Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-166(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. შ-ე

მესამე პირები - გუ. შ-ე, ა. შ-ე, თ. შ-ე, მ. შ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. შ-ემ 2021 წლის 10 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განაცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 04 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანება, გ. შ-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. შ-ეს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განაცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 04 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანება, გ. შ-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. შ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4 სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განაცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 04 აგვისტოს N03- 3273/ო ბრძანება, გ. შ-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა გამოსაკვლევად დაბრუნებას და თავდაპირველად მიუთითებს ალტერნატიული საცხოვრებლის არ ქონის საკითხზე. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივი მდგომარეობით, მოსარჩელის ოჯახის შეუზღუდავ სარგებლობაშია ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მხარემ სახელმწიფოს მიერ გადაცემული კომპენსაციით - 5000 ლარით ააშენა (როგორც თავად მოსარჩელემ განმარტა). მხარეს სახელმწიფოსგან კომპენსაცია, როგორც ეკომიგრანტ ოჯახს, გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლისათვის, მხარემ კი თავისუფალი ნებით, ააგო ახალი საცხოვრებელი. ბუნებრივია, მისი ნებაა, როგორ განკარგავდა მიღებულ კომპენსაციას და თუ ასეთი შეუქცევადი იყო მეწყრული პროცესები, უნდა გაეთვალა, რომ იმავე ეზოში არ აეგო სახლი. თუმცა აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლი ხის ნაგებობაა და მას არც ბზარები და არც დანგრევა ემუქრება.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეების საკითხის განხილვა სააგენტოში მოხდა კომისიის მიერ, რომელმაც სრულად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული ძირითადი გარემოებები და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა სწორედ ის გარემოებები, რაც სააგენტომ გამოიკვლია და შეაფასა. კერძოდ, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი გარემოებები, 2018 წლის 03 აპრილს მოსარჩელემ შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით განაცხადმა მოიპოვა 16 ქულა. მხარემ განაცხადში მიუთითა, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს აჭარაში, ...ს რაიონში ს. ...ში. მოსარჩელის მიერ მითითებული დაზარალების მისამართზე 2021 წლის 26 აპრილს განხორციელდა მონიტორინგი. მოხდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა, საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ეზოში ჰქონდა ქვის სახლი, რომელიც იყო ავარიული და დაშალა. იმავე ეზოში აშენებულია ხის ახალი სახლი. მხარის განმარტებით ეზოში გაჩენილია ღრმულები და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია მეწყრული პროცესები. სახლის გვერდით არის ჭაობი, რომელიც ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას. მხარემ ასევე განაცხადა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობს მეუღლესთან - გუ. შ-ესთან და ა. შ-ესთან. შვილები - თ. შ-ე და მ. შ-ე დაქორწინებულები არიან და ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ ბათუმში. ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სახლი არის ხის ნაგებობა და შესაბამისად ქვის სახლთან შედარებით დაზიანების ხარისხი ბევრად ნაკლებია, ამიტომ მიენიჭა მე-2 კატეგორია.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას ...ს მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის და 2020 წლის ცნობებში მითითებულია, რომ სახლის დაზიანების მიზეზი არის მეწყერი, თუმცა 2012 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის N161 ბრძანების საფუძველზე ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან მიღებული აქვს ფულადი დახმარება - 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის და მისი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი, რომლითაც შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე გ. შ-ის ოჯახი (მეუღლე - გუ. შ-ე და შვილები - თ., მ. და ა. შ-ეები) არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 02 ივნისის გ. შ-ის საცხოვრებელი სახლის განმეორებითი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი არაერთხელ იქნა შეფასებული გეოლოგიის სამსახურის მიერ, სადაც მითითებული იყო, რომ საცხოვრებელი სახლი გადატანილი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო გეოლოგიურად მდგრად ადგილას, რაც დასკვნის გამოცემის დროისთვის არ მომხდარა, ამასთან, სახლის მესაკუთრის მიერ არსებული დაზიანებული და ავარიული სახლის გვერდზე აგებული იყო ახალი ხის მსუბუქი კონსტრუქციის საცხოვრებელი სახლი, რაც გეოლოგიური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ იყო. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლები (როგორც დაზიანებული, ასევე ახლად აგებული) იმყოფება მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში და საჭიროა შენობების სხვა უსაფრთხო გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. ამასთან, საკარმიდამო ნაკვეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის გადატანა ან ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 28 ივნისის გ. შ-ის საცხოვრებელი სახლის განმეორებითი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შესწავლილია 2017 წლის შემოდგომაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საკვლევი ტერიტორია მდებარეობს მდ. ...ის მარცხენა მხარეს. საცხოვრებელი სახლი ხის მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობაა, რომელიც მდებარეობს აღნიშნული მეწყრული ფერდის ბოლო ნაწილში, შენობას ამჟამად დეფორმაცია არ აქვს, მაგრამ იმყოფება მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში, პროცესების შემდგომმა გააქტიურებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას შენობის მდგრადობას და საჭიროა სახლის გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. დასკვნის თანახმად, გ. შ-ის ნაკვეთში რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

მოსარჩელე გ. შ-ემ სათანადო ფორმით, 2018 წლის 03 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელე გ. შ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამურად 16 ქულა.

მოსარჩელე გ. შ-ის ეკომიგრანტი ოჯახის ადგილზე გადამოწმება განხორციელდა 2021 წლის 26 აპრილს და დადგინდა, რომ ეზოში იყო ორი საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან ქვის სახლი იყო ავარიული და დაშლილი, ხოლო მეორე ხის სახლი იყო ახალი აშენებული. გ. შ-ის განმარტებით, ეზოში გაჩენილი იყო ღრმულები და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული იყო მეწყრული პროცესები. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ახალი სახლი იყო ხის და შესაბამისად, ქვის სახლთან შედარებით დაზიანების ხარისხი ბევრად ნაკლები იყო, რის გამოც მიენიჭა მე-2 კატეგორია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13,14 და 15 ივლისის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ. შ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმავე ეზოში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 04 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანებით გ. შ-ის ეკომიგრანტ ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამდენად, ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის მე-12 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები და მოწმის ჩვენება, რომელთა შეფასება დამატებით კვლევას საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მფლობელობაშია ახალი სახლი, რომლის მდგომარეობა საჭიროებს ხელახლა გამოკვლევას. ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტები ერთმანეთისგან განსხვავებულ დასკვნას იძლევა. კერძოდ, 2018 წლის 28 ივნისის დოკუმენტში მითითებულია, რომ სახლი მდებარეობს მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში, პროცესების შემდგომმა გააქტიურებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას შენობის მდგრადობას და საჭიროა სახლის გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. 2021 წლის 26 აპრილს დოკუმენტის მიხედვით ახალი სახლი იყო ხის და შესაბამისად, ქვის სახლთან შედარებით დაზიანების ხარისხი ბევრად ნაკლები იყო, რის გამოც მიენიჭა მე-2 კატეგორია. მოწმის ჩვენების მიხედვით კი, ახალ სახლს მონიტორინგის დროისთვის ნაპრალები არ ჰქონდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი საკასაციო საჩივარშიც მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის შეუზღუდავ სარგებლობაშია ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მხარემ სახელმწიფოს მიერ გადაცემული კომპენსაციით - 5000 ლარით ააშენა, კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სახელმწიფოსგან გაცემული კომპენსაციით, რომელიც მას, როგორც ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლისათვის, თავისუფალი ნებით ააგო ახალი საცხოვრებელი. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, მოსარჩელის ნებაა როგორ განკარგავდა მიღებულ კომპენსაციას და თუ ასეთი შეუქცევადი იყო მეწყრული პროცესები, უნდა გაეთვალა, რომ იმავე ეზოში არ აეგო სახლი. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლი ხის ნაგებობაა და მას არც ბზარები და არც დანგრევა ემუქრება. თუმცა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, ვინაიდან აღნიშნული განმარტება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახალი განხილვისას გამოსაკვლევია რამდენად მოახდინა მოსარჩელემ 5000 ლარით ახალი სახლის აშენება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ჩამოთვლილ საკითხებზე სადავო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას, არ დასტურდება ამ გარემოებების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევის ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით განსაზღვრული, ადმინისტრაციული წარმოების ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისა და შეფასების მეშვეობით წარმართვის ვალდებულების დარღვევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ სათანადოდ წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად შეიძლება სწორად დადგინდეს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მიეცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება და გამოიცეს კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე