Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ

№ბ-998-1(ბ-25) 31 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. ა-ე

განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 30 აპრილს ნ. ა-ემ, მა. ა-ემ და მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარ. ა-ის მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარ. ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

2013 წლის 25 ივნისს ნ. ა-ემ, მა. ა-ემ და მ. ა-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მ., მა. და ნ. ა-ეების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარ. ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეში მოპასუხედ მიეთითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის, მა. ა-ისა და მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ემ, მა. ა-ემ და მ. ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის, მა. ა-ისა და მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ა-ის, მა. ა-ისა და მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულება დანართი №1 გათვალისწინებული ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ... №25) მარ. ა-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად მარ. ა-ეზე გადაცემის ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ნ. ა-ის, მა. ა-ისა და მ. ა-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარ. ა-ეს შორის 2012 წლის 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის, მა. ა-ისა და მ. ა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ა-ის, მა. ა-ისა და მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის თაობაზე, მ., მა. და ნ. ა-ეების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარ. ა-ეს შორის დადებული 2012 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

2025 წლის 25 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. ა-ემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა.

განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ საქმეში მას არ მიუღია მონაწილეობა, უფრო მეტიც, იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, ვინაიდან არის რუსეთის მოქალაქე და 1992-1993 წლებიდან ცხოვრობს რუსეთში ოჯახთან - შვილთან და მეუღლესთან ერთად. მისი მონაწილეობა საქმეში გამოხატული იყო 2013 წლის 24 აპრილს გაცემული მინდობილობით (ნოტარიუსი შ. ხ-ი, რეგ. №...). აღნიშნული მინდობილობით, მ. ა-ე თავის დას - ნ. ა-ეს ანიჭებდა სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებას. დასახელებული მინდობილობის საფუძველზე, ნ. ა-ემ სარჩელი აღძრა როგორც თავისი, ასევე მ. ა-ის სახელითაც და შესაბამისად, ეს უკანასკნელი გახდა მხარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების.

განმცხადებლის განმარტებით, მას მინდობილობა არ მიუცია ნ. ა-ისთვის. იგი არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე 2013 წლის 24 აპრილს და მისი დების მხრიდან მოხდა მინდობილობის გაყალბება, რომლის მეშვეობითაც, სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და იდავეს სამივე ინსტანციაში, რის შესახებაც მ. ა-ემ არაფერი იცოდა და შეიტყო მხოლოდ 2025 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვქონდეს დოკუმენტის გაყალბებასთან, ყალბი დოკუმენტის მრავალგზის გამოყენებასა და მისით სარგებლის მიღებასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მ. ა-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 424.1 მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რადგან სასარჩელო მოთხოვნებზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი დააკმაყოფილა სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ. მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მას არ შეუცვლია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ეს განცხადებით უნდა მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მ. ა-ის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილი განცხადებით, მართალია, მოთხოვნილია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა, თუმცა, განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ადასტურებს საკასაციო პალატის 02.02.2016წ. განჩინების მიმართ სსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძვლის არსებობას. ამდენად, არ დგინდება მ. ა-ის მიერ წარმოდგენილი განცხადების განსჯადობით საკასაციო პალატისათვის დაქვედებარების წინაპირობების არსებობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია