#15აპ.-14 ქ. თბილისი
შ-ე თ.-15ap.-14 14 ივლისი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თ. შ-ე, – ნასამართლობის არმქონე და ა. შ-ე, – ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 9 მაისს თ. შ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ხულოს რაიონის სოფელ --- მდებარე, 2670 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას მიწის ნაკვეთის სახით, რითიც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2012 წლის 20 ნოემბერს ა. შ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ხულოს რაიონის სოფელ --- მდებარე, 500 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას მიწის ნაკვეთის სახით, რითიც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის თ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 8000 ლარი ჯარიმა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ რ. ბ-ესა და ბრალდებულ ა. შ-ეს შორის, რომლის თანახმად, ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. შ-ემ. მან ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი თ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორები – მსჯავრდებული თ. შ-ე და ადვოკატი შ. ჯ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის ნორმები; მსჯავრდებულის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას და სწორად არ არის დაკვალიფიცირებული; თ. შ-ის მიმართ გამოყენებულია მისი სოციალური მდგომარეობისათვის შეუსაბამო სასჯელის ზომა.
კასატორთა აზრით, სასამართლომ არ იმსჯელა, თ. შ-ემ რა ხერხითა და საშუალებით ჩაიდინა თაღლითობა, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის მოთხოვნა; სასამართლომ ასევე დაარღვია სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნაც, რადგან საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ თ. შ-ემ ჩაიდინა თაღლითობა.
გარდა ამისა, თ. შ-ეს უნდა ჰქონოდა პირდაპირი განზრახვა, მის მიერ დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენა კი ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ განმცხადებელი მოთხოვნილ ქონებას საკუთრებაში მიიღებს, ანუ მსჯავრდებულის ქმედებით დადგება მისთვის სასურველი შედეგი; თ. შ-ეს წინასწარი განზრახვითა და შეგნებულად საჯარო რეესტრისათვის არასწორი ინფორმაცია არ მიუწოდებია; სასამართლომ კატეგორიულად მიუთითა, რომ თითქოს თ. შ-ემ იცოდა, რომ ე.წ. „---“ უბანში სარეფორმო კომისიამ მას გამოუყო მიწის ნაკვეთი, რომლის ჩაბარებაზეც აწერს ხელს, თუმცა ასეთი აქტი პროკურორს დაცვის მხარისათვის არ გადაუცია და არც სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულა;
კასატორთა აზრით, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, შეესწავლა თ. შ-ის მოთხოვნის კანონიერება და მის საკუთრებაში მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის მიზანშეწონილობა; თ. შ-ემ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი რომელიმე ხერხით ან საშუალებით საკუთრება მიიღო არა უშუალოდ მესაკუთრისაგან, არამედ – საჯარო რეესტრის მარეგისტრირებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემაზე პასუხისმგებელია მისი გამომცემი ორგანო და არა – თ. შ-ე. საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობის ტვირთი სამართლებრივად რომ შეფასებულიყო, გამოირიცხებოდა თ. შ-ის ბრალდება; მოცემულ საქმეში მსჯავრდებულის ქმედებას არ გამოუწვევია მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვა, ანუ სახეზე არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი თ. შ-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გარდა ამისა, საქმეში არის მტკიცებულება, რომ თ. შ-ე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაშია შეყვანილი, სასამართლომ კი მას სასჯელის ზომად 8000 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა, რაც უსამართლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და თ. შ-ის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას თ. შ-ის ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ. შ-ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. მისი ბრალეულობა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ო. ბ-ის, რ. წ-ის, დ. ხ-ის, ნ. გ-ის, ჰ. გ-ის, ბ. ბ-ის, ი. შ-ისა და ა. შ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს ბრალდების მხარეს მათთვის არ გადაუცია და არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულა მტკიცებულება რომლითაც დასტურდება, რომ სარეფორმო კომისის მიერ თ. შ-ეს გამოეყო ე.წ. „---“ მიწის ნაკვეთი და რომლის ჩაბარებაზეც თ. შ-ე აწერს ხელს, რადგან წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო და მეტიც - სადავოდაც არ გამხდარა.
რაც შეეხება კასატორების არგუმენტებს თ. შ-ისთვის განსაზღვრული სასჯელის უსამართლობის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე უდავო მტკიცებულებად არის ცნობილი ის გარემოება, რომ თ. შ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მისთვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა საკასციო პალატას არასამართლიანად მიაჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, მინიმუმამდე უნდა შეუმცირდეს დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
თ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვს სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე