Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-98(3კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. გ-ა

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-ამ 2020 წლის 09 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 მარტის დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 აგვისტო №1099 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. გ-ა გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 მარტის №001214 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან; დანარჩენ ნაწილში მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

კასატორი - მ. გ-ა აღნიშნავს, რომ მის მიერ მსუბუქი კონსტრუქცია - ღობე მოწყობილ იქნა 2006 წელს, მას მიმართული აქვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და წარდგენილი აქვს სათანადო დოკუმენტები, რათა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თანახმად მოახდინოს მიწის ნაკვეთის დაკანონება, აღნიშნულის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრს ჯერ არ უმსჯელია და არ არის მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაევალება ღობის დემონტაჟი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემოღობილი არ იქნება, რაც მიწის ნაკვეთის ფლობის ერთადერთი დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებაა, კომისია მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე. შესაბამისად, კასატორი ითხოვს გაუქმდეს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაევალა მას უნებართვოდ აშენებული ღობის დემონტაჟი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მითითებას, ვინაიდან მათზე დაყრდნობით შეუძლებელიაუტყუარად დადგინდეს ფოტოსურათების გადაღების დროს უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების იმ სახით არსებობის ფაქტი, რა სახითაც ის დადგენილების გამოცემის დროს გამოვლინდა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მ. გ-ას შემთხვევაზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის გავრცელება უსაფუძვლოა.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება პირი, რომელმაც სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით პირის მიერ კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა საბოლოოდ დგინდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული დადგენილებით. ვინაიდან მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 20 ოქტომბერს მოხდა N 001214 მითითების გაცემა, ხოლო 2020 წლის 27 მარტს მოხდა N 001214 დადგენილების გამოცემა, ეს გამორიცხავს მ. გ-ას მიერ სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, მ. გ-ას მიერ სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენა არ გამომდინარეობს არც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და არც კანონმდებლობის დანაწესიდან და სასამართლოს მიერ მატერიალური კანონის ამგვარი განმარტება და მის საფუძველზე გადაწყვეტილების(განჩინების) გამოტანა წარმოადგენს გადაწყვეტილების გამოტანას კანონის დარღვევის საფუძველზე, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- ქალაქ თბილისში, ..., ..., ... მიკრო რაიონის N22ბ-ში მდებარე 275 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) 2015 წლის 07 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. გ-ას სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 ივლისის საკუთრების უფლების მოწმობა N10773 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება N.... ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ..., ... ... მიკრო რაიონში, N22ბ-ს (ს.კ....) მიმდებარედ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ღობე.

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ. გ-ას მიმართ 2019 წლის 20 ნოემბერს შედგენილ იქნა მითითება №001214, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქალაქ თბილისში, ..., ..., ... მიკრო რაიონში, N22ბ-ს (ს.კ....) მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე, ღობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადადის ... და ... საკადასტრო კოდებზე. ამავე მითითებით, დარღვევების გამოსწორების მიზნით, მ. გ-ას დაევალა მოეხდინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი ან წარედგინა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა. განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. მითითება განთავსდა ობიექტის ფასადზე 2019 წლის 21 ნოემბერს.

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №001214, რომლითაც დადგინდა, რომ მ. გ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. შემოწმების აქტი განთავსებული იქნა ობიექტის ფასადზე 2019 წლის 01 დეკემბერს.

- 2020 წლის 14 იანვარს მუნიციპალურ ინსპექციაში, მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მ. გ-ამ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ 2006 წელს მოაწყო მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. ასევე აღნიშნა, რომ აპირებს ღობის მოხსნას და სათანადო დოკუმენტაციის მოპოვების შემდეგ ღობის მოწყობას.

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 29 იანვრის №4-3/25-გ/20 ბრძანებით, ამავე სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №001214 მითითების საფუძველზე მ. გ-ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით. აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 29 იანვრიდან - 2020 წლის 27 მარტის ჩათვლით.

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2020 წლის 27 მარტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა მ. გ-ას მიერ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 ნოემბრის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 27 მარტს მიღებული იქნა დადგენილება №001214 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, მ. გ-ა დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის უნებართვოდ მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით, მ. გ-ას დაევალა უნებართვოდ განხორციელებული ღობის დემონტაჟი. 2020 წლის 01 მაისს მ. გ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 მარტის №001214 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 აგვისტოს №1099 ბრძანებით, მ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 მარტის №001214 დადგენილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ უნებართვოდ აშენებული ღობის დემონტაჟისა და მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).

,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში კანონის დარღვევით ღობის განთავსების ფაქტს თავად კასატორი მხარე ადასტურებს, თუმცა მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის დაკანონების შემდგომ აპირებს მის ლეგალიზებას. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 იანვრისა და 12 იანვრის გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, რომ მ. გ-ას სურდა ღობის მშენებლობა, რის შესახებაც თანხმობის მოპოვება უფლებამოსილი ორგანოდან ვერ შეძლო. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მ. გ-ას მიერ უკანონოდ იქნა მოწყობილი ღობე და აღნიშნული განხორციელებული იყო უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და მშენებლობის განხორციელების თანხმობის მიღების გარეშე, შესაბამისად, წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას და ქმნიდა სამართალდარღვევის შემადგენლობას. ყოველიბე ზემოაღნიშნულის გამო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო, ქ. თბილისში, ..., ..., ... მ.რ, N22ბ, ... საკადასტრო კოდის მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსება განეხილა უნებართვო მშენებლობად და შესაბამისი პროცედურის დაცვით მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ, ასევე არ არსებობდა მ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, ასევე ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ მ. გ-ა დაბადებულია 1958 წლის 10 მარტს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა 2024 წლის 10 ივნისის მდგომარეობით, შეადგენდა 47 230 ქულას, სამართალდარღვევის ჩადენის დროისთვის კი - 61990 ქულას. შესაბამისად, იგი ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის წარმოადგენდა ასაკით პენსიონერს, და ასევე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქმნიდა მისი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების საფუძველს. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათი, რომლებიც დათარიღებულია 2017 წლით და რომელიც ადასტურებს მსუბუქი კონსტრუქციის ღობის არსებობას ამ დროისთვის, აღნიშნულის საპირწონედ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის თანახმადაც, ქვედა ინსტანციამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტი, რაც ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

რაც შეეხება კასატორის მ. გ-ას მოთხოვნას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო აქტს უკანონოდ აშენებული დემონტაჟის ნაწილში, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება დემონტაჟზე და კანონით გათვალისწინებულ პირებს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს, რაც კასატორის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ. გ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე