Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-714(2კ-კს-25) 21 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ასევე, დ. ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №SSA62301408690 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის №SSA32400246930 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს ახალი აქტის გამოცემა და დ. ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან; დ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, დ. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2012 წლის 01 მაისიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №SSA62301408690 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის №SSA32400246930 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ. ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, დ. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 27 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. უარი ეთქვა დ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას 2012 წლის 01 მაისიდან გაუცემელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა დ. ბ-ემ და მოითხოვა პენსიის აღდგენისა და გაცემის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების მიქცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით დ. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და დ. ბ-ემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. დ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ბ-ის შუამდგომლობა - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და დ. ბ-ემ.

4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი 1) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ბ-ემ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე 2023 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და წარადგინა 2023 წლის 27 დეკემბრის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ... შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები. შესაბამისად, დ. ბ-ე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ იპოვებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №1394588/2023/1 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

კასატორის განმარტებით, სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ცნობის მიხედვით, დ. ბ-ე ... წლის ... ...დან დღემდე დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების, ასევე, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც (გარდა ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომითი ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დ. ბ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ საჩივარში მიუთითა იმავე დავის საგანზე სხვა პირის სასარგებლოდ გამოტანილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მსგავსი დავების ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის ინდივიდუალურ დავაზე და როგორც ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოცემულ საქმეზე გავლენას ვერ იქონიებს.

4.2. კასატორი - დ. ბ-ე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა 2012 წლის 01 მაისიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა და განმარტავს, რომ იგი ითხოვს არა 2012 წლის 1 მაისის აქტის კანონიერების შეფასებას და პენსიის შეწყვეტის კანონიერების შესწავლას, რადგან 10 წელზე მეტია გასული, არამედ - მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 27-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგენტოს მისთვის პენსია არ უნდა შეეწყვიტა. შესაბამისად, დ. ბ-ემ სახელმწიფოს უკანონო, ბრალეული და არამართლზომიერი ქმედების შედეგად მიიღო ფინანსური ზიანი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ბ-ის შუამდგომლობა - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, კერძო საჩივარი წარადგინა დ. ბ-ემ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი - დ. ბ-ე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავა არის სოციალური ხასიათის და სახელმწიფომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაუშვა შეღავათები, რასაც დავის არსი და მნიშვნელობა მიუთითებს. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობა დასტურდება იმ გარემოებებით, რომ დ. ბ-ეს სახელმწიფოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მიუხედავად კანონში გათვალისწინებული არსებული შეღავათებისა, არ მიუღია 2012 წლიდან სახელმწიფოსგან კუთვნილი პენსია, ამასთან, იგი არის ... წლის, შვილის - კ. ბ-ის მხარდამჭერი, რომელიც შშმ პირია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დ. ბ-ის ერთადერთი შემოსავლის წყარო ხელფასია, ხოლო ოჯახში მარჩენალი მხოლოდ დ. ბ-ეა. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მას ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზანი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმით, არის სწორედ ის, რომ ადამიანის სიცოცხლეში მოესწროს ამ გადაწყვეტილების შედეგებს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით დ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) დ. ბ-ე დაიბადა 1941 წლის 15 მაისს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის 28.11.2023წ. №SSA 0 23 01268285 წერილის თანახმად, დ. ბ-ემ (დაბ. ...წ.; პ/ნ ...), სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ბათუმის განყოფილებას, სახელმწიფო ბაზიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიმართა 2006 წლის 16 მაისს, ხოლო საჯარო საქმიანობის განხორცილების გამო სახელმწიფო პენსიის ბოლო ჩარიცხვა, სახელმწიფო ბაზის მდგომარეობით, განხორციელდა 01.04.2012 წელს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის გაცემა შეწყდა 01.05.2012 წლიდან (ტ.1, ს.ფ. 95-96); ბ) სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის 30.10.2023 წლის ცნობის თანახმად, სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ... - დ. ბ-ე (დაბ.: ...წ.; პ/ნ ...) ... წლის ... ...დან დღემდე მუშაობს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ. 15); გ) 2023 წლის 27 დეკემბერს დ. ბ-ემ №1394588 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №SSA 6 23 01408690 გადაწყვეტილებით, დ. ბ-ეს ეცნობა/განემარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სკოლა-პანსიონების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აჭარის ა/რ ფილიალის შეფასებით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ის დასაქმებულია სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში”, რაც წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ბ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე (ტ.1, ს.ფ. 14); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის №SSA 3 24 00246930 გადაწყვეტილებით დ. ბ-ის №164812 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №SSA 6 23 01408690 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო საჯარო საქმიანობა განმარტებულია როგორც, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სკოლა-პანსიონების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო-საარჩევნო კომისიაში ან/და საოლქო-საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა“. მოსარჩელე, დ. ბ-ე დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, შტატით გათვალისწინებულ პოზიციაზე, ახორციელებს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად სახეზე არ არის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძვლები...“ (ტ.1, ს.ფ. 18-19, 16-17).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №SSA62301408690 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის №SSA32400246930 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება. ასევე მოთხოვნილია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დ. ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის დავალება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას 2012 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პენსიის მიღების უფლება ფიზიკური პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთი სახეა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. დასახელებული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (მუხლი 1.1). კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია (მუხლი 3).

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამასთან, დასახელებული კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი).

დადგენილია, რომ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ... - დ. ბ-ე ... წლის ... ...დან დღემდე მუშაობს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 15). სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 29 დეკემბრის №SSA62301408690 გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ არგუმენტით, რომ იგი დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, რაც წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრის ... - დ. ბ-ე ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საჯარო სამსახური განიმარტება, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

2025 წლის 1 ივლისიდან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა;

საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ასევე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულებაზე, რომლის თანახმად, კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინაშე (1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი). ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) საკონცერტო და სადადგმო მოღვაწეობა, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულება და მისი მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია; ბ) ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია; გ) ქართული კლასიკური და მსოფლიო საგუნდო ხელოვნების შესწავლა და შესრულება; დ) საოპერო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანების ხელშეწყობა; ე) მუსიკალური განათლების მქონე ახალგაზრდების საოპერო, საგუნდო და საშემსრულებლო ხელოვნებაში დაოსტატებისა და მსახიობებად მათი ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა; ვ) რეგიონში მოქმედი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობა; ზ) ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება; თ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება (მუხლი 2). შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ აღნიშნული ანსამბლი წარმოადგენს კულტურული შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, რის გამოც, დასახელებული ცენტრის ... - დ. ბ-ის საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს მართებულად დაევალა დ. ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება 2012 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას პირველ რიგში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ,,ზემოაღნიშნული ნორმა განამტკიცებს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას. საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დამდგენი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმა მიემართება უკანონო ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შემთხვევებს და ანაზღაურების ფარგლებსაც სწორედ ამ პირობებით ითვალისწინებს. შესაბამისად, ნორმის კონსტრუქცია და მისი შინაარსი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იმისათვის, რათა წარმოიშვას სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი, არსებითია დადასტურებულ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ქმედების უკანონობა’’.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით კი, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის 209-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/ქმედებით ზიანის გამოწვევის შემთხვევაში. საგულისხმოა, რომ ხსენებულ ორ შემთხვევაში, პრინციპულად განსხვავებულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების სამართლებრივი ბუნება და შედეგები, ასევე, სხვა წინაპირობები, რომელთა არსებობის დადასტურებაც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს-864(კ-23) (25/01/2024) საქმეზე განმარტა, რომ ,,პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად... სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევეა პენსიის შეწყვეტის შემთხვევაშიც. შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - 02.07.2015წ. №ბს-77-75(კ-15); 10.10.2019წ. №ბს-29(კ-19)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით იქნა დადგენილი, მოსარჩელეთა მხრიდან პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სასამართლოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ემსჯელათ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხზე.........იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს მსგავსად, ქვედა ინსტანციის სასამართლოები, მოსარჩელეთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შეემოწმებინათ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, სასამართლო ბუნებრივია ვერ იმსჯელებდა მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობისა და ამ საფუძვლით, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ’’.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ბ-ეს არ გაუსაჩივრებია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/მოქმედება მისთვის 2012 წლის 1 მაისიდან პენსიის შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მართლწინააღმდეგობა. დელიქტური ვალდებულების ანაზღაურების დაკისრებისთვის კი, კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. ამასთან, მოსარჩელეს არც 2023 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში მიუმართავს კომპეტენტური ორგანოსთვის შეწყვეტილი პენსიის აღდგენის მოთხოვნით. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

დ. ბ-ის მიერ კერძო საჩივარი არის წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლი), რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. თუმცა გამონაკლისის სახით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას სასამართლო აამოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებულ წესს. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში დაგენილია, რომ დავის საგანი შეეხება პენსიის დანიშვნის საკითხებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო საკითხი არ ექცევა სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 268-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალში, ხოლო, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები კი, ვერ ასაბუთებს მოსარჩელის ინტერესის მომეტებულად დაცვის საჭიროებასა და ზემოაღნიშნული კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობების არსებობას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რის გამოც კერძო საჩივრის მიზანი უკვე მიღწეულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. დ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია