Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-109(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ფ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირები - მ. ო-ი, ე. ჭ-ე, მ. დ-ი, ფ. გ-ი, შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ფ-ამ 2021 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 თებერვლის A20099587-012/001 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, იძულებითი აღსრულების პროცესში მოვალის თუ მესამე პირის ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულება, რამეთუ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი საკუთრების უფლების ხელყოფის თავიდან აცილება და მოვალისა და კრედიტორის კანონიერ ინტერესთა ბალანსის დაცვა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. იმავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია და უტყუარად დგინდება, რომ მოვალეს და დაინტერესებულ პირებს არ ჩაბარდა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე გაფრთხილება და აუდიტის შეფასება, შესაბამისად, იძულებითი აუქციონი ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით და ასევე კასატორის მითითებით მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების შემძენი კრედიტორის მეუღლეა.

კასატორი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმისა და სააღსრულებო წარმოების მასალებით არ დასტურდება სააღსრულებო წარმოების მასალების ყველა დაინტერესებული პირისათვის ჩაბარების ფაქტი, გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაუშვებელია ქონების რეალიზაცია, მესაკუთრის ინტერესების უგულებელყოფა, რის შედეგადაც აუქციონზე შეძენილი ქონება არ ითვლება კეთილსინდისიერ შენაძენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 თებერვლის A20099587-012/001 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა განცხადებით კრედიტორებმა - ე. ჭ-ემ, მ. დ-მა და ფ. გ-მა, მოვალეების - შპს „...“ და ნ. ფ-ას მიმართ. აღსასრულებლად წარდგენილ იქნა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების №..., რომლის თანახმად, სოლიდარული იპოთეკარების/კრედიტორების ე. პ-ის, მ. დ-ისა და ფ. გ-ის სასარგებლოდ მოვალის - შპს „...“ ვალდებულების შესრულების მიზნით უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია, იპოთეკის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ... №4 ... №104ა, სართული 8, ფართი 104.82 კვ.მ. მანსარდა ფართით - 120,90 კვ.მ (მიწის 8 საკადასტრო კოდი ...).

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „...“ მფლობელები არიან დ. ფ-ა და ნ. ფ-ა, დირექტორი დ. ფ-ა. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს გამოცემული A20099587-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეს - დ. ფ-ას ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით, 2020 წლის 17 ნოემბერს. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს გამოცემული A20099587-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეს - ნ. ფ-ას ფოსტის მეშვეობით ვერ ჩაბარდა. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 7 დეკემბერის A20099587-008/002 განკარგულებით წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალის - ნ. ფ-ას ინფორმირების მიზნით გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინებით, განთავსდა სააღსრულებო ბიუროს ვებგვერდზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოვალე ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალის ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირის მიერ საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონის დასრულების შემდეგ გაანაწილებს თანხას საერთო წესით. თუ მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო ნამეტ თანხას დაუბრუნებს მოვალეს, თუკი მოვალის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება.

საკასაციო სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლის თანახმად, კასატორის - ნ. ფ-ას კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ... ქუჩა №4 ... №104ა, სართული 8, ფართი 104.82 კვ.მ. მანსარდა ფართით - 120,90 კვ.მ. (მიწის საკადასტრო კოდი ...), რეალიზაციის მიზნით იძულებითი აუქციონი გამოცხადდა 2021 წლის 27 იანვარს და დასრულდა 2021 წლის 4 თებერვალს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ფ-ას 2021 წლის 4 თებერვალს წარდგენილი განცხადებით მორიგების რაიმე პირობა მითითებული არ ყოფილა, ასევე მითითებული არ ყოფილა რაიმე ისეთ განსაკუთრებულ გარემოებაზე, რომელიც მიმდინარე იძულებითი აუქციონის შეწყვეტას შესაძლოა საფუძვლად დადებოდა. განცხადებაში მხოლოდ აღნიშნული იყო ის ფაქტი, რომ კოვიდპანდემიის გამო მოვალეთა მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდა ვერ ხდებოდა, ხოლო პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო აღსრულება უნდა შეჩერებულიყო. ამასთან, ნ. ფ-ას მიერ 2021 წლის 4 თებერვალს წარდგენილი განცხადებით მითითებული გარემოებები მიმდინარე იძულებითი აუქციონის შეწყვეტასთან მიმართებით, არ ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილსის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 10 თებერვლის A20099587-012/001 განკარგულების თანახმად, მოვალის - ნ. ფ-ას რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ... №4 ... №104ა, სართული 8, ფართი 104.82 კვ.მ. მანსარდა ფართით - 120,90 კვ.მ (მიწის საკადასტრო კოდი ...), შემძენი 2021 წლის 4 თებერვალს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე შემძენი გახდა მ. ო-ი. მ. ო-მა უძრავი ქონება შეიძინა 487,160 ლარად. მან თანხა გადაიხადა სრულად.

დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ ნ. ფ-ა როგორც მოვალე ინფორმირებული იყო სააღსრულებო წარმოების დაწყების, ისე აუქციონის დანიშვნის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, მას ჰქონდა შესაძლებლობა ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით ეკონტროლებინა მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ეტაპები. ამასთან, იძულებითი აუქციონის დასრულების დღეს ნ. ფ-ამ წარადგინა განცხადება იძულებითი აუქციონის შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა განხორციელებული კომუნიკაციის მიუხედავად, კრედიტორებისაგან რაიმე წინადადება მხარეთა მორიგების მიზნით სააღსრულებო ბიუროს არ წარდგენია. შესაბამისად, მხოლოდ მოვალის განცხადება იძულებითი აუქციონის შეწყვეტის საფუძველს არ ქმნიდა, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. ნ. ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 13 თებერვალს №25920996983 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 300 (სამასი) ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე