საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1241(2კ-24) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბადრი შონია, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ჯ-ე; მესამე პირები (სასკ 16.2) - ი.ვ-ა, მ.ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 21 სექტემბერს მ.ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მ.ჯ-ის ნაწილში „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილებისა და მ.ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №... ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი.ვ-ა და მ.ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილება მ.ჯ-ის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №... ბრძანება მ.ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №... /...ის ქ. №..., ს/კ №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო ი.ვ-ას (№..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 42/151 ნაწილი), მ.ბ-ის (№..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 50/151 ნაწილი და ნაგებობა №..., №... ლიტ „ბ“) და მ.ჯ-ის (№..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 59/151 ნაწილი) თანასაკუთრების უფლება.
მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 22 მარტს ი.ვ-ას, მ.ბ-ისა და მ.ჯ-ის მიმართ, შედგა №000475 მითითება, რომლის თანახმადაც, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილებით, ი.ვ-ა, მ.ბ-ე და მ.ჯ-ე დაჯარიმდნენ 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისთვის და დემონტაჟისთვის. დადგენილების თანახმად, „ლიტ. ა“ შენობაზე დემონტირებული იყო არსებული კედლების ნაწილი და დამატებული იყო ახალი კედლები, რის ხარჯზეც შეცვლილი იყო შენობის კონფიგურაცია და გაზრდილი იყო ფართი. ასევე, დამატებული იყო სართული; ფასადებზე შეცვლილი იყო კარ-ფანჯრების რაოდენობა და გაბარიტი, დამატებით მოწყობილი იყო საკომუნიკაციო, საბუხრე და წყალშემკრები მილები და სატელიტური ანტენა; ეზოს მხარეს განხორციელებული იყო კიბისა და კაპიტალური შენობის დემონტაჟი; „ლიტ. ბ“ შენობაზე ნაწილობრივ შეცვლილი იყო კაპიტალური კედლების გაბარიტი; ...ის ქუჩის მხარეს დამატებული იყო კაპიტალური კედლები, გადახურვის ფილა, ჭიშკარი და ლითონის ღობე. ამავე დადგენილებით, ი.ვ-ას, მ.ბ-ესა და მ.ჯ-ის დაევალათ ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) ობიექტების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №... ბრძანებით, მ.ბ-ის - წარმომადგენლის ზ.ნ-ის, ი.ვ-ას წარმომადგენლის - ჯ.ფ-ისა და მ.ჯ-ის წარმომადგენლის - ე.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც სადავო ბრძანების შინაარსიდან ირკვეოდა, მოსარჩელე მხარეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეს. ბრძანებაში მითითებული იყო, რომ მ.ჯ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნიდა მისი უმოქმედობა, რამდენადაც მ.ჯ-ის, როგორც უძრავი ნივთის თანამესაკუთრის, მიერ არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ იქნა მოყვანილი უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში.
სააპელაციო პალატის შეფასებით, უტყუარად არ დგინდებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენი პირი (სუბიექტი). ასევე, გაურკვეველი იყო ფაქტობრივად, რომელი თანამესაკუთრე წარმოადგენდა უძრავი ქონების იმ ნაწილის მოსარგებლეს, რომელზედაც განხორციელდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და დემონტაჟი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების გარეშე. ამასთან, მოქმედი საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში დაეკისრება უშუალოდ იმ პირს, რომელმაც განახორციელა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და დემონტაჟი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების გარეშე, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს და დადგენილებაში მითითებულ დანარჩენ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის დადგენილ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში, უძრავი ნივთის მესაკუთრე, მართალია, არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას ამავდროულად წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. შესაბამისად, მისსავე მოვალეობაში შედის სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმებითა და სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც გამოხატულ უნდა იქნეს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მითითების შესრულებასა და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში.
საჯარიმო სანქციასთან ერთად სადავო ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის დავალება წარმოადგენს მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას და იგი ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს. უნებართვო სამშენებლო სამუშაოების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა კი თავის მხრივ გულისხმობს სადავო ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის გზით. მართალია, მოცემულ სამართალწარმოებაში მოსარჩელე მხარეს მხოლოდ მ.ჯ-ე წარმოადგენს, თუმცა სადავო აქტები გამოცემულია სხვა პირების მიმართაც. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ კუთხით, რომ რადგან სადავო ობიექტი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გაყოფილია თანასაკუთრებად, ადმინისტრაციულ ორგანოს მ.ჯ-ისათვის ობიექტის იმ ნაწილის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა არ უნდა დაევალებინა, რაც მის საკუთრებაში არ არის, ვინაიდან სამართალდამრღვევად რამდენიმე სამართალდარღვევის ობიექტის გამოსწორება და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა ევალება ობიექტის შესაბამისი ნაწილის მესაკუთრეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა მ.ჯ-ის, როგორც თანამესაკუთრის, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნევის შესაძლებლობას. სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია და დაედგინა, თუ შენობა-ნაგებობის რომელ ნაწილზე ახორციელებდა ფაქტობრივ ფლობას თითოეული თანამესაკუთრე, მათ შორის, მ.ჯ-იც, ან გამოეკვეთა თუნდაც უშუალოდ მწარმოებელი პირის ვინაობა. თუ სასამართლოები მიიჩნევდნენ, რომ მ.ჯ-ე არ იყო პასუხისმგებელი პირი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის, ეს წარმოადგენდა დადგენილების მხოლოდ ჯარიმის ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის და არა საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში გაბათილების საფუძველს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებს შეეძლოთ სადავო გარემოებების დადგენა, რაც მათ არ განუხორციელებიათ, ამიტომ მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ აქვს მითითებული სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესის, მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილების ბათილად ცნობა არის უსაფუძვლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრისა და 16 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №... დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა- ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მოცემული დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა ზოგადად, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, არამედ სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მოსარჩელე მ.ჯ-ის მიჩნევა და მისთვის სახდელის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №.../...ის ქ. №..., ს/კ №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო ი.ვ-ას (№..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 42/151 ნაწილი), მ.ბ-ის (№..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 50/151 ნაწილი და ნაგებობა №..., №... ლიტ „ბ“) და მ.ჯ-ის (№..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 59/151 ნაწილი) თანასაკუთრების უფლება.
მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 22 მარტს ი.ვ-ას, მ.ბ-ისა და მ.ჯ-ის მიმართ, შედგა №000475 მითითება, რომლის თანახმადაც, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის განხორციელება.
2019 წლის 25 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ სხდომაზე მ.ჯ-ის წარმომადგენელმა - ე.ლ-ემ განმარტა, რომ მის მარწმუნებელს უძრავი ქონება გადაეცა მემკვიდრეობით და მასზე სამშენებლო სამუშაოები აწარმოა მ.ბ-ემ. მისივე განმარტებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს მ.ჯ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში და მას ამ უნებართვო მშენებლობებით შეეზღუდა საკუთარი ფართით სარგებლობის უფლება, რის გამოც კანონით დადგენილი ზომების გატარება, კერძოდ, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა უმოკლეს ვადაში ითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილებით, ი.ვ-ა, მ.ბ-ე და მ.ჯ-ე დაჯარიმდნენ 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისთვის და დემონტაჟისთვის. დადგენილების თანახმად, „ლიტ. ა“ შენობაზე დემონტირებული იყო არსებული კედლების ნაწილი და დამატებული იყო ახალი კედლები, რის ხარჯზეც შეცვლილი იყო შენობის კონფიგურაცია და გაზრდილი იყო ფართი. ასევე, დამატებული იყო სართული; ფასადებზე შეცვლილი იყო კარ-ფანჯრების რაოდენობა და გაბარიტი, დამატებით მოწყობილი იყო საკომუნიკაციო, საბუხრე და წყალშემკრები მილები და სატელიტური ანტენა; ეზოს მხარეს განხორციელებული იყო კიბისა და კაპიტალური შენობის დემონტაჟი; „ლიტ. ბ“ შენობაზე ნაწილობრივ შეცვლილი იყო კაპიტალური კედლების გაბარიტი; ...ის ქუჩის მხარეს დამატებული იყო კაპიტალური კედლები, გადახურვის ფილა, ჭიშკარი და ლითონის ღობე. ამავე დადგენილებით, ი.ვ-ას, მ.ბ-ესა და მ.ჯ-ეს დაევალათ ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) ობიექტების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
2019 წლის 7 ოქტომბერს, მ.ჯ-ის წარმომადგენელმა - ე.ლ-ემ №19/01192803419-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით, ასევე მიმართეს ი.ვ-ასა და მ.ბ-ის წარმომადგენლებმაც.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 მარტის №... ბრძანებით, მ.ბ-ის - წარმომადგენლის ზ.ნ-ის, ი.ვ-ას წარმომადგენლის - ჯ.ფ-ისა და მ.ჯ-ის წარმომადგენლის - ე.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს №000475 დადგენილება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როდესაც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული სახდელის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული აქტები ექცევა სასამართლოს კონტროლის ქვეშ, სასამართლო არ ეყრდნობა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ არ დგინდებოდა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის ვინაობა. სასამართლო თითოეული საქმისათვის ინდივიდუალურად ამოწმებს გამოიკვლია თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ შენობა-ნაგებობის მდგომარეობა ამჟამინდელი, თუ წინა მესაკუთრეთა მფლობელობის პირობებში და უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ შესაძლო პირთა წრე. სასამართლო ადგენს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რამდენად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ არ დგინდებოდა ან/და შეუძლებელი იყო ზუსტად განსაზღვრულიყო სამუშაოების მწარმოებელი პირი, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ქმნის მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს, რამდენადაც პრეზუმფციის ძალით, მიიჩნევა რომ სწორედ მესაკუთრეა ვალდებული და პასუხისმგებელი, ერთი მხრივ, თავად არ განახორციელოს უნებართვო მშენებლობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნება სწორედ სამშენებლო-არქიტექტურული დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე, მესაკუთრის ვალდებულებაა ჩადენილი სამართალდარღვევის პრევენცია და აღმოფხვრა.
საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია უნებართვო რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის განმახორციელებელი პირის/პირების ვინაობა; არ დაუდგენია კონკრეტულად რომელი თანამესაკუთრე ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილით, სადაც სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელდა დემონტაჟი და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მ.ბ-ის 2013 წლის 10 ივნისის შესაგებელი №2/4628-13 სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც იგი განმარტავს, რომ „1994 წლიდან მოყოლებული მ.ჯ-ის არ გახსენებია მიწისძვრის შედეგად დაზიანებული და ფაქტობრივად დანგრეული უძრავი ქონება, ვინაიდან მას არანაირი ფასეულობა არ გააჩნდა. მხოლოდ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ხსენებული დანგრეული უძრავი ქონება არამარტო აღვადგინე, არამედ დავამატე ფართი და გადავაკეთე კიდეც და რომ დღეის მდგომარეობით (წარსულისგან განსხვავებით), ხსენებულმა უძრავმა ქონებამ ჩემი წყალობით შეიძინა მატერიალური ფასეულობა, სწორედ ეხლა გაახსენდა მ.ჯ-ეს ქონება“.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე მ.ჯ-ე ადმინისტრაციული წარმოებისას უთითებდა სამუშაოების განმახორციელებელ პირზე და განმარტავდა, რომ მასზე სამშენებლო სამუშაოები აწარმოა მ.ბ-ემ, რითაც მას შეეზღუდა საკუთარი ფართით სარგებლობის უფლება. თავად უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ, თავად მ.ჯ-ემ ითხოვა რეაგირება და კანონით დადგენილი ზომების გატარება განხორციელებული უნებართვო დემონტაჟსა და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ობიექტს, რომელზეც განხორციელებულია სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ჰყავს სამი თანამესაკუთრე. საერთო თანასაკუთრების ობიექტიდან ფაქტობრივად გამიჯნულია წილები, კერძოდ, რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წილები მთლიანი უძრავი ქონებიდან განაწილებულია შემდეგნაირად - ი.ვ-ა №..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 42/151 ნაწილი), მ.ბ-ე №..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 50/151 ნაწილი და ნაგებობა №..., №... ლიტ „ბ“ და მ.ჯ- №..., №..., №... ლიტ. „ა“-დან 59/151 ნაწილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებული პირის დაუდგენლობის საფუძვლით პასუხისმგებელ პირად მესაკუთრის/მესაკუთრეთა მიჩნევის შემთხვევაშიც, უნდა განსაზღვრულიყო რომელი თანამესაკუთრე რა სამუშაოების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი და ამავდროულად, ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე ვალდებული. გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის გარემოებები, არსებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ცოდნა აუცილებელია, როგორც საკუთარი უფლებების დასაცავად, ასევე შესაძლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ბ. შონია
გ. მაკარიძე