საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1399 (კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ა-ამ 18.08.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.07.2021წ. №03-2784/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისში ა.ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2023წ. გადაწყვეტილებით ა.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.07.2021წ. №03-2784/ო ბრძანება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ქუთაისში ა.ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოსარჩელის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაზე უარი. საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებად შეფასდა ის გარემოება, რომ საცხოვრებელ მისამართზე არაერთხელ განხორციელებული მონიტორინგის მიუხედავად, ჯგუფს ა.ა-ა ადგილზე არ დახვდა. მან მოგვიანებით სააგენტოში წარადგინა განცხადება, სადაც ახალი მისამართი მიუთითა, თუმცა თავდაპირველ განაცხადში მითითებულ მისამართზე კვლავ განხორციელებული მონიტორინგის დროს, გამოკითხულმა მეზობელმა ე.ვ-ამ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მისი ვაჟი. მოპასუხის პოზიით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით, ა.ა-ა ცდილობს სხვაზე ადრე მიიღოს გრძელვადიანი საცხოვრებელი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არგუმენტები სააგენტოსათვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით და მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოში ა.ა-ას მიერ 24.03.2021წ. წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მან სააგენტოს აცნობა მისამართის ცვლილების შესახებ, თუმცა საქმის მასალების თანახმად, მონიტორინგი ორჯერ განხორციელდა კვლავ ძველ მისამართზე. სატელეფონო კომუნიკაციისას ა.ა-ა განუმარტავდა სააგენტოს თანამშრომლებს, რომ სამსახურის შემდეგ დახვდებოდა მათ ახალ მისამართზე. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულ პირთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მონიტორინგის დროს ა.ა-ას მიერ დასახელებულ გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მოსარჩელის ოჯახის განსახლების აუცილებლობა, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულებით მიეღო გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.07.2021წ. №03-2784/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე - ა.ა-ას ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს და არასრულად განმარტა კანონი. სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან. ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში.
საკასაციო საჩივრის თანახმად, განმცხადებელმა მიუთითა ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით, თუმცა არაერთი მონიტორინგისა და სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად სააგენტოში წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ სხვა მისამართზე ცხოვრობს. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს მეზობლის მიერ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელთათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მისივე გასხვისებულ ბინაში. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანება) გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად. პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, რაც რა თქმა უნდა ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით, რა დროსაც ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვს განაცხადში სწორი ინფორმაცია, არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ა.ა-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო 13.3 მუხლის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.ა-ა იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ასევე დადგენილია, რომ ა.ა-ა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი თვეში 142 ლარის ოდენობით. 17.02.2020წ. მონაცემებით ა.ა-ას განაცხადი შეფასებულია 6 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) 1.50 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შეზღუდვა მკვეთრად გამოხატული) – 3.00 ქულა; ომის მონაწილე - 1.50 ქულა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ა.ა-ა სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო, განაცხადი თავად გააკეთა. განმცხადებელს საკუთრებაში გააჩნდა ბინა მისამართზე თბილისი, ..., მე-… მ/რ, კორპუსი …, ბინა №..., რომელიც გაასხვისა ვინმე გ.დ-ეზე 16.06.2015წ..
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.06.2021წ. N35 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით შევსებული განაცხადების განხილვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქ. ქუთაისში განსახლების მიზნით შევსებულ იქნა 361 განაცხადი, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 04.03.2021წ. გადაწყვეტილებით (ოქმი N15), მონიტორინგს და შემდგომში კომისიური წესით განხილვას დაექვემდებარა 191 განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 5 და მეტი ქულა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის - ა.ა-ას განაცხადი შეფასებული იყო 6 ქულით შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით განხილვას დაექვემდებარა განაცხადები, რომლებიც შეფასებული იყო 5 და მეტი ქულით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპი. პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.07.2021წ. №03-2784/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე - ა.ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით. უსაფუძვლოა კასატორის მითითება მასზედ, რომ განმცხადებელმა არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს 16.03.2021წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმზე (ს.ფ. 68), რომლის თანახმად, დევნილ ა.ა-ას მოკვლევის მიზნით მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი..., ბინა №..., ადგილზე ჯგუფს არავინ დახვდა, სატელეფონო კომუნიკაცია შედგა განმცხადებელთან, რომელმაც განმარტა, რომ მიდიოდა გასვენებაში დასავლეთში და სახლში იქნებოდა 2021 წლის 18 მარტიდან. პალატა ასევე მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ 24.03.2021წ. განცხადებაზე (ს.ფ.69), რომლის თანახმად, ა.ა-ამ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და აცნობა მისამართის ცვლილების შესახებ - ქ. თბილისი, ... მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... აღსანიშნავია, რომ 07.04.2021წ. მითითებულ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის დროს ჯგუფს ადგილზე დახვდა ა.ა-ა. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან 02.07.2018წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, .., მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა №...-ს მესაკუთრედ 12.06.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვეელზე რეგისტრირებულია გ.დ-ის სახელზე, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მითითებული უძრავი ქონების ა.ა-ასაგან შეძენის ფაქტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბინის შეძენის შემდეგ ა.ა-ა გარკვეული პერიოდი ქირით დარჩა თავისივე გასხვისებულ უძრავ ქონებაში.
რაც შეეხება 28.05.2021წ. მისამართზე: ..., მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა №... განხორციელებული მონიტორინგის ოქმს, სადაც მითითებულია, რომ მეზობელ ბინაში მცხოვრები ე.ვ-ას განმარტებით ბინა №...-ში ცხოვრობს ა.ა-ა შვილთან ერთად, პალატა აღნიშნავს, რომ ა.ა-ამ ადმინისტრაციულ ორგანოს მისამართის ცვლილების შესახებ შეატყობინა 24.03.2021წ., ე.ვ-ასთან გასაუბრება მოხდა მითითებული თარიღიდან 2 თვეში (28.05.2021წ.), დადგენილია, რომ ა.ა-ა მისამართის ცვლილებამდე ცხოვრობდა თავისივე გასხვისებულ ბინაში ქირით, აღნიშნული წინააღმდგეგობაში არ მოდის ე.ვ-ას მიერ მონიტორინგის თანამშროლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე.ვ-ას განმარტებით ა.ა-ას იცნობს ნ.ას სახელით, არის დედამისის მეზობელი, დედამისი ცხოვრობს ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა №...-ში, ხოლო ა. - ბინა №...-ში. იმ დროს, როდესაც მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა, იმყოფებოდა დედასთან სახლში სტუმრად, სახლში სხვა არავინ იყო. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ ცხოვრობდნენ ნ. და თავისი შვილი, მონიტორინგის ჯგუფს უთხრა აღნიშნულის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით დედისგან შეიტყო, რომ ა. და მისი შვილი იქ აღარ ცხოვრობდნენ. მოწმემ აღნიშნა, რომ ოქმისათვის ხელი არ მოუწერია, ვინაიდან არ იცოდა ზუსტად ის ინფორმაცია, რაც მონიტორინგის თანამშრომლებს მიაწოდა. ე.ვ-ას განმარტებით, ნ.-სთან სახლში არასოდეს ყოფილა, ახლოს არ იცნობს და არ ჰქონიათ ახლო ურთიერთობა. ამჟამად ა.ა-ა სად ცხოვრობს არ ფლობს ინფორმაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება მასზედ, რომ განმცხადებელმა მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საცხოვრებელი ადგილის შესახებ. არაერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ ვალდებულია გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი