Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-232(კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები : თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, შპს „...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-მა 2022 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის №3/11-23-6521 წერილი და დაევალოს შპს ,,...ს“ დაუყოვნებლივ აღუდგინოს მოსარჩელეს წყლის მიწოდება და აბონენტის ნომერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყევტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, იგი როგორც ძველი აბონენტი, სქემის შესაბამისად გადააერთეს ძველი კომუნისტების დროინდელი მოხმარების ქსელიდან კომპანიის მიერ 2016-2017 წლებში მოწყობილ ქსელზე. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მე-17 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს წყლის მომწოდებელს, რომ სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებისას მომწოდებლის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. აქტს მომწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. აქტში უნდა მიეთითოს შესაბამისი გარემოება, რომლის თანახმადაც დგება აქტი, ასევე აქტის შედგენის თარიღი და ადგილი, შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი, მონაცემები- მომხმარებლის შესახებ და საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები.

კასატორის მითითებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მრიცხველის დაყენების დროს შეადგინეს თუ არა აქტი, რატომ არ იყო აქტი მათთან დაცული და რეგისტრირებული შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. კასატორის განმარტებით, ქ. თბილისში წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და დასუფთავების ადმინისტრირების ერთიანი სისტემიდან გამომდინარე, ელექტროენერგიაზე, წყალსა და დასუფთავებაზე მონიჭებული ჰქონდა ერთი და იგივე აბონენტის ნომერი. სამივე გადასახადი მოდიოდა ერთიანი ქვითრით, რაც დასტურდება ელექტროენერგიისა და დასუფთავების ბარათებით, სადაც ორივეზე დაფიქსირებულია აბონენტის N.... იგივე ნომერი მონიჭებული ჰქონდა წყალზეც და ერთიან ქვითარში სამივეზე ელექტროენერგია, წყალი და დასუფთავება ფიქსირდებოდა ერთი აბონენტის N .... კასატორის აღნიშვნით, ვინაიდან მის კუთვნილ უძრავ ქონებაში ს/კ. ... მდებარე შენობა-ნაგებობა ბოლო წლებში იყო ავარიული და საცხოვრებლად უვარგისი, არ ცხოვრობდა. შესაბამისად, მის მიერ არ ხდებოდა ელექტროენერგიის და წყლის გახარჯვა. ერთიან ქვითარზე არსებობდა ნულოვანი მონაცემები წყლის, ელ.ენერგიისა და დასუფთავების გადასახადზე. ელექტროენერგიის ბარათითაც დასტურდება, რომ თითქმის არ აქვს დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადიც.

კასატორის განცხადებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა შუამდგომლობა, რათა სასამართლოებს გამოეთხოვათ ინფორმაცია თუ აბონენტის რა ნომერი ჰქონდა მონიჭებული წყალზე. სასამართლომ კანონის დარღვევით უარი უთხრა მოსარჩელეს დოკუმენტების გამოთხოვაზე მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N24/3 გადაწყვეტილებით თბილისის ადმინისტრირებულ საზღვრებში სს "...ის", სს "ე...ას", შპს "...ის“ და ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მიერ (შემდგომში მომსახურების გამწევი პირები) ელექტროენერგიის განაწილება, წყალმომარაგება, დასუფთავების მომსახურება (შემდგომში მომსახურება) და შესაბამისი საფასურის /მოსაკრებლის გადახდევინება უნდა განეხორციელებინა ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული კოორდინირებული სისტემით ერთიანი ქვითრით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სს "ე...დან", რომ გამოეთხოვა ინფორმაცია ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ერთიანი ქვითრით მინიჭებული მქონდა თუ არა ერთი და იგივე აბონენტის ნომერი ... წყალზე, ენერგიაზე და დასუფთავებაზე და გამოეყენებინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N24/3 გადაწყვეტილება, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოხდება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ბ-ისათვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაერთებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, იმ მოტივით, რომ არ დასტურდება მ. ბ-ის კომპანიის წყალმომარაგების ქსელზე ოდესმე კანონიერად დაერთების ფაქტი, წყალმომარაგების კომპანიაში ასევე, არ ფიქსირდება განაცხადი წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ საჯარო რეესტრის 2023 წლის 26 იანვრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისი, სოფელ ...ი, ... ... ჩიხი, №5-ში, მიწის ნაკვეთზე ფართით - 696.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა №1, №2, რეგისტრირებულია მ. ბ-ის საკუთრების უფლება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 6 დეკემბრის №3/11-23-9902 მიმართვით, მ. ბ-ს მისი 2021 წლის 30 აგვისტოს №9501/01, 5 ოქტომბრის №10689/01 და 9 ნოემბრის №12000/01 განცხადებების პასუხად, რომლებიც ეხებოდა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურთან დაკავშირებულ სადავო საკითხს, ეცნობა, რომ შპს ,,...ის“ მონაცემთა ბაზაში აბონენტად არ ფიქსირდება და არ დასტურდება მის მიერ სასმელი წყლის მოხმარება. ამასთან, კომპანიაში, ასევე, არ ფიქსირდება მისი განაცხადი წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ. ამავე მიმართვით მ. ბ-ს დამატებით ეცნობა, რომ ობიექტის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპანიაში უნდა წარედგინა „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადი და განაცხადის წარდგენამდე, წესების ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გადაეხადა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50%.

მ. ბ-მა 2022 წლის 18 აპრილს №... განცხადებით მიმართა შპს ,,...ის“ დირექტორს, რომლითაც სოფელ ...ში, ... ... ჩიხში, №5-ის მიმდებარე ტერიტორიის (საკადასტრო კოდი - №...) წყალმომარაგების ქსელების სიტუაციური ნახაზი და მრიცხველების მონტაჟის აქტი მოითხოვა. შპს ,,...ის“ 2022 წლის 4 მაისის №... მიმართვით, მ. ბ-ს განცხადების პასუხად მოთხოვნილი სიტუაციური ნახაზი გაეგზავნა და ეცნობა, რომ ... ქუჩაზე, ... ჩიხში „კომპანიის“ მიერ განხორციელდა წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია და მოხდა ყველა მოსახლე აბონენტის გადაერთება ახალ მოწყობილ ქსელზე. ხოლო, კონკრეტულად მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე მრიცხველის დამონტაჟების აქტი „კომპანიაში“ არ იძებნება. ამავე განცხადებით მ. ბ-ს ეცნობა, რომ იგი არ ირიცხება „კომპანიის“ აბონენტად. წყალსადენის ქსელის მოსაწყობად და აბონენტად დასარეგისტრირებლად საჭიროა „კომპანიისათვის“ მიმართვა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2020 წლის 24 იანვრის №2 დადგენილების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ დამტკიცებული განაცხადით. მითითებულ მისამართზე რეგისტრირებული აბონენტის ნომრის წარდგენის შემთხვევაში კი, „კომპანია“ უზრუნველყოფს მისამართზე წყალმომარაგების აღდგენას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის №3/11-23-6521 მიმართვით, მ. ბ-ს 2022 წლის 28 აპრილის, 6 მაისის და 8 ივნისის განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატისა და კომპანიის წარმომადგენლების თანდასწრებით დათვალიერდა მისი კუთვნილი ტერიტორია და დადგინდა, რომ მოწყობილია წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟებულია №... წყლის მრიცხველი. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ქსელი მოწყობილია წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თუმცა, ვიანიდან იგი კომპანიის მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებული არ იყო, არ მოხდა აღნიშნულ ქსელზე დაერთება და სასმელი წყლის მიწოდება. ამავე მიმართვით, მ. ბ-ს ეცნობა, რომ არც №... წყლის მრიცხველის სერიული ნომერი, არც მრიცხველის მონტაჟის აქტი და არც მოთხოვნილი წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის პროექტი კომპანიაში არ იძებნება. ასევე, ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით სს „ე...ში“. ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ვერც წყლის აბონენტის ნომერი ან გადახდის ქვითარი, რაც დაადასტურებდა მ. ბ-ის კომპანიის წყალმომარაგების ქსელზე ოდესმე კანონიერად დაერთების ფაქტს. კომპანიაში ასევე, არ ფიქსირდება განაცხადი წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე არ ვრცელდება წესების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

2021 წლის 20 სექტემბერს, შპს ,,...ის“ კომერციულმა დირექტორმა №... მიმართვით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს და აცნობა, რომ შპს ,,...მა“, მისამართზე - ქ. თბილისი, სოფ. ...ი, განახორციელა რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის შემდეგ სოფელი ...ის მაცხოვრებლებს დაუმონტაჟდათ მრიცხველები, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა კომპანიის აბონენტები.

სს „ე...ის“ 2022 წლის 18 მარტის №... მიმართვის თანახმად, მ. ბ-ს გაეგზავნა სს „ეპ...ის“ ბაზიდან აბონენტის (№...) მ. ბ-ის დასუფთავების ბარათის ამონაწერი დარიცხვის დაწყების პერიოდიდან. ამავე მიმართვით განემარტა, რომ წყლის ამონაწერთან დაკავშირებით მიემართა შპს ,,...ისათვის“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმად, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-181 მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტების თანახმად, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50% (გარდა ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, სასმელი წყალი 20 მმ ან/და წყალარინების 100 მმ დიამეტრის, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 24 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 24 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – სასმელი წყლით ან/და წყალარინებით უზრუნველყოფის დაწყებიდან 23 თვის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ დასკვენებს და აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟებულია №... წყლის მრიცხველი, თუმცა აღნიშნული მოცემულობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2016-2017 წლებში შპს ,,...მა“ შეცვალა ცენტრალური ქსელი და კომპანიამ ახალ მოწყობილ ქსელზე წინსწრებით მოაწყო აღრიცხვის კვანძი იმ მიწის ნაკვეთებში, რომელთა მესაკუთრეები სავარაუდოდ გახდებოდნენ სასმელი წყლის მომხმარებლები. აბონენტად რეგისტრაციისთვის და წყალმომარაგების ქსელით სარგებლობისთვის კი აღნიშნულ პირებს კომპანიისთვის უნდა მიემართათ შესაბამისი განცხადებით, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ბ-ის საკუთრებაში დამონტაჟებულია №... წყლის მრიცხველი, არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი ავტომატურად რეგისტრირებულია წლის მომხმარებლად და მას მინიჭებული უნდა ჰქონდეს აბონენტის ნომერი. კანონმდებლობით დადგენილია, რომ იმ პირს, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად („სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტები).

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ აბონენტის ბარათზე, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ბ-ი წარმოადგენდა სს „ე...ას“ აბონენტს, აღნიშნული ბარათის და თავად მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ ქვითრების მიღების პერიოდში, წყალმომარაგებისა და დასუფთავების გრაფაში ჩვენება ნული არასდროს შეცვლილა და ელექტროენერგიის საფასურის გარდა, სხვა კომუნალური მომსახურების საფასური არასდროს გადაუხდია. ის ფაქტი, რომ გადასახადების გაერთიანებულ ქვითარში არასდროს დაფიქსირებულა სასმელი წლის მოხმარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მ. ბ-ი არ ყოფილა რეგისტრირებული შპს ,,...ის“ აბონენტად და არასოდეს აღრიცხულა მის მიერ მოხმარებული წყალი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. მ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 25 თებერვალს №26084698103 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე