საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-211(2კ-25) 23 ივლისი, 2025 წელიქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ნ-ე
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი
მესამე პირი - ლი. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ნ-ემ 2020 წლის 21 თებერვალს სარჩელით, ხოლო 2022 წლის 20 ივლისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და ლი. ნ-ეს შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ფოთი, ... ქუჩა, შენობა №6, ბინა №28) ლ. ნ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 26 დეკემბრის №03/1074 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის დავალება დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანისა და მოსარჩელის - ლ. ნ-ის დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად ამორიცხვისა და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ლ. ნ-ის 2019 წლის 28 ოქტომბრის განცხადების განხილვის თაობაზე.
სარჩელის მიხედვით, ლ. ნ-ე არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკუთვნოდა უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის გზით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესით საცხოვრებელი ფართი მის ოჯახს – მშობლებსა და და-ძმებს გადაეცათ, თავად მოსარჩელე არ ყოფილა უზრუნველყოფილი ფართით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოითხოვა საცხოვრებლით დაკმაყოფილება, 2019 წელს სააგენტოსგან ეცნობა, რომ 2012 წლის 17 სექტემბრის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთოთახიანი ბინა, მდებარე ქალაქ ფოთში, ... ქუჩა №6, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა მის მამიდას - ლი. ნ-ეს და მასთან ერთად დაკმაყოფილებულია ლ. ნ-ე. სარჩელში აღნიშნულია, რომ ლ. ნ-ე არ იყო ინფორმირებული აღნიშნული ბინის გადაცემის თაობაზე და მას არასოდეს უცხოვრია მითითებულ ბინაში.
მოსარჩელის განმარტებით, ერთოთახიანი ბინა ვერ უზრუნველყოფდა ორი პირის საცხოვრებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ფართი დღეს უკვე გასხვისებულია. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი და საჭიროებს შესაბამისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. მისი შეფასებით, აღნიშნული განკარგულება და ნასყიდობის ხელშეკრულება არღვევს მის კანონიერ უფლებებს. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელით მოითხოვა უფლებების აღდგენა და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლი. ნ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გაწყვეტილებით ლ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და ლი. ნ-ეს შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე; ქ. ფოთი, ... ქუჩა, შენობა №6, ბინა №28, ლ. ნ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 26 დეკემბრის №03/1074 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელება ლ. ნ-ის დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად ამორიცხვის თაობაზე და ლ. ნ-ის 2019 წლის 28 ოქტომბრის განცხადების განხილვა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე ლ. ნ-ის და ლი. ნ-ის ერთ ოჯახად რეგისტრაციისა და ცხოვრების თაობაზე. უძრავი ნივთი, რომელიც ლი. ნ-ეს საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტითა და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაეცა სიმბოლურ ფასად, საჯარო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ მის საკუთრებად, ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ იყო მოსარჩელის მიერ და მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, არც თანხმობა წარუდგენია ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 მაისის №49/6/1/2-02545806 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2012 წლის 2 სექტემბერს ლ. ნ-ე გავიდა საქართველოდან და დაბრუნდა 2012 წლის 18 ოქტომბერს. ამრიგად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ნ-ე სადავო ხელშეკრულების დადების დროს არ იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არც თანხმობა ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულების გასაფორმებლად და თვითონაც არ იმყოფებოდა ხელშეკრულების დადების ადგილზე, ხელშეკრულებაში მოსარჩელის იმ პირად მითითება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებლით, არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 17 სექტემბრის პრეზიდენტის განკარგულების შესახებ, ხოლო საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 26 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით. ამასთან, ხელშეკრულება შედგენილი იყო ერთ ეგზემპლარად და არ ჩაჰბარებია მოსარჩელეს, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება იყო უსაფუძვლო, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინფორმირებიდან - 2019 წლის 26 დეკემბრიდან სარჩელის წარდგენამდე დაცული იყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 65 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ წარმოადგენდა ლი. ნ-ის ოჯახის წევრს, შესაბამისად, გაურკვეველი იყო განკარგულების დანართში მხარეთა ერთ ოჯახად მითითების საფუძველი, ამრიგად, პალატის შეფასებით, ლი. ნ-ე არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეეძლო ხელმოწერით დაედასტურებინა მოსარჩელის თანხმობა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც თავის მხრივ, ადასტურებდა გასაჩივრებულ ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებისა და 2012 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონშეუსაბამობას და დევნილთა მონაცემთა ბაზაში ლ. ნ-ის საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დევნილ პირად მითითების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააგენტოსა და ლი. ნ-ეს შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის არსებობის თაობაზე მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 26 მარტს. 2020 წლის 20 თებერვალს აღძრული სარჩელით ლ. ნ-ე არ ითხოვდა ხელშეკრულების ბათილობას და აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2022 წლის 19 ივლისს, როდესაც სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი. ამდენად, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ლ. ნ-ის მიერ დაირღვა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 65 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ლი. ნ-ე და ლ. ნ-ე არიან ერთ მისამართზე რეგისტრირებული პირები, იდენტური სარეგისტრაციო ნომრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათზე, როგორც ერთ ოჯახზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით გადაცემული მონაცემების საფუძველზე განხორციელდა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ლ. ნ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად მიჩნევის პირობებით. თავის მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს წინამორბედს - სამინისტროს შეატყობინა მისამართის ცვლილების თაობაზე კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, საცხოვრებლის გადაცემის პროცედურებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შექმნილია პრეზუმფცია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის ჰქონდა ინფორმაცია და ეთანხმებოდა მისი ოჯახისთვის ფართის გადაცემას.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2012 წლის 22 სექტემბერს, რაც ადასტურებს, რომ გასულია სახელმწიფო ქონების პრივატიზების გასაჩივრების კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. დევნილი ოჯახების მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელე - ლ. ნ-ე ფართის დაკანონებამდე და მას შემდეგ მუდმივად რეგისტრირებულია ქ. ფოთში, ... ქ. №6, ბინა №28-ზე როგორც იურიდიულ, ასევე ფაქტობრივ მისამართზე. აღნიშნული ბინა გადაეცა დევნილ ოჯახს და არა რომელიმე კონკრეტულ პირს, და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მისამართის ცვლილების თაობაზე საქმეზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, გამოირიცხება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ ჰქონოდა ინფორმაცია ფართის დაკანონების შესახებ. მოსარჩელის ოჯახმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მათი ოჯახის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე თანხმობის შემდეგ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ფართის ან კომპენსაციის მოთხოვნა ეზღუდებოდათ, ოჯახის უფროსის არჩევით და მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ფართის გადაცემისას დასთანხმდა გარიგებას და შესაბამისად მიიღო საცხოვრებელი, რაც ცალსახად გამორიცხავდა მისი ცალკე ოჯახად მიჩნევისა და საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი ხორციელდებოდა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მონაწილეობით. კერძოდ, აღნიშნული პროცესი ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებას, რომელიც შემდგომში შეიცვალა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მიმართ სახელმწიფოს 2012-2014 წლების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“.
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ხორციელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის რეგულარული სხდომების, ისე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი თანამშრომლების შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით. აღნიშნულ გეგმით განსაზღვრული იყო, რომ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში ინიშნებოდნენ საკონტაქტო პირები, ხოლო უწყებები სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებშივე.
სამინისტროს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციით. უშუალოდ უძრავი ქონების, მიწის ან შენობების გამოყოფაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტებს უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ხოლო სოციალურ მომსახურებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
რაც შეეხება საკუთრების გადაცემას, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღებოდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს გადაეცემოდათ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად. სამინისტრო უზრუნველყოფდა ობიექტებში რეგისტრირებული დევნილთა სიის მიწოდებას შესაბამის უწყებებზე, ხოლო საკუთრების გადაცემა ხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლიდა დადგენილ პროცედურებს და გამოქვეყნდებოდა შესაბამისი განკარგულება. სიის იმ პირთა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებული იყვნენ აღნიშნულ განკარგულებებში, დევნილთა ბაზაში ფიქსირდებოდა როგორც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი.
კასატორის წარმომადგენeლი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი ეფუძნება ნებაყოფლობითობის პრინციპს – დევნილები გადაწყვეტილებას იღებენ საკუთარი ნების შესაბამისად, ზეწოლის ან იძულების გარეშე. ხელშეკრულებების დადებისას არ ფიქსირდება რაიმე სახის ზეგავლენა, რომელიც მათ დაავალდებულებდა ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
ამრიგად, სამინისტროს მოქმედება პროექტის კოორდინაციის ფარგლებში და მის მიერ არ განხორციელებულა საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებული უფლებამოსილება. საკუთრების გადაცემის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება. აქედან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა და მათ სრულწლოვან წარმომადგენლებს ნამდვილად ჰქონდათ ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ, მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე პირს აღნიშნული არ სცოდნოდა, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს. შესაბამისად, მოსარჩელეს გაშვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 3 სამწლიანი ვადა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ლი. ნ-ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართი მდებარე ფოთში, ... ქუჩა, კორპ. 6-ში. საცხოვრებელი ფართის მყიდველს - ლი. ნ-ეს დაევალა მოსარჩელე ლ. ნ-ის, როგორც ოჯახის წევრის აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. ნ-ეს შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ლი. ნ-ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართი მდებარე ფოთში, ... ქუჩა, კორპ. №6-ში. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - ლი. ნ-ეს დაევალა მოსარჩელე ლ. ნ-ის, როგორც ოჯახის წევრის აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ლ. ნ-ე ჩაითვალა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად.
დადგენილია, რომ სიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. ნ-ეს შორის 2012 წლის 22 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ლ. ნ-ე საქართველოში არ იმყოფებოდა. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 მაისის №49/6/1/2-02545806 ცნობის თანახმად, 2012 წლის 2 სექტემბერს ლ. ნ-ე გავიდა საქართველოდან და დაბრუნდა 2012 წლის 18 ოქტომბერს.
2012 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2013-2015 წლებში შევსებული დევნილის ანკეტით დასტურდება, რომ ლ. ნ-ეს და ლი. ნ-ეს მინიჭებული აქვთ დევნილის ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერი - ... . მათ დროებით (რეგისტრაციის) და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ფოთი, ... ქუჩა, კორპ. №6, ბინა №28.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 26 დეკემბრის N03/1074 ადმინისტრაციული აქტით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის შესახებ მისთვის ცნობილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის წერილით, შესაბამისად სააგენტომ ლ. ნ-ის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“ (შემდგომში - გეგმა), რომლის 1.1 მუხლის თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით, ძალაში შევიდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. გეგმის 1.3 მუხლის მიხედვით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მოცემული მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას საერთო კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება.
გეგმის 1.5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დიალოგს დევნილებთან და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებული უფლებების დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა სრულ ჩართულობას დაგეგმვის პროცესში და მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
გეგმის 2.1.3 მუხლის შესაბამისად, დევნილისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად. სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით; გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება; ე) დევნილთა სურვილის დაფიქსირება, საკუთრებაში გადაეცეთ დაკავებული ფართობი, და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების დადება დევნილსა და სახელმწიფოს შორის; ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ შეთანხმების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას, და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებაზე, რომელშიც დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები, ასევე, საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელებულიყო. მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეულ ობიექტებში უნდა ჩატარებულიყო დევნილი ოჯახების შესწავლა, სოციალური კვლევა და ობიექტების პასპორტიზაცია: - დევნილი ოჯახის შემადგენლობა დღევანდელი მდგომარეობით, მათი უახლოესი ნათესაური კავშირები; აღნიშნული ღონისძიების განხორციელება ევალებოდათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ამრიგად, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საპრივატიზებოდ შერჩეულ ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას, ნათესაურ კავშირს და მოძიებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის შემდეგ, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციირებით ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი შემთხვევების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი - „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“ - არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ და სიტყვა-სიტყვით, მისი რეალური შინაარსის გამოკვეთის გარეშე, კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ზოგიერთი პირისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულება რეალურად არ გამოხატავს მხარის ნამდვილ ნებას და შემდგომში უსპობს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების საშუალებას (დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, მიიღოს საცხოვრებელი ფართი), რა შედეგიც, გასაჩივრებული აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით რეალურად დადგა მოსარჩელის მიმართ (იხ. სუს განჩინებები 20.06.2019 წ. №ბს-1213(2კ-18), 30.10.2014 წ. №ბს-308-304(2კ-14)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კმაყოფილდებიან დევნილი ოჯახები და არა ერთეულად ინდივიდები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მისი მამიდას, ლი. ნ-ის ერთ ოჯახად ყოფნის, შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, შესაბამისად, დაუდგენელია, რა გარემოების საფუძველზე იქნენ მიჩნეული მოსარჩელე და ლი. ნ-ე ოჯახის წევრებად 2012 წლის მდგომარეობით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა საქართველოში და არც სხვა ფორმით განუცხადებია ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით თანხმობა. ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა ამ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევასთან მიმართებაში.
მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 65 მუხლისა (ძველი რედაქციით 22-ე მუხლის მეორე პუნქტი) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №04/13035 წერილით (მოსარჩელეს ჩაბარდა 2019 წლის 26 მარტს) გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ მიიჩნეოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელე ინფორმირებული იყო ხელშეკრულებაში მისი მითითების შესახებ, ან/და ის, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების დადებამდე ან მის შემდეგ მამიდასთან - ლი. ნ-ესთან ერთად ცხოვრობდა, ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად (ხელშეკრულების 4.3 პუნქტი), რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს, რაც ასევე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა