Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-58(კ-25) 21 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტი (საკრებულო, მერია)

მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ო. მ-ი, ნ. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ს. მ-მა 2019 წლის 18 ოქტომბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის (საკრებულო, მერია) მიმართ, მესამე პირის - ო. მ-ის მონაწილეობით და გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმის არარა აქტად აღიარება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ს. მ-ი და ო. მ-ი არიან ძმები, რომლებსაც, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, თანასაკუთრებაში გააჩნიათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონება 2003 წლიდან სისტემური რეგისტრაციით ირიცხება ო. მ-ის სახელზე. 2006 წელს კი, დასახელებულ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღირიცხა ს. მ-იც (მ-ი). ეს უკანასკნელი რეგისტრაცია სასამართლო წესით გასაჩივრებულია ო. მ-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ ს. მ-ის თანამესაკუთრედ აღრიცხვისას გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს მიერ 2006 წლის 3 ოქტომბერს გაიცა №9 ოქმი, რომლითაც ო. მ-ს ნება დაერთო, დაეკანონებინა სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო გორის საჯარო რეესტრის სამსახურს ეთხოვა, რეგისტრაციაში გაეტარებინა ეს ქონება ო. მ-ის სახელზე.

მოსარჩელის მითითებით, იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული აქტის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სხვა სასამართლო დავაში, რომელიც მიმდინარეობს მხარეთა შორის და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სადავო უძრავ ქონებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის პროცესში, მსჯელობისა და შეფასების საგანი აუცილებლად გახდება 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ მისი ძმა - ო. მ-ია უფლებამოსილი სადავო უძრავ ქონებაზე. ამით, ამავე ქონებაზე ს. მ-ის უფლების დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, დაბრკოლება შეექმნას მის თანამესაკუთრედ აღრიცხვას და ჩაითვალოს, რომ, რადგან ეს აქტი გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ იყო, სადავო უძრავ ქონებაზე მხოლოდ ო. მ-ია უფლებამოსილი.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე, მოცემულ საქმეში გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ჩაბმულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეში მესამე პირებად ჩაება ნ. მ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა აღიარებული გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმი.

რაიონულმა სასამართლომ საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი და აღნიშნა, რომ სადავო ოქმით ადმინისტრაციული ორგანოსაგან ო. მ-ს მიენიჭა გარკვეული უფლება, დაეკანონებინა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე ბინა, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დაინტერესებულ მხარე აღიჭურვა ბინის დაკანონების უფლებით და მიიღო სარგებელი, ანუ ოქმი წარმოადგენდა აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები კი რეგლამენტირებული იყო ზემოაღნიშნული კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, რომლებშიც თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების (მათ შორის, ადმინისტრაციული ერთეულების) უფლებამოსილება, ეღიარებინა არამართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მოეხდინა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, განსაზღვრული არ იყო. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, ასევე ობიექტების ლეგალიზების შესახებ უფლებამოსილებების დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მოხდა 2007 წელს, სადავო №9 აქტი (ოქმი) კი მიღებულია 2006 წლის 3 ოქტომბერს. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტი წარმოადგენდა არარა აქტს.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - ო. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ის სარჩელი, გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმის არარა აქტად აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ ... თემის საკრებულო უფლებამოსილი იყო, მიეღო სადავო აქტი. სააპელაციო სასამართლომ გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისა, მიუთითა ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაზე“, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის პირველი აპრილიდან და რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს და მათ შორის, ... თემის საკრებულოსაც არ ეკრძალებოდა და სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (03.10.2006წ) გააჩნდა უფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში - საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ... თემის საკრებულოს „დებულების“ გათვალისწინებით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებული საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მიზნით, განეხილა და მიეღო დადგენილება, რომლითაც ნება დაერთო ო. მ-ს, დაეკანონებინა ბინა აღნიშნულ საზღვრებში და ეთხოვა გორის საჯარო რეესტრის სამსახურს, გაეტარებინა იგი კანონიერ რეგისტრაციაში ო. მ-ის სახელზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაცო სასამართლომ არ გამოარკვია რა იყო ამ სარჩელის აღძვრის მიზეზი, რატომ გახდა დავის საგანი ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმის კანონიერება. სააპელაციო სასამართლო, ასევე ერთმნიშვნელოვნად ვერც იმგვარ სამართლებრივ გარემოებაზე იმსჯელა, სადავო აქტი საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის პერიოდში, არქივში დაცულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან და ... თემის საკრებულოს სხვა ცნობებთან (№356 (13.10.2006), №357 (13.10.2006), №358 (13.10.2006)) ერთობლიობაში, თუ ცალკე განყენებულად წარმოადგენდა კონკრეტული რეგისტრაციის კანონიერ საფუძველს, რადგან, კასატორის მოსაზრებით, სადავო ოქმი გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/145-18) ს. მ-ის საკუთრების უფლების გაუქმების და მხოლოდ ო. მ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად იქნა მიჩნეული.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ მომხდარა პირდაპირ იმპერატიულ კანონის ნორმაზე/დანაწესზე მითითება, რომ სადავო ოქმის მიღების პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ექსკლუზიურად ან დელეგირებულად გააჩნდა ამგვარი უფლება. სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს ზუსტ ნორმას, რომლის საფუძველზეც თვითმმართველობის ორგანო აღჭურვილი იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გამოცემის უფლებამოსილებით. კასატორს მიაჩნია, რომ არც „ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ“ და არც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონებით თვითმმართველობის ორგანოებს 1997 წლიდან 2007 წლამდე არასოდეს გააჩნდათ საკუთრების უფლების განსაზღვრის, დადგენის, მიკუთვნების და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va № de Hurk v. №etherla №ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai № [GC] par.26; Jah №ke a №d Le №oble v Fra №ce (dec.); Perez v Fra №ce [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- სადავო - გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმის მიხედვით, დასტურდება, რომ კრებამ განიხილა ო. მ-ის განცხადება და დაადგინა: 1. ნება დაერთოს ო. მ-ს, დაიკანონოს ბინა მითითებულ საზღვრებში; 2. ეთხოვოს გორის საჯარო რეესტრის სამსახურს, გაატაროს იგი კანონიერ რეგისტრაციაში ო. მ-ის სახელზე;

- საქმეში დაცული 1971-1973; 1973-1975 წწ. საკომლო წიგნების ჩანაწერებში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. მ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან გ. (ცოლი), ო. (გასულია ცალკე კომლად 1974 წლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე), ს. (გასულია ცალკე კომლად 1974 წლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე), ა. მ-ები (შვილები). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული სახლი და 1973-1974 წლებში - 0,26 ჰა, ხოლო 1974-1975 წლებში - 0,13 ჰა მიწის ფართობი;

- მამა-შვილებს შორის შემდგარი გაყრილობის განაჩენის შემდეგ ი. (ი.), ს. (ს., ს., ს.) და ო. მ-ების კომლები საკომლო წიგნებში აღრიცხულნი არიან ცალ-ცალკე. დასახელებული საკომლო წიგნების ჩანაწერებით (1973-1975წწ.; 1976-1982წწ.; 1980-1982წწ.; 1983-1985წწ.; 1986-1995წწ.; 1996-2007წწ. საკომლო წიგნების ჩანაწერები) დასტურდება, რომ ს. მ-ისა და ო. მ-ის კომლებს ერიცხებათ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი, რა მისამართზეც აღრიცხულია მათი მამის - ი. მ-ის კომლი;

- გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმის, 2006 წლის 13 ოქტომბრის №356, №357 და №358 ცნობების საფუძველზე, 2006 წლის 2 ნოემბერს ს. მ-ი (მოსარჩელე) აღირიცხა სისტემური რეგისტრაციით ო. მ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ. 2012 წლის პირველ მაისს კი ეს უძრავი ქონება დაზუსტებული მონაცემებით ... საკადასტრო კოდით აღირიცხა ო. მ-ისა და ს. მ-ის საკუთრებაში. წინა ნომრად მიეთითა ...ა;

- გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სისტემური რეგისტრაციით ო. მ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ს. მ-ის აღრიცხვის 2006 წლის 2 ნოემბრის სარეგისტრაციო ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დაზუსტებული რეგისტრაციით ს. მ-ის თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა უძრავ ქონებაზე ს. მ-ის თანასაკუთრება. ქონება დარჩა მხოლოდ მის ძმას - ო. მ-ს, რომელმაც ეს ქონება აჩუქა თავის შვილს - ნ. მ-ს. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ს. მ-ის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების წესით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმის არარა აქტად აღიარების კანონიერება, რომლის მიხედვითაც, ო. მ-ს ნება დაერთო დაეკანონებინა სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ოქმში მითითებულ საზღვრებში და რომლითაც გორის საჯარო რეესტრის სამსახურს ეთხოვა, კანონიერ რეგისტრაციაში გაეტარებინა ო. მ-ის სახელზე ეს ბინა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავო აქტის არარად აღიარებას ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ - და მიაჩნია, რომ სადავო აქტი გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. შესაბამისად, შესაფასებელია, თვითმმართველ ერთეულს - ... თემის საკრებულოს ჰქონდა თუ არა ო. მ-ისათვის ზემოაღნიშნული შინაარსის უფლებების მინიჭების კანონისმიერი უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გორის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმი, თავისი შინაარსით, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამდენად, შესამოწმებელია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება სადავო აქტის გამოცემაზე და ამ უფლებამოსილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 02/05/2014 №1958 ორგანული კანონით), საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად, განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური საფუძვლები, სახელმწიფო გარანტიები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, მათი უფლებამოსილებები და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა.

სადავო პერიოდში მოქმედი (2006წ.) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები; ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეული არის თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია: დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი); დასახლებათა გაერთიანება (თემი); დასახლების ნაწილი (უბანი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილებაა, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად, არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის.

დასახელებული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებს წარმოადგენს: ა) ექსკლუზიური უფლებამოსილებები; ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები; გ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები, ხოლო ამავე მუხლი მე-2 ნაწილით, თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ, დელეგირებულ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები რეგლამენტირებულია ამავე კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. მე-18 მუხლის მიხედვით კი, თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით მიიღოს სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად, არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის. ამავე კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა - გამგეობა (მერია). ამასთანავე, მითითებული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა.

ანალოგიურ ჩანაწერებს შეიცავს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 16.12.2005წ. №2304 ორგანული კანონით) პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა (მთავრობა). ამავე ნორმის მე-7 ნაწილის მიხედვით, ნებაყოფლობითი უფლებამოსილებაა - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც კანონის თანახმად, არ არის ამოღებული მისი უფლებამოსილებიდან ან არ არის მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას.

საკასაციო პალატის ასევე მიუთითებს ... თემის საკრებულოს 2002 წლის 22 ივლისის №5 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ... თემის საკრებულოს დებულებაზე, რომლითაც განისაზღვრა ... თემის საკრებულოს სტრუქტურა, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაცია. დასახელებული დებულების პირველი და მე-2 მუხლის თანახმად, საკრებულო არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე “დებულების“ 32-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებია: ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს გადაწყვეტილება; ბ) ინდივიდუალური აქტი - დადგენილება. ამავე ნორმის მე-3 მუხლით, საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის. ამავე დებულების 59-ე მუხლის (საკრებულოს სხდომის ოქმი) თანახმად, 1. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება: ა) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) სხდომაზე დამსწრე პირთა გვარები; გ) განსახილველი და განხილული საკითხები; დ) მიღებული გადაწყვეტილებები ე) დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები. 2. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 3. სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან. ქარტიის 3.1. მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ამავე ქარტიის 4.2 მუხლით დადგენილია, რომ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს.

ზემოაღნიშნული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დანაწესების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში გააჩნიათ თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. ამრიგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს და მათ შორის, ... თემის საკრებულოსაც, არ ეკრძალებოდა და სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (03.10.2006წ) გააჩნდა უფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში - საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, ასევე ... თემის საკრებულოს „დებულების“ გათვალისწინებით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებული საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მიზნით, განეხილა და მიეღო დადგენილება, რომლითაც ნება დაერთო ო. მ-ს, დაიკანონოს ბინა აღნიშნულ საზღვრებში და ეთხოვა გორის საჯარო რეესტრის სამსახურს, გაატაროს კანონიერ რეგისტრაციაში ო. მ-ის სახელზე.

საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო აქტი, მისი კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში, შესაძლოა, განხილულ იქნეს ს. მ-ის საკუთრების უფლების გაუქმების და მხოლოდ ო. მ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სააღრიცხვო ბარათის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №...) და ამ სააღრიცხვო ბარათის №1 ჩანაწერით დასტურდება, რომ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ნივთი - 1828.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 122, 0 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი- 51,80 კვ.მ, დამხმარე ფართი - 70,20 კვ.მ და ნ/სარდაფი -53.8 კვ.მ, 2003 წლის 26 აგვისტოდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ო. მ-ზე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია №042 (რაც განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი). სააღრიცხვო ბარათს თან ერთვის საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული 2003 წლის 26 აგვისტოს საკადასტრო რუკა (მასშტაბი ...), რომლითაც დასტურდება, რომ გორში, სოფელ ...ში მდებარე 1828 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლეა მ-ი ო. . ამავე სააღრიცხვო ბარათის (მიწის (უძრავი) ქონების სარეგისტრაციო №... ) №2 ჩანაწერის მიხედვით, ამავე უძრავ ნივთზე ს. მ-ის (ს. მ-ი) თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2004 წლის 2 ნოემბერს. უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტებია: 2006 წლის 13 ოქტომბრის №356, №357, №358 ცნობები საკრებულოდან და 2006 წლის 3 ოქტომბრის ... თემის საკრებულოს №9 ოქმი.

საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემული გარემოებები ცხადყოფს, რომ ზემოაღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი არის სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 2 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (აგრეთვე სააღრიცხვო ბარათი), რომლის თანახმადაც, სოფელ ... თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №9 ოქმისა და აგრეთვე, ... თემის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №356, №357 და №358 ცნობების საფუძველზე ო. მ-ის (თანამესაკუთრე ს. მ-ი) სახელზე 2006 წლის 2 დეკემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება (ს/ნ ...), რომელიც მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ... - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 1828 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი 122,0 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 57 კვ.მ, დამხმარე ფართობი 75.2კვ.მ, ა/სადგომი 53,5 კვ.მ. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის არგუმენტი - საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სადავო აქტის ერთადერთ და ძირითად დოკუმენტად მიჩნევის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ს. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება;

3. ზ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. მ-ის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 25 იანვარს №25636312025 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე