Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-182(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირები - მ. დ-ე, ი. დ-ე, მე. დ-ე, ნ. დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ-ემ 2021 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - მ. დ-ის, ი. დ-ის, მე. დ-ის, ნ. დ-ისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს გამოცემული №569 განკარგულებისა და 2018 წლის 21 სექტემბერს გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობის №247 ბათილად ცნობა მოითხოვა; ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოსა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქალაქ ბათუმში, ...ში, რ. ბ-ის საკუთრებად რიცხული მიწის ნაკვეთის ს/კ ... მომიჯნავედ არსებულ 386 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესახებ, მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა რ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედაა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად გაიზიარეს მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოპასუხეების სარგებლობაში იყო, მაშინ როდესაც სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ჰქონდა რეგისტრირებული მოსარჩელეს და ეს ფაქტი მოპასუხეების მხრიდან არასოდეს არ გაპროტესტებულა. კერძოდ, მოპასუხეებს არასოდეს არ ჰქონიათ პრეტენზია სადავო მიწის ნაკვეთზე, მაშინ როდესაც მიწის ნაკვეთი რ. ბ-ის საკუთრებაში ირიცხებოდა.

კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი რ. ბ-ემ ნებით თქვა უარი საკუთრებაზე, რაც განაპირობა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ამზომველი პირის დ. თ-ის მიერ რ. ბ-ის შეცდომაში შეყვანამ, კერძოდ, რ. ბ-ეს დ. თ-ემ ურჩია, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი შეემცირებინა იმ ფართით, რაზეც სს „...ის“ კუთვნილი გაზის მილი გადიოდა. ხსენებული გაზის მილი დამონტაჟდა დაახლოებით 2015 ან 2016 წელს. აღნიშნული გარემოების შესახებ კი ინფორმაცია სასამართლოს დეტალურად მიაწოდა მათ მიერ მოწმის სახით მოწვეულმა დ. თ-ემ. სამწუხაროდ, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მითითებული პირის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, მაშინ როდესაც მოწმე იყო აბსოლუტურად ნეიტრალური და მოპასუხეები კი ერთი ოჯახის წევრები და დაინტერესებული პირები.

ქვედა ინსტანციის მოსამართლემ ასევე შეფასების გარეშე დატოვა საქმეში მათ მიერ წარდგენილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გ. დ-ის მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც გ. დ-ე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლებისათვის. გ. დ-ე კი მ. დ-ის შვილია, ხოლო დანარჩენი მოპასუხეები გ. დედმამიშვილები, ანუ მოპასუხეებმა იცოდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მათ არასოდეს არ ეკუთვნოდათ. აქვე აღსანიშნავია, რომ ხსენებულ დავასთან დაკავშირებით აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სადავო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლებასთან დაკავშირებით საქმე და შემაჯამებელი გადაწყვეტილებაც მოპასუხეების ბრალეულ ქმედებასთან დაკავშირებით მალე იქნება მიღებული. მას შემდეგ, როდესაც რ. ბ-ის სახელზე 2849 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა იქნა გაუქმებული, სადავო მიწის ნაკვეთი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. საგულისხმოა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდ. აქტი გამოეცა რ. ბ-ესთან მიმართებაში, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელზე იყო რეგისტრირებული, რ. ბ-ის განცხადების საფუძველზე აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრების უფლება გააუქმა სადავო მიწის ნაკვეთზე და ამ გზით საშუალება მისცა რ. ბ-ეს საკუთრებაში დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი, თუმცა ამზომველმა დ. თ-ემ ბ-ე შეცდომაში შეიყვანა და მიწის ნაკვეთის ფართობი შეამცირებინა იმ მიზეზით, რომ მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ კუთვნილი გაზის მილი გადიოდა და ამიტომ სადავო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში არ დაურეგისტრირებდნენ, თუმცა მოპასუხეებმა, როგორც კი შეიტყვეს, რომ მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელი იყო, ამის შემდეგ ჩუმად, მალულად მოახდინეს სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თითქოსდა მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების წარდგენა, მაშინ როდესაც უამრავი მოწმე დაიკითხა და მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ კასატორი მიწის ნაკვეთით სარგებლობდა ჯერ კიდევ 2007 წლამდე პერიოდიდან, აღნიშნულ გარემოებას კი ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, საკუთრების უფლების მოწმობა, განაჩენი და სხვა მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესამე პირთა საკუთრებაში რეგისტრაციის კანონიერების შეფასება. აღსანიშნავია, რომ რ. ბ-ე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესამე პირთა საკუთრებაში რეგისტრაციით მას ერთმევა უფლება ამ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 13 თებერვლის №11 საოქმო გადაწყვეტილებით, რ. ბ-ის სახელზე გაიცა №6122 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება ...ში მდებარე 2849.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მოგვიანებით, 2018 წლის 15 თებერვალს მოსარჩელე რ. ბ-ემ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე ს.კ. ... რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. განმცხადებლის აღნიშვნით, საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული საკადასტრო ნახაზი არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის რეალურ საკადასტრო კოორდინატებს. შესაბამისად, მის მიერ წარდგენილ იქნა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და ითხოვა მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 მაისის №316 განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 თებერვალს, რ. ბ-ის სახელზე გაცემულ №6122 საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დამოწმებულ იქნა რ. ბ-ის (პ/№...) მიერ კომისიაში წარდგენილი ქ. ბათუმში, ... ...ში მდებარე, 2460.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელიც ძალაშია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 თებერვალს რ. ბ-ის სახელზე გაცემულ №6122 საკუთრების უფლების მოწმობასთან ერთად.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 სექტემბრის №569 განკარგულებით, განხილულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 სექტემბრის №... წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №83-ში მდებარე 3763.0კვ.მ მისი ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მ. დ-ის (პ/№...) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლებასაღიარებელ 3763.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. ამასთან, განსახილველი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მ. დ-ის (პ/№...), ი. დ-ის (პ/№...), მე. დ-ის (პ/№...) და ნ. დ-ის (პ/№...) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული 1600.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მომიჯნავედ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ღობეში, ნაწილი გამოიყენება ეზოდ, ნაწილზე გაშენებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები. მითითებულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ განცხადება შეესაბამებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ პირობებს. შესაბამისად, დაკმაყოფილდა მ. დ-ის (პ/№...), ი. დ-ის (პ/№...), მე. დ-ის (პ/№...) და ნ. დ-ის (პ/№...) მოთხოვნა, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №83-ში მდებარე 3763.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. 2018 წლის 21 სექტემბერს კი გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №247.

კასატორი განმარტავს, რომ მიწის ფართობის შემცირება განაპირობა ამზომველის არასწორმა განმარტებამ მასზედ, რომ სადავო ნაკვეთზე გადიოდა სს ,,...ის“ კუთვნილი მილსადენი, რომელიც დამონტაჟებული იყო 2015 წელს და ეს გარემოება სადავო ნაკვეთის საკუთრებად დარეგისტრირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. მართალია, მან ნებაყოფლობით წარადგინა განცხადება მიწის ფართობის შემცირებაზე, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება გამოეკვლია ის გარემოება, თუ რით იყო განპირობებული კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება, რის შემდგომ უნდა მიეღო მართებული გადაწყვეტილება. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო 386 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოსარჩელის ნაკვეთის მომიჯნავეა. ამასთან, სადავო ნაკვეთიდან 124 კვ.მ. ამჟამად დაურეგისტრირებელია, ხოლო დარჩენილი 262 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტირებული აქვთ მესამე პირებს. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მხარის განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება და მესამე პირი მ. დ-ე ცნობილია ბრალდებულად მიწის ნაკვეთისა და გზის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რომელიც მოიცავს ასევე სადავო ნაკვეთსაც (386 კვ.მ). მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 02 მარტის განაჩენზე, რომლითაც დადგინდა მესამე პირის მ. დ-ის შვილის - გ. დ-ის მიერ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 890 კვ.მ და 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ. დ-ის კომლს მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდა 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მ. დ-ემ სახლის მშენებლობა დაიწყო 1984 წელს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მისი შვილი გ. დ-ე დაიბადებოდა. გზა, რომელიც დ-ეების სახლამდე მიდის და ასევე უკავშირდება ცენტრალურ გზას, გაყვანილია დ-ეების მიერ. ამასთან, მ. დ-ისა და რ. ბ-ის აწ უკვე რეგისტრირებულ/დაზუსტებულ ნახაზებზე არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ემიჯნება. რაც შეეხება განაჩენს, მასში მითითებული არ არის გ. დ-ის მიერ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა თუ არა სადავო 386 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან ერთად (ჯამში 3763 კვ.მ.), მოქცეულია ერთიან ღობეში, ნაწილი გამოიყენება ეზოდ, ნაწილზე გაშენებულია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეები. მითითებულის გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ განცხადება შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ პირობებს. შესაბამისად, კომისიამ დააკმაყოფილა მესამე პირთა მოთხოვნა.

საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლზე, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარებას: ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა; „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განმარტებულია, როგორც სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე; მე-5 მუხლით განსაზღვრულია, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი: 1. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. 2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 3. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 4. კომისია განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის დამატებით ერთი თვით გაზრდის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია განცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი. 6. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დაინტერესებულ პირს განცხადების განხილვის ვადაში უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი ერთი თვის ვადაში სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ვადაში და შესაბამისი ოდენობით, მაშინ კომისია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების შესახებ და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა- ნაგებობების საზღვრები და ფართობი.

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სარეგისტრაციო მასალებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტითა და ფოტოსურათებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მესამე პირთა საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს, ის მოქცეულია ერთიან ღობეში, მასზე გაშენებულია სხვადასხვა სახის ნარგავები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სარეგისტრაციო მასალებით, მესამე პირების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ არის რაიმე სახის თანხვედრაში/შემხებლობაში სადავოდ ქცეული უძრავი ნივთის მონაცემებთან. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი კომისიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე მესამე პირების საკუთრების უფლების აღიარებისათვის. კომისიის მიერ მესამე პირებზე საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რაც გათვალისწინებული იყო სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით.

ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კასატორის მსჯელობა სადავო უძრავი ქონების მესამე პირთა რეგისტრაციის უკანონობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მას არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის და არც სასამართლოებისათვის არ წარუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მართლზომიერ მფლობელობას ან/და სარგებლობას სადავო 386 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით; აღნიშნულის საპირწონედ კასატორი უთითებს მხოლოდ და მხოლოდ აზომვითი ნახაზის მომზადების ტექნიკური ხასიათის შეცდომასა და 2010 წლის განაჩენზე, თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 2 მარტის განაჩენით, მართალია დგინდება მესამე პირის მ. დ-ის შვილის - გ. დ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითური დაუფლების ფაქტი, თუმცა განაჩენით არ ირკვევა, კონკრეტულად ეს მიწის ნაკვეთები მოიცავს თუ არა იმ სადავო 386 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც შემდგომ მ. დ-ის ოჯახის მიერ იქნა საკუთრებად აღიარებული. ასევე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კასატორმა თავად მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, წარუდგინა დაზუსტებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზი და ნებაყოფლობით ითხოვა მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. თ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2025 წლის 31 მარტს №8209 საგადასახადო დავალებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე