საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-454(2კ-25) 31 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 ნოემბრის №0169 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის - გ. ბ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; გ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ბ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2019 წლის 1 ნოემბრიდან - გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე სრული პერიოდის განმავლობაში, თვეში 1420,77 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის - ჟ. ჩ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა წარმოადგინოს ინფორმაცია (შესაბამისი წესის დაცვით) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა წარმოადგინოს გ. ბ-ის სახელფასო ცნობა (შესაბამისი წესის დაცვით) იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ხელფასს იღებდა გ. ბ-ე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა. დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განჩინების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგი ინფორმაცია: სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოდან, თუ რამდენმა თანამშრომელმა დაწერა პირადად განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული პირებიდან თუ რამდენი მათგანი დაინიშნა კვლავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან სხვა პოზიციაზე, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რა კრიტერიუმის მიხედვით მოხდა მათი შერჩევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 2023 წლის აგვისტოს პერიოდში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 ნოემბრის №0169 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 ნოემბრის №0169 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა - შეფასების შედეგად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ბ-ესთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის წინსწრები განჩინება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ბ-ის მიერ.
4.1 კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება ემყარება პირის ნებას, გახდეს საჯარო მოსამსახურე, კანონისმიერი კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობებში. ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის ნება, გათავისუფლდეს სამსახურიდან. მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია. აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას, თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი, იშრომოს. პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. პირის სურვილი - აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე), წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას.
მოსარჩელე, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს მთავარი ინსპექტორი გ. ბ-ე, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც გამოცემულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 ნოემბრის №016 ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქმის მასალებით უდავოა, რომ გ. ბ-ემ 2019 წლის 1 ნოემბერს მიმართა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, მისი 1 ნოემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე (რეგისტრაციის №1561-ს 04.11.2019წ.), ხოლო სადავოდ გამხდარი აქტი მიღებული იქნა 15 ნოემბერს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გ. ბ-ეს შესაძლებლობა ჰქონდა აქტის გამოცემამდე მოეთხოვა განცხადების განუხილველად დატოვება, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს მიერ, სადავო აქტის გამოცემისას დაცულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
4.2 კასატორი - გ. ბ-ე ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დარღვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით დადგენილი წესი, არ შეუტყობინებია გ. ბ-ისათვის მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რითაც არ მიეცა შესაძლებლობა, სცოდნოდა, რომ მას რეორგანიზაციის მოლოდინი კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ ათავისუფლებდნენ. ამ შემთხვევაში იგი, ბუნებრივია აცნობებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ 2 კვირის ვადაში, რომ სამსახურიდან წასვლის სურვილი არ ჰქონდა. გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნებით დგინდება და დასტურდება ნება, რომ მას არ სურდა სამსახურიდან წასვლა, იგი ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას, ანუ სურს მუშაობა. სასამართლოს მსჯელობით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გამოურკვევია, გ. ბ-ეს ნამდვილად სურდა თუ არა სამსახურიდან წასვლა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ დამატებით რაიმე გარემოების გამოკვლევა არის ობიექტურად შესაძლებელი. სასამართლოს საქმის გარემოებების ობიექტურად გამოკვლევის გზით სრულად უნდა ეცნო ბათილად გათავისუფლების ბრძანება და შესაბამისად, დაეკმაყოფილებინა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნებიც. დადგენილია, რომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ დაწერილი განცხადებით სამსახურიდან წასვლის ნება არ დგინდება, ამასთან, სხვა ფორმით გამოვლენილი ნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახეზე არ არის.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ. ბ-ე დასაქმებული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე (საშტატო კატეგორია: ...). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 20 აპრილის №MOD 9 22 00456286 წერილის თანახმად, გ. ბ-ის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1812,20 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა - 1420,77 ლარს (ს.ფ 35-37, 121); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 16 აპრილის №MOD 2 20 00363653 წერილის თანახმად, გ. ბ-ემ განცხადებით (რეგისტრაციის №1561-ს, თარიღი: 04.11.2019წ.) მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება (ს.ფ 35-37); გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 ნოემბრის №0169 ბრძანებით გ. ბ-ე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან, 2019 წლის 1 ნოემბრიდან (ს.ფ 14, 15); დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 16 აპრილის №MOD 2 20 00363653 წერილის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარ სამმართველოში, სადაც გ. ბ-ე იყო დასაქმებული, 2019 წლის ოქტომბრის თვიდან 2020 წლის 16 აპრილამდე, რეორგანიზაცია არ ჩატარებულა (ს.ფ 35-37).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, მისი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობას გ. ბ-ე უკავშირებს იმ ფაქტს, რომ მას სამსახურიდან წასვლის ნება არ ჰქონია. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობისგან ეცნობათ, რომ იგეგმებოდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად არსებულ პოზიციებზე გადანიშვნის გამარტივების მიზნით დაახლოებით 35-მა თანამშრომელმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. აქედან 3 თანამშრომელი დანიშნეს და დააბრუნეს სამსახურში, თუმცა მოსარჩელის დანიშვნა არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე სამსახური ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. დასაქმებულის, სურვილი, შეწყვიტოს დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნა, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, ისევე როგორც დასაქმებულის დანიშვნა/გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500), რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და უფლებამოსილებებს (1-ლი მუხლი).
მითითებული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.
ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელს სამხედრო პოლიციიდან დაითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა (1-ლი მუხლი). კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (მე-2 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 109-ე მუხლის თანახმად, (1) მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; (3) სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების განხილვისას უწყების მიერ მისი ნამდვილი ნების დადგენის საჭიროება დგება უკეთუ გონიერ დამკვირვებელს წარმოეშვება ეჭვი განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე (მაგალითად, გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებების ერთდროულად მასობრივად დაწერის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის აშკარა საფუძველი და სხვ.) (სუსგ 24.12.2020 საქმე ბს-898(კ-19)).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მიერ 2025 წლის 28 მაისს №454(2კ-25) მიმართვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შემდეგი ინფორმაცია: 1. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოდან რამდენმა თანამშრომელმა დაწერა პირადად განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით; 2. აღნიშნული პირებიდან რამდენი მათგანი დაინიშნა კვლავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან სხვა პოზიციაზე, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რა კრიტერიუმის მიხედვით მოხდა მათი შერჩევა; 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 2023 წლის აგვისტოს პერიოდში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ; 4. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის №07193-ს მოხსენებითი ბარათის ასლი; 5. გ. ბ-ის 2019 წლის 1 ნოემბრის №0337ს განცხადების ასლი; 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 ნოემბრის №0169 ბრძანების ასლი. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასება საკასაციო პალატის მიერ განხორციელდა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება დაედგინა მოსარჩელის ნების ნამდვილობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც არ განუხორციელებია. იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებები ქმნიდა მოსარჩელის ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის აშკარა საფუძველს, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი წესით ჩატარება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გ. ბ-ის ნების ნამდვილობის დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი გ. ბ-ის შედავებას წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მიერ საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გ. ბ-ის ნების ნამდვილობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შედეგად არსებულ პოზიციებზე გადანიშვნის გამარტივების მიზნით დაახლოებით 35-მა თანამშრომელმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე სასამართლოს მიერ სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებას, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განჩინების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგი ინფორმაცია: სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოდან, თუ რამდენმა თანამშრომელმა დაწერა პირადად განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით; აღნიშნული პირებიდან თუ რამდენი მათგანი დაინიშნა კვლავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმავე ან სხვა პოზიციაზე, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რა კრიტერიუმის მიხედვით მოხდა მათი შერჩევა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 2023 წლის აგვისტოს პერიოდში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასება სააპელაციო პალატის მიერ განხორციელდა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვა ვერ მოხდა. შესაბამისად, არც ამ ნაწილში არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე