღსრულებო საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ. ს-ის მიერ 2019 წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაცემული №A18012740-019-001 და №A18012740-019-002 განკარგულებები იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე შეძენილი საკუთრების უფლების შესახებ; შეწყდა ზემოაღნიშნული განკარგულებების მოქმედება მათი გამოცემის დღიდან; გაუქმდა 2018 წლის 11 სექტემბრის №A18012740-019-001 განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედებების საჯარო შეტყობინების შესახებ; გადაწყდა, რომ იძულებით აუქციონში გამარჯვებულ პირს სრულად დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი თანხა. მოსარჩელე თვლის, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონოა და არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა და მოითხოვა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აკრძალვოდა ზ. ა-ისათვის მის მიერ იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებებზე (1. ქ. თბილისი, ... ქ. №8, ბინა №25; საკადასტრო კოდი ...; 2. ქ. თბილისი, ... ქ. №8, ბინა №42; საკადასტრო კოდი ...) გადახდილი თანხის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით ზ. ჩ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „...ი“, ზ. ა-ე, მ. გ-ი და მ. უ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მ. ჯ-ი, ლ. ჟ-ე და შპს „თ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2021 წლის 17 მაისს მესამე პირის - მ. გ-ის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც სააპელაციო პალატას ეცნობა მესამე პირის - მ. უ-ის გარდაცვალების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გარდაცვლილი მესამე პირის - მ. უ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით საქმეზე მ. უ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ნ. თ-ე და ი. თ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებზე და განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, აღმასრულებლის ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოკლებულია უფლებამოსილებას, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმოს აღმასრულებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ვინაიდან ზემოთ მითითებული საკანანომდებლო აქტის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - აღმასრულებლის განკარგულება, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ გასაჩივრდება სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

ამავე კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა არ ზღუდავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იმსჯელოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხზე.

კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის №ბს-861-853(კ-16) გადაწყვეტილებაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილთან დაკავშირებით განვითარებულ მსჯელობაზე, რომ მითითებული ნორმის დანაწესი იძლევა შესაძლებლობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის №18012740-019/001 და 1 ნოემბრის №18012740-019/002 განკარგულებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ბათილად იქნა ცნობილი მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკუთარი ინიციატივით. სადავო აქტის გამოცემისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა სააღსრულებო წარმოებისას აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონშესაბამისობა, ვინაიდან, გაკარგულების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი და მისი კანონიერების განმსაზღვრელი სწორედ ყველა ის სააღსრულებო მოქმედებაა, რომელიც აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა.

ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განკარგულების კანონიერების შეფასებისას განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების კანონშესაბამისობა შემოწმდა არა აღმასრულებლის ქმედებაზე წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, არამედ საკუთარი ინიციატივით.

კასატორის მითითებით, განკარგულებების კანონიერების შემოწმებისას, ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე: სარეალიზაციო ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მომავალი მესაკუთრეები წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომელთა უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდა. სააღსრულებო წარმოება უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში პირდაპირ უკავშირდებოდა და შეეხებოდა მათ ქონებრივ ან/და უფლებრივ ინტერესს, რაც წარმოშობდა სააღსრულებო წარმოების მიზნებისათვის მათი იმ პირებად მიჩნევის საფუძველს, რომელთაც აქვთ უფლება ისარგებლონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობით.

კასატორის განმარტებით, მ. უ-ისა და მ. გ-ისათვის შეტყობინების გაგზავნა განხორციელდა მათი რეგისტრაციის მისამართებზე, თუმცა გზავნილი ადრესატებს ვერ ჩაბარდათ. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველი იყო, ფოსტის კურიერმა საერთოდ ვერ შეძლო მისამართამდე მისვლა, თუ იგი მივიდა ადრესატის მისამართზე და იქ არავინ დახვდა. აღნიშნულის გამო, საკითხი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააუქციონო ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ სარეალიზაციო უძრავი ნივთების მისამართებზე ფიქსირდებოდა მომავალ მესაკუთრეთა უფლებების რეგისტრირების ფაქტი. ასევე, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ კორპუსი, რომელშიც განთავსებული იყო სარეალიზაციო უძრავი ნივთები, დასრულებული იყო. შესაბამისად, შეტყობინებების საჯაროდ გამოქვეყნებამდე, საპროცესო ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, აღმასრულებელს გააჩნდა ვალდებულება, ამოეწურა მხარის ინფორმირების ყველა რესურსი, მათ შორის, შეტყობინება გაეგზავნა სარეალიზაციო უძრავი ნივთების მისამართებზე, რაც არ განხორციელებულა.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანება გამოიცა საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი განსხვავებულად აწესრიგებს აღმასრულებლის ქმედებისა და სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულების გასაჩივრების წესს. კერძოდ, აღმასრულებლის ქმედების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს აღმასრულებლის ქმედების აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც კანონმდებელი პარალელურად ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება სასამართლოში საჩივრდება. თუმცა ნიშანდობლივია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის დისპოზიცია არ შეიცავს აღნიშნული განკარგულების ადმინისტრაციული საჩივრის წესით გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც შემდგომში, შესაძლოა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო (მითითებული საპროცესო ნორმის მიხედვით, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა).

აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს მხარის უფლებას, არ გამოიყენოს ერთჯერადი გასაჩივრების წესი და სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს. თუმცა ნორმა არ გამორიცხავს მის უფლებას, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სპეციალური კანონმდებლობით მინიჭებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებით და სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვოს მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება. თავის მხრივ, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის უზრუნველყოფის ფუნქცია. შესაბამისად, დაინტერესებული პირისათვის საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის გარანტირება ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, ერთი მხრივ, განაპირობებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელებასა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, „აიძულებს“ მას, მხოლოდ ფორმალურ საფუძვლებზე მითითებით თავიდან არ აირიდოს თვითკონტროლის ფუნქციის რეალიზება და შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის ამგვარ გაგებას და სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვალდებულებას ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის №ბს-881(კ-19) გადაწყვეტილებაც, რომელშიც საკასაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უარის თქმის საფუძვლად მითითებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის დებულება იმის შესახებ, რომ „სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში“ არ გამორიცხავდა საჩივრის განხილვის შესაძლებლობას.“

შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, აღმასრულებლის ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოკლებულია უფლებამოსილებას, შეამოწმოს სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული განკარგულების პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა ნორმა არ გამორიცხავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს განკარგულების კანონშესაბამისობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარს მისი დაშვების შემთხვევაში არ აქვს წარმატების პერსპექტივა, გამომდინარე იქიდან, რომ აღმასრულებლის მიერ აუქციონზე უძრავ ქონებათა მესაკუთრეების ინფორმირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. შესაბამისად, არ არსებობდა აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულებების ამ მოტივით ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გაუქმებული, 2018 წლის 31 ოქტომბრის №A18012740-019/001 და 1 ნოემბრის №A18012740-019/002 განკარგულებების გაცემა განხორციელდა იმ უძრავ ქონებებზე, რომელიც შპს „...ის“ უკვე გასხვისებული ჰქონდა მომავალ მესაკუთრეებზე - მ. გ-სა და მ. უ-ეზე. შესაბამისად, საკითხავია, თუ რამდენად ჰქონდა უფლება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უკვე მომავალ მესაკუთრეებად რეგისტრირებულ პირთა კუთვნილი უძრავი ქონებები სარეალიზაციოდ მიექცია შპს „...ის“ მიმართ კრედიტორ ზ. ჩ-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საჩივრის ავტორებს - მ. გ-სა და მ. უ-ეს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, აღნიშნული გარემოება საფუძვლად არ დასდებია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან სადავო აქტის გამოცემასა და საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობას. თავის მხრივ, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კრედიტორის სტატუსით მონაწილე პირის - ზ. ჩ-ის მიერ, რომლის ინტერესს წარმოადგენს განკარგულებების ბათილად ცნობამდე არსებული რეალობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ზ. ჩ-ის სარჩელის საფუძველზე 2018 წლის 31 ოქტომბრის №A18012740-019/001 და 1 ნოემბრის №A18012740-019/002 განკარგულებების გაუქმების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების კანონიერების შემოწმების ჭრილში იმსჯელოს და შეაფასოს ის გარემოება, თუ რამდენად შეეძლო სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „...ის“ მიმართ ზ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცია უკვე მომავალ მესაკუთრეებად რეგისტრირებულ პირთა (მ. გ-ისა და მ. უ-ის) კუთვნილი უძრავი ნივთები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) საკასაციო საჩივარზე 25.02.2025წ. №02700 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.02.2025წ. N02700 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე