საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-451(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – პ. ბ-ე, ს. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 20 დეკემბერს პ. ბ-ემ და ს. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები, კერძოდ, მამა-შვილი და მათი მუდმივი საცხოვრებელი იყო გორის რაიონი, სოფ. ...ი. თუმცა, 2008 წელის აგვისტოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ისინი იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი.
პ. ბ-ე უთითებს, რომ 1989-2001 წლებში ცხოვრობდა ქ. თბილისში სამუშაოს ადგილსამყოფლის გამო. 2001 წლიდან კი დაბრუნდა სოფელ ...ში და შეუდგა სოფლის მეურნეობის წარმოებას. ს. ბ-ე უთითებს, რომ 2007 წლიდან სწავლობდა ... უნივერსიტეტში, თუმცა თავისუფალ დროს ყოველთვის ატარებდა სოფელ ...ში, სადაც იყო მისი რეგისტრაციის ადგილი.
მოსარჩელეთა განმარტებით, დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად არაერთხელ მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თუმცა - უშედეგოდ. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისთანავე, მათი ოჯახი გაიხიზნა სოფელ ...დან და დარეგისტრირდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ელექტრონულ ბაზაში, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ კოდი: ... .
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა სააგენტომ განაცხადის პასუხად აცნობათ, რომ არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განეხილა მათი მოთხოვნა.
ამდენად, მოსარჩელეებმა (1) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის №IDP 8220052139 და №IDP 922 00522607 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის ს. ბ-ისა და პ. ბ-ის განცხადების არსებითი განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის და ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის IDP 82200521391 და 2022 წლის 10 ნოემბრის IDP 922 00522607 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ს. ბ-ის №495974 და პ. ბ-ის №495937 განცხადებების არსებითად განხილვა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განცხადებებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 3 ნოემბერს პ. ბ-ემ და ს. ბ-ემ განცხადებებით მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. განცხადებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 22 ნოემბრის №750 ცნობა, რომლის თანახმად, პ. ბ-ე, თ. პ-ი, ზ. ბ-ე, ს. ბ-ე და ხ. ბ-ე ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფლობდნენ შემდეგი სახის ქონებას: ერთი საცხოვრებელი სახლის 50%-ს და 0,29 ჰა ფართობის ორ მიწის ნაკვეთს. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2015 წლის 24 დეკემბრის №329 დასკვნის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სოფელ ...ში მუდმივი მაცხოვრებლის დადგენის თაობაზე პ. ბ-ის განცხადებაზე და ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...დან დევნილი თანამშრომლების - ს. ბ-ის, ი. ბ-ისა და იო. ბ-ის ინფორმაციის საფუძველზე, გამოარკვია, რომ პ. ბ-ე ფლობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საცხოვრებელ სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას, თუმცა მისი მუდმივი ცხოვრების ფაქტი სოფელ ...ში არ დადასტურდა. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2021 წლის 22 ნოემბრის №8 დასკვნის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სოფელ ...ში მუდმივ მაცხოვრებლად ცნობის თაობაზე ს. ბ-ის 2021 წლის 28 ოქტომბრის განცხადებაზე და დაადგინა, რომ სოფელ ...ში მცხოვრები მიხეილ რაზმაძის ინფორმაციით, ს. ბ-ე 2003 წლიდან 2005 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ბებიასთან სოფელ ...ში, თუმცა, ს. ბ-ემ ვერ დაადასტურა და ვერც უარყო ს. ბ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დადგინდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ს. ბ-ე იყო გათხოვილი და მას სოფელ ...ში მუდმივად არ უცხოვრია.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის IDP 8 22 00521391 აქტით ს. ბ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №287 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განცხადებას დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თან უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში). განსახილველ შემთხვევაში კი, განცხადებაზე თანდართული ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 22.11.2021წ. №08 დასკვნის საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა სოფელ ...ში 2008 წლის ომამდე ს. ბ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რის გამოც, განმცხადებელს განემარტა, რომ იმ ეტაპზე, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განეხილა მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის IDP 9 22 00522607 აქტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №287 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პ. ბ-ეს ეცნობა, რომ მის განცხადებაზე თანდართული ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქურთის თვითმმართველი ერთეულის 22.11.2018წლის №750 ცნობით და ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 24.12.2015წ. №329 დასკვნით, გაირკვა, რომ იგი სოფელ ...ში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, თუმცა სოფელ ...ში განმცხადებელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. ამდენად, სააგენტომ დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა სოფელ ...ში 2008 წლის ომამდე პ. ბ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, იმ ეტაპზე, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განეხილა მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში, ასევე, დაცულია ქურთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 17 ივნისის №67/1 წერილი, რომლის თანახმად, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განიხილა პ. ბ-ის 2013 წლის 7 მაისის №46 განცხადება და განმარტა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში პ. ბ-ეს გააჩნდა საკუთრება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთები. რაც შეეხება მუდმივი მაცხოვრებლის საკითხს, გამგეობამ აღნიშნა, რომ ვერ მოიპოვა ინფორმაცია, ცხოვრობდა თუ არა მუდმივად პ. ბ-ე და მისი ოჯახი სოფელ ...ში.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №... საინფორმაციო ბარათზე, რომელშიც პ. ბ-ესთან დაკავშირებით ასახულია შემდეგი მონაცემები: დაბადების თარიღი - ...წ.; დაბადების ადგილი - საქართველო, ცხინვალი; რეგისტრაციის ადგილი - ცხინვალის რაიონი, სოფელი ...ი; რეგისტრაციის თარიღი - 09.12.1976წ.; ამავე საინფორმაციო ბარათის თანახმად, 1981 წლის 29 აპრილის მდგომარეობით პ. ბ-ის რეგისტრაციის ადგილია - ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №148, ბინა №13. პ. ბ-ე მითითებულ მისამართზე რეგისტრაციიდან მოიხსნა 2008 წლის 19 დეკემბერს. ამავე თარიღით მისი რეგისტრაციის მისამართად ფიქსირდება ცხინვალის რაიონი, სოფელი ...ი.
ამასთან, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №... საინფორმაციო ბარათის თანახმად, ს. ბ-ის დაბადების თარიღია ...წ., დაბადების ადგილია - საქართველო, თბილისი, რეგისტრაციის ადგილია - თბილისი, ... ქუჩა №7, ბინა №9.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის №01/258980 წერილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პ. ბ-ის რეგისტრაცია არ ფიქსირდება. ბაზაში ფიქსირდება ს. ბ-ის რეგისტრაცია მისამართზე: თბილისი, ... ქუჩა №9. ს. ბ-ის რეგისტრაციის ჩანაწერი არ შეიცავს ინფორმაციას მისი ოჯახის კოდის შესახებ.
სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა შ. ბ-ის, ზ. ჯ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, ე. ბ-ისა და ნ. ბ-ის ნოტარიულად დამოწმებულ განმცხადებაზე, რომლითაც მითითებული პირები ადასტურებენ პ. ბ-ის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების და საკუთრების ქონის ფაქტს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესში“ არ არის მოცემული განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ რეგულაცია, მით უფრო იმაზე მითითება, რომ არასრულყოფილი დოკუმენტაცია შესაძლებელია გახდეს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმატიული აქტი ცალსახად ადგენს დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურებს, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გააცნოს განმცხადებელს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. იმ შემთხვევაში კი, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ, რომლისთვისაც განუსაზღვრავს ვადას (არანაკლებ 5 დღე და არაუმეტეს 10 დღე), რომელიც შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 5 დღით (მე-2 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები).
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება, განუმარტოს მხარეს საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რომელი დოკუმენტი არ წარადგინა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების თაობაზე და დაეხმაროს მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლებს არ გააცნო მათი უფლებები, არ განუსაზღვრა ვადა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარსადგენად. სადავო აქტების მიღებისას სააგენტო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნულის შემდგომ, იგი ვალდებულია მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმე განიხილოს როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება განცხადებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფქლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტში მხოლოდ მხარის საკუთრებაზეა საუბარი, რომელიც არ განიხილება სტატუსის მინიჭების საფუძელად. სააგენტოს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, კერძოდ, იგი აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილას უნდა იმყოფებოდეს მუდმივად და არა დროებით. პირი ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სადავო შემთხხვევაში არ დასტურდება.
შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სააგენტოს აქტი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა კანონი, არასწორი შეფასება მისცა მხარის ახსნა-განმარტებას, არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები და ახსნა-განმარტება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის IDP 82200521391 და IDP 922 00522607 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონოერება და მოპასუხისათვის ს. ბ-ის და პ. ბ-ის განცხადებების არსებითი განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიების გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის IDP 822 00521391 და IDP 922 00522607 აქტებით, განმცხადებლებს ეცნობათ, რომ არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განეხილა მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, განცხადებას დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თან უნდა ერთვოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების მტკიცებას და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“ არ ითვალისწინებს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ დანაწესს, მით უფრო იმაზე მითითებას, რომ განცხადებასთან ერთად საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან მისი არასრულყოფილად წარდგენა შესაძლებელია გახდეს განცხადების ავტომატურად განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ დავაში ადმინისტრაციული წარმოების მიზნებისათვის საჭირო, კონკრეტული დოკუმენტის წარუდგენლობა არ ქმნის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. თავის მხრივ, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მხარეს განუმარტოს, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რომელი დოკუმენტი არ წარადგინა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების თაობაზე და დაეხმაროს მას მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლებს არ გააცნო მათი უფლებები, არ განუსაზღვრა ვადა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარსადგენად. სადავო აქტების მიღებისას სააგენტო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად, განიხილოს საქმე როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება განცხადებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა