საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-97(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. კ-ი
მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-მა 2020 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №... და იმავე სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464 (კ-13) გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა რა სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა, მარეგისტრირებელი ორგანო არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო განეხორციელებინა მისი აღსრულება სასამართლო აქტში მითითებულ ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც - სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დარეგისტრირდა სადავო უძრავ ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მართალია, თავდაპირველი და შემდგომი რეგისტრაციები მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არაა გამხდარი და მის კანონიერებაზე მარეგისტრირებელ ორგანოს არ უმსჯელია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია თავდაპირველი რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტის სიყალბის ფაქტი და, ამავდროულად, სახეზეა სასამართლოს განაჩენის აღსრულების საკითხი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ კანონიერია და შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ნორმებს. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილება; მ. კ-ის სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 06 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მითითებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და იმ ფაქტის უგულებელყოფით, იყო თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს და თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ქონების ჩამორთმევას მესაკუთრის ბრალეულობის გაუთვალისწინებლად და ასეთი ქმედება აუცილებლადაც მიაჩნია მიზნის მისაღწევად, რათა ხელი შეუწყოს პრობლემის დროულ, მყისიერ და ეფექტურ გადაწყვეტას და თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები, ვინაიდან საჯარო მიზნები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი მიღწევა ამართლებს საკუთრებაში ჩარევის აუცილებლობას. კასატორი დასახელებულ გარემოებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26 ნოემბრის N... გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ თბილისში, ... მიმდებარედ (ნაკვ. №...) მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ნ. შ-ის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №14401, გაფორმების თარიღი: 04.11.1997 წელი).
2014 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ. შ-მა გაყიდა და ნ. მ-მა (წარმომადგენელი ე. მ-ი) იყიდა ქ. თბილისი, ... მიმდებარედ არსებული 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ .... 2014 წლის 20 მარტს უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით - ..., დარეგისტრირდა ე. მ-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი: 18.03.2014 წელი).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის №... გადაწყვეტილებით, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით - ..., მესაკუთრედ ნაცვლად ე. მ-ისა, მიეთითა ნ. მ-ი (პირადი ნომერი ...).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ყადაღა დაედო ე. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით - ....
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის 27 აგვისტოს (რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის 29 აგვისტო) განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს განჩინების (საქმე N1გ/831) საფუძველზე მოითხოვა ყადაღის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით - ..., მესაკუთრე ე. მ-ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმარტებულ იქნა, რომ ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის საგანი წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას.
2017 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ. მ-მა გაყიდა და მ. კ-მა იყიდა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ... მიმდებარედ (ნაკვ.N...) არსებული 600 კვ.მ, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ .... 2017 წლის 12 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე - ... საკადასტრო კოდით, დარეგისტრირდა მ. კ-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი: 11.10.2017 წ.)
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით (სამე N1/530-20) დგინდება, რომ დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქ. თბილისში, ... მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: ..., ..., ..., ..., ..., ... და ...) სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენის აღწერილობითი ნაწილის თანახმად, გ. მ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2012 წელს საქართველოს მოქალაქე ს. გ-ემ განიზრახა თაღლითური გზით დაუფლებოდა ქ. თბილისში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. იგი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც ... მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთები და შესთავაზა მათ, რომ დაეხმარებოდა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდნენ. ს. გ-ის გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, თავის მხრივ, უნდა მოეძებნათ სანდო პირები, რომლებზეც დროებით ფორმალურად გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთები. 2013 წლის ბოლოს ს. გ-ე დაუკავშირდა გ. მ-ეს, რომელიც ... მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ფლობდა დაახლოებით 7000 კვ/მ მიწის ნაკვეთს და შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით მიწის ნაკვეთების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებაში, იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდა. ს. გ-ის შემოთავაზებას გ. მ-ე დათანხმდა და დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად შეარჩია ნაცნობი სანდო პირები: ვ. ბ-ი, ი. ბ-ი, ჯ. ბ-ე, გ. დ-ი, ე. კ-ა-მ-ი, დ. მ-ი, ე. ა-ი, ე. მ-ი, ბ. კ-ი, რ. გ-ი, დ. მ-ი, მ. მ-ი, ნ. შ-ი და მ. ე-ე. 2013-2014 წლებში გ. მ-ემ ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა ს. გ-ის მიერ დამზადებული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმადაც, თითქოს ეს ნაკვეთები ამ პირებს საკუთრებაში გადაცემული ჰქონდათ 1997 წელს. თავის მხრივ, გ. მ-ის დავალებით ხსენებულმა პირებმა მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნაკვეთების მათ სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ამ პირებზე საერთო ჯამში დარეგისტრირდა 156 600 ლარის ღირებულების 600-600 კვ/მ მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე - საკადასტრო კოდით ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი, საქმე №1/530-20.
2020 წლის 01 ივლისს მ. კ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და საჯარო რეესტრის მონაცემებში, უძრავ ნივთზე - საკადასტრო კოდით - ..., მესაკუთრედ მ. კ-ის მითითება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 06 ივლისის N... გადაწყვეტილებით მ. კ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. მხარეს განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელე მ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, დაარეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი ენიშნება მსჯავრდებულ პირს. განსახილველ შემთხვევაში კი, აღნიშნულ პირს წარმოადგენს გ. მ-ე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის №1/530-20 განაჩენით სწორედ მას ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მათ შორის, მითითებულია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ მ. კ-ი არ წარმოადგენს №1/530-20 სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენში არ არის მითითებული იგი, როგორც გ. მ-ესთან დაკავშირებული პირი.საყურადღებოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გ. მ-ის სახელზე არასდროს ყოფილა რეგისტრირებული, მათ შორის, არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილების მიღების დროს. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე 2017 წლიდან 2020 წლამდე (მანამ სანამ სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდებოდა უძრავი ქონება) იყო მ. კ-ი. აღნიშნული განაჩენით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ჩამოერთვა გ. მ-ეს და არა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მ. კ-ს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ მ. კ-ს საკუთრებაში გააჩნდა მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მ. კ-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებლები არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ, ამავე დროს, მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომლებს ეკისრებათ კანონისმიერი ვალდებულება და პასუხისმგებლობა მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებულია რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არ უნდა აღმოჩნდეს ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ. შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დაეყრდნოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. ამდენად, კეთილსინდისიერება არის ფაქტობრივი გარემოება, როცა მხარე ნასყიდობის საგნის ნაკლის მიმართ კეთილსინდისიერია და მას არც შეიძლება სცოდნოდა ნასყიდობის საგნის ნაკლის შესახებ. კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება - სსიპ საჯარო რეესტრში გამსხვისებლის მესაკუთრედ რეგისტრაცია, ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს, საჯარო რეესტრის მონაცემებს. კანონის ეს დანაწესი განპირობებულია თვით კანონის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების მიმართ დადგენილი უტყუარობის პრეზუმფციით.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლებს, კერძოდ, კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა მოსარჩელის რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების არცერთი ზემოხსენებული საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე